ღმერთი

ღმერთი

четверг, 28 ноября 2013 г.

საქართველო "ახალი ისრაელია" (რჩეული ხალხი), რუსეთი კი "ახალი ეგვიპტე" (ხალხთა საპყრობილე)

გაიოზ მამალაძე

ჩვენი ქვეყნის ისტორია და დღევანდელობა შეგვიძლია შევადაროთ ძველი ისრაელის მდგომარეობას ძველი წელთაღრიცხვით 1250-1230 წლებში.

ქრისტიანული წარმოდგენით, ქრისტიანები არიან ახალი ისრაელი, ახალი ღვთის რჩეული ხალხი. ძველ ისრაელში იგულისხმება ძველი აღთქმისეული ღვთის რჩეული ერი. ქრისტიანებს სწამთ, რომ ახალ აღთქმამდე ღვთის რჩეული ერი იყო ისრაელი. ქრისტიანებს ასევე სწამთ, რომ ძველი იერუსალიმი იყო მსოფლიოს უმთავრესი, უწმინდესი ქალაქი. ამავე წარმოდგენით, შეიძლება არსებობდეს ახალი იერუსალიმიც. ზეციურ იერუსალიმში, რა თქმა უნდა, სამოთხე იგულისხმება.

ქრისტიანები, ახალი აღთქმის ხალხი რომ ახალი ისრაელია, ამის შესახებ არა ერთი წმიდა მამა ამბობდა. "ხოლო არა ეგებოდა, ვითარმცა დავარდა სიტყუაი ღმრთისაი, რამეთუ არა ყოველნი ისრაელისაგანნი ესენი არიან ისრაელ, არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ. არამედ ისააკისგან გეწოდოს შენ ნათესავი. ესე იგი არს, არა შვილნი ხორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთისა, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად" (რომაელთა მიმართ, 9, 6-8). ასევე, იხილეთ გალატიელთა მიმართ, 6, 16. საქართველოს შესახებ არა ერთ საეკლესიო მოღვაწეს უთქვამს, რომ ქართველი ერი ღვთის რჩეულია.

XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწე ბერძენი ბერი კირილე ლავრიოტისი იოანეს გამოცხადების საფუძველზე ამბობდა, რომ ღვთის რჩეული ქვეყანა საქართველოა (ამაზე დეტალურად სხვა დროს). უწმინდესსა და უნეტარესს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-საც არერთხელ განუცხადებია, რომ საქართველო არის ახალი იერუსალიმი. საქართველოს დროშაც იერუსალიმის დროშის სიმბოლიკაა.

დავაკვირდეთ სიტყვათა ეტიმოლოგიას - ისრაელი და ქართველი (ქართველთა თვითწოდება). საქართველოს ერთ ნაწილს ქალდეა ერქვა უძველესი დროიდან, მეორე ნაწილს ქართლი. ქართ ნაწარმოებია ქალდ-იდან. ისრაელის წინაპარი აბრაამი ქალდეველთა (ძველი ქალდიის) ურიდან გამოვიდა (ამაზე სხვა დროს).

იძულებითი განმარტება: რა თქმა უნდა, არავითარი ლაპარაკი არ არის ქართველი ერის სემიტური წარმომავლობის შესახებ, რაც არამეცნიერულად მიმაჩნია. ქართველი ხალხი ანთროპოლოგიურად და ლინგვისტურად იბერიულ-კავკასიურ ოჯახს მიეკუთვნება.

ეგვიპტე მოსეს დროს იყო ხალხთა საპყრობილე, იმპერია. მისი მმართველი ფარაონი კი მსოფლიოს უსასტიკესი იმპერატორი. თავის დროს ეგვიპტეში გადასარჩენად შესული ისრაელიანები დამონებულ იქნენ ეგვიპტის ფარაონების მიერ. ისრაელის ერი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, მისთვის მიუწვდომელი იყო თავისუფლება.

ამ დროს გამოჩნდა მოსე, რომელიც უფლისგან მოწოდებული იყო გაეთავისუფლებინა ჭეშმარიტების, მონოთეიზმის მატარებელი ერი და მიეყვანა იგი აღთქმულ ქვეყნამდე.

სიმბოლურად, ჩვენთვის მოსე არის ჩვენი ეროვნული თავისუფლების იდეა, რომელიც მხოლოდდამხოლოდ მართლმადიდებლობის ბილიკს მიუყვება.

ჩვენი დამპყრობლების, ახალი ეგვიპტის - რუსეთის ფარაონი კი არის მათი ავადმყოფური იდეა, რომელიც გამოიხატება დიდი რუსეთის იმპერიის, მესამე რომის, მეორე გეოპოლიტიკური პოლუსისა და ა. შ. კონცეფციებში.

უცნაური დამთხვევაა, ეგვიპტეში იაკობი და მისი მოდგმა შევიდა იაკობის ძის იოსების იმედით, რომელიც იმ დროს ეგვიპტის ფაქტიური მმართველი იყო, ფარაონის მარჯვენა ხელი. სწორედ იაკობი არის ისრაელის მამამთავარი. მანამდე იოსები, იაკობის ძე, ძმებმა თავიდან მოიშორეს. საინტერესოა, რომ ახალმა ეგვიპტემ, რუსეთმა საქართველო მეორედ, 1921 წელს დაიპყრო ქართველი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის ინიციატივით. იოსებ სტალინი ერთ-ერთ მეტსახელად კობას (იაკობის კნინობითი ფორმა ქართულში) ატარებდა. შვილსაც იაკობი დაარქვა. ის თავის სამშობლოში, ქართველ "ძმებს" არ უყვარდათ, ამიტომ კარიერა რუსეთში გაიკეთა. რუსეთში ის მეორე კაცი იყო, ლენინის - რუსეთის უკვდავი ფარაონის დროს ფაქტობრივი მმართველი. შემდეგ პირველი გახდა, ლენინის საქმეებისა და რუსეთის იმპერიალისტური, ფარაონული იდეის განმხორციელებელი - დიდი ფარაონი, დიდი იმპერატორი.

ხომ დგას მოსკოვში ახალი "პირამიდა", "ფარაონ" ლენინის მავზოლეუმი. თუმცა იოსებ ბესარიონის ძე განსხვავდება იოსებ იაკობის ძისაგან.

რუსებიც ხშირად აცხადებენ, რომ ისინი არიან ახალი ისრაელი. ჩვენ ქვემოთ დავამტკიცებთ, რომ რუსები არ არიან ახალი ისრაელი, ღვთის რჩეული ხალხი. თუმცა, მას მერე, რაც ისინი მოიშორებენ წარმართულ-იმპერიალისტურ-ანტიქრისტიანულ მწვალებლობებს ფსიქოლოგიასა და პოლიტიკაში, შეიძლება, როგორც ქრისტიანები გახდნენ ახალი ისრაელის, ქრისტიანების ნაწილი.

ახალი ისრაელი ნიშნავს ღვთის რჩეულობას, ღვთის ერთგულებას. მოსკოვის რუსული სახელმწიფო არასდროს ყოფილა ღვთის ერთგული. მას შემდეგ, რაც მოსკოვეთის სახელმწიფო ჩამოყალიბდა, გეგმად დაისახა სხვადასხვა ხალხების დაპყრობა. რუსეთი ყოველთვის იყო ხალხთა საპყრობილე. საპყრობილე კი ვერ იქნება ახალი ისრაელი.

გარდა ამისა, რუსეთი, როგორც სახელმწიფო, ქვეყანა მხოლოდ 1589 წელს გახდა ავტოკეფალური ეკლესიის მფლობელი. სულ მალე მას დიდმა რყევებმა გადაუარა. მერე კი, 1721 წელს მისმა იმპერატორმა პეტრე I-მა გააუქმა პატრიარქობა და რუსეთის ეკლესიის სათავეში ობერ-პროკურორი დააყენა. რუსეთის ეკლესიამ მხოლოდ 1917 წელს აღიდგინა პატრიარქობა.

1811 წელს რუსეთმა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. რუსული ეკლესიის მრავალი "მოღვაწე" ანადგურებდა ქართულ ეკლესიებს, ღებავდა ფრესკებს, ყიდდა ქართულ მართლმადიდებლურ სიწმინდეებს. 1917 წელს საქართველოს ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია. რუსეთის ეკლესიამ არ ცნო ეს ფაქტი 1943 წლამდე, ვიდრე იოსებ სტალინს არ დასჭირდა და არ უბრძანა მათ. ახალი იერუსალიმი ასე არ მოიქცეოდა.

რუსულ ეკლესიას, როგორც ვთქვით, ხშირად არყევდა რელიგიური განხეთქილებანი. ასეთი რამ კი ქართულ ეკლესიაში არასოდეს ყოფილა. მსოფლიო მართლმადიდებლები აღიარებენ, რომ ქართული ეკლესია მთელი თავისი არსებობის მანძილზე მუდამ ერთული იყო უძველესი მართლმადიდებლური სწავლებებისა.

საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ამას რუსი წმინდა მამებიც აღიარებდნენ. რუსეთ-საქართველოს ომის 2008 წლის აგვისტოს მონაკვეთში რომის პაპმაც კი აღიარა ეს, ხოლო რუსეთის ხელმძღვანელობა ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის დაბომბვის ბრძანებებს გასცემდა.

საქართველო სულიერად ჩამოყალიბდა ათცამეტი ასურელი მამის მიერ, როგორც იაკობმა და მისმა თორმეტმა ძემ ჩამოაყალიბეს ძველი ისრაელი (მანამდე, მიერ საქართველის ავტოკეფალური ეკლესიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღო ვახტანგ გორგასლის მიერ გრიგოლ ნაზიანზელის საფლავიდან მოწვეულმა პეტრე კათალიკოსმა და მასთან ერთად თორმეტმა ეპისკოპოსმა).

ძველი ისრაელის მეფეები იყვნენ აბრაამის პირდაპირი მემკვიდრეები, ბეთლემელი იესეს ჩამომავლები. ქართული ტრადიციით, რომელსაც იზიარებენ სხვადასხვა ქვეყნის მოაზროვნეები, მათ შორის რუსები, ქართული დინასტია ბაგრატიონებისა არის ისრაელის ძველი მეფეების ჩამომავალი. ბეთლემში განკაცდა მაცხოვარი. გავიდა დრო, მართალი იაკობის ძმის, კლეოპას ვაჟის, ნაომის შთამომავლები, ბაგრატიონები, გამეფდნენ საქართველოში. რუსმა იმპერატორებმა გააუქმეს ბაგრატოვანთა ტახტი. ეს ნიშნავს, რომ მათ დავითის, ისრაელის ტახტი გააუქმეს.

ახალი ისრაელი რომ იყო, არ უნდა გძულდეს ძველი ისრაელის ხალხი - ებრაელები (არც არავინ უნდა გძულდეს). არასოდეს არ ყოფილა ანტისემიტიზმი საქართველოში, რუსეთში კი ხშირად არბევდნენ ებრაელებს.

ვერასდიდებით ვერ იქნები ახალი ისრაელი, თუ გენოციდს მოუწყობ ხალხებს. რუსებს განადგურებული ჰყავთ შაფსუღები, ადიღეების დიდი ნაწილი, ჩეჩნების დიდი ნაწილი...

როგორც ვიცით, მაცხოვარმა მოწაფეებს და ახალი აღთქმის მიმდევრებს განუცხადა, რომ ყველამ უნდა მიიღოს მისი სისხლი და ხორცი, მღვდელმოქმედებული ღვინო და პური, მონანიებისა და აღსარების შემდგომ.

კაცობრიობის ისტორიაში გამოიყოფა მიწათმოქმედი და მომთაბარე ხალხები.

მიწათმოქმედ ხალხებს შორის შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებლებს ბრინჯი და მსგავსი კულტურები მოჰყავთ. დასავლეთ ნახევარსფეროში საფუძველი ჩაეყარა სიმინდისა და პარკოსანი მცენარეების კულტივირებას.

მართალია, მოსკოვეთელების წინაპრები მიწათმოქმედები იყვნენ, მოჰყავდათ ხორბალი, მაგრამ ვენახის კულტურას არ იცნობდნენ, იმიტომ, რომ ჩრდილოეთში ვაზი არ ხარობს.

საქართველო ხორბლისა და ვაზის კულტურის წარმოშობის არეალშია. ჩვენი ქვეყანა ითვლება მიწათმოქმედების კულტურის აკვნად. უუძველესი დროიდან ქართველი კაცი აცხობდა პურს და აყენებდა ღვინოს. საქართველო იმთავითვე მზად იყო მიეღო ახალი აღთქმა. მოსკოველებს კი ზიარების საიდუმლოსათვის საკუთარი ღვინო არ აქვთ.

დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი (დღეს) არ არის ახალი ისრაელი, ახალი იერუსალემი.

რუსეთი ხალხთა საპყრობილეა და სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არაფრის შეცვლა არ სურს. საქართველო ახალი იერუსალიმია და თავისუფლება სწყურია, ამაში ხელს რუსეთი უშლის. მაშასადამე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი ახალი ეგვიპტეა (სხვათა შორის, ბატორი რუსეთის მეფე ივანე IV მრისხანეს "მოსკოვის ფარაონს, ცხვრებში შეჭრილ მგელს, შხამით სავსე ადამიანს, არარაობას, უხეშს" - უწოდებდა (С. М. Соловьевъ. История России съ древнейшихъ временъ. книга II, изд. втор. стр. 280-281).

ეგვიპტის ფარაონი ჰპირდებოდა თავისუფლებას ისრაელიანებს, მაგრამ ატყუებდა. არა ერთი უსიამოვნება და უბედურება შეემთხვა ეგვიპტეს ფარაონის ასეთი გულქვაობის გამო. მოსემ და მისმა ძმამ ნილოსის წყალი სისხლად აქციეს. იგივე შეძლეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა; შემდეგ გომბეშოები მოედვნენ ეგვიპტეს. გომბეშოებიდან იწყება ეგვიპტის მარცხი, ამის შემდეგ უკვე ევედრებოდა ფარაონი მოსეს ეხსნა (დაენდო) ეგვიპტე და სამაგიეროდ თავისუფლებას ჰპირდებოდა, მაგრამ კვლავ ატყუებდა; მერე მუმლი მოედო ეგვიპტეს; მერე ბუზანკალი; შემდეგ საქონელი დაეხოცათ; მერე ეგვიპტელებს სხეულები დაუწყლულდათ; მერე სეტყვა დაატყდათ თავს; შემდეგ კალია შეესია ეგვიპტეს; მერე სამი დღით წყვდიადი ჩამოწვა ეგვიპტეზე; ყველაზე ბოლოს, მეათე სასჯელად ფარაონის გულქვაობისა და სიცრუის გამო პირმშოები მოუკვდათ ეგვიპტელებს, დაწყებული ფარაონის პირმშოდან უბრალო მხევლის ჩათვლით. ამის მერე თავად ფარაონი და ეგვიპტელები იძულებულნი გახდნენ გაეშვათ, თავისუფლად (თავის უფლად) ისრაელიანები.

საქართველოს ჩაგვრის გამო არა ერთი უსიამოვნება შეემთხვა რუსეთს. მთელი მსოფლიოს შეგნებული ნაწილი გმობს მის ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ. როგორც ვთქვით, რუსეთის იმპერატორებმა პავლე I-მა და ალექსანდრე I-მა გააუქმეს იესიან, დავითიან, სოლომონიანთა ტახტი საქართველოში. ალექსანდრე I-მა დაგმო სულიწმინდის მიერ დადგენილი საეკლესიო კანონები და გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია.

ფარაონი დაისაჯა ისრაელიანების თავისუფლების შეზღუდვისათვის, ეგვიპტემ დაკარგა შვილები. ზუსტად ამას შეიძლება შევადაროთ რომანოვთა სამეფო ოჯახის ამოწყვეტა, რომლის მიზეზიც რუსეთის იმპერატორების, "ახალი ეგვიპტის ფარაონების" ცოდვებია.

XIX საუკუნეში დაახლოებით ამაზე აფრთხილებდა ბერძენი ბერი კირილე ლავრიოტისი რუს მეფეებს. არა ერთი რუსი ახალგაზრდა დაიღუპა, ანუ შვილები მოუკვდათ ახალი ეგვიპტის დედებს, კავკასიელი ხალხების თავისუფლების ჩახშობისაკენ მიმართულ ომებში.

პირველ "ფარაონს", პავლე I-საც სწორედ ახალი იერუსალიმის ჩაგვრის გამო უწია წყევლამ და მოიკლა შვილის "მეგობრების", "სახელმწიფოებრივად მოაზროვნეთა" მიერ. მის მკვლელობაში ქართველმა იაშვილმაც მიიღო მონაწილეობა.

ბერი კირილე ლავრიოტისი წარდა ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში, რომ რუსეთი დაკარგავდა დაპყრობილ ქვეყნებს. მას მერე რუსეთმა ბევრი დაპყრობილი ქვეყანა დაკარგა. მაინც არ ეგუება საქართველოს თავისუფლებას.

ახალმა ეგვიპტემ დამოუკიდებელ საქართველოსთან დადო ხელშეკრულება დამოუკიდებლობის ცნობისა და თავდაუსხმელობის შესახებ და მოატყუა 1921 წელს. შემდეგ 1993 წელს აფხაზეთში დაამარცხა, რათა კვლავ შეეთრია დსთ-ში (არ გაეშვა თავისუფლებაზე).

საქართველოსადმი განხორციელებული აგრესიის შედეგად არა მარტო რუსეთის ავტორიტეტი შეილახა, არამედ ჩრდილო კავკასიის ხალხების თავისუფლებისათვის ბრძოლაც გამწვავდა.

ამოწყდა რომანოვთა მამრობითი შტო; ლენინმა უამრავი პირმშო შეიწირა; იოსებ სტალინმა, მართალია თავისი ხალხი, ქართველები მონობისთვის გაიმეტა, სამაგიეროდ უამრავ რუსს მოუღო ბოლო რეპრესიებით, მერე მსოფლიო ომში საზარბაზნე ხორცად გაიმეტა ათეულობით მილიონი ადამიანი, შემდეგ გამოკეტა რუსები და მთელი სსრკ - ხალხთა საპყრობილეში და დააშორა მთელ მსოფლიოს.

2008 წლიდან კი, განსაკუთრებით, რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა ავტორიტეტი. მთელი მსოფლიო ზიზღით უყურებს რუსულ სახელმწიფოს.

ფარაონი და მისი არმია ზღვის ტალღებმა შთანთქეს. სწორედ ზღვის, შავი ზღვის ნაპირებთან ჩაინთქმება წყლის მორევში რუსული ავადმყოფური იდეა მოსკოვის მესამე რომობისა, მოსკოვეთის მეორე გეოპოლიტიკურ პოლუსად ქცევისა (დარწმუნებული ვარ, რუსეთისათვის კატასტროფული შედეგებით ჩაიშლება 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა და სხვა).

საინტერესოა ბიბლიაში ამ მოვლენებისეული ახსნა (გამოსვლა, 11, 9) "უთხრა უფალმა მოსეს: იმიტომ არ მოგისმენთ ფარაონი, რომ გამრავლდეს ჩემი სასწაულები ეგვიპტის ქვეყნად".

საქართველოს, ახალი იერუსალიმის ტანჯვანი ღვთის გამოცდაა. ქართველი ხალხი თავისუფლებისაკენ სწრაფვაში უკან არ იხევს. ივერიის გამარჯვებაც ისეთივე უსათუო იქნება, როგორც ძველმა ისრაელმა დაამხო ძველი ეგვიპტე. ხოლო ფარაონის ქმედება ეგვიპტის დამხობის, მისი შვილების დაღუპვისა და თვით ფარაონისა და მისი სამხედრო ძალის ზღვის მიერ ჩაყლაპვის წინასწარ მაცნე.

საქართველო, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა - ახალი ისრაელი მიაღწევს აღთქმულ თავისუფლებას!


http://www.georoyal.ge/?m=1000&id=2141

Комментариев нет:

Отправить комментарий