ღმერთი

ღმერთი

понедельник, 30 сентября 2013 г.

ნუ მიხვალ მკითხავთან.

ნუ მიხვალ მკითხავთან და ნუ დაიჯერებ დედაბრულთა მათ ზღაპართა. ნუ ატყუებთ თავსა თქვენსა, ნუ ჩააგდებთ თავსა თქვენსა ხელთა შინა მკითხავთასა.



მესმა მე, ვითომც თქვენ შორის იყოს მკითხაობა. წმიდანი მამანი აღუკრძალავენ ესე ვითართა ზიარებასა, და ვინც მივა მკითხავთან, იმას თითქმის სჯულზედ უარი უთქვამს. ვინც ჭკვიანურად იფიქრებს და კარგად გამოსცდის, იგი მალე მიხვდება, როგორ ატყუებენ მკითხავები მოკლე ჭკუის კაცთა. ბევრი გამიგონია მე მათგან წახდენილი კაცი და ბევრი ავადმყოფი მათითა უმეცრებითა მომკვდარიყოს.

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
*


რადგან მკითხავთან სიარული ღვთის საწინააღმდეგო საქმეა, როდესაც დავინახავ მასთან ვიღაც მიდის, ვუთხრა მას, რომ არ წავიდეს თუ არა?

თუ ეს ადამიანი ქრისტეს მიერ საყვარელი შენი ძმაა, მაშინ უნდა უთხრა მას: „ძმაო, შენ ამით სულს იზიანებ და ღმერთს არისხებ, რომელიც გვიკრძალავს ამ საქმეს“. თუ არ მოგისმინა, მაშინ თავად იხილავს შედეგს. ხოლო, თუ ეს უცხო ადამიანია, შენ მანამ ნუ იზრუნებ მასზე, სანამ ის ამის თაობაზე თვითონ არ გკითხავს; ვინაიდან ასეთ შემთხვევაში შენ მას ჭეშმარიტება უნდა უთხრა; ხოლო, თუ არ ეტყვი, მაშინ განიკითხები. საულმა, როდესაც ჯადოქართან წასვლა განიზრახა, ამის თაობაზე თავის შვილს იონათანს ჰკითხა, მან კი პასუხისმგებლობა შეახსენა, რისთვისაც დაისაჯა მამისაგან. მაგრამ, ვინც შენი ძალაუფლების ქვეშაა, იმას აუცილებლად უნდა შეაგონო და ურჩობის შემთხვევაში, უნდა დასაჯო კიდეც.


წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

*



ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ სხვები არიან ცოდვილები, ჩვენ კი, მადლობა ღმერთს არ ვჯადოქრობთო. ვისაც ოდესმე მკითხავისთვის მიუმართავს, შელოცვით უმკურნალია, ან თვითონ შეულოცავს ვისმესთვის, ანდა ურჩევია – მიმართე მკითხავსო, არანაკლებ შეუცოდავს, ვიდრე თვით ჯადოქარს, ვინაიდან დაუტოვებია რწმენა უფლის ძალისა და შემწედ დაუსახავს გრძენული. ზოგი იტყვის: „ის ხომ ლოცვას წარმოთქვამდა და პირჯვარსაც ისახავდა?“ ყური უგდეთ, რას ამბობს წმინდა მამა იოანე ოქროპირი: „წმინდა სამების სახელსაც წარმოთქვამენ მისნობისას, წმინდანებსაც მოიხმობენ და ჯვარსაც სახავენ. განეშორეთ მათ“. ვინც გრძნეულს მიმართავს, ეკლესია ხუთი–ექვსი წლით განაყენებს მას წმ. ზიარებისაგან. ეკლესიის მიერ სნეულებათა და უძლურებათაგან საკურნებლად დადგენილი გვაქვს ისეთი საიდუმლო, როგორიცაა ზეთისცხება; გვაქვს აგრეთვე უდიდესი სიწმინდე – ნაკურთხი წყალი, არტოსი (სააღდგომო პური), და ბოლოს – ზიარების საიდუმლოთი ვუერთდებით თვით უფალს.



სცოდავენ გრძნეულები, მკითხავები, რომელთაც მიატოვეს უფლის ძალის რწმენა და ირწმუნეს ქმნილებათა იდუმალი ძალებისა, განსაკუთრებით კი ბოროტი სულებისა და მათთან კავშირის მეშვეობით ცდილობენ სხვათა საზიანოდ მოქმედებას. თუ თქვენ შორის ასეთი ცოდვილები არიან, მწარე ცრემლით უნდა შეინანონ უფლის წინაშე. გრძნეულებაში მონაწილე პირს ეკლესია, მკვლელების თანაბრად, განაყენებს ოცი წლით, ხოლო გულგაქვავებულებსა და მოუნანიებლებს კი სრულიად განაგდებს. იმით ნუ დაიმშვიდებთ თავს, რომ დღეს ყველას შეუძლია შეაბიჯოს ტაძარში და მიეახლოს წმინდა ბარძიმს. ადამიანის, მოძღვრის მოტყუება შესაძლებელია, ღმერთს კი ვერავინ მოატყუებს. ადრე ვთქვით, თუ როგორ შეიძლება კაცმა თავი შინაგანად განაგდოს ეკლესიისაგან. თუ ასეთი რამ დაგემართა, სხეულით გინდ ყოფილხარ ტაძარში და გინდ არა, მადლი მაინც განშორებულია შენგან. ამის ყველაზე მწარე მაგალითია ასეთი სულისკვეთებით ზიარება ქრისტეს წმინდა საიდუმლოსთან. ეს იუდასმიერ ზიარებას უდრის.

არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
*


რა არის სპირიტიზმი?

თავად სიტყვა „შპირიტუს“ აღნიშნავს, რომ ეს არის სწავლება ადამიანთა ურთიერთობის შესახებ სულთა სამყაროსთან, რომლის ქვეშ, რა თქმა უნდა, იგულისხმება არა ნათლის ანგელოზები, არამედ ბოროტი სულები. წმ. პავლე მოციქული წერს: „გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი–იგი გახარეთ თქუენ, შეჩვენებული იყავნ“ (გალ. 1,8). მოციქული ამ სიტყვებს ნათლის ანგელოზთა შესახებ კი არ ამბობს, რადგანაც შეუძლებელია, მათ სახარებისა და მოციქულთა სწავლების საწინააღმდეგო რამ გვახარონ, არამედ, ცხადია, იგი ბნელ ძალთა შესახებ საუბრობს, უგუნურთა საცდუნებლად ნათლის ანგელოზების სახეს რომ იღებენ. ჩვენი უხორცო მტერი სპირიტიზმის სეანსებზე შენიღბულად მოქმედებს, თითქოსდა მიცვალებულთა სულების გამოძახებით. მაგრამ ეს არის ეშმაკის ცხადზე უცხადესი ხრიკები და იმ ადამიანთა შეცდომილება, რომელთაც მიცვალებულთა სულების გამოძახებისა სჯერათ. ამიტომაც გაექეცით სპირიტიზმის სეანსებს და თუკი შესაძლებელია, სხვებიც განარიდეთ ამ სულის წარმწყმედელი სწავლებისაგან.


წმ. ამბროსი ოპტინელი

*



დაუთმეთ საყვარელნო სულგრძელებით და ნუ წარხვალთ უძლურებისათვის კითხვად და კურნებად გრძნეულთა და მისანთა, არამედ მადლობით შეიწყნარეთ ყოველი განსაცდელი მომავალი, ვითარცა იობ მართალმან ღმრთისათვის შეიწყნარნა ყოველნი ჭირნი, და დახსნაი გუამისაი, და არა მივიდა იგი კითხვად და კურნებად მისანთა და გრძნეულთა, და არცა შემლოცველთა და არცა წიგნის მწერალთა, რომელი-იგი ყელსა გამოაბიან. რამეთუ ესე ყოველი ეშმაკისა ღონე არს კაცთა საცთურისათვის. რამეთუ რაჟამს კაცი დასნეულდის, მიისწრაფინ მისანთასა. ვაი არს მათა, რომელნი შელოცვით კურნებასა ეძიებენ და წიგნის წერით - სიცოცხლესა, რომელი არა ბრძანა ღმერთმან საქმედ, არამედ განშორებად მისგან ჯერ-არს ჩუენდა, რაითა ოდეს უძლურებაი და განსაცდელი შეგვემთხვიოს, რაითა ღმრთისა, დამბადებელისა ჩვენისა მივივლტოდით და იგი მხოლოი შემწე ვიყოთ და ვილოცვიდეთ ეკლესიათა შინა მისთა, და მეოხ ვიყოფდეთ წმიდათა მოწამეთა ტაძართა შინა მათთა სრულითა სარწმუნოებითა, და ღმერთი არს მკურნალი ჩვენი. უკუეთუ ინებოს, განმკურნეს, და თუ ინებოს, დამიტევნეს უძლურებასავე შინა, რომელი მომცა ჩუენ უმჯობესისათვის ჩუენისა, ვითარცა მან უწყის.


წმ. იოანე ოქროპირი
*



როგორ ამხელენ წმ. მამები მათ, რომლებიც მკითხავებთან დადიან?

მარჩიელობა არის ეშმაკის მოციქულობა; ეს მისნობა წარმოებს უკეთური, ბოროტი სულის მოძღვრებით, ასე რომ, ამისთანა მარჩიელთა მუცელში ცხოვრობს ეშმაკი და ამ კაცის პირიდან აღმოიტყვის შენი საქმე, რომლით შენ დაგარწმუნებს და გაგხდის მის თაყვანისმცემლად. მღვდელს არა აქვს ნება მარჩიელი ხელზე იმთხვიოს, ეკლესიაში შეუშვას, აზიაროს, ანუ რაიმე საღვთო მოქმედება მას აღუსრულოს, სანამ არ მიატოვებს ეშმაკის მოციქულობას. ეკლესიისგან ასეთ შეჩვენებულ კაცთან შენ, პატიოსანი კაცი, მიდიხარ, ემოწაფები და კითხავ მას ავადმყოფის მიზეზს და ბედ–იღბალს! ვაი, ამისთანა სიბნელეს და ცთომას! მიხედე, ძმაო, თვითონ რა წამხდარია! მან თუ რაიმე იცოდეს, თავის თვის არჩევდა, რით გაბედნიერდება და რით არა! მარჩიელნი უფრო წამხდარნი და უბედურნი არიან, ვიდრე სხვები... შენ რაც არ იცი, იმისთანა იმათ ვინ ასწავლა! თუ მეტყვის, ღმერთმა ასწავლაო, ეგ გმობაა, რამეთუ არავინ ღვთის მოსამსახურე ბერი, მონაზონი და ჭეშმარიტი მღვდელი არ კადრულობს მათ შეწყნარებას. ესეც იცი შენ, რომ იმათ ეშმაკი ალაპარაკებს... სასირცხვო როგორ არ არის, რომ ბევრი პატიოსანი კაცი და ქალი იკრიბება ციგნების და ჩაჩნების ქალის წინ და კითხულობენ მისგან, თუ რა ბედ–იღბალის იქნებიან! რამ დაამდაბლა, ღმერთო, ასე კაცის გონიერება!


წმ. ალექსი ბერი

*





Комментариев нет:

Отправить комментарий