ღმერთი

ღმერთი

вторник, 15 октября 2013 г.

ქართული სიბრძნის საგანძურიდან.

დავით გურამიშვილი (1705 – 1792)

* * *

აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?
ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?

* * *

ვძებნე და ვერა ვპოვე რა მჯობი ამ სწავლა-მცნებისა:
ბრძენსა აქვს თავის უფლება სოფელში ყოფნა ნებისა.
ბრძენი სადაც არს, დარჩების, საუნჯე თან ექნებისა.

* * *

კაცს მართებს დაბლაც დახედვა, რაგინდ მაღლამდის აროსა.
სიამპარტავნით ხარისხსა ძირი არ განებზაროსა.

* * *

უგვანოდ დიდთა მძებნელსა პატარაც დაეკარგება.

* * *

ჭეშმარიტად ცოდვა უძღვის კაცსა კაცის გამკითხავსა,
მაგრამ ავზედ ავი ითქმის, კარგს არავინ გაჰკიცხავსა.

* * *

მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?
ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.

* * *

სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი,
მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.
სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი.

* * *

ისმინე, სწავლის მძებნელო, მოყევ დავითის მცნებასა:
ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა.

* * *

კაინის ამბის სმენასა სჯობს ყურში თითის დაცობა.

* * *

ერთი დრო არვის შერჩების, კარგი სთქვა, გინდა ავია.

* * *

თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა –
ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლის ვნებასა.

* * *

მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა,
ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა.

* * *

ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;
არც ცხადი ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების;
ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების.

* * *

ჰგავს უხორთუმო სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია.

* * *

ვით უსაჭურვლოდ მამაცი ომშიგან გულად ლომობდეს,
გაცოფებული გულ-ბრაზად ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს,
ვერ აღასრულოს წადილი, რაც ნებავს, მისთვის ღონობდეს, –
ეგრეთ ჭკვიანი უწვრთელი ვერ მიხვდეს, რასაც ნდომობდეს.

* * *

ბრძენი სიტყვითა დარჩების, ოსტატი თავის ხელითა,
ხუცესი წირვით, ვაჭარი – შორს წასვლით-მოსვლით ძნელითა,
მოლაშქრე სისხლის ქცევითა, მხვნელი ოფლითა ცხელითა,
გლახა კარის-კარ თხოვნითა, – შენა გწადს აწ რომელითა?

* * *

მიჯნურმან უნდა ტრფიალი გულ-მართლა შეიყვაროსა,
მუდამ გვერდთ ახლდეს სურვილით, აროდეს გაეყაროსა;
უმისოდ ჭირად სახევდეს ყოველსა გასახაროსა,
ტკბილად სჩნდეს მისთვის სიკვდილი, სიცოცხლე გაიმწაროსა.

* * *

მწყემსობა უნდა სიფრთხილით, აქვნდეს მცირედი ძილია:
მუდამ მხნედ სამწყსოს უვლიდეს, დღე ყინული თუ თბილია.

* * *

ხელმწიფე უნდა მართალი, ვით ბრძენთა დაუწერია,
ბრძენი, უხვი და მოწყალე, მრისხველი ზომიერია,
სჯულმტკიცედ, სწორედ სამართლით იყოს და ყვანდეს ერია.

* * *

სძულს ღმერთსა ამპარტავნობა, მეტადრე გლახა მწირისა.

* * *

მოლაშქრე უნდა ჭაბუკი, თამამი, თავ-მდაბლოვანი,
მეპატრონეთა ერთგული, მორჩილი, სამართლოვანი,
მხნე, ამხანაგთა მოყვარე, მამაცი, ძალგულოვანი,
გულსრულად მებრძოლთ-მებრძოლი, არ სუსტი, მაგარ-მკლოვანი.

* * *

ხუცესი უნდა მამაცი, არ თუ ჯაბანი, მხრდალია;
ხუცესს არ ეთქმის: „ჭირშიგან არ შევალ, სარიდალია“;
ხუცესმან უნდა დამარხოს, თუ კაცმან სული დალია;
ხუცესიც ბევრს რიგს დააკლებს, თუ მეტი ღვინო დალია.

* * *

აწ ბრძენი უნდა სოფელში ეგრეთ, ვით წმინდა ბერია.
ცხოვრობდეს, ერთ ასწავლიდეს, გახადოს მეცნიერია;
ბრძენმან არ უნდა იკადროს ურიგო რაც რამ ფერია,
ბრძენის ურიგოდ ქცევითა ბაძით წახდების ერია.

* * *

ვით ძნიად წნორი ბერფუყი დაიგრიხების წნელადა,
ეგრეთვე კაცი მხცოვანი განისწავლების ძნელადა;
ვით ახალ მორჩი ვაზისა ხელს მიყვეს საფურჩნელადა,
ეგრეთ ახალი მოზარდი ყრმა ოსტატს – გასაწვრთნელადა.

* * *

ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?

* * *

უნდა ქალმან და ყმაწვილმან დაჰხუროს ბაგე კბილოსა…
არცა ვინ თვით სხვა გაკილოს, არც სხვისგან გაიკილოსა.

* * *

სოლომან ბრძენი სიბრძნითა თავი არს ყოვლის ბრძნებისა;
ბევრი რამ კარგი დასწერა წიგნები ღვთის ბრძანებისა;
ერთი იმასაც მოუხდა გატეხა რამე მცნებისა;
თუ გიჯობთ, ნურცა მას უსმენთ, სიტყვა დამირთავს ნებისა.

* * *

მინახავს ერთი პირუტყვი გორსა თუ ახალგორსაო:
თავისთვის მუტრუკს აკეთებს, სხვათ გაუკეთებს ჯორსაო.

* * *

რაგინდ ბრძენ იყოს მკურნალი, კარგად ატყობდეს მაჯასა,
სხვისას შეიტყობს, თავისას ვერას გაიგებს ხვანჯასა;*
თვით სხვას უწამლებს, თავისთვის სხვაზე მიჰყუდებს ბარჯასა* –
მე ვერ ვირგე და თქვენ გარგე, ამად რად მიზამთ ჯაჯასა?*

შენიშვნები:

* ხვანჯა – ხლართი, ხრიკი;
* ბარჯა – ორკაპა ჯოხი;
* ჯაჯა – ტანჯვა, გვემა.

* * *

თუმცა ბრმა ვარ, კიდევ ვხედავ ქვეყნად ჩემგან უფრო ბრმათა;
ბერს გამოცდილთ არა ვკადრებ, მოგახსენებ ახალ ყრმათა:
თუ ცურვასა არ ისწავლით, ვერ გაუხვალთ წყალთა ღრმათა,
წკეპლის ცემით დაშუშხვა სჯობს საუკუნოდ ცეცხლში ბმათა!

* * *

ბედს რომ იტყვიან, არ ვიცი, რა უქო ბედს საქებელი?
ბედმან შეკრიბოს, ჭკვამ ფანტოს, მექნების რა სარგებელი?

* * *

ბედი არს ქცევა წუთისა, ვით დღისა ნაობ-ბინდობა,
ავდარობა თუ დარობა, ცის მოღრუბლვა თუ წმინდობა;
ხან მოსწვავს ნამთა სიმცირე, ხან ალპობს ღვართა დიდობა,
დღეს მომცემს, ხვალ კი წამართმევს, ამად არა მაქვს მინდობა.

* * *

ჭკვის უკეთესი საქონლად არარა საქონელია,
მაგრამ თუ ნდომა გულს აბრმობს, რა ადვილ საშოვნელია.
რაც ხელთ აქვს, მასაც დაჰკარგავს, უმსგავსო საპოვნელია;
საქონელისა შემკრები საქმეთა საცოდნელია.

* * *

ნდომა ბნელს ნათლად აჩვენებს, დანაბრმობს ნათლად მხედველსა;
ნდომა მხდალს გახდის მამაცად, შებედავს ძნელს საბედველსა;
ნდომა სხვის სწავლას მიიკრავს ეგრეთ, ვით ცერცვი კედელსა;
ნდომა მიიყვანს მიმყოლსა შესარცხვენს, წასარწყმედელსა.

* * *

ფილასოფოსი ეპიკურ გვაუწყებს, ამას გვპირდება:
აგებულობით მყოფელი აროდეს გაღარიბდება.
თუ კაცი ნდომას მიჰყვება, მიდღეში არ გამდიდრდება,
როცა პატარას იშოვნის, მერმე დიდს მაეკიდება.

* * *

ზოგს კაცსა საკმლად მიუჩანს თვისა სიმყრალის სუნება,
ხაჭას გულ-ტკბილად უყოვებს და ცოლს კი ებუზღუნება.

* * *

უგვანოდ დიდთა მძებნელთა პატარაც დაეკარგება.

* * *

სად მაღალი არსად იყოს, მუნ დაბალი გამაღლდების,
თვალად ნასსა ალამაზებს, ვის ლამაზი არ ახლდების.

* * *

ფუ შენ, ცრუო საწუთროო, რად არ მძულდი, რად მიყვარდი?!
შენ ყოფილხარ მწარე, შხნაკვი, მე მეგონე ტკბილი ყანდი.
აქ საკვდავად რად მოგყვანდი, თუ მუნ ცოცხალს წამიყვანდი?
რატომ აგრე უწყალო ხარ, სასიკვდილოდ არ შეგწყალდი?!

* * *

ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი,
მალ გამთელდების უწამლოდ მისი წყლულების ტკივილი,
რა მოიზარდოს, მოყვინჩლდეს, მამლურებ შექმნას ყივილი, –
უფრთხილდი, მისგან წყენითა არაზე შექმნა ჩივილი.

* * *

რაც არა ჰხამდეს ჩიორას, ნუ უყრით ასაკენკლადა.

* * *

სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა უწვრთელის შვილის ყოლასა.

* * *

ძაღლი უწვრთელი პატრონსა ასეთს რას დაუშავებსა,
რომ შვილი ბრიყვი, უცები, დედ-მამას განათავებსა?
უცოდინრობით ასეთსა საქმეებსა იქს ავებსა,
გვარსა და ნათესავებსა სირცხვილით სჭრიდეს თავებსა.

* * *

პატრონსა ძაღლი უწვრთელი მეტს ვერას ჰკადრებს წყენასა:
ან პურს მოსტაცებს, ან ხორცსა, ან წყალს ამოჰკრავს ენასა;
მშობელთა შვილი უწვრთელი აროდეს მისცემს ლხენასა,
სულთა წარწყმედას და ხორცთა მიუთხრობს მით შერცხვენასა.

* * *

უსწავლელი ძაღლი კარში ყეფს და გარეშამოს ჰფარავს,
ნადირს აფრთხობს, ქურდს აშინებს, ძნელად რასმე მას მოჰპარავს;
ბრიყვი კაცი წამოწვება, ღამით კარსაც არ მისჯარავს!
თვით იქნების გასაკმარი, ვინც ამ სწავლას გამიკმარავს!*

შენიშვნა:

* არად ჩასაგდები (გაკმარვა – დამცირება, არად მიჩნევა).

* * *

ყრმა სწავლაში მომშვიდდების, რკინა ცეცხლში გარბილდების,
უსწავლელი ვაჟიკაცი სიბერეში გაწბილდების;
რიკ-ფაინის დრო გარდუა, ვეღარ გაჰკრავს, ჩაჰბილდების,
სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების.

* * *

მართალია, მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების,
მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!

* * *

ამისთანა მკურნალს ვაქებ, მილესავდეს ფაზარ-ხუთოს,
არ თუ მასა, უწამლობით პირში სული ამომხუთოს.

* * *

ჩიტსა, გუგულის მზრდელსაო გუგული მოსჭრის თავსაო.

* * *

ამად სძრახვენ, ვინც ავს სჩადის, რომ კვლავ აღარ ჩაიდინოს;
სხვა გაფრთხილდეს, მისებრ ცრემლი თვალთა არვინ დაიდინოს.
კაცმან უნდა თავითგანვე საქმე კარგად მაიხდინოს,
თორემ ბოლოს ვით იქნების, ავზედ ძრახვა დაიცდინოს?

* * *

ვინც რომ ძრახვას თაკილობდეს, ნურასა იქს საძრახავსა.

* * *

ამას ვსწყინობ: ავნი ავსა თვით იქმენ და სხვას კი სძრახვენ;

* * *

რა გინდ რომე კაცმან მალოს, ჭირი თავსა არ დამალავს,
ვერ გაუძლებს, რაც კაცს სენი გულსა უკოდს, სჩხვლეტს და მსჭვალავს.

* * *

მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს;
მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს!
ვერ მოვითმენ, რომ არ დავგმო აღმა მხვნელსა, დაღმა მფარცხავს.

* * *

ვინც რომ ისრე უკუღმართად, მრუდად ხნას და თესოს, ფარცხოს,
ის მე პურსა ნუღარ მაჭმევს, რაც იმ ფქვილით გამოაცხოს.
ვინც ძმის სისხლი გამოიცხოს, ან თვით ძმასა გამოაცხოს,
მისი სული სატანამა, თუ არ კუპრში, რაში გარცხოს?

* * *

კახელების აღმა ხნული ქართველებმა დაღმა ფარცხეს,
…ძმამ ძმას სახრე გარდუჭირა, მტერთ კობალი თავში დასცხეს.
ორნივ ერთად შეხრიკულნი დასცეს ქვეყნად, დაანარცხეს.
უკუღმართად ხვნა და თესვამ ეს ნაყოფი გამოიღო:
მოგვითხარა ქართლ-კახეთი, ძირ-ფესვიან ამოიღო.

* * *

ყრმავ, გონება უგუნური აგონიერეო,
თავს ნუ გახდი უღონოდა, აღონიერეო.

* * *

უქმად ბევრისა მჭამელი გაუმაძღარი ღორია.

* * *

მოკლეა ესე სოფელი, კაცს არ შერჩების წამითო;
რაც მომებოძა თავიდან, ბოლო ჟამს ისევ წამერთო.

* * *

ბრძენმა არ უნდა იკადროს, ურიგო რაც რამ ფერია:
ბრძენის ურიგო ქცევითა ბაძით წახდების ერია.

* * *

იუდა ქრისტეს ჰმონებდა, ჩემობდა კაი ყმობასა;
სიხარბით ცეცხლში ჩავარდა, მიხვდა სატანის ძმობასა!

* * *

ნამუსიანად მქცეველი ქალი
არს მარგალიტი, ძვირფასი თვალი.

* * *

უწმინდურთა ქალთა
ოქროქსოვილთ კალთა
დაჰფარავს ვერა.

* * *

კაცმან უნდა სიწმინდით თავი შეინახოსა,
არაფერი ბოროტი გულით განიზრახოსა;
რაც თვით ეხნას, ეთესოს ანუ დაეფარცხოსა,
ის მოიმკოს, გალეწოს, დაიფქოს და აცხოსა*.

შენიშვნა:

* ცნობილი ბიბლიური მოტივი: „რომელმან სთესოს ბოროტი, ბოროტიცა მოიმკოს“ (იგავთა 22, 8); იგ. ზირაქის სიბრძნეში, ათას ერთი ღამის ზღაპრებში.

* * *

გირჩევ, ნუ აქცევ ზღუდებსა, შენს ზურგის მისაყუდებსა,
ერიდე, ნუ ჰშლი, ნუ ფუტკნი სახით არწივთა ბუდებსა!


s-s.tagiweb.com



Комментариев нет:

Отправить комментарий