ღმერთი

ღმერთი

четверг, 10 октября 2013 г.

მადლი.(II)

როდესაც ქრისტიანის გული რაიმე ღვთიურს მიიღებს, იგი სხვა მხრივ მტკიცებას აღარ საჭიროებს, რომ ყოველივე ეს უფლისგან არის - თვითონვე რწმუნდება საქმით, რადგან სულის ნაყოფი - სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე და ერთგულებაა.


როდესაც ადამიანი ადამიანს არგებს ან სიტყვით ან საქმით, ორივე მათგანმა ღვთის მადლად უნდა შერაცხოს ეს, ხოლო ვინც ამას ვერ გულისხმაყოფს, გულისხმისმყოფლისგან იბატონება (იგულისხმება, რომ ღვთის მადლის გულისხმისმყოფელი სამერმისოდ სასუფეველში იმეუფებს, ხოლო მადლის უარმყოფელი ჯოჯოხეთის მონობაში დაიმკვიდრებს ადგილს).


ფრიად სასარგებლოა წმიდა მამათა ნაშრომების კითხვა – ისინი სახარებას თავიანთი სახარებისეული ცხოვრებით განმარტავენ. ასევე სასარგებლოა გამოკვლევა საკუთარი ცოდვიანობისა, უმადურობისა და აგრეთვე ჩვენზედ გარდამოვლენილი ღვთის მრავალმოწყალებისა. ყველაფერ ამას თავისთავად მოჰყვება სიმდაბლე და ამის შემდეგ აუცილებლად – საღმრთო მადლი.


"მცირესა ზედა" ერთგული "მრავალსა ზედა" დადგინდება. ღვთის მცირე ძღვენის გამო მადლიერ ადამიანს აქვს კადნიერება, ითხოვოს დიდებული. მართლაც, ქრისტიანო, საკუთარი შეგრძნებით, შეგიძლია იცოდე, რომ მადლიერი გული უფრო თავისუფლად იხსნება და უფრო ფართოდ იღება, ვიდრე - მთხოვნელი: შესაბამისად, შესაბამისად მას მით უფრო ადვილად შეუძლია მადლის მიღება.


რამდენადაც ადამიანი თავის თავზე დაკვირვებით სულიერ ცხოვრებაში წარემატება, იმდენად ეხილება მას თვალნი სულისანი, და უკეთ ხედავს იგი საკუთარ ნაკლოვანებასა და იმ სიკეთეს, რასაც უფალი ანიჭებს. ამ გზით იგი შინაგანად მდაბლდება და გული შემუსვრილი ხდება, რის შემდეგაც ბუნებრივი სახით ეწვევა მას მადლი ღვთისა და განათლება ღმრთისმიერი, და იგი უფრო გონიერი ხდება.


თუკი, მაგალითად ამბობ: "ცოდვილი ვარ!" შინაგანად კი ფიქრობ, რომ მართალი ხარ, ხიბლს ვერ გაექცევი. მადლს დარჩენა სურს, მაგრამ რადგან შენ სინამდვილეში ჯერ კიდევ ვერ გიპოვია ჭეშმარიტება, იგი იძულებულია, დაგტოვოს. ვინაიდან სხვაგვარად უეჭველად შენს გულისსიტყვაში იფიქრებ, რომ ის ხარ, რაც სინამდვილეში არ ხარ, მეტი კი რაღაა ხიბლისთვის საჭირო და ამიტომ მადლი არ რჩება.


უკეთუ ნამდვილად წყურვილი საღმრთოისა მადლისა მოგიყვანს შენ ეკლესიასა შინა, უკეთუ ნამდვილად გიყვარს შენ საღმრთო მადლი, მაშასადამე შენ მიგიღიეს მადლი სულისა წმიდისა, და უკეთუ მიგიღიეს, ნაყოფიცა უნდა გქონდეს; ხოლო ნაყოფი სულისა წმიდისა არს, ვითარცა იტყვის პავლე მოციქული: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიტკბოება, სახიერება, მყუდროება, მარხვა, მოთმინება“.


წმ. მაქსიმე აღმსარებლის განმარტებით, ცოდვა "არაბუნებრივი მოძრაობაა", იგი საცოდავ ცოდვილს ართმევს ყველა ზებუნებრივ ნიჭსა და მადლს; იგი სულსაც ართმევს ძეობის მადლს – უფლისგან ბოძებულ ამ უდიდეს ნიჭს. ცოდვა სულს აშიშვლებს და დაცემის ყველაზე საწყალობელ მდგომარებამდე მიჰყავს, ართმევს კეთილი საქმეების ჯილდოს; განსაკუთრებით ართმევს იგი ადამიანს ზეციური სამეფოს დამკვიდრების შესაძლებლობას.


აი, შენ შეიტყვე, რომ თიხა ხარ, გლახაკი და შიშველი. ახლა კი ევედრე იმას, ვისაც ძალუძს ბუნების აღდგენა და შენი გამდიდრება. და თუკი გიბოძებს ბევრსა თუ მცირეს, პატივი მიაგე შენს კეთილისმყოფელს და სხვისას საკუთარივით ნუ მიითვისებ. ტკივილითა და ცრემლებით მიიღებ მადლს. და ისევ, სიხარულისა და მადლიერების ცრემლით შეინარჩუნებ მას. სითბოთი და მოშურნეობით მოიზიდავ, სიცივითა და სიზარმაცით კი დაკარგავ.


რის მიხედვით გვანიჭებს ღმერთი მადლს?
რწმენა და კეთილი საქმეებია სწორედ ყველაზე მთავარი და ერთმანეთისაგან განუყოფელი რამ; სარწმუნოება კეთილი საქმეებისათვისაა, ხოლო კეთილი საქმეები სარწმუნოებისათვის კი არ მოიმოქმედება, არამედ სარწმუნოებით და სარწმუნოებაში... და სწორედ ყოველი ადამიანის რწმენისებრ, ვინ როგორ გამოავლენს ქვეყნიური ცხოვრების ჟამს, ანიჭებს ღმერთი მადლს.


"თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (ინ. 15,5). პავლე მოციქულიც ამბობს: "ღმერთი არს, რომელი შეიქმნს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის" (ფილ. 2,13). აქედან ჩანს, რომ სწორედ ღმერთი იწყებს და აღასრულებს ჩვენში ნებისმიერ კეთილ საქმეს. ადამიანს კი არა მარტო არ შეუძლია მისი დასრულება, არამედ რაიმენაირი კეთილი საქმის წამოწყებაც კი არ ძალუძს, თუკი გადაწყვეტს, რომ მადლის შემწეობის გარეშე იოლად გავიდეს.


რას ეწოდება მადლი?
ღვთაებრივი სავსებისაგან, რომელიც ღმერთკაც იესო ქრისტეში განხორციელდა, განუწყვეტლივ გადმოიღვრება აღურაცხელი და აუწყველი საღმრთო ძალნი, ყოვლად აუცილებელნი ადამიანური არსებისათვის, ხსნისათვის, განღმრთოების, ეკlესიის წიაღში შესვლის, ქრისტეს თანამოზიარედ და თანა–მყოფად გახდომისათვის, ანუ იმისათვის, რომ სულიწმიდის თანამოზიარე და ყოვლადწმიდა სამების ნაწილად შეიქნას. ყველა ეს ღვთაებრივი ძალა ერთი სიტყვით – მადლით იწოდება.


უფალი ყოველგვარ ვითარებაში ადამიანებთანაა და ხედავს თავისი ერთგული მონების უბედურებებს, მაგრამ ზოგჯერ განეშორება კიდეც მათ, რათა უფრო მეტი სიუხვით დააჯილდოვოს გამოცდაგავლილი ღვთისმოსაობა. მშობლებიც ხშირად ასევე, გონების განვითარებისა და გამოცდილების მისაღებად, შვილებს უცხო ქვეყნებში აგზავნიან. წმიდა ანტონი დიდი, რომელსაც ბოროტი სულები სცდიდნენ და აწვალებდნენ, ტანჯვა-წამებისას იესო ქრისტეს ვერ ხედავდა. შემდეგ, როდესაც იხილა იგი, წყენით შესძახა: "სად იყავი, უფალო ჩემო, სად იყავი?" - "მე აქ ვიყავი და შენს მამაცობასა და მოთმინებას ვუცქერდი." - იყო მაცხოვრის პასუხი.


მეტისმეტს როდი გთხოვს ქრისტე იმისათვის, რომ თვისი წმინდა ნიჭები გიბოძოს, მხოლოდ აღიარე: თუ გაქვს კიდეც რაიმე კარგი - მისია. და თანაუგრძნე მას, ვისაც არა გააჩნია რა. ნუ განიკითხავ იმისთვის, რომ უქონელია, რომ ცოდვილია, ავი, უკეთური, მოლაყბე, ქურდი, მეძავი თუ ცრუ. თუ ამგვარ ცოდნას შეიძენ, ვერასდროს შეძლებ ადამიანის განკითხვას, სასიკვდილო ცოდვაშიც რომ იხილო. რადგან მყისვე ამბობ: "არა აქვს, ქრისტე ჩემო, შენი მადლი, ამიტომ სცოდავს. თუ მიმატოვებ, მე უარესს ჩავიდენ. თუკი ვდგავარ, იმიტომ, რომ შენ მატარებ. ძმა, როგორც ხედავს, ისე იქცევა. ბრმაა. როგორღა ითხოვ, რომ თვალების გარეშე ხედავდეს? იგი ღატაკია. როგორღა ითხოვ, რომ მდიდარი იყოს? მიეცი სიმდიდრე, რომ ჰქონდეს. მიეცი თვალები, რომ ხედავდეს"


სათნოებას ეჟვანი როდი აბია, რომ ჟღერდეს და ცნობისმოყვარეობას აღძრავდეს, რომ მოიხედო და დაინახო. ეს ღმერთის არანივთიერი ნიჭია. რატომ უწოდებენ მას მადლს? იმიტომ, რომ არ იხილება, არ შემოისაზღვრება, ვერ წარმოიდგინება, არ ფერადდება. ღმრთის ნიჭი. გამოუთქმელი და მიუწვდომელი და მდიდარი სასწაული.
ამიტომ უფალი, ჭეშმარიტად ღმერთი, როცა გზებზე დადიოდა, ისეთი ჩანდა, როგორიც დანარჩენი ადამიანები. ამბობდნენ: "ჭამს და სვამსო". მატყუარა და ეშმაკეული შეარქვეს. და დღესაც, თუკი ვინმე წამოიწყებს ლაპარაკს მადლზე, შინაგანი კაცის განწმენდაზე - მატყუარად ითვლება. მაშინვე გაიგონებ: "ხიბლშია".
  და სრულიად გაქრა ადამიანის გონებიდან ის, რომ მთელი ძალისხმევა ჭურჭლის შინაგანისაკენ უნდა მივმართოთ, როგორც ამას უფალი გვეუბნება.


უფლისაგან მადლი მოდის, ჩვენ კი შრომა გვმართებს. ნურავინ იფიქრებს, რომ მოციქულები ოდენ უფლის მადლით განმტკიცდებოდნენ, რომ მათთვის ცხოვრება იოლი იყო, რომ ისინი კაცობრიობისათვის გაწეულ მსახურებას გარჯის გარეშე აღასრულებდნენ.


მადლი, როგორც კი ნახავს, რომ ადამიანის გონებაში ეჭვი ჩნდება და იგი თავს აღიმაღლებს, მაშინვე უშვებს, რომ წინააღმდეგ გაძლიერდეს და განმტკიცდეს განსაცდელები, ვიდრე არ შეიცნობს იგი თავის უძლურებას და სიმდაბლით არ მიექცევა უფალს.


როგორც ის წყარო, რომელიც განუწყვეტლივ გამოადინებს სუფთა ნაკადულებს და უხვ დინებებს, არასდროს უკრძალავს მსურველს, დატკბეს წმიდა წყლის ძღვენით, ასევე ღვთაებრივი მადლიც ღიაა ყველასთვის, რათა ყველა დატკბეს ისე - ვისაც რამდენად სურს.


გამოცდილება ქმედების მეშვეობით მოიპოვება დროთა განმავლობაში. მადლი კი იმიტომ იწოდება მადლად, რომ უსასყიდლოდ - საბოძვარით ეძლევა, რომელიც ღმერთზეა დამოკიდებული და მიეცემა რწმენის სითბოს, სიმდაბლისა და კეთილი განზრახვის შესაბამისად.


sibrdzne.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий