ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 2 февраля 2014 г.

გაუსახურება.10

თავი 10


გაუსახურება


"მტერთა ჩემთა თქუეს ბოროტი ჩემთჳს: ოდესმე მოკუდეს და წარწყმდეს სახელი მისი" (ფსალმ. 40:6)

მორწმუნეებს, რომლებიც ადამიანთა ელექტრონული კოდიფიკაციის წინააღმდეგ გამოდიან, არც თუ ხშირად ეუბნებიან: "გვითხარით, გეთაყვა, რა კავშირი აქვს ამ წმიდად ტექნიკურ და ფორმალურ ოპერაციას რელიგიასთან, სულიერ-ზნეობრივ სფეროსთან?" კავშირი ცხადი გახდება, თუ გავხსნით ამ "ოპერაციის" სულიერ აზრს. მაშინ გავიგებთ, რომ პირადი კოდების და "პიროვნების იდენტიფიკაციის უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების" საკითხი ეხება ადამიანის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების სიღრმეებს, მის ღმრთის ხატებასა და მსგავსებას, ღმრთისგან ბოძებულ თავისუფლებას.

როდესაც ადამიანს სამუდამო და უცვალებელ საიდენტიფიკაციო ნომერს ანიჭებენ, ამით ხდება სახელის შეცვლა რიცხვით, სიტყვიერი სახელის შეცვლა უსიტყვო ნომრით, ანუ ეს არის "ციფრული" სახელი, არსებითის შეცვლა რიცვით. მაგალითად, შევადაროთ: პეტრე - ვინ? 123-ე - რომელი? რომელი ხარ შენ რიგით, რომელი ნომერი მოგანიჭეს? ეს ყოველივე ლაპარაკობს გაუსახურებაზე, პიროვნებისა და სახელის დაკარგვაზე, მაშასადამე - მარადიულ ცხოვრებაზეც...

სულიერი გამხეცება, როგორც პიროვნების დაკარგვა, მეტაფიზიკურად სახელის დაკარგვასთან არის დაკავშირებული. "სახელი გულისხმობს ამა თუ იმ პიროვნებას. სიტყვით ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ნებისმიერ საგანზე; ხოლოს სახელს პიროვნებას ან საერთოდ პიროვნულ საგანს ვარქმევთ (ა. ფ. ლოსევი) (Лосев А. Ф. Диалектика мифа. М., 2001. С. 404).

სიტყვიერს სახელს სიტყვიერი, გონებრივ-პიროვნული არსება ატარებს, ხოლო უსიტყვო "სახელი" აჩვენებს, რომ მისი მატარებელი პირუტყვია. სახელი სულს ეძლევა, რიცხვი კი სხეულს. სახელი შინაგან ადამიანზე მეტყველებს, "მე"-ზე, ციფრული კოდი კი - გარეგანზე, იმაზე, რაც "ჩემია". მაშასადამე, ისინი, ვინც ციფრული იდენტიფიკაციის ამ სისტემას ნერგავენ, ცდილობენ რათა ადამიანებმა დაივიწყონ თავისი უმაღლესი ადამიანური დანიშნულება, ადამიანური ღირსება, თავიანთი შინაგანი პიროვნება და იყონ, გარეგანი, ხორციელი, სულიერი მკვდარი არსებები. მათ სურთ, რათა ადამიანი დაყვანილ იქნას საკუთარ ხორცამდე, შეზღუდულ იქნეს მხოლოდ გარეგანით, ხილულით და გარშემომყოფთათვის იყოს არა პიროვნება, არამედ უსულო ნივთი.

აი, რატომ უწოდებს აპოკალიფსისი რიცხვით სახელს მხეცურს. მხეცური - ნიშნავს გაუსახურებას, იმგვარს, რომელიც ადამიანს ართმევს ღმრთისგან ბოძებულ თავისუფლებას და ღმრთის მსგავს ღირსებას, უკვდავებას, სანაცვლოდ კი გარდააქცევს მას პირუტყვულ არსებად, მხეცად, პირუტყვად. ადამიანი ხდება ერთ ერთი ნივთი მრავალ ნივთს შორის (ამაზე უთითებს კოდირების ერთი და იმავე სტანდარტის გამოყენება ადამიანებისა და ნივთებისთვის), ავტომატური კომპიუტერული სისტემის დანამატი, რომელსაც მართავს ობიექტი, მექანიზმი, რომელიც უსულო ციფრებით არის მარკირებული.

ადამიანის სახელი თუ მისი პიროვნების დადასტურებაა, რიცხვული "სახელი" (უფრო სწორედ რიცხვი სახელის ნაცვლად ანუ ანტისახელი) - ეს არის პიროვნების დაკარგვის მაჩვენებელი. სახელის მეშვეობით ადამიანი ავლენს თავის პიროვნებას, რიცხვის მეშვეობით კი ის ხდება საგანი საგანთა შორის. ძველ რომში, მაგალითად, მონებს არ გააჩნდათ საკუთარი სახელი, მათ "მოლაპარაკე ნივთებს" უწოდებდნენ. ხშირად მონებს უბრალოდ ტომობრივი კუთვნილების მიხედვით ან გამყიდველის ან კიდევ მისი შესყიდვის ადილის მიხედვით მოუწოდებდნენ. მაგრამ ეს იყო არა საკუთარი სახელები, რომელიც მას, როგორც პიროვნებას, გამოარჩევდა სხვა პიროვნებებისგან, არამედ უბრალოდ ინვენტარული ეტიკეტი ან კიდევ ნივთის იარლიყი, რომელიც ბატონის ახირების მიხედვით იცვლებოდა, განსაკუთრებით, როდესაც მონა ერთი ბატონიდან გადადიოდა მეორე ბატონთან (См.: История Древнего мира / Под ред. В. Н. Дьякова и Н. М. Никольского. М., 1959).

დღევანდელი ციფრული სახელები კიდევ უფრო მეტად შეიძლება ადამიანთა საინვენტარო იარლიყებად მივიჩნიოთ, რომლებიც განიხილებიან როგორც ნივთები, რომელთაც აღრიცხვა სჭირდებათ. მითუმეტეს, რომ საიდენტიფიკაციო ნომერი შეიცავს მითითებას ადამიანის, მოცემული "მოლაპარაკე ნივთის" ადგილსამყოფელზე (ან "ახალი მსოფლიო წესრიგისადმი" მისაყიდად?).

ამრიგად, თუ ადამიანი განიხილება როგორც პიროვნული, საკუთარი სახელის მატარებელ არსებად, მას სწორედ ამ სახელით მიმართავენ, რაც მასში განუმეორებელი და ცალკეული პიროვნების არსებობაზე მეტყველებს. ხოლო თუ ადამიანს მისი მაიდენტიფიცირებელი ნომრის მატარებლად მიიჩნევენ და მას ნომრის მიხედვით მიმართავენ, მაშასადამე, მასში პიროვნება უარყოფილია.

პირადი ნომრის მიღების საშიშროება კიდევ იმაშია, რომ "ადამიანის ნუმერაცია პიროვნების გაუქმების ტოლფარდოვანი გახდება". დღეს ადამიანი მოიაზრება არა როგორც პიროვნება, არამედ როგორც რიცხვი. ელექტრონული საინფორმაციო სისტემა ანადგურებს პიროვნების თავისუფლებას. ადამიანს აქცევს საინფორმაციო ობიექტად, თრგუნავს მას და მიჰყავს ის წინასწარ განსაზღვრულ მსოფლმხედველობასთან და ქცევასთან; გარდაქმნის მას ობიექტად, რომელიც მორჩილად მიჰყვება და ასრულებს ახალი მსოფლიო წესრიგის წესდებებსა და აკრძალვებს. ამით ითრგუნება ღმრთისგან ბოძებული პიროვნება. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია საკითხის არსში წვდომისთვის. შეცდომა იქნებოდა ადამიანების ციფრული იდენტიფიცირება განგვეხილა როგორც თავისთავადი მოვლენა და არა თანამედროვე "მხეცური" ეპოქის ფართო კონტექსტში.

წმიდა წერილში მრავლადაა ადგილები, სადაც ადამიანს სახელი ეძლევა დანიშულების მიხედვით, მისიის აღსანიშნავად და ა. შ. აი, რას წერს წმ. იოანე ოქროპირი:"ხოლო სავლე, რომელიც კვლავ მძვინვარებდა და სიკვდილს უქადდა უფლის მოწაფეთ, მღვდელმთავართან მივიდა" (საქმე 9:1). ხოლო ეპისტოლეებში ის პავლედ იწოდება: რატომ შეუცვალა სულიწმიდამ მას სახელი? როგორც ბატონი, რომელიც მონას იყიდის და სურს მას აჩვენოს თავისი ძალაუფლება მასზე, სახელს უცვლის. ასე მოიქცა მაშინ სულიწმიდაც. როგორც ბატონიმა მან დაატყვევა პავლე, ქრისტეანთა ამასწინანდელი მდევნელი და თავის მონად გაიხადა, ამ მიზნით შეუცვალა სახელიც, რათა აქედან შეეცნო, რომ ამიერიდან ჰყავს ახალი ბატონი". აქედან გამომდინარეობს უმაღლესად პრინციპული საკითხი: ვინ და რა მიზნით აძლევს ადამიანებს ახალ ციფრულ სახელწოდებებს? ახალი სახელის მიღება ხომ ახალი ბატონისადმი მონობას და თაყვანისცემას, ასევე შესაბამისი სულის მიღებასაც ნიშნავს.

ცხადია, რომ ღმრთისგან ბოძებული კერძო სახელების უსახურ, მკვდარ რიცხვებზე გადაცვლის ინიციატორი შეიძლება მხოლოდ კაცობრიობის მტერი, ეშმაკი იყოს.

არ არის შემთხვევითი, რომ საეკლესიო ტრადიცია სატანისა და სხვა დაცემულ სულთა აღსანიშნავად იყენებს ისეთ სიმბოლოებს, როგორიცაა (დრაკონი, გველი, თხა, მგელი, ძაღლი და სხვა) ან კიდევ მხეცური ბუნების ცალკეულ ნიშნებს (რქები, ჩლიქები, კუდი, ბეწვი, ეშვები, ბრჭყალები და სხვა). ასე, მაგალითად, იოანე ოქროპირის მიერ შედგენილ ლოცვებში ეშმაკი "გონისმიერ მგლად" იწოდება (იხ. ზიარების აკოლუთიაში). მხეცების გარეგნობა აქვთ მრავალ წარმართულ "ღვთაებებს" (მაგალითად, ეგვიპტური კინოკეფალები - ძაღლისთავება "ღვთაებები"), ჩვენს კი ღმრთის სიტყვიდან, ანუ ბიბილიიდან ვიცით, რომ წარმართთა კერპები - ეშმაკნი არიან (ფსალმ. 95:5). ბოროტი სულით შეპყრობილი ადამიანები ხშირად მხეცივით იქცევიან: ყეფენ, ყმუიან, ღრინავენ, კნავიან და ა. შ. ეს მოვლენა, ჯერ ერთი, მათში სულიერ "მხეცთა" - დემონთა ყოფნაზე უთითბს; მეორედ კი ლაპარაკობს დაცემულ სულთა მისწრაფებაზე მხეცად გადააქციონ ადამიანი. მოსაგრეები ამბობენ, რომ დემონთშეპყრობილობა ღმრთისგან დაშვებულია, როგორც წესი, მძიმე (მაგ.: ბუნებისსაწინააღმდეგო სიძვა-მრუშობისთვის, მაგიისთვის, დემონთთაყვანისცემისთვი და სხვა) ცოდვებისთვის, მათ შორის ოკულტიზმით გატაცებისთვისაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანს თვითონ, თავისი ცოდვებით სიმხეცე შემოჰყავს საკუთარ თავში, მასთან ერთად კი სულიერად შემოდიან გამხეცებული არსებები.

ცნობილია, რომ "თანამედროვე სატანიზმის მამა" ალისტერ კროული (1875-1947), რომელიც ნარკოტიკებისგან გარდაიცვალა, საკუთარ თავს "აპოკალიფსურ მხეცს" უწოდებდა (Духовные основы наркомании / Под общ. ред. иером. Анатолия (Берестова). М., 2002. С. 47). სატანის სხვა მსახური, "საიენტოლოგიის (დიანეტიკის) ეკლესიის" დამფუძნებელი, ლაფაიეტ რონ ჰაბარდი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ის თვითონ არის აპოკალიფსური "მხეცი უფსკრულიდან" (Свящ. Олег Стеняев. Маги, заклинатели, колдуны и чародеи. С. 10). უეჭველია, რომ ეს აზრები მას სატანამ შთააგონა. და ეს არის კიდევ ერთი მოწმობა იმისა, რომ სატანა ადამიანთა გამხეცებისკენ მიისწრაფვის, მას სურს ადამიანთა სულიერი მკვლელობა, რაც ხშირად გამოიხატება ბოროტების შეგნებულ მსახურებზე.

სატანა პირველია, ვინაც უარჰყო საკუთარი პიროვნება და სხვათა გაუსახურებასაც ელტვის. ის პირველი გაუსახურებული-თვითმკვლელია, და, როგორც ამის შედეგი, სხვათა მკვლელიც. აი რატომ იწოდება სატანა (ითარგმნება, როგორც "მოწინააღმდეგე", - ღმრთისა და ყოველი სხვა პიროვნებისა, რომელიც ღმრთის მიერ არის შექმნილი) წმიდა წერილში "კაცისმკვლელად". "მეფედ ჰყავდათ (ადამიანთა მომწყვლელ კალიებს - რედ.) უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ (წარმწყმედელი - რედ.)" (გამოცხ. 9:11). ხოლო სიტყვა "ეშმაკი" ითარგმნება არა მარტო როგორც "ცილისმწამებელი", არამედ როგორც "დამანგრეველი", - ანუ ის არის პიროვნების დამანგრეველი.

ღმრთისგან განვარდნის შემდეგ ნათელმოსილი ანგელოზიდან ის უსახურ და ცივ გონებად, სულიერ მხეცად გარდაიქცა, რომლისთვისაც უცხოა თანაგრძნობა და სიყვარული. ასეთივენი გახდნენ მისი მიმდევარი სხვა ანგელოზებიც, რომლებიც შავბნელ დემონებად იქცნენ. აბსურდულ ღმრთისმბრძოლობაში მათ აირჩიეს მარადიული სიკვდილი და, შურით აღძრულები, იმავეს უსურვებენ ღმრთის მიერ შექმნილ სხვა პიროვნებებს და არა მარტო ადამიანებს, არამედ ნათელ ანგელოზებსაც. მეტიც, მათ ერთმანეთიც სძულთ, და მხოლოდ ბოროტება და გარდაუვალი შურისგების შიში აერთიანებთ. ამპარტავანსა და ამაყს სიყვარული არ ძალუძს. ამპარტავან ადამიანებს შორის შეიძლება იყოს სოლიდარობა და რაღაც სხვა, მეგობრობის მსგავსი, თანაც მხოლოდ ერთ შემთხვევაში, - როდესაც ისინი ერთად გამოდიან მოჩვენებითი ან ნამდვილი მოწინააღმდეგის წინაშე. მაგრამ, როგორც კი "ერთობის ფაქტორი" ქრება, ყოფილი სოლიდარობის კვალიც კი აღარ რჩება. ასეა დემონებშიც. ადამიანებს ისინი გაუცხოებულად უყურებენ, როგორც ობიექტებს, მაშინ როდესაც ღმერთი ყოველ ადამიანში ხედავს სუბიექტს, პიროვნებას, საკუთარ ანარეკლს თავის ქმნილებაში.

გონიერ ქმნილებათა გაუსახურება და სულიერი სიკვდილი არის სატანის ბილწი საკვები. მას სძულს ადამიანი. გაუცხოებულებნი საღმრთო მადლისგან და უსასრულო შურით გაჟღენთილები, ბოროტი სულები გარკვეულწილად კმაყოფილდებიან (იკვებებიან) ბოროტებით, ბოროტი სიხარულით, როდესაც ხედავენ ადამიანს, რომელიც მათსავით კარგავს ღმრთის მსგავსებას და სულიერად წარწყმედის გზაზეა შემდგარი. უფლისთვის კი "საჭმელი და სასმელი" მის მიერ შექმნილ პიროვნებათა ცხოვნებაა და მათთვის მარადიული ცხოვრების მინიჭებაა. ეს არის მისი საქმე და მისი ნება: "უთხრა მათ იესომ: ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე" (იოანე 4:34).

მაცხოვარი გვიხსნის გაუსახურებისგან. მის მიერ კაცთა საცხოვნებლად დაფუძნებული ეკლესია, როგორც რუსი ღვთისმეტყველი ვ. ნ. ლოსკი ამბობს, არის "გარემო, სადაც ხორციელდება ადამიანის პიროვნებათა შეერთება ღმერთთან" (В. Н. Лосский. Очерк мистического богословия Восточной Церкви (глава IX «Два аспекта Церкви»)). ანტიქრისტეს სისტემა კი შლის პიროვნებას და არაფრად გარდააქცევს.

პერსონალურ ნომერს ანტიქრისტეს სისტემა იმიტომ იძლევა, რათა საბოლოოდ ამოშალოს ადამიანის სახელი სიცოცხლის წიგნიდან. აპოკალიფსისში პირდაპირ ნათქვამია, რომ "თაყვანს სცემენ მხეცს" მხოლოდ ისინი, "რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა" (გამოცხ. 13:8). წმ. ანდრია კესარიელი განმარტავს, რომ მხეცი "ყოველ ღონეს იხმარს, რათა დაიმორჩილოს ყველა ტომი და ერი, მაგრამ დაეუფლება მხოლოდ მათ, ვისი სახელიც ჩაწერილი არა რის სიცოცხლის წიგნში" (Свт. Андрей Кесарийский. Толкование на Апокалипсис. М., 1901. С. 104).

Комментариев нет:

Отправить комментарий