ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 20 августа 2017 г.

თუ სისხლმა აღარ გიყივლა, თუ გული არ ჩაერია.

სწავლის და ცოდნის ძიებას, გაგიხარია, ფასი აქვს,
რომ მოიარო ევროპა, ამერიკა და აზია.
მაგრამ ოქსფორდი, კემბრიჯი, ჰარვარდიც არაფერია,
თუ სისხლმა აღარ იყივლა, თუ გული არ ჩაერია.


თუკი მამულის ტკივილი არ გტკივა და არ გაწვალებს,
შენი სამშობლოს სიყვარულს მარტო წიგნი ვერ გასწავლის.
თუ უცხო ცათა შემყურემ სამშობლოს ცა არ ინატრე,
თუ შენი ქვეყნის ხატება სულში არ დააბინადრე,


თუ არ მოგესმა ხანდახან ყეფა ალგეთის ლეკვების,
არ მოგენატრა წინანდლის ვარდი კი არა, ეკლებიც,
თუ შენი გული და ფიქრი კრწანისმა აღარ დანაღმა,
თუ არ მოგინდა დიდგორის და ბასიანის დანახვა,


თუ ენამ რუსთაველისამ შენი სათქმელი არა თქვა,
თუ აღარ გაგადიდგულა იმ ცხრა ძმამ და იმ მარაბდამ,
თუ გულს ჭრილობად არ დარჩა ის ცხრა აპრილის იარაც,
თუკი "შავლეგოს" სიმღერამ ძარღვებში არ გაგიარა,


ამაო არის ყოველი სწავლა, გარჯა და წვალება,
მამულზე ფიქრი მარტოდენ წიგნებით არ ისწავლება.
უნდა შენს ხალხთან ილხინო, უნდა შენს ხალხთან იწვალო
და სიყვარული სამშობლოს შენი ხალხისგან ისწავლო.

ნოდარ ჯალაღონია.




Комментариев нет:

Отправить комментарий