ღმერთი

ღმერთი

четверг, 26 сентября 2013 г.

მოწყინება.

სიძულვილის ღირსია ქალი, რომელსაც შვილები ჰყავს, და მაინც შეუძლია მოწყინებაში იყოს.




მორჩილმა ადამიანმა არ იცის მოწყინება, რადგან გრძნობითი საქმიანობით აზრობრივ და სულიერ ღვაწლსაც მოიპოვებს.



მიმომწვლილველობა(მოწყინება.უსასოობა) დიდი და საშინელი ცოდვაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქრისტიანი ყოველთვის მღვიძარე, ფრთხილი და სულგრძელი უნდა იყოს.



მოწყინება ისაა, როცა კაცს მოეწყინება, ანუ მოსძულდება თავისი თავი, ან რომელიმე კეთილი საქმე; ეს ცოდვაც ეშმაკის მანქანებისგან მოდის.



დაე, ყოველ საღამოს მარადიული ცეცხლის გახსენებით წვებოდე და მასთან ერთადვე დგებოდე დილით და ფსანმუნთგალობისას მოწყინების ვნება ვეღარასოდეს დაგჯაბნის.



თუკი უდიდესი მოწყინება იმით გამოიხატება, რომ დასვენების დროსაც კი მოუთმენლობას აჩენს, მოთმინების უმაღლესი ზომა ისაა, რომ ჭირის დროსაც კი თავს ნუგეშინისცემულად მიიჩნევ.



როგორ განვაგდოთ მოწყინება და შევიძინოთ მოსწრაფება?
განუწყვეტელი ლოცვა წარმწყმედელია მოწყინებისა, ხოლო სასჯელის ხსენება მომნიჭებელია მოსწრაფებისა.



როდესაც მოწყინებისაგან ვთვლემ და წინამდებარე საქმეში ხელი მეშლება, ავდგე თუ მჯდომარემ გავაგრძელო საქმე?
ადექი და ღვთისადმი ლოცვა არ შეწყვიტო და ღმერთი თვლემას ლოცვით მოგაშორებს.



ნებისმიერი ვნება მისი საპირისპირო რომელიმე სათნოებით მარცხდება. მოწყინება კი განდეგილისთვის სიკვიდილის მომტანია. მხნე სული მკვდარ გონებასაც კი აღადგენს. მოწყინება და სიზარმაცე კი მთელ სიმდიდრეს განაბნევს.



ღმერთმა ადამიანს, რაც მისი ბედნიერებისთვის საჭიროა, ყველაფერი მისცა. ამიტომ ვინც ღმრთისაგან ბოძებულ ნიჭს კარგად მოიხმარს, ვინც გულმოდგინედ ირჯება და შრომობს, ის მოწყინებაში არ ჩავარდება, მოწყინებას მხოლოდ ზარმაცი, ცუდი ხასიათისა და ყოფაქცევის კაცი გრძნობს.



წმინდა მამები გვასწავლიან - ზოგჯერ გულგატეხილობის სული სრულიად უმიზეზოდ გველივით მიცოცდება ადამიანთან და თავისი სუნთქვით ცეცხლივით ტრუსავს, მწარე ნაღვლით ავსებს მის გულს. მოწყინების დემონი რომ დავამარცხოთ, მიწიერისადმი, ხილულისადმი მისწრაფებას უნდა ვძლიოთ.



მოწყინებას წმინდა მამები ზოგჯერ უქმობას, სიზარმაცესა და დახსნილებასაც უწოდებენ. ეს სნეულება იკურნება ლოცვით, უქმი მეტყველებისაგან თავშეკავებით, ჩვენი ძალების შესაბამისი ხელსაქმით, წმინდა წერილის კითხვით და მოთმინებით, რამეთუ იშვება სწორედ სულმოკლეობის, უქმობისა და უქმი მეტყველებისაგან.



მოწყინების ეშმაკი მესამე ჟამზე ამოქმედდება თავის ტკივილით, სიცხით, მიცლის ტკივილით. მეცხრე ჟამზე მცირედ დაგვეხსნება, ხოლო ტრაპეზის მოახლოებისთანავე საწოლიდან წამოდგომას გვაიძულებს. მაგრამ შემდეგ, ლოცვის ჟამს, კვლავ ამზიმებს სხეულს.ლოცვაზე დგომისას ძილს გვგვრის და მთქნარებით გალობის მუხლებს გვტაცებს პირიდან.



კაცს ღმერთმა მისცა ყოველივე, რაც საჭირო არის მისი ბედნიერებისათვის: ჭკუა, სიმართლე, ქვეყანა. ვინც კარგად მოიხმარებს ღვთის ნიჭსა, ესე იგი ვინც კარგად ირჯება, ცდილობს, მუშაობს, – ის არ შთავარდება მოწყინებაში.თუ შეემთხვია მას რომელიმე ზარალი, ანუ უბედურება, მაინც სულგრძელ არს და მალე გამოვა ზარალითგან. მაშასადამე, მოწყინება დაემართება მხოლოდ იმ კაცს, რომელიც არის ზარმაცი, ცუდი ხასიათისა და ცუდი ყოფა–ქცევისა.



მოწყინება მისთვის არის ცუდი და მავნებელი ცოდვა, რომელ იგი კაცს შთააგდებს კიდევ სხვათა ცოდვათა შინა. ვისაც გულში აქვს მოწყინება, იგი ხშირად დრტვინავს ღმერთზედ და ამით დიდად სცოდავს, მას დაეკარგება სასოება ღმერთზედ. რადგანაც ესრეთი ცუდი და მავნებელი ცოდვა არის მოწყინება, მაშასადამე, ოდესცა გულში გაგიჩნდება იგი, მაშინვე ეცადე და განაგდე გულისა შენისაგან. ქრისტიანე ყოველთვის უნდა იყოს მღვიძარე, ყოველთვის ღმერთზედ სასოება უნდა ქონდეს.



მოწყინება უცხოთშემწყნარებლობის სურვილს აღძრავს. ჩააგონებს, რომ ხელსაქმისაგან მოწყალება გაიღოს. სურვილს უნერგავს, რომ ავადმყოფი მოინახულოს, ახსენებს მას, რომელმაც თქვა: უძლურ ვიყავ და მოხვედით ჩემდა (მთ.25.36). სულმოკლეთა და უძლურებთან მისვლას აიძულებს და თავად სულმოკლე სხვა სულმოკლეთა ნუგეშისცემას ცდილობს.
ლოცვაზე დგომისას ეს ცბიერი სული საჭირო საქმეებს შეახსენებს და ყოველგვარ მზაკვრობას ხმარობს, რომ უფალთან საუბარს განარიდოს, თანაც თითქოსდა - რაიმე საპატიო მიზეზით.



მოწყინება ხშირად, მრავლისმეტყველების ერთ-ერთი უპირველესი პირმშოა. ამიტომაც ამ ცოდვას ადფილი სწორედ აქ მივუჩინეთ, როგორც სრულიად შესაფერისი - ვნებათა ბოროტ ჯაჭვში. მოწყინება სულის დასნეულებაა, გონების დაუძლურება, მონაზვნური ღვაწლის გაუფრთხილებლობა, აღთქმისადმი სიძულვილი, ამ სოფლის დანატვრა, ბრალდება ღვთისა, თითქოს იგი უმოწყალო და არაკაცთმოყვარე იყოს. გალობისას ის სუსტია, ლოცვისას - უძლური, ხორციელი მსახურებისას - რკინასავით მტკიცე, ხელსაქმეში - დაუღალავი, მორჩილებაში - თვალთმაქცური.



მოწყინება ის არის, ოდესცა კაცს მოეწყინება ანუ მოსძულდება თავის თავი, ანუ რომელიმე კეთილი საქმე. ეს ცოდვა, ძმანო ჩემნო, კაცს ხშირად დაემართება ეშმაკის მანქანებისაგან. მაგალითებრ: ზოგჯერ კაცს მოეწყინება ლოცვაზედ დგომა, ანუ მარხვის შენახვა, ანუ ნიადაგ შრომა და მუშაობა. ხანდისხან კიდევ ზოგიერთ კაცს მოეწყინება თავისი სიცოცხლე, იფიქრებს: რა სიცოცხლე არის ჩემი სიცოცხლეო. ამაზედ იწყებს მწუხრებას და დრტვინვას. ესეც დიდი და მავნებელი ცოდვა არის, ძმანო ჩემნო; პირველად მისთვის, რომელ ქრიტიანე ყოველთვის უნდა იყოს მღვიძარე, ფრთხილ, სულგრძელ.



თუ მოწყენილი ხარ, ეს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ გიყვარს უფალი. თუ სასძლოს თავისი სასიძო უყვარს, მაშინ საყვარელ ადამიანთან ერთად მისთვის არც სიღარიბე, არც უბედურებები, არც ჯურღმული არაა ძნელი; მხოლოდ მასთან განშორება უძნელდება: მაშინ ვერც სიმდიდრე, ვერც სიხარული ვერ ანუგეშებს მას. თუკი ადამიანურ სიყვარულს ეს შეუძლია, მაშინ რას არ გააკეთებს ღვთაებრივი სიყვარული? შეიყვარეთ ღმერთი და დაავანეთ იგი თქვენს გულებში და მაშინ არ მოიწყენთ, არამედ ყოველთვის ენითაუღწერელ სიხარულსა და სიტკბოებას იგრძნობთ, ყოველთვის სულიერი ნუგეში გექნებათ (ფს. 33, 9).



მოწყინება ხშირად მეექვსე, უფრო სასტიკ ვნებაში - უვაში, მწუხარებაში გადაიზრდება ხოლმე. მწუხარე ადამიანი ჰგავს დაჭრილ, დამწყვდეულ მხეცს, რომელიც გადარჩენას ვერსად ხედავს. მწუხარება ღმრთის იმედის დაკარგვაა, მწუხარება ადამიანებისადმი სიძულვილია. მწუხარეს მთელი ცხოვრება ბოროტი და ფუჭი ხუმრობა ჰქონია, ეჩვენება, რომ ბნელ ხაროში ჩავარდა, საიდანაც ვეღარ ამოვა; ეჩვენება, რომ სამყარო - ეს უსულგულო მექანიზმი მალე მწერივით გასრესს. მწუხარე ადამიანი გარემომცველ სამყაროში ხედავს არა ღმერთის სიბრძნესა და ნებას, არამედ რაღაც შავ ქაოსს. მწუხარების დასასრული არის სასოწარკვეთა და ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა.



მეხუთე წყლული, მეხუთე ვნება არის მოწყინება - ნაღვლობა. მას შეიძლება ვუწოდოთ სიკვდილი სიკვდილამდე. ნაღვლობას, ჩვეულებრივ, საწუთოსა და წარმავალის ზედმეტი შეყვარება იწვევს. ადამიანი ცხოვრებაში ეძიებს იმას, რისი მიღწევაც შეუძლებელია ამქვეყნად. იგი ეძიებს ბედნიერებას, მის თვალწინ კი, ყოველდღიურად ბანქოს ქოხებივით ინგრევიან და აჩრდილებივით ქრებიან ბედნიერების მოჩვენებები. ადამიანი ეძიებს მუდმივობას. აქ კი ყოველივე იცვლება, მოძრაობს, ჩანჩქერივით უფსკრულში ეშვება და სიკვდილის გაუმაძღარ ხახაში ინთქმება. ადამიანი ეძიებს სიმშვიდეს, ირგვლივ კი დაუსრულებელი ფორიაქია. ისევე, როგორც ტალღა ეხეთქება ზღვის ნაპირს და კვლავ ზღვის სიღრმეს უბრუნდება, აუსრულებელი სურვილებიც, ახლა უკვე მწუხარებად, ტკივილად ქცეულნი, მის სულშივე ბრუნდებიან.



მაგრამ თუ ის ადგილი, სადაც ეშმაკისეული მოწყინება იჩენს თავს, ფრიად მცხუნვარეა, რომელიც მოწყინებას უწყობს ხელს და კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანს, იმდენად რომ მას ძალები არ ჰყოფნის ორივეს შესაწინააღმდეგებლად? ამისთვის ხომ არ უნდა განერიდოს ის იქაურობას ბრძოლების დროს?
უმჯობესია თუ ვიღვაწებთ და ბრძოლების დროს ჩვენს ადგილს არ მივატოვებთ. მაგრამ თუ ვინმე ხედავს, რომ მძიმე შრომისაგან მარცხდება, დაე, დათმობაზე წავიდეს და როდესაც უშუალოდ სიმძიმისაგან შემსუბუქებას იგრძნობს, ღვთის სახელს მოუხმოს. თვით მოწყინების წინააღმდეგ იღვაწოს და ღმერთი შეეწევა. ხოლო როდესაც სიმძიმეს ადგილი არ განაპირობებს, მაშინ მოწყინების გამო საქმის მიტოვება კიდევ უფრო დაამძიმებს, ბრძოლას გაუძლიერებს და სულს დაუზიანებს. ვისაც მოწყინება ეუფლება, ის სხვაგვარად ვერ განდევნის მას, თუ არა დიდი შრომით და სხვათა ლოცვების დახმარებით.



რას ნიშნავს მიმოწვლილველობა?
მიმოწვლილველობა ანუ მოწყინება ისაა, როცა კაცს მოეწყინება ანუ მოსძულდება თავისი თავი, ან რომელიმე კეთილი საქმე. ეს ცოდვაც ეშმაკის მანქანებისაგან მოდის. ზოგჯერ კაცს ლოცვაზე დგომა, მარხვის შენახვა ან გამუდმებული შრომა და მუშაობა მოსწყინდება. ზოგს საერთოდ თავისი სიცოცხლე მოსწყინდება და ამბობს: რა სიცოცხლეა ჩემი სიცოცხლეო და მწუხარებასა და დრტვინვას მიეცემა. მომწვლილველობა დიდი და მავნებელი ცოდვაა პირველ რიგში იმიტომ, რომ ქრისტიანი ყოველთვის მღვიძარე, ფრთხილი და სულგრძელი უნდა იყოს. ღმერთმა ადამიანს, რაც მისი ბედნიერებისათვის საჭიროა, ყოველივე მისცა. ამიტომ ვინც ღმრთისგან ბოძებულ ნიჭს კარგად მოიხმარს, ვინც გულმოდგინედ ირჯება და შრომობს, ის მოწყინებაში არ ჩავარდება. მოწყინებას მხოლოდ ზარმაცი, ცუდი ხასიათისა და ყოფაქცევის კაცი გრძნობს. ეს ცოდვა მას სხვა ცოდვებშიც ჩააგდებს, სახელდობრ, ვისაც გულში მოწყინება აქვს, ის ხშირად დრტვინავს ღმერთზე, რითაც დიდად სცოდავს.



რა წარმოშობს მოწყინებას? და როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ის გვეწვევა?
არის ბუნებრივი მოწყინება უძლურებისაგან, და არის მოწყინება ეშმაკისაგან. თუ მათი შეცნობა გსურს, ასე შეიცანი: ეშმაკისეული მოწყინება მანამდე მოდის, სანამ ადამიანი საკუთარ თავს დასვენების უფლებას მისცემს, რამეთუ, როცა ადამიანი რაღაცის კეთებას დაიწყებს, სანამ საქმის მესამედი ან მეოთხედი აქვს შესრულებული, ის მანამდე აიძულებს მას, რომ საქმე მიატოვოს და ადგეს. ამ დროს მას არ უნდა ვუსმინოთ, ლოცვა უნდა წარმოვთქვათ და საქმე მოთმინებით გავაგრძელოთ, და მტერი დაინახავს რა, რომ ადამიანი ამისათვის ლოცულობს, ბრძოლას წყვეტს, ვინაიდან მას არ სურს ლოცვას საბაბი მისცეს. ბუნებრივი მოწყინება კი მაშინ გვეუფლება, როცა ადამიანი საკუთარ ძალებზე გადაჭარბებით შრომობს და თავს კიდევ უფრო მეტი შრომისთვის აიძულებს; ამგვარად, ბუნებრივი მოწყინება ხორციელი უძლურებისაგან წარმოიქმნება; ამ დროს საკუთარი ძალები უნდა გამოვცადოთ და სხეული ღვთის შიშით მოვასვენოთ.



წინას მსგავსი მისივე შეკითხვა გულის წუხილის შესახებ, და თუ რატომ დარჩა მასში კვლავ ერთგვარი სისუსტე.
ნაღვლიანო ძმაო! რატომ არ აცდი მკვდრებს, რომ თავისი მკვდრები დაფლან (მათე 8, 22). შეიზიზღე სხეული, მას მატლები შეჭამენ; როცა ხრწნას მიეცემა, ის ვერაფერში დაგეხმარება. მოციქული ამბობს: „ხორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულისსათქუმელ“ (რომ. 13, 14). ეს მე სწავლებისათვის გითხარი. ხოლო ის, რაზეც მწერ, შესაძლოა მას ნაწილობრივ ნაღველი წარმოშობს, ნაწილობრივ კი დემონები. შენი აზრი ოდნავ გააძლიერე, შენსკენ შემოატრიალე და, თუ ღმერთმა ინება, და სიმძიმის ის ნაწილი, რომელსაც დემონები წარმოშობენ, შეგიმსუბუქა, მაშინ მეორე ნაწილი, ნაღველის მოქმედებით რომელიცაა, არ დაგაზიანებს. მე, ჩემი უძლურების შესაბამისად ვლოცულობ; დაე, ჩემმა მამამ და ღმერთმა არ უგულებელყოს შენი თხოვნები, არამედ თავის კაცთმოყვარებით გულუხვად აღგისრულოს ისინი. წყალობას ის გვიგზავნის, ხოლო ილოცებ თუ არა, შენზეა დამოკიდებული. გაიაზრე, რასაც გეუბნები, და ილოცე ჩემთვის.



უმეტესი ნაწილი ადამიანებისა თავისი ნებით ატარებს გულში ეშმაკის ტვირთს, ეჩვევიან ასეთ ყოფას, ხშირად ვერც კი გრძნობენ ამ სიმძიმეს, შეუმჩნევლად, კიდეც ამატებენ და ამატებენ ზედ. თუმცა, ხანდახან, თავად დაუნდობელი მტერი აათმაგებს მათ საპალნეს და მაშინ ისინი საშინელ სულმოკლეობას, სასოწარკვეთას ეძლევიან, გმობენ ღმერთს. ამ ადამიანების დიდი ნაწილი, ასეთ დროს, ჩვეულებრივ, კარტით თამაშობს, საღამოების მოწყობას, ცეკვებსა და თეატრებში სიარულს იწყებს, რათა თავი დააღწიოს მოწყენას და სწორედ ეს საშუალებები, კიდევ უფრო უმძაფრებს კაცს გულის გვემას, მოწყინებას; მაგრამ, თუ მოხდა სასწაული და მოიხედა ღვთისკენ ზოგიერთმა, - მაშინვე გულიდან ეყრება სიმძიმე, აშკარად ხედავს, რა ტვირთი ედო გულზე უწინ, თუმცა იქნება ამას ვერც კი გრძნობდა. ო, ვინ მოთვალოს რამდენმა მიატოვა ღმერთი "მე დამიტევეს წყაროს წყლისა ცხოველსა და უთხრეს თავთა მათთა ჯურღმულნი განხვრეტილნი" (იერ.2,13.) ასეთ ადამიანებს საკმაოდ ბევრი კოკა დაელეწა, თითქმის ყოველ ჩვენგანს, ჩვენ ჩვენი საკუთარი. დაილეწნენ კოკები - ჩვენი გულებისა, ჩვენი ვნებები.



"გაბნეულობამ გძლიათ!" - ესაა შინაგანი წყობის მიმართ სამტროდ მომართული მტრის პირველი თავდასხმა. ეცადეთ ისე მოექცეთ სხვებს ურთიერთობაში და ისე იზრუნოთ საქმეებზე, რომ ღმერთიც გახსოვდეთ, ყველაფერი აკეთოთ და ილაპარაკოთ იმის გაცნობიერებით, რომ უფალი ახლოსაა და ყველაფერი მიმართეთ მისი სათნოყოფისაკენ. წინასწარვე შეემზადეთ, რომ საქმის კეთებისას არ მოშორდეთ უფალს, არამედ იყოთ მის თანამყოფობაში და ილოცეთ ამისთვის. ეს თქვენ შეგიძლიათ, ოღონდ მტკიცე განზრახვით უნდა იმოქმედოთ. შიგნით მყოფობის მეორე მტერია რაიმეს მიმართ გულის მიკერძოება და დატყვევება. ეს ხდება მაშინ, როდესაც გრძნობა რაიმეს შთაიბეჭდავს ან აზრი რაიმეთი მიიზიდება. ეს უფრო მძიმე შემთხვევაა. თქვენ ეს არ გამოგიცდიათ და ძველ მდგომარეობას მალევე უბრუნდებით. თქვენი გული რაიმეს რომ მიტმასვნოდა, მაშინ დიდი ხნით მოგიწევდათ წვალება. გული უნდა გამოგეგლიჯათ დამტყვევებლისაგან და ეს უკანასკნელი შეგეზიზღებინათ. კეთილი ინებეთ, იქონიეთ ეს მხედველობაში და ყოველმხრივ უფრთხილდით გაბნეულობას, უფრო მეტად კი გულის დატყვევებას. საშუალება ერთია - არ განვეშოროთ უფალს და ვგრძნობდეთ მის თანამყოფობას. რატომ მოსდევს მოწყინება ვინმესთან დიდი ხნით საუბარს? იმიტომ, რომ ლაპარაკის დროს თქვენ ყურადღებით უფალს შორდებით.
უფალს ეს არ სიამოვნებს და ის ამას გატყობინებთ სევდით. კეთილი ინებეთ, მიეჩვიეთ უფალთან განუშორებელ ყოფნას, არა აქვს მნიშვნელობა რისი გაკეთება გიწევთ, ყველაფერი აკეთეთ მისთვის, შეეცადეთ გაიაზროთ ის მის მცნებებთან მიმართებაში. და არასოდეს მოიწყენთ, რამეთუ გექნებათ იმის განცდა, რომ აკეთებდით მის საქმეს.



ჩვენი მეექვსე შერკინება მოწყინების სულის წინააღმდეგაა, რომელიც თანაშეუღლებულია მწუხარების სულთან და თანამოქმედებს მასთან ერთად. ესაა საშინელი და ულმობელი ეშმაკი, მონაზვნებს რომ გამუდმებით ებრძვის. იგი მეექვსე ჟამზე (დაახ. 12 საათი, შუადღე) დაეცემა მონაზონს, შთაუნერგავს მას სისუსტესა და ძრწოლას, შეაძულებს საკუთრივ იმ ადგილსაც და იქ თანამცხოვრებ ძმებსაც, აგრეთვე, ყოველგვარ საქმეს და თვით საღვთო წერილთა კითხვასაც, თანაც შთაუგდებს (ჩააგონებს) ადგილის გამოცვლის გულისზრახვას, ისე თითქოს სხვა ადგლებში გადასვლის გარეშე ფუჭად დაიკარგებოდა მისთვის მთელი შრომა და დრო. ამ ყოველივეს გარდა, შიმშილსაც შთაუდებს მას მეექვსე ჟამზე იმგვარს, როგორიც სამდღიანი მარხვის, უშორესი გზისა თუ უმძიმესი შრომის შემდეგაც რომ არ განუცდია. ამის მომდევნოდ, იმ გულისზრახვებსაც ჩააგონებს, თითქოსდა ვერანაირი სხვა საშუალებით ვერ დააღწევდეს თავს ამ სნეულებასა და დამძიმებულობას, თუ არა ხშირი გასვლებითა და სხვა ძმებთან მისვლით, ვითომცდა უძლურებაში მყოფთა შეწევნისა და მათი მონახულების მიზეზით, თუმცა როდესაც ამ გზით ვერ შეძლებს მის შეცდენას, მაშინ უღრმესი ძილით დანთქავს მას, რითაც მასზე უმძლავრესი და უღონიერესი ხდება, ამხობს რა არათუ სხვა რამ ხერხით, არამედ უმოქმედობით ლოცვასა და მარხვაში, ისევე როგორც – საღვთო სიტყვათა დასწავლასა და განსაცდელთა დათმენაში, რადგან თუ ვერ ჰპოვებს იგი ამ ადამიანს ხსენებულ საჭურველთა მიერ შემტკიცებულს, სტყორცნის რა თავის ისრებს, გამოაჩინებს მას როგორც დაუდგრომელს, მოხეტიალედ, მცონარედ და უსაქმურად აქცევს მას, ამასთან მიმართავს იქითკენ, რომ მრავალი მონასტერი მოვლოს მან და მხოლოდ იმის დაკვირვებაში იყოს და იმაზე წუხდეს, თუ სად იმართება სადილები და ნადიმები. მართლაც, სხვა არაფერი ეზმანება მოწყინებაში მყოფის გონებას, თუ არა ამათგან ქმნილი განლაღებანი. აი, ამგვარად კრავს მას ეშმაკი სოფლის საქმეებით და თანდათან აცთუნებს მავნებელ მოუსვენრობათა მიერ, იმ ზომამდე, რომ სამონაზვნო აღთქმისგანაც სავსებით განაშორებს მას. ამ უმძიმესი სენის მცოდნე საღვთო მოციქული, რომელსაც ბრძენი მკურნალის მსგავსად სურს, რომ ჩვენი სულებიდან ძირითურთ აღმოფხვრას იგი, უპირატესად მის წარმომშობ მიზეზებს ააშკარავებს და ასე ამბობს: „გამცნებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, განეკრძალოთ ყველა იმ ძმას, ვინც კი უწესოდ მიმოდის და არა თანახმად იმ გადმოცემისა,ჩემგან რომ მიგიღიათ, რადგან თქვენ იცით, თუ როგორ გმართებთ ჩვენდამი ბაძვა, ვინაიდან უწესოდ არ მოვქცეულვართ თქვენს შორის, არცთუ ვინმესგან უფასოდ გვიჭამია პური, არამედ დღედაღამ შრომითა და რუდუნებით ვსაქმობთ, რომ არავის თქვენგანს დავაწვეთ ტვირთად, არათუ იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ნიმუში მოგცეთ ჩვენს მისაბაძად, და რადგან თქვენთან ყოფნისას სწორედ ეს გამცნეთ თქვენ, რომ ვისაც არ ნებავს საქმის კეთება, ნუღარ ჭამს. ვიგებთ, რომ მავანნი მიმოდიან თქვენს შორის უწესოდ, არას საქმობენ, არამედ მიმომწვლილველობენ, ვამცნებთ კი ამგვართ და შევაგონებთ ქრისტე იესოს მიერ, რომ მყუდროებით იშრომონ და ასე ჭამონ თავიანთი პური“ (II თეს. 3.12). ვისმინოთ, თუ როგორ ნათლად წარმოგვიჩენს ჩვენ მოციქული მოწყინების მიზეზებს, რადგან იგი „უწესოებს“ უწოდებს იმათ, რომლებიც არ შრომობენ, და ამ ერთი სიტყვით მრავალ ბოროტებას ასაჩინოებს, გამომდინარე იქიდან, რომ ვინც „უწესოა“, იგი არის უკრძალველიც, დაუფიქრებლად მოლაპარაკეც, მგმობელობისთვის მზადყოფნაშიც, აქედან დაყუდებითი მოღვაწეობისადმი უუნაროც და მონაც მოწყინებისა. ამიტომაც გვამცნებს მოციქული, რომ განვერიდოთ ამგვარ ადამიანებს, ანუ გავემიჯნოთ მათ როგორც წყლულოვან სნეულებს, ხოლო სიტყვები: „არა თანახმად იმ გადმოცემისა, ჩვენგან რომ მიგიღიათ“, იმას ააშკარავებს, რომ ამპარტავანნი ყოფილან ისინი, მომძაგებელნი და სამოციქულო გადმოცემათა დამარღვეველნი. ასევე, როდესაც ამბობს: „არცა ვინმესგან უფასოდ გვიჭამია პური, არამედ დღედაღამ შრომითა და რუდუნებით ვსაქმობთ“, ამით აშკარა ხდება, რომ თუ იგი, ვინც იყო წარმართთა მოძღვარი, სახარების მქადაგებელი და მესამე ცამდე ამაღლებული, რომლის თქმითაც უფალს უბრძანებია სახარების მქადაგებელთათვის, რომ ვინც დღედაღამ შრომა–ჯაფით დამაშვრალობდა, რომ არავის დასწოლოდა ტვირთად, ასეთ დროს რაღა ვქნათ ჩვენ, რომლებიც მოწყინებაში ვართ საქმეთაგან და სხეულებრივ შვებას მიდევნებულნი, ჩვენ, რომლებსაც არც სახარების ქადაგება დაგვკისრებია, არცთუ ეკლესიათა გამო ზრუნვა, არამედ მხოლოდღა საკუთარ სულზე მეურვეობა? შემდეგ, უფრო ცხადად ასაჩინოებს რა უსაქმობისგან აღმოცენებულ მავნებლობას, ასე დასძენს იგი: „არას საქმობენ, არამედ მიმომწვლილველობენ“, რადგან უსაქმობისგან გამომდინარეობს მიმომწვლილველობა, მიმომწვლილველობისგან – უწესოება, უწესოებისგან კი – ყველა უკეთურება. ამასთან, შეუმზადებს რა მათ კურნებასაც, ურთავს: „ვამცნებთ კი ამგვართ, რომ მყუდროებით იშრომონ და ასე ჭამონ თავიანთი პური“. იქვე უგამკიცხველესად ამბობს: „ვისაც არ ნებავს საქმის კეთება, ნუღარ ჭამს“. ამ სამოციქულო განწესებით აღზრდილი ეგვიპტელი წმინდანები მონაზონთათვის იმას განაჩინებენ, რომ არასოდეს იყვნენ ისინი უსაქმოდ, განსაკუთრებით უფრო ახალგაზრდები. იციან მათ, რომ შრომითი მოთმინების გზით განდევნიან მოწყინებას, თავიანთ სარჩოს მოიპოვებენ და შეჭირვებულთ შემწეობას აღმოუჩენენ, რადგან არა მარტოოდენ საკუთარი საჭიროებისთვის დამაშვრალობენ ისინი, არამედ თავიანთი შრომით ყარიბებსაც, ღარიბ–ღატაკებსაც და პატიმრებსაც შეეწევიან, სწამთ რა, რომ ამგვარი ქველმოქმედება წმინდა მსხვერპლია, ღვთისთვის სათნო მამები კი იმას ამბობენ, რომ მშრომელი ერთ ეშმაკს ებრძვის ხშირად და მისგან არის შეჭირვებული, უსაქმური კი მრავალი უკეთური სულის მიერ ხდება დატყვევებული. გარდა ამისა, კარგი იქნება გავიხსენოთ მამათა შორის უგამოცდილესი ამბა მოსეს სიტყვები, რაც მან მე მითხრა, რადგან ვიყავი რა მცირე დროით უდაბნოში დამკვიდრებული, შემაწუხა მოწყინებამ, რის გამოც მივედი მასთან და ვუთხარი, რომ რადგან წინა ღამით ასე ძლიერად შემაწუხა და დამაუძლურა მოწყინებამ, მანამ ვერ გავთავისუფლდი მისგან, სანამ არ წავედი და არ მივედი ამბა პავლესთან. სწორედ ამაზე მიპასუხა ამბა მოსემ და ეს მითხრა: „გამხნევდი, რადგან არათუ გაგითავისუფლებია შენი თავი მოწყინებისგან, არამედ უმალ მას მიცემულხარ და დამონებულხარ, იცოდე კი, რომ უფრო მძიმედ შეგებრძოლება იგი შენ, როგორც ბრძოლისგან გაქცეულს, თუ არ ეცდები ამის შემდეგ მის დამარცხებას მოთმინების, ლოცვისა და ხელსაქმის გზით“.


sibrdzne.ge








Комментариев нет:

Отправить комментарий