ღმერთი

ღმერთი

вторник, 1 августа 2017 г.

რადიკალური ფემინიზმი

რადიკალური ფემინიზმი Radical Feminism

დასავლური ფემინიზმის კლასიფიკაციაში ერთ-ერთი გავლენიანი განშტოებაა რადიკალური ფემინიზმი. რადიკალური ფემინიზმი, რომელიც მეორე ტალღის ფემინისტური მოძრაობისა და ახალი მემარცხენე და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის წიაღში წარმოიშვა, ქალთა ჩაგვრის ძირითად მიზეზად სქესისა და გენდერის პატრიარქალურ  სისტემას მიიჩნევს. რადიკალურ ფემინიზმში პატრიარქატი გაგებულია უნივერსალურ სოციალურ სისტემად, რომელიც კაცებს იერარქიის სათავეში აქცევს. ეს კი ქალთა ჩაგვრის ფუნდამენტური საფუძველია. რადიკალ ფემინისტთა აზრით, პატრიარქატი რწმენათა და ღირებულებათა ერთგვარი სისტემაა, რომელიც  ნეიტრალურობის სახელით ნიღბავს უთანასწორობას და ფესვგადგმულია ცხოვრების ყველა სფეროში, ლიტერატურაში, ფილოსოფიასა თუ ფსიქოლოგიაში. აქედან გამომდინარე, უთანასწორობასთან ბრძოლისათვის აუცილებელია ჩაგვრის საფუძელთან ბრძოლა და მამაკაცზე ორიენტირებული პოლიტიკისა და თვალსაზრისისაგან გათავისუფლება. რადიკალი ფემინისტები ქალზე ორიენტირებული, ქალების მიერ დომინირებული ცოდნისა და სივრცეების შექმნისაკენ ისწრაფვიან, ამიტომ მათ ხშირად სეპარატიზმში სდებენ ბრალს. რადიკალურ ფემინიზმს მართლაც ახასიათებს კაცების „პოლიტიკურ ოპონენტებად“ აღქმა, რაც ხშირად ხდება მათ შესახებ ისეთი სტერეოტიპების ჩამოყალიბების საფუძველი, როგორიცაა „კაცთმოძულეები“ და „ბრაზიანები“. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კაცების მიერ სტრუქტურული ძალაუფლების ქონისა და მათი პრივილეგიების კრიტიკა ცალკეული კაცების სიძულვილს ნაკლებად ნიშნავს.

მიუხედავად ქალთა ჩაგვრის საფუძვლის ამგვარი ხედვისა, რადიკალ ფემინისტთა შორის განსხვავებებიც არსებობს. ფემინისტურ ანალიზში ესენციალიზმის ცნების შემოსვლასთან ერთად რადიკალი ფემინისტები ორ ძირითად ჯგუფად დაიყვნენ: რადიკალი ლიბერტარიანელი ფემინისტები და რადიკალი კულტურ-ფემინისტები.

რადიკალ-ლიბერტარიანელი ფემინისტები ძირითადად ქალების სექსუალურ და რეპროდუქციულ როლებსა და პასუხისმგებლობებს  ასახელებენ ქალთა ჩაგვრის მიზეზად. მათთვის ანდროგინია პატრიარქატთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება და სქესისა და გენდერის სისტემის საზღვრების გამრღვევი იდეალია. მათთვის სექსუალობის კონტროლი ქალთა კონტროლის ერთ-ერთი ძლიერი იარაღია და ქალთა გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია სექსუალური თავისუფლების, სიამოვნების წინ წამოწევა და სექსუალური ტაბუს დარღვევა. გარდა ამისა, რადიკალი ლიბერტარიანელი ფემინისტები აკრიტიკებენ ქალის რეპროდუქციული როლის „ბუნებრივად“ აღქმას და მათთვის მნიშვნელოვანია კონტრაცეფციაზე ხელმისაწვდომობისა და აბორტის უფლებისათვის ბრძოლა.

რადიკალი კულტურ-ფემინისტები აკრიტიკებენ ლიბერტარიანელთა ძირითად დაშვებებს. მათთვის ანდროგინია იდეალი სულაც არ არის და ის „მასკულინური სტანდარტის“ აღიარებას ნიშნავს. ისინი ხაზს უსვამენ „ქალურობის“ ღირსებას და უმთავრეს მიზნად „ქალურობასთან“ ასოცირებული მახასიათებლებისთვის სოციალური ღირებულების გაზრდას მიიჩნევენ. კულტურ-ფემინისტები ლიბერტარიანელებს ჰეტერონორმატიულობის გამო აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ ჰეტეროსექსუალური სექსუალობა კაცთა დომინაციასა და ქალთა სუბორდინაციას ემყარება. ასეთი მოდელი პორნოგრაფიის, სექსუალური შეურაცხყოფისა თუ გაუპატიურების საფუძველია. რადიკალი კულტურ-ფემინისტები სექსუალური ობიექტივაციის წინააღმდეგ გამოდიან. ბოლოს, ლიბერტარიანელებისგან განსხვავებით, ისინი ასევე წინ წამოსწევენ და ქალის განსაკუთრებულ ღირსებად თუ უპირატესობად აღიქვამენ რეპროდუქციაში მის განსაკუთრებულ როლს.



Комментариев нет:

Отправить комментарий