ღმერთი

ღმერთი

четверг, 25 апреля 2013 г.

თავდადებულნი.

ცოტნე დადიანი.

1. მონგოლნი საქართველოში


მეცამეტე საუკუნის შუა წლებში საქართველოსათვის თავდადებულობით თავი ისახელა ერთმა დიდებულმა ქართველმა, სახელად ცოტნე დადიანმა. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი.
თამარ მეფის სიკვდილის შემდეგ არ გასულიყო ჯერ თორმეტი წელიწადი, რომ ჩვენს ქვეყანას შემოესია მრავალრიცხოვანი და უმძლავრესი მტერი — მონგოლები. ამ ველურმა ხალხმა მოინდომეს საქართველოს დაპყრობა. მათ მოსთხოვეს ქართველებს, ნებაყოფლობით დაგვიმორჩილდითო, მაგრამ ცივი უარი მიიღეს. მაშინ მათი ლაშქარი შემოესია ჩვენს ქვეყანას და დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა ქართველთა და მონგოლთა შორის. ქართველებმა დიდი ვაჟკაცობა უჩვენეს მტერს, სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას თავგანწირულნი იცავდნენ, მედგრად ებრძოდნენ მონგოლებს, ჟლეტდნენ მათ. მაგრამ მტრის სიმრავლის გამო ბოლოს მაინც ძლეულნი იყვნენ. გამარჯვებულმა მონგოლებმა იწყეს მბრძანებლობა საქართველოში და სწრაფად შესცვალეს მისი მდგომარეობა.
ქვეყანა სწრაფად გააღარიბეს, თავისუფალს ერს ყმობის უღელი დაადგეს.
მტერს მაინც ეშინოდა ქართველების შეერთებული ძალისა და ყოველ ღონისძიებას ხმარობდა ჩაეშალა ქართველთა შორის ერთობა და ამით ჩვენი ქვეყანა სამუდამოდ დაეუძლურებინა და დაემონავებინა. ასეც მოიქცნენ, თავისი წადილი სისრულეში მოიყვანეს. ცდილობდნენ ვერაგობით მტრობა ჩამოეგდოთ და იმერნი და ამერნი ქართველნი ერთმანეთთან შეეჯახებინათ. როცა ასე გააცალკევეს ღვიძლი ძმები და დააუძლურეს, მაშინ მოინდომეს მეფე ჩამოეგდოთ, თვითონ ყოფილიყვნენ პირდაპირი მბრძანებელნი ქართველებისა.


2. კრება მამულიშვილთა


ქართველნი მამულიშვილნი ძლიერ სწუხდნენ, როცა ხედავდნენ ქვეყნის განცალკევებას, უმეფობას, სისუსტეს ერისას და სულ იმის ფიქრში იყვნენ, რა ეღონათ.
ბოლოს საქართველოს ყველა კუთხის საუკეთესო მამულიშვილებმა მოიხმეს ერთმანეთი და მოახდინეს კრება შუაგულს ადგილას, ახალციხის მახლობლად. ისინი ქვეყნის შველაზე ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ. ბოლოს, ერთხმად დაადგნენ იმ აზრს, იმ გადაწყვეტილებას, რომ წასულიყვნენ ყველანი თავ-თავიანთ ქვეყანაში, აეჯანყებინათ მცხოვრებნი, მოეკრიფათ საჩქაროდ ჯარები და მოესხათ ისინი ახალციხის ახლოს. აქედან შეერთებელი ძალით უნდა გაელაშქრათ მონგოლების წინააღმდეგ, გაერეკათ ისინი საქართველოდან.




3. დატყვევება ქართველებისა


ამ გადაწყვეტილების შემდეგ ცოტნე დადიანი გაეშურა შორეულს აფხაზეთში, რათა დროზე შეეკრიბა ჯარი და ვადაზე მიესწრო დანიშნულ ადგილას. სხვანი ჯერ ერთად იყვნენ და აჯანყების წესსა და რიგს აწყობდნენ.
მაგრამ მონგოლებმა ეს ამბავი შეიტყვეს, უთუოდ სულმდაბალი ჯაშუშების შემწეობით. მათ სწრაფად აფრინეს ცხენოსანი ჯარი ახალციხისაკენ. ეს ჯარი მოულოდნელად თავს დაესხა ქართველ მთავრებს სწორედ იმ დროს, როდესაც ისინი აქედან წასვლას აპირებდნენ თავიანთ ქვეყნებში მცხოვრებლების ასაჯანყებლად. ქართველებს თან ჯარი არა ჰყავდათ, წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და დატყვევებულ იქმნენ ყველანი ერთად. ჩვენები მტერმა წაასხა სამხრეთით, სადაც ბინა ჰქონდა მონგოლთა მბრძანებელს ანუ ნოინს. ნოინი რისხვითა და მუქარით დაუხვდა ქართველებს და მოითხოვდა მათგან, გატყდით ახლავე, რომ ჩემს წინააღმდეგ აჯანყებას აპირებდით და თავმდაბლად ითხოვეთ შეწყნარება, თორემ დიდ სატანჯველს მოგაყენებთო. ქართველები არც გატყდნენ და არც შებრალება სთხოვეს.
მაშინ ნოინმა უბრძანა თავის მხლებლებს: გააკავეთ ეს ქართველები, დაატიტვლეთ, ყველას თოკებით შეუკარით მკლავები, წაუსვით ტანზე თაფლი, დასხით პაპანაქება მზეზე და იხრაკებოდნენ, ვიდრე არ გამოტყდებიან და შეწყნარებას არ მოითხოვენო. ეს ბრძანება იმწამსვე შეასრულეს. აუარებელი მწერი დაეხვია მათ ტანზე და სტანჯავდა. მტერს ეგონა, ქართველები მალე შეუშინდებიან წვალებას, თავისავე პირით აღიარებენ თავის ბრალსა და ხვეწნას დამიწყებენო; მაგრამ ამაოდ. გავიდა მრავალი დღე და ქართველთა სიმტკიცე იოტის ოდენადაც არ შერყეულა. ვერც მუქარამ და ვერც მომსყიდველმა დაპირებამ მათ ვერ ათქმევინა ის, რაც უნდოდათ მწვალებლებს.


4.

თავდადება ცოტნესი


ამასობაში დადგა ის დრო, როდესაც პირობისამებრ უნდა შეყრილიყვნენ საქართველოს მთავარნი თავიანთი ჯარებით ახალციხის ახლოს; აქ დანიშნულ ვადაზე ცოტნე დადიანი გამოცხადდა თავისი ჯარით, მაგრამ ნაცვლად თავმოყრილი ქართველი ლაშქრისა, მას დახვდა საზარელი ამბავი. მან იმწამსვე მიიღო იმისთანა მაღალი და საკვირველი გარდაწყვეტილება, რომელიც შეეფერება სამაგალითო მამულიშვილს და ყოვლად ღირსეულ ვაჟკაცს. თავისი ლაშქარი მთლად უკანვე აფხაზეთში დააბრუნა, თვითონ კი გასწია ანისისაკენ ორი მოსამსახურით იმ განზრახვით, რომ მისულიყო დატყვევებულ ქართველებთან და ჭირსა და ტანჯვაში მათთან ყოფილიყო.
ცოტნემ გაიარა მესხეთი ანუ ახლანდელი ახალციხის მხარე, შემდეგ ჯავახეთი, ჩავიდა სომხეთს და შევიდა სომეხთა დედაქალაქ ანისში. ერთ დიდ მოედანზე დაინახა ქართველი ტყვეები, რომელნიც გატიტვლებულნი და მკლავებ-შეკრულნი ისხდნენ მზის გულზე და იხრაკებოდნენ. საშინელმა წუხილმა შეიპყრო გმირული გული ცოტნესი, როცა ამისთანა დამამცირებელ მდგომარეობაში ნახა წარჩინებული ქართველნი. მაგრამ ამასთან ნუგეშიც იგრძნო, რადგან დაინახა, თუ რა ღირსეული ვაჟკაცობით იტანდნენ ამ სათაკილო სასჯელს მისი მეგობარნი.
ცოტნე გადმოხტა ცხენიდან, მივიდა თავის მეგობრებთან და მხურვალედ მიესალმა; მერე ფიცხლავ გაიძრო თავისი ტანისამოსი, გატიტვლდა, თვითონვე შეიკრა თოკებით მკლავები და ჩაჯდა ამ სახით თავის მეგობრებს შორის დაღონებული. როცა ეს ამბავი ნოინს მოახსენეს, იგი საშინლად გაოცდა, დაიბარა თავისთან ცოტნე და ჰკითხა მიზეზი, რად მოვიდა აქ და რად ჩაჯდა გატიტვლებულ ქართველთა შორის. ცოტნემ მიუგო: მე მოვედი იმიტომ, რომ ჩემი ამხანაგები უდანაშაულონი არიან. უდანაშაულოთა დასჯა კი თუ შეიძლება, მეც მათთან ერთად დამსაჯეთო.
ამ სამაგალითო სათნოებამ და იშვიათმა მეგობრულმა ერთგულებამ ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ნოინზე, რომ მან თქვა: რადგანაც ქართველნი იმდენად სათნონი და კეთილნი ყოფილან, იმდენად ერთგულნი ერთმანეთისა, რომ შორეული აფხაზეთით მოვიდა ეს დიდებული კაცი, რათა თავი დასდოს მეგობრებისათვის, ამიტომ ვენდობი მეც მათ და ვანთავისუფლებ ყველასო.
ასე იხსნა სახელოვანმა მამულიშვილმა ცოტნე დადიანმა რჩეული ქართველები საშინელი წამებისაგან.
ტყვეობიდან დაბრუნებულნი ქართველნი შეუდგნენ ქვეყნის გაძლიერებას, დაამყარეს ამერთა და იმერთა შორის ძმური კავშირი და ერთობა, და განდევნეს თავისი ქვეყნიდან მონგოლნი..

****************

  ცხრა ძმანი ხერხეულიძენი.

თბილისის სამხრეთით, ორმოცი ვერსის მანძილზე მდებარეობს მოზრდილი სოფელი მარაბდა. სამასი წლის წინათ ამ სოფელში ცხოვრობდა მოხუცი აზნაური ხერხეულიძე, რომელიც გადასახლებული იყო ზემო ქართლიდან და რომელსაც ცხრა ვაჟი ჰყავდა. მამა ამ ცხრა ვაჟისა იყო ერთგული მოყვარე თავისი ქვეყნისა და მხურვალე მამულიშვილი. ცოლად მას ჰყავდა ყოვლად ღირსეული ქართველი მანდილოსანი. ამის გამო ცხრა ძმანი ერთიერთმანეთზე უკეთესი ვაჟკაცები და მამულიშვილები დადგნენ.

იმ ჟამად სპარსეთში მეფობდა შაჰი აბასი, მეტად აბეზარი მეომარი. მას ჰყავდა მრავალი ჯარი, გაწვრთნილი და გამოცდილი ლაშქრობაში.

შაჰ-აბასმა დაიპყრო ბევრი ქვეყანა და ბოლოს საქართველოშიც შემოიჭრა. ქართველთა ჯარი მას გადაეღობა გზაზე თბილისის მახლობლად მარაბდის სამხრეთით. ატყდა საშინელი ბრძოლა. სამი დღის განმავლობაში სისხლი შეუწყვეტელ ნაკადულებად დიოდა. თუმცა სპარსელები ერთი-ათად მეტნი იყვნენ, მაგრამ მათ სამი დღის განმავლობაში ქართველს ჯარს ფეხი ვერ მოაცვლევინეს, რადგანაც ქართველი მეომარნი თავგანწირულად იბრძოდნენ სამშობლოს დაცვისათვის. მეტადრე საოცარ უშიშროებას, სამაგალითო ვაჟკაცობას და საარაკო თავდადებულობას იჩენდნენ ცხრა ძმანი ხერხეულიძენი, რომელნიც ერთად, მხარდამხარ ებრძოდნენ მტერსა, მათ სპარსელების არა ერთი იერიში უკუაქციეს, არა ერთხელ აქნევინეს ზურგი მტერსა, მაგრამ მეოთხე დღეს სპარსელებს ახალი ჯარი მოეშველა და დაღლილ-დაქანცულმა ქართველთა ლაშქარმა ვეღარ შეიკავა მტერი. ამ საშინელი წამის დროს ძმანი ხერხეულიძენი არამც თუ არ შედრკნენ, არამედ ლომებად გადაიქცნენ და უფრო მომეტებული თავის განწირვით იბრძოდნენ.

მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ: — ან გაემარჯვათ, ან ბრძოლის ველზე დახოცილიყვნენ ყველანი. და რადგანაც ქართველმა ჯარმა ვერ გაიმარჯვა, თავდადებულნი ძმანი, ერთიერთმანეთზე ზედ შეაკვდნენ მტერსა და თავისი გმირული სული დალიეს ბრძოლის ველზე.

ხალხის თქმულებით, მათი დედაც ბრძოლის ველზე იყო, ამხნევებდა მათ და როცა ერთ მის ვაჟს, სასიკვდილოდ დაჭრილს, ქართული დროშა ხელიდან გაუვარდა, დედამ აიღო დროშა და თავის მეორე შვილს მისცა ხელში.

მადლიერმა ქართველებმა ეს ცხრა ძმა იპოვნეს ბრძოლის ველზე მკვდართა შორის, თითოეული დიდი მოწიწებით დამარხეს ცალ-ცალკე მწკრივად და დაადვეს ცხრა დიდ-დიდი საფლავის ქვა, რომელიც დღემდის დაცულია..

იაკობ გოგებაშვილი .
**********************


    წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) (+1609)
8 (21) ივნისი

წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულნი ქალაქ ბაღდადის გამო. 1609 წლის დასაწყისში ოსმალეთმა იძალა სპარსეთზე, წაართვა ბაღდადი, შემდგომ მიიტაცა სამცხე-საათაბაგო და იმავე წლის ივნისში ახალციხიდან შემოესია საქართველოს.

ამ დროს საქართველოში მეფობდა ახალგაზრდა მეფე წმიდა ლუარსაბ II (ხს. 21 ივნისს). ის მცირე ამალით ცხირეთის ციხეში, თავის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა. ოსმალებმა, რომლებმაც მეფის სამყოფელი იცოდნენ, გადაწყვიტეს უმოკლესი გზით შეჭრილიყვნენ შიდა ქართლში, ცხირეთის ციხეს თავს დასხმოდნენ, შეეპყროთ ლუარსაბი და ამ გზით მთელი საქართველო დაემორჩილებინათ.

ოსმალებმა სწრაფად გადმოლახეს თრიალეთი, ქართლში შემოსასვლელი გზების მცველი ქართველები ამოხოცეს და მოულოდნელად მოადგნენ მანგლისს. მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბევას სასწაულებრივად გადაურჩა. მემატიანე წერს: „ესევითარმა ღრუბელმა ზრქელმა და ნისლმა დაფარა იგი, ვიდრეღა პირისპირ მისა ჩავლეს ესოდენმა სიმრავლემან მეომართამან და ეკლესია იგი სოფლითურთ ვერ იხილეს“. წმიდა ლუარსაბმა არაფერი იცოდა თავდასხმის შესახებ, მტერს კი ცხირეთამდე სულ ხუთიოდე საათის სავალი რჩებოდა. მანგლისიდან მეფის საზაფხულო რეზიდენციამდე რამდენიმე გზა მიდიოდა. ოსმალებს ვერ გადაეწყვიტათ, რომელ გზას დასდგომოდნენ.

მანგლისის ახლოს, სოფელ კველთაში, თათრებმა შეიპყრეს ქართველი მღვდელი, „სახელად თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღვთისა და ერთგული მეფისა თვისისა“. მღვდელი თურმე ეკლესიას კეტავდა, სხვებთან ერთად ტყეში გაქცევა ვერ მოესწრო, რადგან ეკლესიის განძეულობა გადამალა მტრის ხელყოფისგან. მამა თევდორეს ოსმალებმა მეგზურობის გაწევა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წამებით სიკვდილი ელოდა. „ხოლო მან, ნეტარმან ხუცესმან, აღირჩია სიკვდილი, ვიდრე განცემა მეფისა და გაწირვა საქართველოჲსა“. მღვდელმა ლაშქარი გზას ააცდინა და ცხირეთს დააშორა. დასავლეთით მიმავალი ოსმალთა ჯარი ფიქრობდა, საცაა ჩრდილოეთით გავუხვევთ და მეფეს იდუმალ დავადგებითო თავს. უგზოზე დიდი ხნის სიარულის მერე, როცა „გზასა ძნელთა და იწროთა და კლდოვანთა და სხვათა მათსა ცხენნი მრავალნი და კაცნი შთაცვივნეს კლდეთა და კაპანთა და მოსწყდეს“, ოსმალები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ. „იხილეს რა თავნი თვისნი ესრე მოცთომილნი და შეიწრებულნი, კაცთა მათ სახელოვანთა შეიპყრეს ხუცესი იგი და თავი წარკვეთეს“.

თევდორეს თავდადებამ ნაყოფი გამოიღო. წმიდა მეფე ლუარსაბმა ციხეში გამაგრება მოასწრო, შემდეგ კი ქართველთა ლაშქარმა მოთარეშეებს მუსრი გაავლო.

შეადგინა და თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ
http://www.orthodoxy.ge/tveni/ivnisi/08-mgvdeli_tevdore.htm

Комментариев нет:

Отправить комментарий