ღმერთი

ღმერთი

понедельник, 29 мая 2017 г.

თუ შენი ქვეყანა უბედურია, შენ კი - ბედნიერი, სადღაც არ ყოფილხარ პატიოსანი

თუ შენი ქვეყანა უბედურია, შენ კი - ბედნიერი, სადღაც არ ყოფილხარ პატიოსანიდავით გურამიშვილი შვილია იმ ეპოქისა, როცა ჩვენი ქვეყანა ისტორიულ გზაჯვარედინზე იდგა, ქართველი ხალხის ბედ-იღბალი ბეწვზე ეკიდა. მისი განსაცდელებით აღსავსე ცხოვრება და ტრაგიკული ბედი ორგანულად შეერწყა "ქართლის ჭირს". ლევან გოთუა წერდა: თუ შენი ქვეყანა უბედურია, შენ კი - ბედნიერი, სადღაც არ ყოფილხარ პატიოსანიო. 

"დავითიანი" XVIII საუკუნის მხატვრულ მატიანეს წარმოადგენს. დავით გურამიშვილი ერთგული მემკვიდრეა ისტორიის ქრისტიანული გაგებისა, რომლის თანახმადაც უზენაესი მსაჯულის რისხვა კაცობრიობის მიერ არჩეული მრუდე გზის შედეგია. საქართველოში დატრიალებული ცოდვის კითხვაც "საღმრთო საქმეთა" ღალატმა გამოიწვია. 

"უფალთან შეორგულება" ცოდვაა
დავით გურამიშვილი ჩამოთვლის ერის დაცემის მიზეზებს. 

ქართველი ერის ცოდვიანი მისწრაფებების შედეგად წარმოშობილ უსამართლობას, ძალადობას, ბიწიერებას დაუნდობლად კიცხავს პოეტი. ამ ბოროტებას ურჩობა, ღვთისგან განშორება, ღვთის დავიწყება ჰქვია. გურამიშვილი ქართლის კატასტროფის დასაწყისს ადამის ცოდვას უკავშირებს. ადამის ურჩობა კვლავ მეორდება მის მოდგმაში:

ქართველები გაორგულდნენ, აღარ ემსახურებიან აღარც უფალს და აღარც მის მიერ დანიშნულ მეფეს. მეფობა ღვთისგანაა და მისი მორჩილება აღიქმება უფლის მორჩილებად. გულმანკიერმა ქართველებმა კი ეს დაივიწყეს, რადგანაც "შეუხდათ ეშმაკის მანქანებანი" - მლიქვნელობამ, ფარისევლობამ მოიკიდა ფეხი: "ბაგით პატივ-სცეს, აჩვენეს გული მტყუარი ზაკვისა" (სახარებისეული პერიფრაზია). ყურად არ იღეს, არ ირწმუნეს ღვთისმშობლის გაფრთხილება და სინანულისკენ მოწოდება:

"დაყრუვდნენ, ბრმანი შეიქმნენ,
საქმე ქნეს გასაშტერები".

სულიერმა სიბრმავემ და სიყრუემ მოიცვა ერი. 

პოეტი ბრალს სდებს, დაუნდობლად ამხელს ყველას: შინაურსაYთუ გარეულს, ერსა თუ ბერს, დიდსა თუ პატარას, იმის მიხედვით, თუ ვის რა წილი მიუძღვის საქვეყნო საქმის წახდენაში. სასულიერო პირებსაც დაუტოვებიათ სიმართლე და ჭეშმარიტება:

"თუმც იყვნენ ხუცეს-ბერები,
მათაც კარგი ქმნეს ვერები".

თვალწინ იშლება მძიმე, გულისმომწყვლელი სურათი საქართველოს მკვიდრთა სულიერი ცხოვრების დაძაბუნებისა. სიმამაცე, გამბედაობა დაიკარგა. მამაკაცები "დაჯაბნდნენ". აღარც მიჯნურთათვის თავმოსაწონებლად, აღარც სატრფოს გადასარჩენად აღარ გამოიღებდნენ ხელს. 

უფლის საიდუმლოებებს აბუჩად იგდებენ და ცოდვის მორევში თავაწყვეტით ეშვებიან:

"გვირგვინის ცოლი გაუშვეს,
ხარჭათა შექმნეს რბოლანი".


გურამიშვილის მიერ შთამბეჭდავი მხატვრული ხერხებითაა დახატული და წარმოდგენილი მთელი ეპოქის ხასიათი, სულიერი კარდიოგრამა:

"შეიქმნა დიდი მტერობა,
თქმა ერთმანეთის ძვირისა,
ამპარტავნობა და შური,
ურცხვად გატეხა პირისა, 
ავაზაკობა, ქურდობა,
გზებზე დასხდომა მზირისა,
ტყვეობა, მოკვლა, ტაცება -
ქვრივთა, ობოლთა, მწირისა". 


ჩამოთვლილმა ცოდვებმა ერი დაიმონეს და ქვეყანა დაღუპვის პირამდე მიიყვანეს. 

სასჯელი - "საწყაულის მოწყვა ღვთისგან"
სწორედ უჩინო მტრის ძალისხმევით ჩადენილ ცოდვათა გამო ატყდება თავს განსაცდელი "ცოდვის სამეფოს" - საქართველოს. უსჯულოების გამრავლების გამო უფალი გულისწყრომას მოუვლენს:

"მან ბრძენთა ბრძენმან რა ეს სცნა,
ბრძანა აღება ხელისა,
რისხვით გაშვება მის თემთა,
გარდახდა საფარველისა.
მიუგო: რჯულთა გამრყვნელნო
ახალისა და ძველისა!
თქვენცა იხილოთ ამიერ
მოსპოლვა საფუძველისა".


მიწისძვრა, სტიქიური უბედურებები, მოუსავლიანობა, შიმშილი, განადგურება ქართველთა ბიწიერ ცხოვრებას უკავშირდება:

"მათ ღმერთსა სცოდეს, ღმერთმან მათ
პასუხი უყო ცოდვისა". 


იმის მაგივრად, რომ გამოიჩინონ სულიერი მღვიძარება, გულისხმაყონ სასჯელი, შეინანონ ცოდვები, დაუბრუნდნენ "ვიწრო გზას სიცოცხლისაკენ" და დაინახონ საუკუნო ცხოვრების შესაძლებლობა, ქართველები ამ ურთულეს გამოცდას ვერ აბარებენ.

სასჯელი კიდევ უფრო გამრავლდა. უცხო და უწყალო ეპიდემიებმა მოიცვა საქართველო, გამძაფრდა პოლიტიკური, საერთაშორისო ვითარება. რამდენიმე დიდი ქვეყანა ეცილებოდა ერთმანეთს დასუსტებული სამეფოების ხელში ჩაგდებას. თავი აიშვეს დაღესტნელმა აბრაგებმა, რომლებიც მკალივით მოედვნენ ქართლ-კახეთის სანახებს:

"თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი,
ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,
სრულად ქართლის მტერნი იყვნენ,
ყველამ წაჰკრა თითო ქიშტი!"


კიდევ უფრო გახშირდა ძმათა სისხლისმღვრელი ომები. დასუსტებული ხელისუფლება უძლური იყო, აელაგმა განუწყვეტელი კინკლაობა დიდგვაროვანთა შორის. აღზევების მოსურნე ფეოდალები ცალ-ცალკე უკავშირდებოდნენ უცხო ძალებს და სთავაზობდნენ სამსახურს საკუთარი ქვეყნის დასათრგუნად:

"მერმე შინათ აიშალნენ,
ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი;
თავის თავსა ხმალი იცეს,
გულსა მოიხვედრეს ხიშტი".


ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის დაუსრულებელ შეტაკებებს პოეტი ადარებს მამლების ძიძგილაობას, რითაც მარჯვედ სარგებლობდა კარს მომდგარი ათასი ჯურის მტერი და გადამთიელი. 

გურამიშვილის მიერ წუთისოფლის ამაოებრივ-ფილოსოფიური ხედვა ქრისტიანული მრწამსით არის ნაკარნახევი:

"ფუ შენ, ცრუო საწუთროო, 
რად არ მძულდი, რად მიყვარდი?!"


მართლის თქმის პრინციპი
გურამიშვილი საოცარი სიზუსტითა და ობიექტურობით აღწერს "ქართლის ჭირის" შემზარავ ეპიზოდებს და მისი შეფასება გაჯერებულია წმინდა წერილის სულით.

ქვეყნის მძიმე ხვედრზე დაფიქრებული პოეტი-მემატიანე კეთილისა და ბოროტის პირუთვნელი მსაჯულიც არის და მისივე ხალხის "წყლულების მოზარე" ჭირისუფალიც:

"მოვიტიროთ ჩვენ სამკვიდრო
თავში ხელის შემოკრებით,
ვით დავკარგეთ ჩვენ ქვეყანა
ჩვენდა გარეშემო მტრებით". 


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გურამიშვილის ალღო ისტორიის მიმართ. ისტორიულ მოვლენათა სწორი კვალიფიკაციით, ანალიზითა და განზოგადების ძალით "დავითიანი" ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოებია. 

გურამიშვილი ჟამთააღმწერლის პრინციპის გამგრძელებელია - "ისტორია ჭეშმარიტების მეტყველება არს და არ თვალახმა ვისთვისმე". ესეც "შინაგანი სიმართლის" ხმითა და პატიოსნების ღრმა გრძნობით არის ნაკარნახევი. თუმცა სიმართლის აღიარება საშიშია და გაბედულებას მოითხოვს, 

"მაგრამ ფარვა სიავისა
ქვეყანას არ მოუხდების".


ღმერთისთვის ისედაც ყველაფერი კარგადაა ცნობილი, ამიტომ ავის კარგად გასაღება გამორიცხულია. მხილებას აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს.

პოეტის გულისტკივილი თავისი ერის სიყვარულით არის გაჯერებული:

"მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი
სატკივარი არა ჰფარავს,
მეტად მწარედ გული მტკივა,
მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს". 


საქართველო უკუღმართად გადახნულ მინდორს დაემსგავსა. პოეტის მიერ ქართლის ჭირის ობიექტური წარმოჩენა ემსახურება ადამიანებში იმ შეგნების ჩამოყალიბებას, რომ ღვთის განგება უცდომელია, იგი ჩვენი დამსახურებისამებრ მოგვიზღავს. გურამიშვილი ადამიანთა ფიქრს წარმართავს ისტორიის მისტიკური არსის ამოცნობისკენ - ისტორიაში არსებობს ღვთაებრივი ლოგიკა და შემთხვევითი ფაქტების ქაოსურ სამყაროში უნდა დავინახოთ უმთავრესი, დაფარული სულიერი აზრი, მიზეზშედეგობრივი კავშირები; ის წესრიგი და საბოლოო მიზანი, რომელსაც უფლის ხელი მართავს. 

პოეტი მხატვრული შთამბეჭდაობის ძალით ღრმა ფილოსოფიური დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა:

"უკუღმართად ხვნამ და ფარცხვამ
ეს ნაყოფი გამოიღო:
მოგვითხარა ქართლ-კახეთი,
ძირ-ფესვიან ამოიღო". 


ეს ნაწარმოები საქართველოს ცხოვრების ბევრად უფრო ფართო სივრცეებს სწვდება. ჩვენი ხალხის სულიერი ავ-კარგის წარმოჩენა მიმართულია იმისკენ, რომ ღვთის რისხვა არ უნდა აღვიქვათ ბოროტებად, არამედ მხსნელ და გამომსწორებელ, განმაკურნებელ სიკეთედ. გურამიშვილის აზრით, ომები, ავადმყოფობები, უბედურებები ღმერთმა მოუვლინა საქართველოს, რათა საბოლოოდ ამით უზრუნველყოს ქართველი ხალხის ცოდვებისგან გამოხსნა და კვლავ ღმერთთან დაბრუნება. უნდა გავაცნობიეროთ ღვთის მზრუნველობა ჩვენი ერის მიმართ, დავფიქრდეთ ცალკეული ფაქტის სულიერ მიზეზებზე და შედეგები გამოვიყენოთ ცხოვრების გზის მაჩვენებლად: ეკლესიისა და ქრისტიანობის განსადიდებლად.

Комментариев нет:

Отправить комментарий