ღმერთი

ღმერთი

суббота, 27 апреля 2013 г.

GEOპოლიტიკა.

სტატიის სახელწოდება არ არის შემთხვევითი.

ასე დაემთხვა, არამარტო სიტყვები, არამედ არსიც. დღევანდელი ქართული პოლიტიკა მსოფლიო გეოპოლიტიკურ პროცესებთან მჭიდრო კავშირშია და სულ რაღაც შვიდი წლის მანძილზე მისი ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი და კონსტანტა გახდა. რუკას თუ დავხედავთ და ცოტაოდენ ფანტაზიასაც მოვიხმართ, დავინახავთ როგორ ვიწროვდება აღმოსავლეთის ქვეყნების არეალის ”ყელი" კავკასიასთან. კავკასიის შემდეგ კი არეალი ისევ ფართოვდება უკვე ევროპისკენ. ამას შევა­დარებდი ქვიშის საათს. ევროპული პროცესების ”გადადინება" კავკასიურ ”ყელში" უკვე დაიწყო და გაგრძელდება.

რა თქმა უნდა, ეს უხეში შედარებაა, მაგრამ საკმაოდ კარგად აჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვა­ნია ”დინების" თავისუფლება. ორი საუკუნე ეს გზა დაკეტილი იყო. ორი საუკუნე ორი ცივილიზა­ცია მხოლოდ თანაარსებობდა, უშუალო ”შეხება" და ურთიერთგადადინება შეზღუდული იყო და ამ კავშირს ძალადობრივად იყენებდა მხოლოდ ერთი სახელმწიფო, რაც მას საშუალებას აძლევდა, ორივე ცივილიზაციისთვის ეკარნახა თავისი ნება.

თავზე მოეხვია თავისი ანტიადამიანური მსოფლმხედველობა და ორივე სამყარო მუდმივი შიშის, დაპირისპირებისა და ომის საშიშროების განცდაში ჰყოლოდა. გზა, რომლის დანიშნულება გაერ­თიანება და დაკავშირებაა, არსებობდა როგორც გამყოფი და დამაშორებელი საზღვარი.

”დასავლეთი" შიშით უყურებს ”აღმოსავლეთს". ტერორიზმის ძირითადი საშიშროება იქიდან მო­დის, რაც თავის მხრივ უკვე ”აღმოსავლეთის" შიშის გამოხატულებაა. ასე, ორი შეშინებული სამყა­რო დგას ერთმანეთის პირისპირ და არავინ იცის რა, როდის და სად ამოხეთქავს. რამდენად გადა­ულახავი არ უნდა გვეჩვენებოდეს ამ ორი სამყაროს წინააღმდეგობებები, მაინც საერთო უფრო მე­ტია. მითუმეტეს, რომ დღეს ”აღმოსავლეთში" ძირითადად მაინც ისლამური სამყარო მოიაზრება. იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური უკვე დასავლური ფასეულობების ქვეყნებია. ფრთხილად და მაინც შიშით უყურებენ ჩინეთს, მაგრამ ამ ქვეყანამ თავისებური სიბრძნით ”დასავლეთისკენ" არა­ერთი ნაბიჯი გადადგა და კიდევაც გადადგამს. ინდოეთიც ცივილიზაციისკენ ვითარდება.

რამდენიმე წლის წინ ერთი უცხოელი ანალიტიკოსის აზრს დავეთანხმე, რომელმაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ძირითად წინააღმდეგობად, მამაკაცის ქალისადმი დამოკიდებულება და­ასახელა. მართლაც და მუსულმანურ საქმყაროში მრავალცოლიანობა არაერთი საუკუნის განმავლო­ბაში ჩამოყალიბებული ტრადიცია არის. თუმცა არც ევროპელ ლიდერებს აკლდათ ფავორიტი ქალ­ბატონები. აღმოსავლურ იდეოლოგიაში ამ თემას ზოოლოგიურ-ფიზიოლოგიური ახსნა აქვს - სა­ქათმეში ერთი მამალი არისო. ჰოდა ქათმებივით წირავდნენ და წირავენ ადამიანებს. თან საიქიო­ში ჰპირდებიან მრავალცოლიან ჰარამხანებს. ამ ტრადიციის საწინააღმდეგო არგუმენტაცია თითქ­მის არ არსებობს. ტრადიციაა და მორჩა, მაგრამ კარგად დავაკვირდეთ თავად მუსულმანური სამყა­როს კულტურას, გავიხსენოთ ლეგენდარული ”ათას ერთი ღამე". რით მთავრდება ეს გენიალური ნაწარმოები? ქორწილით, დიახ, ქორწილით. საცოდავ შეჰერეზადას თითქმის სამი წელიწადი დას­ჭირდა, ყოველ ღამე ახალ-ახალი ზღაპრების მეშვეობით რომ დაერწმუნებინა არანაკლებ საცოდა­ვი სულთანი, რომ ქალი ყველანაირი არსებობს, ისევე როგორც კაცი, და არსებობს იმისი შანსი, რომ ერთმა კაცმა თავისი ერთგული და მოსიყვარულე ქალი იპოვოს. საბოლოო ჯამში სულთანმა იპოვა თავისი შეჰერეზადა. გამოდის, რომ თავად მუსულმანურ კულტურაში დევს მონოგამია და ადამიანი სულაც არ არის ქათამი. ახლა გავწმინდოთ მორწმუნე მუსულმანი ყოველგვარი იდეო­ლოგიური და რელიგიური დოგმებისგან და მივიღებთ ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც იგივე მისწრაფებები და თვითრეალიზების სურვილები გააჩნია, რაც ახასიათებს ნებისმიერ ცივილიზე­ბულ ადამიანს.

თავისუფლება ნებისმიერი ადამიანის თანდაყოლილი მოთხოვნილებაა, დემოკრატია კი ამ თავი­სუფლების მიღწევის საშუალება. ამ თეზისს ალტერნატივა არ გააჩნია. საბოლოო ჯამში დაპირის­პირების უმთავრესი მიზეზი სახელმწიფოების მოწყობისა და მართვის პრინნციპების დაპირისპი­რებაში გამოიხატება. ტოტალიტარული სისტემების დრო საბოლოოდ მთავრდება. ადამიანს ისე­დაც უჭირს დედამიწაზე საკუთარი ადგილისა და დანიშნულების მოძიება, ამიტომ მისი გათავი­სუფლება ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებისაგან, ავტორიტარული რეჟიმებისა და დამთრ­გუნველი იდეოლოგიური და რელიგიური ფუნდამენტალისტური თეორიებისგან, სავსებით შესაძ­ლებელია.

ლიბერალურ ეკონომიკას, კონკურენციას, კერძო საკუთრებისა და ადამიანის უფლებების დაცვა­საც არ გააჩნია ალტერნატივა, მაგრამ კაპიტალიზმი არ არის თავისუფლების გარანტია, სოციალიზ­მი - მითუმეტეს. ეგვიპტის ამბებმა მსოფლიო დაზაფრა. გაჩნდა უამრავი კითხვა. ვინ დგას ამის უკან? რა იქნება? ვინ ჩაანაცვლებს დღევანდელ მმართველობას? ყველაზე მეტად ვემხრობი არაბი მიმომხილველის საად მახიოს აზრს, რომელმაც ამ მოვლენებს ”პირდაპირი დემოკრატია" უწოდა. ინტერნეტის მეშვეობით ადამიანები შეიკრიბნენ და გამოვიდენ ქუჩაში, ქვეყნის მმართველობის შესაცვლელად. ინტერნეტმომხმარებელი, როგორც წესი, საზოგადოების ყველაზე პროგრესული და ცივილიზებული წარმომადგენელია. ეგვიპტეში დემოკრატიის მოთხოვნილება, უბრალოდ, მომწიფდა.

ძალიან სიმბოლურია, რომ ეს ხდება ეგვიპტეში, უძველესი ცივილიზაციისა და ფარაონების ქვეყა­ნაში, სადაც ლეგენდარული პირამიდები - ძალაუფლების სიმბოლოები აღმართეს და მრავალი სა­უკუნით განსაზღვრეს ძალაუფლების სტრუქტურა დედამიწაზე. ტოტალიტარული რეჟიმები ფარა­ონისებურია. თანამედროვე მმართველობა კი გადმოტრიალებული პირამიდა (”სააკაშვილმა ყვე­ლაფერი ყირაზე დააყენა" - გამწარებული ოპოზიციონერის რეპლიკა). დემოკრატიულ სისტემაში ხელისუფლების კონტროლის უამრავი ინსტიტუტი არსებობს.

ეგვიპტეში კაპიტალიზმი განვითარდა, მაგრამ თავისუფლების მოთხოვნილება ამან მხოლოდ გა­ზარდა. კაპიტალი ბუნებრივად ისწრაფის მონოპოლიისკენ; ფარაონული მმართველობის სისტემა­ში ძალაუფლებასთან შერწყმას ცდილობს და ოლიგარქიული ხდება. ამას მოჰყვება სოციალური დაძაბულობის ზრდა და ერთ მშვენიერ დღეს რევოლუცია იწყება. ეგვიპტეში კაპიტალის კრიზი­სია, მიუხედავად კარგად განვითარებული მრეწველობისა და ტურისტული პოტენციალის რეალი­ზებისა. ეგვიპტის კაპიტალის მონოპოლურ-ოლიგარქიული არსი გახდა დღევანდელი რევოლუცი­ის ძირითადი მიზეზი. ეგვიპტეში საკმაოდ ბევრი განათლებული და ევროპულ ცივილიზაციას ნა­ზიარები ადამიანი ცხოვრობს და ბუნებრივია, რომ მათ თვითრეალიზების გარემოს ანუ დემოკრა­ტიის მოთხოვნილება გაუჩნდათ.

ცივილიზებულ ფასეულობებთან ზიარება უმთავრესია. დემოკრატიული აზროვნების ჩამოყალიბე­ბას რეალური მაგალითის ნახვა, მისი გაცნობა, ”თვალებში ჩახედვა" სჭირდება. აღმოსავლური სიბ­რძნეა: ”რამდენჯერაც არ უნდა თქვა სიტყვა ხალვა, გემოს მაინც ვერ გაიგებ, სანამ არ შეჭამ". მუ­სულმანური სამყაროსთვის დემოკრატიას ”შეუჭმელი ხალვის" ეფექტი აქვს. ამ თემაზე ტომები იწერება, საუბრობენ, კამათობენ. მყარად ზის აზრი, რომ მუსულმანებს უბრალოდ არ შეუძლიათ დემოკრატიაში არსებობა, რაც, ჩემი აზრით, მცდარი იდეოლოგიური პოსტულატია, რომელიც სწო­რედ მუსულმანური სამყაროს მმართველი ელიტის წყალობით დამკვიდრდა. დემოკრატიის ”დაგე­მოვნების" საშუალება მუსულმანურ სამყაროს აქამდე არც კი ჰქონია. შეიძლება ადამიანს ასწავლო დემოკრატიული უნარ-ჩვევები, აუხსნა, მაგრამ არავითარი ეფექტი არ იქნება, თუ რეალურ ცხოვრე­ბაში ამ ნასწავლს ვერ დაინახავს. მასწავლებელი თავად უნდა ცხოვრობდეს ამ უნარ-ჩვევებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის სწავლებისა და გაზიარების შანსი.

მაშ ასე, რატომ არ ჰქონდა აქამდე მუსულმანურ სამყაროს დემოკრატიასთან ზიარების საშუალება? იმიტომ, რომ საქართველოში, ანუ გურჯისტანში არ იყო დემოკრატია. მესმის, ”ხმამაღალი" ნათქვა­მია, მაგრამ მაინც. ვაღიაროთ, ჩვენმა წინაპრებმა აღმოსავლეთში საქართველოსადმი უდიდესი პა­ტივისცემა დანერგეს. გარდა მამელუქებისა, რომლებიც ეგვიპტესა და ეთიოპიას მართავდნენ, ქარ­თველებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს სხვა მეზობელი ქვეყნების განვითარებაშიც. ქართული შე­უპოვარი ხასიათი მტრის პატივისცემას იმსახურებდა და დღემდე ეს ისტორიული მეხსიერება წა­რუშლელია. ქართველების მოწყობა და ცხოვრების წესი ყოველთვის იყო ინტერესის საგანი და სა­მაგალითო კოპირების თვალსაზრისით - იმის შემდეგაც, როდესაც საქართველო აღარ იყო დამოუ­კიდებელი სახელმწიფო. ჩვენც ვითმენდით და ისინიც. ძალიან მინდა, სწორად გამიგოთ. არავი­თარი მისიანიზმი, არავითარი ქედმაღლობა ან ამპარტავნობა. საქართველოს გავლენა აღმოსავ­ლეთზე მისდამი პატივისცემის შედეგია და არა შიშის. ქართული დამოკიდებულება, რელიგიური ტოლერანტობა, რომელიც ამტანობას, მომთმენლობას და არა უპრინციპობას ნიშნავს და რომელიც 1995 წელს პოლიტიკურ ცნებად გადაიქცა, სწორედ საქართველოშია დაბადებული. თბილისის მეი­დანი ტოლერანტობის მონუმენტია, მაგრამ ვიმეორებ, ეს არ გამორიცხავს პრინციპულობას. პირი­ქით, ტოლერანტული მაშინ შეგიძლია იყო, როდესაც საკუთარის სიყვარული გაგაჩნია, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია დააფასო სხვისი. ამ ყველაფრის შედეგია, რომ ქართული დემოკრატიული მიღწევები სამაგალითო ხდება აღმოსავლური სამყაროსთვის. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქართული დემოკრატიული მოდელი და ქართული ევრაზიული ფუნქცია რეალურად ამუშავდა.

ქართული მენტალობა ყალიბდებოდა ამ გზაგასაყარზე. ევრაზიულობის იდეა რუსეთმა მიითვისა და პრინციპულად განსხვავდება ქართულისაგან. რამდენიმე წლის წინ, ლუჟკოვმა, მოსკოვში, ერთ-ერთი გარეუბნის მეტროს სადგურთან, სახელად ”ვლადიკონო", მეჩეთი, სინაგოგა და მართლ­მადიმლური ტაძარი ააშენა. მეტროს სახელწოდებაც ალბათ სიმბოლურად არის შერჩეული, სიტყ­ვიდან ”ვლადეტ"(ფლობა). თბილისის მეიდანის ასლი სასწრაფოდ და ჩინოვნიკური დეგენარი­ტიზმით ქვაში აღსრულდა.

ჩვენი ქვეყნის დანიშნულება არ შემოიფარგლება ”ენერგოდერეფნის" ფუნქციით. თუმცა ენერგოუ­საფრთხოება უკვე ნიშნავს ქვეყნის უსაფრთხოებას. ქართული ფუნქცია უფრო მრავალწახნაგოვა­ნია. დამაახლოვებელი როლი უმნიშვნელოვანესია ცივილიზაციების დაახლოვების საქმეში. უმძი­მესი და ურთულესი პასუხისმგებლობა გვაკისრია. რა დროს მესიანობაა? უამრავი საქმე გვაქვს გა­საკეთებელი. ეს არის ჩვენი ადგილი და ჩვენი წვლილი კაცობრიობის განვითარებაში. ამ ფუნქცი­ის ღირსეულად შესრულებას უმაღლესი ხარისხის განათლება, პროფესიონალობა და ცივილიზებუ­ლობა სჭირდება..

აღმოსავლეთი ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით უყურებდა ჩვენს ქვეყანას, უშუალოდ ესმით ჩვენი და ჩვენ მათი. ჩვენ უფრო მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე საპირისპირო. იმ ყველა­ფერს, რაც ჩვენთან ხდება, აუცილებლად ”მოიზომავენ" საკუთარ თავზე, მეზობლობის ამბავია. მე­ზობლებიც სხვადასხვანაირი არსებობობენ. რუსეთივით საქართველოს ”ჩაყლაპვაზე" ბევრი სხვა მეზობელიც ოცნებობდა და ალბათ არც ახლა იტყოდა უარს. მხოლოდ დავით აღმაშენებლის დროს შედგა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და აღმოჩნდა, რომ მშვიდობის შესანარჩუ­ნებლად ყველაზე მომგებიანი სწორედ ტოლერანტობა და გახსნილობა იყო. იმიტომაც გაშენდა მე­იდანი.

არაფერი განსაკუთრებული ნიჭი ამაში ალბათ არ არის, უბრალოდ, ასეთი ადგილი მოგვეცა, ასე­თი გეოპოლიტიკური დანიშნულება. ორ სამყაროს შორის მოთავსებული სახმელეთო ”ყელი" ამ ადგილას ვიწროვდება. ამ ადგილის გავლით კი უმოკლესი გზები გადის, სავაჭრო, ”აბრეშუმის", მილსადენების თუ სხვა. უმთავრესი კი ალბათ ისაა, რომ ამ ხიდის ორივე მხარეზე მყოფებისთ­ვის ქართული ერის ბუნება გასაგები და მისაღებია. ის, რაც საქართველოში ხდება, ორივე მხარის­თვის რეალური მაგალითია. საქართველო თავისუფლებისთვის იბრძვის და, ამავე დროს, სახელმ­წიფოს აშენებს. ეს იმდენად თვალშისაცემია, რომ უკვე შეუძლებელია, მაგალითი არ იყოს.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა სტრასბურგში იყო იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ საქართვე­ლო ჩამოყალიბდა, როგორც ევროპული, ცივილიზებული, დემოკრატიული ფასეულობების ბირთ­ვი და ცივილიზებული სამყაროს დასაყრდენი ამ რეგიონში. მისი დემოკრატიული მოდელი, რე­ფორმატორული პირველობა, ეკონომიკის განვითარების მექანიზმები, ეს ყველაფერი უკვე ახდენს რეალურ გავლენას მეზობელი ქვეყნების ერებზე. ადამიანები თვალნათლივ ხედავენ ცვლილე­ბებს. ეს არ არის პროპაგანდის ან იდეოლოგიის ნაყოფი. ეს რეალური შეხების, ”თვალებში ჩახედ­ვის" შედეგია. ასეთი ირიბი ზემოქმედება ყველაზე ქმედითია. არავინ არავის არ აძალებს ბედნიე­რებას. ცხოვრობ და საქმიანობ, როგორც შეგიძლია და თუ კარგი რამე გამოგივიდა, უკვე მაგალი­თი ხარ. იგივე ემართება საქართველოს. უმოკლეს დროში ქართულმა სახელმწიფომ იმდენად შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია, რომ შეუძლებელია ამის უგულვებელყოფა.

პრობლემა და უმთავრესი საშიშროება ის არის, რომ ”ფარაონები" ძალაუფლებას იოლად არ თმო­ბენ. კარგთან ერთად, საფრთხეების რაოდენობაც მატულობს. მატულობს ომების საშიშროებაც, მაგ­რამ სერიოზულად იკლებს ომის წარმოების საბაბი და საშუალება. ექსტენსიური, ანუ გაფართოება­დი ეკონომიკების დღეები დათვლილია. ლიბერალურ, ინტენსიურ ეკონომიკას ალტერნატივა არ გააჩნია. პრობლემას ის წარმოადგენს, რომ კაპიტალის განვითარების რომელიმე ფაზის გამოტოვე­ბა შეუძლებელია. ამ ფაზების გავლა შეიძლება ან ნელა, ან ჩქარა, მაგრამ გამოტოვება არ გამოდის. ეს ფაზებია: წვრილი ბურჟუა, კაპიტალისტი, ოლიგარქი. შემდეგ კრიზისი, რასაც დღეს ვხედავთ ეგვიპტეში, კრიზისის შემდეგ, წესით, უნდა დაიწყოს დემოკრატიული რეფორმები და ეკონომი­კის ლიბერალიზაცია, რის შედეგად უკვე წარმოიქმნება კორპორატიული კაპიტალი და საშუალო კლასი. მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებ­ზე საუბარი. მონოპოლიისკენ მსწრაფი კაპიტალი აუცილებლად ცდილობს თავისი გავლენის პო­ლიტიკურად გამყარებას. ანალოგიური მაგალითები ჩვენს უახლეს ისტორიაში უკვე გავიარეთ.

დღემდე არსებული დასავლური თეორიები ან პრაქტიკული მაგალითები უკვე კატასტროფულად მოძველდა და არა იმიტომ, რომ არასწორია ან არაეფექტური. უბრალოდ აღმოსავლეთთან მიმარ­თებაში აშკარად გამოჩნდა სრულიად ახალი, აქამდე გაუთვალისწინებელი ფაქტორები. უპირვე­ლესად კი ინდივიდუალიზმის სასტიკი დეფიციტი. კოლექტიურ აზროვნებაში გაზრდილი ადამია­ნებისთვის ინდივიდუალური უნარ-ჩვევების შეძენა დღევანდელი ცივილიზაციის პრობლემათა პრობლემაა. ინდივიდუალიზმის ჩახშობასა და კოლექტიური აზროვნების ჩამოყალიბებას ემსახუ­რება ”ფარაონული" იდეოლოგია, თან სულაც არა აქვს მნიშვნელობა, რომელი სახის ”ფარაონიზმ­თან" გვაქვს საქმე - პოლიტიკურ სოციალიზმთან თუ მონოპოლურ კაპიტალიზმთან. ინდივიდუა­ლიზმს ორივე ებრძვის, პირველ შემთხვევაში - პოლიტიკურად, მეორე შემთხვევაში - ეკონომიკუ­რად. ანუ მეცნიერულად ამ ფენას საშუალო კლასი ეწოდება, რომელიც შედგება ეკონომიკურად და ამის შემდეგ პოლიტიკურად დამოუკიდებელი, თავისუფალი ინდივიდებისგან. ინდივიდუა­ლიზმის გარეშე კი დემოკრატიის მსვლელობა, უბრალოდ, შეუძლებელია.

ქიმიურ-პოლიტიკური პროცესები, რომელიც დღეს მიმდინარეობს ქართულ პოლიტიკაში, ნორმა­ლური ამბავია და ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის. ჩვენს ქვეყანაში ყალიბ­დება პოლიტიკური და ეკონომიკური მოდელი, რომელიც, დასავლურ-აღმოსავლური ფაქტორების გათვალისწინებით, ახალ ხედვებს ჩამოაყალიბებს. მსოფლიო გამოცდილება ქართული განვითა­რების წყაროს წარმოადგენს, მაგრამ ამ ყველაფრს ქართულ ნიადაგზე ადაპტირება და ”გადახარშ­ვა" სჭირდება. ჩხუბი, ლანძღვა და ომი მხოლოდ იდეური უსუსურობისა და სისუსტის ნიშანია, ამიტომ აჯობებდა, პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა საკუთარი პოზიციების არგუმენ­ტაციით იყოს დაკავებული და გონებრივი ტოლერანტობა, რომელიც ასევე კომპრომისებს გულისხ­მობს, გაქვავებული კი არა, ცოცხლად გვეხილა რეალურ ცხოვრებაში. ეს იქნება ჩვენი უსაფრთხოე­ბის, მშვიდობისა და განვითარების გარანტია. დღევანდელ შეურიგებელ ოპოზიციას არგუმენტები აღარ გააჩნია და, სამწუხაროდ, სწორედ ჩხუბისა და იარაღის ჟღარუნის ბოლო არგუმენტის იმე­დითღა დარჩა. ძალიან უნდათ, იდეოლოგიურად ეგვიპტის ამბები როგორმე საქართველოს დაუ­კავშირონ. კავშირი, რა თქმა უნდა, არსებობს, ოღონდ სრულიად საპირისპირო. ეგვიპტელებმა ქარ­თველებივით გადაწყვიტეს ”თავისი შევარდნაძის" პენსიაზე გასტუმრება.

ორიოდე სიტყვა საქართველოს პრეზიდენტზე, რომლის მიმართაც ასე მტრულად არის განწყობი­ლი ოპოზიცია, თან იმდენს მიაღწიეს, რომ სააკაშვილზე კეთილი სიტყვის თქმა ”ცუდი პონტია": საქართველოს დღევანდელი მდგომარეობისა და მიღწევების მთავარი შემომქმედი სწორედ მიხე­ილ სააკაშვილია, რომელმაც შეძლო ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება. პიროვნების რო­ლი ისტორიაში არავის გაუუქმებია. ამ შვიდი წლის მანძილზე პოლიტიკოსი სააკაშვილი ჩამოყა­ლიბდა არამარტო სახელმწიფო მოღვაწედ, რაც ბევრისთვის უკვე დიდი მიღწევა იქნებოდა, არა­მედ ის გახდა თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრენდი, ისეთივე, როგო­რებიც არიან გენერალი შარლ დე გოლი ან მაჰათმა განდი. სააკაშვილის პრინციპულობის შედეგია დღევანდელი საქართველოს წარმატებები. მიხეილ სააკაშვილს, განსხვავებით მისი ოპონენტების­გან, ეროვნული ლიდერის უმთავრესი თვისება გააჩნია - ის ყოველთვის იბრძვის პასუხისმგებლო­ბისთვის, რის შედეგად ავტომატურად და სავსებით სამართლიანად იმსახურებს ამ პასუხისმგებ­ლობის ტოლფას უფლებებს.

საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი გვაფრთხილებს, ავტორიტარიზმი ცუდად მთავრდე­ბაო. ნამდვილად ცუდად მთავრდება, ოღონდ ერთი განსხვავებით, ომისა და ოკუპაციის პირობებ­ში მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალიზებულ ხელისუფლებას შეუძლია ბრძოლისუნარიანი მოქმე­დება. იგივე დე გოლის ხელში თავმოყრილი იყო აბსოლუტური ძალაუფლება. საფრანგეთის გათა­ვისუფლების შემდეგ, მან თავისი ნებით დათმო ეს ძალაუფლება და გაანაწილა ხელისუფლების სამივე შტოზე. ასეთი ადამიანები ისტორიის მსვლელობას განსაზღვრავენ. რა თქმა უნდა, იგივე საფრანგეთში არის ნაპოლეონის მაგალითი, რომელიც რევოლუციის ტალღაზე, უბრალოდ გამეფ­და. ასეთი ანალოგია ისტორიაში ბევრი მოიძებნება, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში არსებობს სავსებით ობიექტური მიზეზები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დიქტატურას სრულიად გამო­რიცხავს.

როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს გეოპოლიტიკური დანიშნულება გამორიცხავს ჩაკეტილო­ბას. ქვეყნის გახსნილობა კი დიქტატურის უპირველესი მტერია. ამ პირობებში ვახერხებთ გახსნი­ლობას და სრული თავისუფლების პირობებში - მით უმეტეს. მეორე: ჩვენ ვერ ვიქნებით არატოლე­რანტულები, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველო მრავალკონფესიური და მრავალეთნიკური ქვეყა­ნაა, გარდა იმისა, რომ თავად ქართველები ვართ მრავალკონფესიურები. ეს ორი მიზეზი სავსე­ბით საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ დიქტატურა ვერ განვითარდეს. ასევე არ გაგვაჩნია მონო­პოლური კაპიტალიზმის განვითარების ფუფუნება, თან ამის გარკვეული ფაზა უკვე გავიარეთ. გარდა ამ ყველაფრისა, აღარაფერს ვამბობ ცივილიზებული სამყაროს რეაქციებზე და ა.შ. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ეროვნული ლიდერი და უახლესი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურაა, რომლის მაგალითს უკვე ბევრი სწავლობს, ბაძავს და კიდე­ვაც მიბაძავს.

დღევანდელი საქართველო ისეთივე გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე, როგორც პარიზის ან მილანის მოდის კვირეულები მსოფლიო მოდის ტენდენციებზე. ქართული პოლიტიკა განსა­კუთრებულად ზემოქმედებს აღმოსავლეთზე, მაგრამ არანაკლები გავლენა აქვს დასავლეთის პო­ლიტიკურ ხედვებზე. დასავლეთსაც აქვს თავისი პრობლემები, მაგრამ ყველა პრობლემას ეშველე­ბა მშვიდობის პირობებში. მსოფლიოს მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული განვითარე­ბა სჭირდება. საქართველოში, ცივილიზაციების გზაგასაყარზე, დემოკრატიული და ცივილიზებუ­ლი ფასეულობების დანერგვის საქმეში პოლიტიკური წინააღმდეგობების გადალახვა იმის ნიშანი იქნება, რომ მსოფლიოშიც შესაძლებელი იქნება ამის დაძლევა.

 თეიმურაზ ზაქრაძე .
24 საათი .
14.02.11

Комментариев нет:

Отправить комментарий