ღმერთი

ღმერთი

пятница, 9 августа 2013 г.

მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო.

2 ნოემბერს მამა გაბრიელის (ურგებაძე) გარდაცვალების დღეა, ამიტომაც გვინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ბერი გაბრიელი და რამდენიმე უცნობი ეპიზოდი შემოგთავაზოთ მისი ცხოვრებიდან.

უცნაური ბავშვი

პატარა ვასიკო (მამა გაბრიელს ერისკაცობაში გოდერძი ერქვა, მაგრამ მამის პატივსაცემად ვასიკოს ეძახდნენ) დღემუდამ სახარებას კითხულობდა, სხვა არაფერი აინტერესებდა. სწავლაზე ხელი აიღო, ზერელედ გადაავლებდა გაკვეთილებს თვალს და ისევ სახარებასა და მღვდლის მიერ მიცემულ წიგნებს მიუბრუნდებოდა. ძილის წინ თავის ოთახში დიდხანს ლოცულობდა.

იმ დროს ომი ახალი დაწყებული იყო. ბევრმა არაფერი იცოდა ფრონტზე წასული ქმრებისა თუ შვილების შესახებ. მასთან მიდიოდნენ, რადგან ამბობდნენ, პასუხები აქვსო. 12 წლის ვასიკო ყველას თავისებურ პასუხს აძლევდა და ქრისტეს უქადაგებდა. მისი ნათქვამი ყოველთვის მართლდებოდა. საიდან იცი ყველას პასუხიო, უფალი მაძლევს გულისხმისყოფას, ის განადიდეთო, - პასუხობდა. მაგრამ, ეტყობა, ამძიმებდა ადამიანებისგან გამოხატული პატივისცემა და ხანდახან უცნაურ საქმეს სჩადიოდა, - თუ უბანში გამოსაჩენ ადგილას ნაგავი ეყარა, მივიდოდა და პირდაპირ შიგ ჩაჯდებოდა, თან იტყოდა, არ დაგავიწყდეს, ვასიკო, რომ ეს ნაგავი ხარ და თავი დიდი ვინმე არ გეგონოსო.
კიდევ ერთ საკვირველ ამბავს მოგვითხრობს მამა გაბრიელის ბიოგრაფი, მღვდელმონაზონი კირიონი (ონიანი): იმ პერიოდში ზოგმა წმინდა ხატების მოვლას თავი დაანება, ზოგს რწმენა გაუნელდა და სიწმინდეთა მოვლისთვის საკადრისად არ ირჯებოდა. ამნაირებს მიადგებოდა პატარა ვასიკო და ეტყოდა, შინ ამა და ამ ადგილას ხატი გისვენიათ, ან ჯეროვანი პატივი მიაგეთ, ან მე მომეცით. შემდგომ თუ მოინდომებთ მის პატივისცემას, მოდით და სიხარულით დაგიბრუნებთო. ზოგი გონს ეგებოდა, შეინანებდა და ეტყოდა, არა, დავიტოვებთ და პატივით მოვექცევითო. სხვები გამოუტანდნენ ხატს. ყველა გაკვირვებული რჩებოდა, აი, სასწაული, ამან რა იცოდა, ხატი შენახული სად გვქონდა, მართლაც უცნაური ბავშვიაო.

"მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო"

ერთხელ, მამა გაბრიელის სიცოცხლის უკანასკნელ წელს, როცა მძიმედ სნეული ლოგინად იწვა, დედა ეწვია. მცირე საუბრისა და მოკითხვის მერე ცრემლმორეულმა დედამ ტირილით უთხრა, განა რა იყო შენი ცხოვრება, ტანჯვა-წამების გარდა? რა იქნებოდა, თავს მოფრთხილებოდი, შენც ხომ ადამიანი იყავიო. მამა გაბრიელი მცირე ხანს დუმდა, მერე კი ლმობიერი ხმით აღმოთქვა: "მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო". დიახ, არ შეეძლო. ერთხელ, როცა განრისხებულმა დედამ სახარება საპირფარეშოში ჩააგდო, ვასიკომ სახარება მაშინვე ამოიღო, გაასუფთავა, იმავე ღამეს სახლი დატოვა და უკან კარგა ხანს არ დაბრუნებულა, ვიდრე მშობელმა საქციელი არ შეინანა. მაშინ ის 12 წლისა იყო.

გამოხდა ხანი. 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ხელისუფლებამ უამრავი ქართველი დახვრიტა. უშიშროებამ მიცვალებულების პატრონებს უბრძანა, არავითარი სამოქალაქო პანაშვიდი, არავითარი ტრადიციული გამოსვენებაო. მხოლოდ უახლოესი ნათესავები თუ ბედავდნენ სამძიმარზე მისვლას. სწორედ მაშინ გამოიჩინა სულის მხნეობა მამა გაბრიელმა, მაშინ უკვე მღვდელმონაზონმა, და ვისი მისამართიც კი გაიგო და რომელნიც ნათელღებულნი იყვნენ, ყველას წესი აუგო.

თავის სახლის ეზოში ღვთის სადიდებლად ეკლესია ააშენა და მიუხედავად საერო თუ სასულიერო ხელისუფლების ძალდატანებისა, არ დაანგრია, რისთვისაც დევნა, დამცირება დაითმინა. მერე კი, 1965 წლის 1-ელ მაისს, მთავრობის სახლის წინ ლენინის უზარმაზარი პორტრეტი დაწვა და თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მამა გაბრიელი შვიდ თვეში უფლის ნებითა და პატრიარქ ეფრემის დიდი ძალისხმევით ტყვეობიდან გათავისუფლდა. თუმცა მისი წამება ამით არ დასრულებულა, ხშირად მიჰყავდათ ძალოვან ორგანოებში და მერე ცოცხალ-მკვდრის წასაყვანად მის ახლობლებს იბარებდნენ.

სალოსობა

ციხიდან გამოსული გაბრიელ ბერისთვის საბჭოთა ხელისუფლების უმკაცრესი მოთხოვნით ყველა ეკლესიის კარი ჩაიკეტა. სწორედ იმ დროიდან იღებს მამა გაბრიელი სალოსობის უმძიმეს ტვირთს. ხუთი წლის განმავლობაში, ზამთარ-ზაფხულ: თოვლში, ყინვაში, ქარში, წვიმაში, მწველ სიცხეში ღია ცის ქვეშ - სასაფლაოებს შეფარებული ცხოვრობდა. დადიოდა ფეხშიშველა და გლახაკად ჩაცმული, თავზე რვალის დიადემადადგმული. "როდესაც თავი დიდი ვინმე ან სხვაზე კარგი მეგონა, მაშინ მივმართავდი ამას და როდესაც ხალხი დამცინოდა, ვმდაბლდებოდი და ვხედავდი ჩემს თავს, რა ნაგავიც ვიყავი", - ასე განმარტავდა შემდგომში მამა გაბრიელი.

უქმეებზე წირვა-ლოცვას ესწრებოდა სრული სამონაზვნო შესამოსლით შემოსილი, ხოლო ლოცვის მერე გლახაკის კონკებით მოსილი დადიოდა ქუჩებში და ქრისტეს ქადაგებდა. ხანაც მხარზე ძირგავარდნილ კოკას შემოიდგამდა და ქუჩაში მოსიარულე ხალხის გასაგონად ამბობდა: "გაიგეთ, ხალხო, უსიყვარულო ადამიანი ამ ძირგავარდნილ კოკას ჰგავს. რაც უნდა შთაასხათ მასში, არ დადგება და უკვალოდ გაქრება. ამისთვის შეიყვარეთ უფალი ღმერთი, თორემ უნაყოფო იქნება ცხოვრება თქვენი".

"პრაფესორა"

ასე ეძახდა ბერი გაბრიელი ღვინოს. დღესაც, როცა ამდენი სასწაული მომხდარა მამა გაბრიელის ლოცვით, მავანნი ამ წმინდა მამას კვლავ "ლოთს" ეძახიან და არ სურთ დაიჯერონ, რომ ვითომ სმა მისი კიდევ ერთი სალოსური ნიღაბი იყო. ერთხელ ერთი ყმაწვილი უცქერდა სამთავროს ეზოში თავისი სენაკის წინ მდგარ ბერ გაბრიელს და გონებაში განიკითხავდა. ბერი ბოთლიდან ღვინოს ისხამდა და სადღეგრძელოს თქმით სვამდა. ამას სხვებიც უცქერდნენ, ზოგი გაიღიმებდა და გზას გააგრძელებდა, ზოგი მაშინვე თვალს არიდებდა. ეს ყმაწვილი კი უძრავად იდგა და არ აშორებდა მზერას. მამა გაბრიელმა მიიხმო, ამ დროს მან თავი ანება სალოსობას და თავისი ნამდვილი სახით შეხედა ახალგაზრდას. ღვინო დაუსხა, შესვიო. ვაჟმა მოსვა და სახე შეეცვალა, წყლით გაზავებული ალუბლის წვენი აღმოჩნდა.

- არავინ განიკითხო დაბადებული ღმრთისა. შენ რომ განგიკითხო და შენზე კარგი მეგონოს თავი, საძაგელი ვიქნები უფლის წინაშე. ეს დაიხსომე, მოყვასო, და მშვიდობით წარვედინ, - დაარიგა ვაჟი მამა გაბრიელმა.

"ადვილი იყო საყურებლად, როდესაც მამა გაბრიელი ყველას სახილველად თითქოსდა სურვილით ეწაფებოდა ღვინოს, მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვაგვარად იყო. მასთან მისულ ხალხთან, როდესაც სალოსობის ამ ღვაწლს მიმართავდა, პირმხიარულად იქცეოდა. ქადაგებდა, თან დროგამოშვებით მისთვის სასურველ "ღვინოს" დალევდა; თუ თავისი სენაკის წინ იჯდა, ხალხს აკურთხებდა და სენაკში შევიდოდა. თუ სენაკში მყოფობდა, კურთხევით "მშვიდობით წარვედინ", ყველა მოსულს სენაკს დაატოვებინებდა და მასთან მყოფს დახმარებას გთხოვდა. ერთი წუთის მერე მთვრალი ნამდვილ მადლმოსილ მამად შეიცვლებოდა, დაბალ სკამზე ჩამოჯდებოდა, პირსახოცს მუხლებზე გადაიფენდა, ტაშტს ფეხებთან ახლოს დაგადებინებდა და დალეულ ღვინოს უკან ამოიღებდა. ჩვენთვის ეს იყო საშინელი საყურებელი, ხოლო მისთვის დიდი ტანჯვა. ხანდახან ამის გამო ტკივილისაგან გმინვა აღმოხდებოდა და ამიტომ სენაკის კარს დაგახურვინებდა, რომ ეს არავის გაეგო. ასევე ჩუმად გადაგაღვრევინებდა ამოღებულ სითხეს, რათა სინამდვილე არ განცხადებულიყო. იყო შემთხვევები, როდესაც ამ საშინელი ტანჯვისაგან საყლაპავ მილზე კაპილარები უწყდებოდა და სისხლის დაკარგვის გამო სიკვდილის ზღვრამდე მიდიოდა. აქ გადაუდებელი აუცილებლობა იყო ექიმის ჩარევა, მაგრამ სინამდვილე მაინც დაფარული რჩებოდა," - ჰყვება მღვდელმონაზონი კირიონი, რომელიც მამა გაბრიელის სიცოცხლის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე მის გვერდით იყო სენაკში.

ერთხელ მისი მორჩილი, დედა პარასკევა შეჰვედრებია, მამაო, იქნებ შეეშვათ ამ ღვაწლს, რადგან ამ ტანჯვას დიდხანს ვერ გაუძლებთო. მცირე ხნის დუმილის შემდგომ მამა გაბრიელს მტკიცედ და ლმობიერად უთქვამს: "არ იცი, დაო, რას ამბობ, განა ჩემზე მეტად ვინმეს სძულს ასე ღვინის სმა? მაგრამ ასეა საჭირო".

"გწამდეთ, რომ აქ ჩვენ ჰაერს ფუჭად არ ვარხევთ"

მამა გაბრიელმა, მიუხედავად მოთხოვნისა, თავისი სამლოცველო ეკლესია არ დაანგრია. ამ ურჩობის გამო რამდენიმე თვით უზიარებლობითაც დაუსჯიათ. მაგრამ ღვთის ნებით პატრიარქ ეფრემს სვეტიცხოვლობას მისთვის ზიარების უფლებაც აღუდგენია და სამთავროს მონასტერში მოძღვრად დაუდგენია. 1972 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა პატრიარქი ეფრემი და შემდგომ მამა გაბრიელი სამთავროს მონასტრის და სემინარიის მოძღვრობიდან გაათავისუფლეს და ეკლესიის გარეშე დატოვეს. და აი, 1972-დან 1990 წლამდე მამა გაბრიელმა განსაკუთრებული ღვაწლი იტვირთა, - დანგრეული თუ დახურული ეკლესია-მონასტრების მოლოცვა. ხან მარტო მიდიოდა, ხანაც მორწმუნეებთან ერთად. როდესაც მიტოვებულ თუ დანგრეულ ეკლესია-მონასტრებში წირვას დააყენებდნენ, ეტყოდა იქ მყოფთ: "გწამდეთ, რომ აქ ჩვენ ჰაერს ფუჭად არ ვარხევთ. მართალია, დღეს ბევრი ეკლესია-მონასტერი დანგრეული და დახურულია, მაგრამ წმინდა ანგელოზი, რომელიც დადგენილია აქ ღმრთის განჩინებით, ხედავს და ისმენს ჩვენს გულმოდგინებასა და სავედრებელს, სიხარულით ააქვს ჩვენი ლოცვა ღმერთთან და შესმენილყოფს... მოვესწრებით იმას, რომ ეს ეკლესია-მონასტრები აღდგება და ღმრთისმსახურება განახლდება".

ბოლო წლები

1987 წლიდან მამა გაბრიელი სამთავროში, ე.წ. კაკლოვანში, პატარა ფიცრულში დაბინავდა. ამ ფიცრულს ადრე საქათმედ იყენებდნენ. რამდენიმე დღით დატოვებდა მონასტერს და მერე კვლავ უბრუნდებოდა ფიცრულს. წარმოუდგენელი იყო იქ ზამთარში ცხოვრება, მაგრამ მაინც ცხოვრობდა. 1990 წელს მამა გაბრიელმა დაუტევა სამთავროს მონასტერი და შიომღვიმეში წავიდა, იქ დაყუდება გადაწყვიტა, მაგრამ გამოცხადებით უფლისგან ბრძანება მიიღო: "წადი სამთავროში და ხალხს ემსახურე" და მანაც ხალხისთვის თავდაუზოგავი ღვაწლით აღასრულა ცხოვრება.

1995 წელს სვეტიცხოველში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დიდი კრება ჩატარდა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მამა გაბრიელი არ მიუწვევიათ. ღირსმა მამამ თავისი კუბო (რომელიც ორი წლით ადრე თავის მორჩილს მოატანინა) სენაკის წინ დაადგმევინა, შიგ ჩაწვა და ის სამი დღე, რაც კრება ტარდებოდა, სალოსობდა. მაშინ სამთავროს მონასტერში მრავალი სამღვდელო პირი და მორწმუნე მიდიოდა და როგორც ამბობს მამა კირიონი, მამა გაბრიელიც თითქოს ამ საქციელით მთელ საქართველოს ემშვიდობებოდა, რადგან ამბობდა: "არ გავა დიდი დრო და გაბრიელ ბერს ასე იხილავთ. ყველას სიყვარული მიმაქვს, მართლმადიდებელი ერისა და ყველა დაბადებული ადამიანისა". მართლაც, თურმე მამა გაბრიელის გარდაცვალებამდე ორმოცი დღეღა ყოფილა დარჩენილი. ეს იყო მისი სალოსობის ბოლო სამი დღე, - ვიდრე გარდაცვალებამდე მამა გაბრიელს აღარ უსალოსია.

მრავალგზის უნახავთ სამთავროელ დედებს და სხვათაც თოვლში ფეხშიშველა, ყინვისაგან ფეხებზე კანდახეთქილი, დაწყლულებული. როცა ჰკითხეს, ასე რატომ წირავ თავსო, ჩემი ქვეყნისთვის ვლოცულობო. მაშინაც კი, როცა ბარძაყის სახსრის მოტეხილობა ჰქონდა, მცირე განძრევაც კი საშინელ ტკივილს ჰგვრიდა, მაინც ჩააყვანინა ტაძარში თავი და სამთავროს ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაჩოქილი, ცრემლით შეევედრა: "დედაო ღმრთისაო, ცისა და ქვეყნის დედუფალო მარიამ, გევედრები, დაიფარე შენი წილხვდომილი ერი დაღუპვისაგან. მე შემიწირე, ოღონდ საქართველო გადაარჩინე".

აუსრულა ვედრება უფლის დედამ და 1995 წლის 2 ნოემბერს ღმრთივ შეისვენა ღირსმა გაბრიელმა.


კახაბერ კენკიშვილი

kvirispalitra.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий