ღმერთი

ღმერთი

понедельник, 18 сентября 2017 г.

კულტურული ვითარება ძველ საქართველოში.

ქართლის სამეფოს პოლიტიკურმა ძლიერებამ, მისმა გავლენის გავრცელებამ აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილზე, დიდად შეუწყო ხელი საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობის დაახლოებას. ამ პერიოდში საქართველოს მოსახლეობის შეკავშირება-შედუღება განსაკუთღებით ინტენსიურად მიმდინარეობდა. ამ პროცესს ადგილი ჰქონდა როგორც ენის მხრივ, ისე სულიერი თუ მატერიალური კულტურის დარგში.

ამ ეპოქის მატერიალური კულტურა კანონიერი მემკვიდრეა წინა პერიოდის კულტურისა და ადგილობრივ ნიადაგზეა ჩამოყალიბებულ-განვითარებული, თუმცა მასში გარკვეულად შეინიშნება ბერძნულ-რომაული სამყაროდან მომავალი ნაკადიც, რომელიც ძირითადად საზოგადოების ზედა ფენებში იჩენს თავს.

ხუროთმოძღვრება.

ამდროინდელი ხუროთმოძღვრების ძეგლები ყურადღებას იქცევენ თავისი გრანდიოზულობითა და დახვეწილი ფორმებით. მშენებლობას გამოცდილი ოსტატები ხელმძღვანელობდნენ. მცხეთაში, მაგ. ყოფილა სპეციალური თანამდებობა ,,ხუროთმოძღვრისა და მხატვართუხუცესისა'', ერთი ასეთი პირის, აქოლის, საფლავის წარწერამ ჩვენამდე მოაღწია.

ხუროთმოძღრების ჩვენამდე მოღწეულ ძეგლთაგან ყველაზე გრანდიოზულია არმაზციხე - სამეფო რეზიდენცია- ციტადელი. მისი შენება ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე მე-3 საუკუნიდან დაწყებულა. ძლიერი გალავნის შიგნით აგებული იყო სასახლის ტიპის მრავალი შესანიშნავი ნაგებობა. განსაკუთრებით ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ,,სვეტებიანი დარბაზი'', რომლის კედლებიც დიდრონი, ლამაზად თლილი ქვითაა აგებული, ხოლო შუაში სვეტების მთელი წყება მდგარა.

ამავე ტიპის ნაგებობები გამოვლინდა მცხეთისავე რაიონში სოფელ წიწამურთან. აქ იყო დედაქალაქის მეორე დიდი ციხე-სიმაგრე, რომელსაც ადგილობრივ ,,ზადენციხეს'', ხოლო უცხოელი მწერლები სევსამორას უწოდებდნენ. ასეთივე ციხე-ქალაქი ყოფილა  იმ დროს გორის ციხის ადგილას და სხვა. უფლისციხის კლდეში გამოკვეთილი დარბაზების დიდი ნაწილიც ამ დროისა უნდა იყოს. აქვე უკანასკნელ დროს არქეოლოგებმა გამოავლინეს ამ დროის გალავნის ნაშთებიც. დასავლეთ საქართველოში ანტიკური ხანის ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან აღსანიშანვია ვანის ძეგლები, აგრეთვე ნოქალაქევში გათხრილი ნაგებობები, სადაც, ცოტა უფრო გვიან, ლაზიკის სამეფოს მმართველთა რეზიდენცია იყო.

სასახლის ტიპის ნაგებობების ნაშთები გამოვლინდა არმაზისხევთან(მცხეთის მახლობლად). აქ განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას ქვის მოჩუქურთმებული სვეტისთავი და სასახლის ზოგი სხვა დეტალი. ამ ადგილას ქართლის მეფეთა დიდმოხელეების - ერისთავების ანუ პიტიახშების რეზიდენცია ყოფილა. აქ გაითხარა იმ დროის შესანიშნავი აბანოც, რომელიც დოდმოხელეთა ამავე საგვარეულოს ემსახურებოდა.

ოქრომჭედლობა და ხელოსნობის სხვა დარგები.  

ნამდვილ ხუროთმოძღვრულ ძეგლს წარმოადგენს აგერთვე მცხეთის მიდამოებში( ბაგინეთას და მცხეთის რკინიგზის სადგურთან) გათხირილი მუზეუმები - აკლდამები, რომლებშიც სამეფო საგვარეულოს წევრები იყვნენ დამარხულნი. არმაზისხევთან გაითხარა ერისთავების საგვარეულო სასაფლაო. აქ მიცვალებულები დიდი თლილი ქვებისაგან აგებულ ქვაყუთებში  ყოფილან ჩასვენებული. როცა ზოგიერთ ასეთ ქვაყუთს დიდი ქვის ფილის სახურავი ახადეს, მაყურებელთა თვალწინ ზღაპრული სილამაზე გადაიშალა: მიცვალებულისათვის ჩაუტანებიათ ლალ-ფირუზით და აგრეთვე სხვა ფერადი თვლებით დამშვენებული ოქროს სამკაულები - ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, ყელსაკიდები, მძივები, დიადემები(საშუბლე გვიგვინები) და სხვა . მარტო რამდენიმე ასეთმა სამარხმა , რომელიც აქ გაითხარა, უამრავი ოქროული და ვერცხლეული მოგვცა. აქ ნაპოვნი ბევრი ნივთი ფაქიზი გემოვნებითაა შესრულებული და ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.

მაგრამ, არა მარტო  ოქრო-ვერცხლის ნივთები იქცევენ ამ დროს მატერიალურ კუტურაში ჩვენს ყურადღებას; ოქრომჭედლობასთან ერთად ხელოსნობის ბევრი დარგი ჩანს აქ განვითარებული: კრამიტი, სხვა კერამიკული ნაწარმოები, ლითონის იარაღები თუ საყოფაცხოვრებო ნივთები და ქანდაკებები, მინის ჭურჭელი - ყველაფერი იმ დროის კვალობაზე მათი შემქმნელების მაღალ ოსტატობასა და საერთოდ ქართლის სამეფოს მოსახლეობის კულტურის მაღალ დონეზე მიუთითებს.

დამწერლობა.  

ქართლის სამეფოში ამ დროს ფართოდ იყენებდნენ დამწერლობას. სამწუხაროდ, ჩვენამდე მოაღწია წარწერებმა მხოლოდ მაგარ მასალაზე (ქვაზე, ლითონზე).. ესა ჩვეულებრივ მოკლე წარწერები , რომლებიც შესრულებულია ბერძნულ, არამეულ და ებრაულ ენებზე. განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული იმდროინდელ სამყაროში ბერძნული და არამეული დამწერლობა. ქართლის სამეფოშიც უმთავრესად დამწერლობის ამ სისტემებს იყენებდნენ. ზოგჯერ წარწერას ამ ორივე დამწერლობით აკეთებდნენ.

არმაზისხევთან მაგალითად იპოვეს ჩვ.წ.აღ-ით მე-2 საუკუნის ერთი ორენოვანი (ბერძნულ-არამეული)წარწერა(ბილინგვა), რომელიც ამოკვეთილია ერთერთი ერისთავის (პიტიახშის) ასულის საფლავის ქვაზე. წარწერაში ნათქვამია , რომ სერაფიტი, ფარსმან მეფის პიტიახშის ზევახის ასული და მეუღლე ფარსმანის მემკვიდრე ქსეფარნუგ მეფის ,,ძლევამოსილი და მრავალი გამარჯვების მომპოვებელ ეზოსმოძღვრის'' იოდმანგანისა, გარდაცვლილა 21 წლისა - ,,ახალგაზრდა და იმდენად კეთილი და მშვენიერი, რომ არავინ იყო მისი მსგავსი სილამაზით''.

საკუთრივ ქართული დამწერლობა გარკვეულ სიახლოვეს ამჟღვანებს არამეულ დამწერლობის ქართლში გამოყენებულ სახეობასთან. ამასთან, ძველი ქართული ანბანის ზოგი ასო უფრო არქაული მოხაზულობისაა, ვიდრე არმაზში ნაპოვნი არამეული ასოები.ამიტომაც  ფიქრობენ, რომ ქართული დამწერლობა ძალიან ადრე უნდა  ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ მისი ინტენსიური გამოყენება უკავშირდება ქრისტიანობის გავრცელების ხანას. ქრისტიანული ეკლესიის ღვთისმსახურებას განსაკუთრებით ესაჭიროებოდა , რომ ადგილობრივ ენაზე ყოფილიყო მწერლობა. ჩვენამდე მოღწეული უძველესი თარიღიანი ქართული წარწერა ჩვ. წ. აღ-ით 492-493 წწ. არის ამოჭრილი ბოლნისის ტაძრის ერთ-ერთ სამშენებლო ქვაზე. იგი შესრულებულია ქართული დამწერლობის  უძველესი სახეობით  ეგ.წ. ასომთავ-რულით. კიდევ უფრო ადრეულ ხანაში უნდა იყოს შედგენილი ზოგიერთი იმ ძველ ქართულ წარწერათაგანი, რომლებიც აღმოჩნდა იტალიელი არქეოლოგის მიერ ამ ცოტა ხნის წინ პალესტინაში , იუდას უადბნოში, ბეთლემის მახლობლად გათხრილ ქართული მონასტრის ნანგრევებში. მონასტრის იატაკი შესანიშნავი  მოზაიკით ყოფილა მოჭედილი. სწორედ ამ მოზაიკით მოჭედილ იატაკზე აღმოჩნდა რამდენიმე ქართული წარწერა, რომლებშიც  არაერთი ქართველი მოღვაწეაა მოხსენიებული, მათ შორის პეტრე იბერი  - ცნობილი ფილოსოფოსი და ქართველი მოღვაწე აღმოსავლეთში. წარწერაში  იგი ,,მარუანის'' (,,მურვანოსის'') სახელით არის მოხსე-ნიებული, რომელსაც მის ახალგაზრდობაში ატარებდა. ქართული მონასტერი ბეთლემის მახლობლად პეტრე იბერს V საუკუნის ოცდაათიან წლებში აუშენებია და წარწერები, სადაც იგი  და მისი წინაპრები  იხსენიებიან, ამავე ხანის უნდა იყოს, ე.ი. ნახევარი საუკუნით მაინც უსწერებს ბოლნისის ქართულ წარწერას. პალესტინის ეს უძველესი ქართული წარწერებიც  ქართული დამწერლობის უძველესი  სახეობით - ასომთავრულით  - არის შესრულებული . ჩვ. წ. აღ-ით მე-7-მე-8 საუკუნეებიდან საქართველოში ძველი ქართული დამწერლობის  ახალი სახეობა  - ნუსხური მკვიდრდება, ხოლო შემდეგ გაბატონდა ქართული დამწერლობის თანამედროვე სახე- ეგ.წ მხედრული. ამრიგად, ქართულ დამწერლობას განვითარების გრძელი გზა აქვს გამოვლილი.

რელიგიური წარმოდგენები. ღვთაებათა ძველი ქართული წარმართული პანთეონი.

საქართველოს იმ დროინდელი მოსახლეობა ბუნების ძალებს აღმერთებდა: მრავალღმერთიანობა კვლავ რჩებოდა , ამასთან ჯერ კიდევ განვლილი არ იყო განვითარების ის საფეხური, როდესაც ყოველ კუთხეს თავისი ადგილობრივი ღვთაება ჰყავდა. მაგრამ ქვეყნის გაერთიანებამ გმოიწვია ოფიციალური სახელმწიფო რელიგიისა და ღვთაებათა  საერთო-სამეფო პანთეონის ჩამოყალიბება.პანთეონის სათავეში იდგა მთავრის ღვთაება. მას აქ არმაზს უწოდებდნენ. სამეფო რეზიდენციაც მისი  სახელის მიხედვით არმაზციხედ იწოდებოდა. არმაზციხის უმაღლეს ადგილას, მწვერვალზე მდგარა არმაზის ქანდაკება - იგი ბრინჯასგან ყოფილა ჩამოსხმული. ხელში ხმალი სწერია და თვალები ზურმუხტისა ჰქონია. აქ, კერპის წინაშე დიდი რელიგიური დღესასწაულები იმართებოდა. მტკვარგაღმა მცხოვრები მცხეთელებიც თურმე ყოველდღე , მზის ამოსვლისას, თავიანთი სახლების ბანებზე დაიჩოქებდნენ და თაყვანს სცემდნენ არმაზის კერპს. აქვე იმართებოდა დიდი დარბაზობები , სადაც სამეფოს სხვადასხვა კუთხიდან მოედინებოდა ხალხი. მთვარის ღვთაება არმაზი ომის, ომიანობის ღვთაებად ითვლებოდა. მისი კულტი ფართოდ ყოფილა გავრცელებული ქართლის სამეფოში, როდესაც შემდგომ ქრისტიანობა გაბატონდა , ხალხმა არმაზის თაყვანისცემის ბევრი მომენტი წმინდა გიორგის თაყვანისცემაზე გადაიტანა. ჩვენში ძველად გავრცელებული გიორგობის დღესასწაულები(თავისი ღამის თევით და ბევრი საკულტო რიტუალით, მაგ. ქადაგად დაცემის ჩვეულებითა და სხვა) ძალზე მიაგავს იმ დღესასწაულებს , რომელთაც მართავდნენ ჩვენი უძველესი წინაპრები მთვარის ღვთაება არმაზის პატივსაცემად.

ძალიან გავრცელებული საქართველოს იმდროინდელ მოსახლეობაში მზის კულტიც. თუ მთვარე და მისი განმასახიერებელი ღვთაება არმაზი მამაკაცად, მამაღმერთად იყო მიჩნეული, მზე ქალად, ქალღმერთად ჰყავდათ წარმოდგენილი. მისი ტაძრები საქართველოს არაერთ ადგილას ყოფილა, მაგ. სამხრეთ საქართველოში - მესხების მიწა-წყალზე ან კიდევ ზღვის პირას - ფაზისში (რევანდელ ფოთში).

ძალიან გავრცელებული ყოფილა ნაყოფიერების იდეის გამომხატველი ღვთაება კულტიც. ერთი ასეთი ღვთაებათაგანი, და მასთან ერთერთი უმთავრესი ღმერთი იყო ზადენი, რომლის კერპიც აღმართული ყოფილა ზადენ მთაზე(დღევანდელი ზედაზნის მთის მიდაოებში).

ძველ ქართულ სარწმუნოებაში კიდევ ბევრ სხვადასხვა ღვთაების თაყვანისცემას ვხვდებით. თაყვანსა სცემდნენ , მაგ. ღვთაება კვირიას, ტაროსის(ამინდის, ქარიშხლის) ღმერთს ვობის, მოსავლის ღმერთს არალეს, ქალღმერთ ნანას, მიწის ღმერთს, ცის ღმერთს და ა. შ.

პანთეონში ღვთაებათა მკაცრად დადგენილი უფროს-უმცროსობა არსებობდა  - უმაღლეს ღვთაებებს მოსდევდენენ მეორე რიგის ღვთაებები, კეთილი და ავი სულები. ღვთაებებს თავისი ამალაც ჰყავდათ და ა. შ.


საქართველოს ისტორია.თავი II

საქართველო ელინისტურ და რომაულ ხანაში.




წინა თავები.

საზოგადოებრივი წყობილება საქართველოში პირველი საუკუნის დამდეგს ჩვ.წ. აღ-მდე.

საქართველოს სამეურნეო მდგომარეობა ჩვ.წ აღ-მდე პირველი საუკუნის დამდეგს

რომის დაპყრობითი ომები საქართველოში.

ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნა.



საქართველოს ისტორია.თავი I

საქართველო უძველესი დროიდან ელინისტური ხანის დასაწყისამდე.

პირველყოფილი საზოგადოება საქართველოს ტერიტორიაზე.

პირველყოფილ-თემური წყობილების დარღვევა. საზოგადოებრივი კლასებისა და სახელმწიფოების წარმოშობა.

უძველესი რელიგიური და მითოლოგიური წარმოდგენები ჩვენ წელთაღრიცხვამდე.

დიაოხი და კოლხა.

საქართველოს მეზობელი ქვეყნები ძვ.წ. VII-VI-V საუკუნეებში.

ძველი ბერძნული ცნობები საქართველოს შესახებ.



საქართველოს ისტორია-დან.
შედგენილი აკად. ს. ჯანაშიასა და აკად. ნ ბერძენიშვილის რედაქციით გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების მიხედვით.
შემდგენელ-რედაქტორი - გიორგი მელიქიშვილი.



Комментариев нет:

Отправить комментарий