ღმერთი

ღმერთი

пятница, 12 мая 2017 г.

ვაი შენ, ბაბილონო და აზიავ, ვაი შენ, ეგვიპტევ და სირიავ!

მესამე ეზრა

თავი მეთექვსმეტე


1. ვაი შენ, ბაბილონო და აზიავ, ვაი შენ, ეგვიპტევ და სირიავ!

2. შეიმოსეთ ჯვალო და ფლასი, იტირეთ თქვენი შვილები და იმწუხარეთ, რადგან მოახლოვდა თქვენი აღსასრული.

3. მოვლენილია თქვენზე მახვილი და ვინ იქნება, რომ აგაცდინოთ იგი?

4. მოვლენილა თქვენზე ცეცხლი და ვინ იქნება, რომ ჩააქროს იგი?

5. მოვლენილია თქვენზე უბედურებანი და ვინ იქნება, რომ უკუაქციოს ისინი?

6. ნუთუ ტყიდან გამოსული მშიერი ლომი უკუაქცევს? ნუთუ ჩააქრობს ბზეში ახლადაბრიალებულ ცეცხლს?

7. ნუთუ უკუაქცევს ვინმე ისარს, გატყორცნილს ძლიერი მშვილდოსნის მიერ?

8. ყოველშემძლე უფალი გზავნის უბედურებებს და ვინ იქნება, რომ უკუაქციოს ისინი?

9. გამოვა ცეცხლი მისი რისხვისაგან და ვინ იქნება, რომ ჩააქროს იგი?

10. იელვებს და ვის არ შეეშინდება, დასჭექს და ვინ არ შეკრთება?

11. უფალი დაიმუქრება და ვინ არ შეირყევა ერთიანად მის წინაშე?

12. იძვრის მიწა და მისი საფუძველნი, ზღვა ღელავს ღურღუმელიდან, ბობოქრობენ მისი ტალღები და მისი თევზები უფლის პირისა და მისი ძალის დიდების წინაშე.

13. რადგან ძლიერია მისი მარჯვენა, მშვილდის მომზიდველი; წვერმახია მის მიერ გასროლილი ისრები და მიზანს არ სცდება, როცა ისვრის მათ ქვეყნის კიდეებისკენ.

14. აჰა, მოვლენილია უბედურებანი და არ შეიქცევიან უკან, ვიდრე არ მოაღწევენ დედამიწას.

15. დანთებულია ცეცხლი და არ ჩაქრება, ვიდრე არ შთანთქავს დედამიწის საფუძვლებს.

16. როგორც არ გაბრუნდება უკან ისარი, მაგარი მშვილდოსნის ხელით გატყორცნილი, ასევე არ უკუიქცევა დედამიწაზე მოვლენილი უბედურებები.

17. ვაი მე, ვაი მე, ვინ მიხსნის იმ დღეებში?

18. ტანჯვათა დასაბამი და მრავალი გოდება, შიმშილის დასაბამი და მრავალთა დაღუპვა! ომების დასაბამი და მძლეთა შეშინება, უბედურებათა დასაბამი და ყველას თავზარდაცემა!

19. მე რა ვქნა მაშინ, უბედურებები რომ მოგვადგება?

20. აჰა, შიმშილი და ჭირი, ტანჯვა და წვალება, მოვლენილია როგორც შოლტები ადამიანთა მოსარჯულებლად.

21. და მაინც არ მოიქცევიან უკეთურებათაგან და არც მუდამ ეხსომებათ შოლტები.

22. აჰა, იქნება ყოველწლიური სიიაფე დედამიწაზე, ეგონებათ, ჭეშმარიტი მშვიდობა დადგაო, მაგრამ სწორედ მაშინ წარმოიშობა დედამიწაზე უბედურება, მახვილი, შიმშილი და დიდი აღრეულობა.

23. შიმშილით გაწყდება დედამიწის მკვიდრთა უმრავლესობა და მახვილი მოსპობს დანარჩენთ, ვინც გადაურჩება შიმშილს.

24. ნეხვივით დახვავდება გვამები და არვინ იქნება მათი დამტირებელი, რადგან გაუკაცრიელდება დედამიწა და მისი ქალაქები დაემხობა.

25. აღარავინ დარჩება, რომ მოხნას მიწა და დათესოს თესლი.

26. ხე მოისხამს ნაყოფს, მაგრამ ვინ იქნება მისი მკრეფელი?

27. ყურძენი დამწიფდება, მაგრამ ვინ იქნება მისი დამწურავი? რადგან დიდ უდაბნოდ გადაიქცევა სანახები.

28. კაცს მოენატრება კაცის ხილვა ან მისი ხმის გაგონება,

29. რადგან შემორჩება ქალაქიდან ათიოდე და სოფლებიდან ორიოდე კაცი, ვინც შეაფარებს თავს უღრანებს და კლდეთა ნაპრალებს.

30. როგორც ზეთისხილის ბაღში აქა-იქ ხეებს შერჩება სამი თუ ოთხი ნაყოფი,

31. ან როგორც გაკრეფილ ვენახში იპოვის თითოოროლა მტევანს ბეჯითი მძებნელი,

32. ასე გადაურჩება იმ დღეებში სამი ან ოთხი სახლი იმათ, ვინც მახვილით ხელში მათ გასაჩხრეკად წამოვა,

33. და დარჩება უდაბური მიწა, გაყამირდება მისი ყანები და მის გზებზე და ბილიკებზე ნარ-ეკალი ამოვა, რომ ადამიანმა ვერ გაიაროს.

34. ატირდებიან უქორწინებელი ქალწულნი, ატირდებიან უქმროდ დარჩენილი ქალები, ატირდებიან უმწეოდ დარჩენილი მათი ასულები.

35. საქმროები ომში დაეხოცებათ და ქმრები შიმშილით გაუწყდებათ.

36. მაშ, ისმინეთ ეს და შეიგნეთ, უფლის მორჩილნო.

37. აჰა, უფლის სიტყვა, მიიღეთ იგი; ნუ გჯერათ ღმერთებისა, რომლებზედაც გელაპარაკათ უფალი.

38. აჰა, ახლოვდება უბედურება, არ დაყოვნდება,

39. როგორც ფეხმძიმეს, მეცხრე თვეში მყოფს, მოუწევს მშობიარობის ჟამი და ორი ან სამი საათით ადრე ტკივილები დაუვლის მუცელში, ერთი წუთითაც არ დააყოვნებს ბავშვის გამოსვლა საშოდან,

40. ასევე არ დაიგვიანებს უბედურებები მოვლინებას დედამიწაზე; კვნესა აღმოხდება წუთისოფელს და ტკივილები მოიცავს მას.

41. გაიგონე სიტყვა, ჩემო ხალხო, გაემზადეთ ბრძოლისათვის და ისე იყავით გასაჭირში, როგორც მოსულნი უცხო ქვეყანაში.

42. კაცი ყიდდეს და გასაქცევად ემზადებოდვს; ყიდულობდეს და კარგავდეს;

43. ვაჭრობდეს და სარგებელს ვერ პოულობდეს; აშენებდეს და ვერ სახლდებოდეს;

44. თესავდეს და ვერ იმკიდეს; ვაზს სხლავდეს და ვერ ისთვლიდეს;

45. ქორწინობდეს და შვილებს არ აჩენდეს; ვინც არ ქორწინობდეს, ქვრივივით იყოს.

46. ვინც რისთვის იღვწოდეს, ფუჭად იღვწოდეს.

47. მათ ნაყოფს უცხოტომი მოიმკის და დაიტაცებენ მათ დოვლათს, დაამხობენ მათ სახლებს და მათ შვილებს ტყვედ წაასხამენ; რადგან ეყვეობასა და შიმშილში შობენ თავიანთ ნაშიერთ.

48. ვინც ძარცვა-გლეჯას ეწევიან, რაც მეტ ხანს შეამკობენ თავიანთ ქალაქებსა და სახლებს, თავიანთ საბადებელს და საკუთარ თავს,

49. მით უფრო მოვიძულებ მათ მათი ცოდვებისთვის, ამბობს უფალი.

50. როგორც ბოზსა სძულს ღირსეული და სათნოებით აღსავსე ქალი,

51. ასე მოიძულებს მართლმსაჯულება უკეთურებას, როცა თავს იმკობს იგი, და პირისპირ დასდებს მას ბრალს, როცა მოვა ის, ვინც დაიცავს ყველა ცოდვის გამომჩხრეკელს დედამიწის ზურგზე.

52. ამიტომ ნურც მას მიბაძავთ და ნურც მის საქმეებს.

53. რადგან ცოტაც და, აღიგავება უკეთურება მიწის პირიდან და სამართალი გამეფდება თქვენში.

54. ვერ იტყვის მაშინ ცოდვილი, არ შემიცოდავსო, რადგან აგიზგიზებულ მუგუზლებს დაწვავს უფალი იმის თავზე, ვინც ამბობს: არ შემიცოდავსო უფალი ღმერთისა და მისი დიდების წინაშე.

55. აჰა, უფალმა უწყის ადამიანთა ყოველი საქმე, მათი განზრახვები და მათი ფიქრები და მათი გულები.

56. მან თქვა: იყოს მიწა და იქმნა მიწა; იყოს ცა და იქმნა ცა.

57. მისი სიტყვით დაფუძნდა ვარსკვლავები და მან უწყის ვარსკვლავთა რიცხვი.

58. მან გამოიძია ქვესკნელი და მისი საგანძურები, მან გაზომა ზღვა და მისი წიაღი.

59. მან მოამწყვდია ზღვა წყალთა შუა და წყლებს ზემოთ დაჰკიდა დედამიწა თავისი სიტყვით.

60. მან კამარასავით გადაფინა ცა, წყლებზე დააფუძნა იგი.

61. მან დასხა უდაბნოში წყაროს თვალნი და ტბები მთათა მწვერვალებზე, რათა იდინონ მდინარეებმა მაღალი კლდეებიდან მიწის მოსარწყავად.

62. მან გამოსახა კაცი და ჩაუდო გული მკერდში და და მოუვლინა მას სული, სიცოცხლე და გონება,

63. და სუნთქვა ყოვლისშემძლე ღმერთისა; მან შექმნა ყველაფერი და გამოიძია ყოველივე დამალული მიწის სამალავებში.

64. მან უწყის თქვენი განზრახვები და რასაც გულში ფიქრობთ ცოდვილნი, მსურველნი ცოდვათა დაფარვისა.

65. ამის გამო გამოწვლილვით გამოიძიებს უფალი ყველა თქვენს საქმეს და ყველას სააშკარაოზე გამოგიყვანთ.

66. და შერცხვებით, როცა გამოჩნდება თქვენი ცოდვები ადამიანთა წინაშე და ბრალმდებლებად თქვენი უკეთურებანი იმ დღეს.

67. რას იზამთ? ან როგორ დამალავთ თქვენს ცოდვებს ღვთისა და მისი ანგელოზების წინაშე?

68. აჰა, მსაჯულია, ღმერთი, გეშინოდეთ მისი. გაერიდეთ თქვენს ცოდვებს და დაივიწყეთ თქვენი უკეთურებებანი, განუწყვეტლივ რომ სჩადიხართ, და ღმერთიც გაგიძღვებათ თქვენ და გიხსნით ყოველი სატანჯველისგან.

69. აჰა, გიზგიზებს თქვენთვის ურიცხვი ურდოების რისხვა, გაიტაცებენ ვინმეს თქვენგან და გამოგკვებავენ კერპების ნამსხვერპლით.

70. თუ დაჰყვნენ მათ, მათი სამასხარაო, მათი გასაკიცხი და გასათელი შეიქნებიან.

71. რადგან გახშირდება სხვადასხვა ადგილებში და მეზობელ ქალაქებში თავდასხმანი უფლისმოშიშთა წინააღმდეგ.

72. შეშლილებივით იქნებიან და არავის დაინდობენ, ვინც ჯერ კიდევ უფლისმოშიშნი არიან.

73. გაანადგურებენ და დაიტაცებენ მათ დოვლათს და სახლებიდან გამოყრიან მათ.

74. მაშინ გამოიცდებიან ჩემი რჩეულები, როგორც ოქრო იცდება ცეცხლით.

75. ისმინეთ, ჩემო საყვარელნო, ამბობს უფალი, აჰა, მოაწია განსაცდელის დღეებმა და მე დაგიხსნით მათგან.

76. ნუ გეშინიათ და ნუ მერყეობთ, რადგან ღმერთია თქვენი წინამძღოლი.

77. თუ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და მცნებებს, ამბობს უფალი ღმერთი, არ გადაგწონით თქვენი ცოდვები, არ დაგძლევთ თქვენი უკეთურებანი.

78. ვაი მას, ვინც მოშთობილია თავისი ცოდვებით და დაფარულია თავისი უკეთურებებით, როგორც ღვარძლით მოშთობილი ყანა და ნარ-ეკლით დაფარული ბილიკი, სადაც ადამიანი ვერ გაივლის. გაიხვეტება იგი და ცეცხლს მიეცემა შთასანთქმელად.

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/3ezra/3ezra-16.htm



Комментариев нет:

Отправить комментарий