ღმერთი

ღმერთი

четверг, 26 сентября 2013 г.

1937 წელი...11.

აუშვიცი I

აუშვიცი I წარმოადგენდა ბანაკთა ქსელის ადმინისტრაციულ ცენტრს, სადაც დაახლოებით 70 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ძირითადად, ეთნიკური პოლონელები და საბჭოთა ტყვეები... პირველი პატიმრები აუშვიც I-ში პოლონეთის ქალაქ ტარნოვიდან ჩაიყვანეს 1940 წლის 14 ივნისს. 728 პოლონელს შორის ოცი ებრაელი იყო. პატიმართა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა პოლონური ინტელიგენციის, დისიდენტებისა თუ იატაკქვეშა წარმომადგენელთა ხარჯზე. პატიმართა სხვადასხვა კატეგორია ერთმანეთისგან სამოსზე დატანილი მონიშვნით განირჩეოდა. ყველაზე ცუდად გერმანელები ებრაელებსა და საბჭოთა ტყვეებს ეპყრობოდნენ. ყველა პატიმარი ვალდებული იყო, ყოველდღე ემუშავა სამხედრო საწარმოებში, გარდა კვირა დღისა, როცა ყურადღება დასუფთავებას ეთმობოდა. მძიმე სამუშაო პირობები მაღალ სიკვდილიანობას განაპირობებდა.

აუშვიცის მე-11 ბლოკი წარმოადგენდა "ციხეს ციხეში", სადაც წესის დამრღვევთ ათავსებდნენ. ზოგი პატიმარი იძულებული იყო, მთელი ღამე გაეტარებინა "სადგომ საკნებში", რომელშიც ოთხ პატიმარს ათავსებდნენ. კამერის ზომიდან გამომდინარე, მთელი ღამის განმავლობაში მათ მხოლოდ დგომა შეეძლოთ. დღისით კი ვალდებული იყვნენ, სხვებთან ერთად ემუშავათ. აუშვიცის მიწისქვეშა საკნების "შიმშილის ოთახებში" მოხვედრილ პატიმრებს საკვებისა და სასმლის გარეშე ტოვებდნენ. მიწისქვეშა საკნებში იყო ე.წ. ბნელი ოთახებიც, რომელთაც ძალიან პატარა ფანჯარა ჰქონდა, რაც ოთახში ჟანგბადის ნაკლებობასა და პატიმრის გაგუდვას იწვევდა. ზოგჯერ პატიმარს სანთელს უნთებდნენ, რათა ისედაც მცირე ჟანგბადი უფრო მალე ამოწურულიყო.
1941 წლის 3 სექტემბერს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ხელმძღვანელობამ ექსპერიმენტის განხორციელება გადაწყვიტა ციკლონ B-ს, მომაკვდინებელი გაზის გამოყენებით. ექსპერიმენტი მოეწყო 600 საბჭოთა და 250 პოლონელ პატიმარზე მე-11 ბლოკის ერთ-ერთ მიწისქვეშა საკანში... მხოლოდ აუშვიც I-ში გაზის კამერებმა 1941-1942 წლებში 60 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

აუშვიცი II - ბირკენაუ

აუშვიცი II-ის მშენებლობა 1941 წლის ოქტომბერში დაიწყო აუშვიცი I-ის, ანუ ცენტრის გადავსების შესამსუბუქებლად. მეორე ბანაკი პირველზე გაცილებით დიდი იყო, და მის ჭიშკარშიც მეტმა ტყვემ გაიარა. აუშვიცი II - ბირკენაუ ჰაინრიხ ჰიმლერის გეგმით მოეწყო, რომელიც "ებრაელთა საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტას" ითვალისწინებდა... 1943 წლის დასაწყისში საკონცენტრაციო ბანაკის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა აუშვიცი II-ის გაზის კამერებით აღჭურვა. ამ დროისათვის საკონცენტრაციო ბანაკში მოქმედებდა II, III, IV და V კრემატორიუმები, მორგები და გაზის კამერები. ყველაფერი მზად იყო სისხლის წვიმებისთვის...

აუშვიცი III - მონოვიცი

მონოვიცი წარმოადგენდა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს. მისი სახელი მომდინარეობდა პოლონურ ქალაქ მონოვიცედან, რომლის მახლობლადაც 1942 წლის ოქტომბერში ეს ბანაკი მოეწყო. განსხვავებით წინა ორი აუშვიცისგან, მონოვიცის ბანაკს უფრო მკვეთრად გამოხატული მონური შრომის ფუნქცია ჰქონდა. ბანაკი 12 ათასამდე პატიმარს იტევდა, რომელთა შორის უმეტესობას ებრაელები წარმოადგენდნენ. პატიმრებს მუშაობა უწევდათ სხვადასხვა ქიმიურ საწარმოში, რაც მათი სიცოცხლისთვის სახიფათო იყო. ებრაელები ბანაკში მოხვედრის შემდეგ სამიდან ოთხ თვემდე ცოცხლობდნენ.

ბოშათა ბანაკი

ჰაინრიხ ჰიმლერის 1942 წლის დეკემბრის განკარგულებით, საკონცენტრაციო ბანაკებში ბოშები უნდა განეწესებინათ. მათთვის განცალკევებით მოიძებნა ადგილი აუშვიცი II II- ბირკენაუში: "ბოშათა საოჯახო ბანაკი". სულ აუშვიცში 21 ათასამდე ბოშა მოათავსეს. ბირკენაუში ბოშათა პირველი ნაკადის ჩამოყვანისას, უმეტესობას ტიფის ვირუსი აღმოაჩნდა. ბანაკის ხელმძღვანელობამ პრობლემა მარტივად გადაწყვიტა - ინფიცირებულ ბოშებს გაზის კამერით "უმკურნალა".
1945 წელს, როცა ბოშათა საკონცენტრაციო ბანაკებს, ისევე როგორც ზოგადად გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკებს, მოკავშირეთა მხრიდან საფრთხე დაემუქრა, სს-ის გადაწყვეტილებით 2 897 ბოშა სასწრაფოდ გაიგზავნა გაზის კამერებში...
არსებობდა კიდევ 45 ბანაკი, რომლებიც მთლიანობაში საკონცენტრაციო ბანაკების ერთ დიდ სისტემას ქმნიდა. ეს ბანაკები ათობით კილომეტრით იყო დაშორებული სამი მთავარი ბანაკისგან. პატიმართა რაოდენობა ამ ბანაკებში რამდენიმე ათეული კაციდან ათასეულებამდე მერყეობდა.
ხელმძღვანელობა
საკონცენტრაციო ბანაკის არსებობის განმავლობაში, ხელმძღვანელ ინსტანციებში 7 ათასამდე კაცი იყო დასაქმებული. მმართველობის ცენტრალური ინსტანცია იყო "სს-ის ეკონომიკის მთავარი ოფისი".
აუშვიცში იყო ოფიცრებით დაკომპლექტებული გერმანული გესტაპოს დიდი ოფისი. ბანაკის ტერიტორიაზე ასევე განლაგებული იყო სამედიცინო პერსონალი ედუარდ ვირთსის ხელმძღვანელობით.
სს-ის წარმომადგენლებს ბანაკის ხელმძღვანელობაში დახმარებას უწევდნენ თავად პატიმრები. მათი ნაწილი, რომელიც გერმანელებს ჰყავდათ სხვა პატიმრებისგან გამორჩეული და რომელთაც კაპოებს უწოდებდნენ, პასუხს აგებდნენ წესრიგზე. არსებობდა პატიმართა ზონდერჯგუფებიც, რომელთა ფუნქცია იყო ახალჩამოყვანილი პატიმრების გაზის კამერებისთვის '"მომზადება". ისინი პატიმრებს ტანსაცმლისა და სხვადასხვა ნივთის დატოვებაში "ეხმარებოდნენ. ზონდერჯგუფები პატიმრებს ოქროს კბილებსაც კი აცლიდნენ და ადნობდნენ. მიუხედავად ამგვარი დახმარებისა, გერმანელები ზონდერჯგუფების წარმომადგენლებს პერიოდულად ხოცავდნენ, ისევე როგორც სხვა პატიმრებს.
გაზის კამერაში მოხვედრის შემდეგ პატიმრებზე სს-ის ცალკე კონტინგენტი ზრუნავდა, რომელსაც "ჰიგიენის დივიზია" ერქვა. მისი ფუნქცია იყო, კამერაში გაზის შეყვანისა და პატიმრების დახოცვის შემდეგ, კამერის გაზისგან დაცლა.
აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს ჰყავდა ასევე გარე უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი ნაწილი, ე.წ. დაცვის ბატალიონი.

ცხოვრება ბანაკში

ბანაკში ცხოვრების შესახებ ჩვენამდე პატიმართა ჩანაწერებმა მოაღწია. მათ მიხედვით შესაძლებელი ხდება პატიმართა ერთი რიგითი დღის განრიგის აღდგენა.
სამუშაო დღე პატიმრებისთვის დილის 3 საათზე (ზოგჯერ 3:30-ზე) იწყებოდა ხანგრძლივი განგაშის ხმით, რომელიც მთელ ბანაკს ედებოდა. საინტერესოა, რომ პატიმრებს 30 წუთს აძლევდნენ დილის ჰიგიენური პროცედურებისთვის. ამის შემდეგ ისინი ხუთკაციან მწკრივებად ეწყობოდნენ და ხელმძღვანელები საშინელ დილას "იწყებდნენ" - პატიმრებს სცემდნენ, შემდეგ აიძულებდნენ, დაჩოქილებსა და ხელებაწეულებს რამდენიმე საათი გაეტარებინათ. ასე გრძელდებოდა დილის 7 საათამდე, ვიდრე სს-ის ოფიცრები პატიმრებს არ აღრიცხავდნენ დაღუპულთა რაოდენობის დასადგენად. ამის შემდეგ პატიმრებს საუზმის მიღების უფლება ეძლეოდათ. ნასაუზმევს უნიფორმებში, საცვლების გარეშე და უხეში ფეხსაცმლით სამუშაო ადგილებისკენ მიემართებოდნენ. სამუშაოდ მიმავალთ ორკესტრის მუსიკით აცილებდნენ... სამუშაო დროის ხანგრძლივობა ზაფხულში 12 საათი, ხოლო ზამთარში შედარებით ნაკლები იყო. დასვენების საშუალება პატიმრებს არ ჰქონდათ. უკიდურეს შემთხვევაში, თუკი რომელიმე შეუძლოდ გახდებოდა, ბანაკის ხელმძღვანელობა სხვა პატიმარს გამოყოფდა, რომელიც დროს უნიშნავდა "კოლეგას", სანამ ეს უკანასკნელი სულს მოიბრუნებდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ბანაკში საღამოს განგაში გაისმოდა და კიდევ ერთხელ იწყებოდა პატიმართა აღრიცხვა. თუკი ნუსხას ვინმე აკლდა, სხვები მწყობრში უნდა მდგარიყვნენ, სანამ პატიმრის გაუჩინარების მიზეზი გაირკვეოდა. ამას ზოგჯერ რამდენიმე საათი სჭირდებოდა. შემდეგ იწყებოდა პატიმართა დასჯა, რაც დღის განმავლობაში მათი საქციელის მიხედვით ხდებოდა... პატიმრებს გრძელ რიგებად ეძინათ, ერთმანეთთან იმდენად ახლოს, რომ ხშირად ერთმანეთსაც კი აწვნენ. ხდებოდა ქურდობაც, ამიტომ ბევრ პატიმარს საკუთარ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე ჩაბღაუჭებულს ეძინა.

სამედიცინო ექსპერიმენტები

გერმანელი ექიმები სხვადასხვა ექსპერიმენტს ატარებდნენ პატიმრებზე, ასხივებდნენ რენტგენის სხივებით, სტერილიზაციის მიზნით პატიმარი ქალების სხეულში ქიმიური ნივთიერებები შეჰყავდათ... აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში ყველაზე ცნობილი ექიმი იყო იოზეფ მენგელე, რომელსაც "სიკვდილის ანგელოზს" ეძახდნენ. იგი სამედიცინო ცდებს აწყობდა. განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ტყუპებით, მომაკვდინებელი ნივთიერების შეყვანის შემდეგ ტყუპებს კვეთდა და სხეულებს სწავლობდა. მენგელე ჯუჯებითაც ინტერესდებოდა და ტყუპების მსგავსად, მათაც უსწრაფებდა სიცოცხლეს.
გერმანელთა სამედიცინო საშინელებათაგან აღსანიშნავია 1943 წელს მოწყობილი "ჩონჩხების კოლექცია", რომელიც აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის 115 პატიმრისგან "შეგროვდა". მათ შორის უმეტესობა ებრაელი იყო. ჩონჩხები სტრასბურგის ანატომიის ინსტიტუტში უნდა გაეგზავნათ, რომელიც გერმანელთა მიერ ოკუპირებული საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ტიფის ეპიდემიის გამო, 115 ადამიანი კარანტინში მოათავსეს და "ჩონჩხების კოლექციისთვის" მოამზადეს. ვოლფრამ სივერსის ერთ-ერთი წერილიდან ვიგებთ: "სულ 115 ადამიანი შეირჩა - 79 ებრაელი მამაკაცი, 30 ებრაელი ქალი, ორი პოლონელი და ოთხი აზიური წარმოშობის პატიმარი". ეს ექსპერიმენტი სანქცირებული იყო როგორც რუდოლფ ჰესის, ასევე ჰაინრიხ ჰიმლერის მიერ...
აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულთა რაოდენობა დღემდე ზუსტად არ არის დადგენილი. მიიჩნევა, რომ მსხვერპლი 1,3-დან 2 მილიონამდეა... 1945 წელს მოკავშირეთა მიერ გათავისუფლებულ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში სიკვდილს გადარჩენილთაგან ყველაზე დიდხანს იცოცხლა პოლონელმა ანტონი დობროვოლსკიმ, რომელიც 2012 წლის 21 ოქტომბერს 108 წლის ასაკში გარდაიცვალა.

(იბეჭდება შემოკლებით)
კახაბერ ყალიჩავა
ჟურნალი "ისტორიანი" #9

Комментариев нет:

Отправить комментарий