„ნუ სცთებით: განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი“
(1 კორინთ. 15, 33[*])
დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც ძალიან აქტუალურად დგას სკოლებში „სექსუალური აღზრდის“ საგნის შეტანით გამოწვეული მრავალი ზნეობრივი და სულიერი ხასიათის პრობლემა. ჩვენი ქვეყნის სასწავლო გეგმაში საბედნიეროდ არ არის ჩართული ის საკითხები, რომლებიც ასე მწვავედ განიხილება დღეს ევროპის სკოლებში. თუმცა, ვფიქრობთ, გვმართებს საფუძვლიანად გავეცნოთ იმ საფრთხეებს, რომლებმაც, შესაძლოა, გამოძახილი ჩვენს ქვეყანაშიც ჰპოვოს.
უკანასკნელ წლებში ოჯახის ტრადიციული ფასეულობების დაცვის მიზნით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საზოგადოება აწყობს მრავალათასიან დემონსტრაციებს. ეს გამოსვლები მიმართულია გენდერული იდეოლოგიისა და ბავშვების საყოველთაოდ აუცილებელი სექსუალური აღზრდის წინააღმდეგ. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამოქალაქო მოძრაობები საფრანგეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, იტალიაში და სხვ. განსაკუთრებული თანმიმდევრობით გამოირჩევა საფრანგეთისა და გერმანიის მოწინავე საზოგადოება. სახალხო მოძრაობამ საფრანგეთში ნაწილობრივ მიაღწია მიზანს და შეძლო გარკვეული კორექტივების შეტანა ახალი საგნის სასწავლო პროგრამაში. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გერმანიის ყველა მსხვილ ქალაქში მოეწყო მრავალათასიანი გამოსვლები ბავშვების სექსუალიზაციის წინააღმდეგ. გერმანელი მშობლები გაერთიანდნენ სამოქალაქო მოძრაობაში „შეშფოთებული მშობლები“ (“Besorgte Eltern”). მათი ორგანიზებით მსგავსი ღონისძიებები მოეწყო კიოლნში, ფრანკფურტში, ჰამბურგში, ჰანოვერში, მაგდებურგში და გერმანიის სხვა ქალაქებში. ეს საპროტესტო აქციები 2014 წელს მედიით მწირად გაშუქდა.
2014 წლის 22 მარტს კიოლნში გერმანიის სამოქალაქო საზოგადოება „შეშფოთებული მშობლების“ ინიციატივით შედგა მორიგი მიტინგი დაწყებით სკოლებში საყოველთაო და აუცილებელი „სექსუალური აღზრდის“ საგნის იძულებითი შემოღების წინააღმდეგ. საპროტესტო აქციაზე დასასწრებად კიოლნის საკათედრო ტაძართან, კოკისპირული წვიმის მიუხედავად, 1300-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მორიგი აქციის მიზეზი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილება მარტინესების მრავალშვილიანი ოჯახის წინააღმდეგ. მეუღლეებს იოჰენესსა და ლუიზა მარტინესებს მიესაჯათ ერთდღიანი გამაფრთხილებელი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა იმის გამო, რომ მათ უარი განაცხადეს თავიანთი გოგონა დასწრებოდა სკოლაში სექსუალური აღზრდის გაკვეთილებს. ამის გამო, გოგონას დედას საბოლოოდ სასამართლომ შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 თვით. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე უარი თქვა მედიამ, მიტინგზე მოვიდა მრავალი ადამიანი როგორც გერმანიიდან, ასევე საზღვარგარეთიდან. თუმცაღა, ჩინოვნიკებს ამ საპროტესტო აქციაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. იმის გამო, რომ თვენახევრის წინ ლუიზას მეცხრე შვილი შეეძინა, იუსტიციის სამინისტროდან მან მიიღო უწყება, რომ პატიმრობა გადაუვადეს და 6 თვის შემდეგ იგი სასჯელს მაინც მოიხდის. სკოლაში, სადაც მსჯავრდებულების შვილები სწავლობენ, მასწავლებლები და ადმინისტრაცია ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა. მარტინესები აცხადებენ, რომ გერმანიის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებები მსგავს აქციებს ნაკლებად აშუქებენ და თუ აშუქებენ, მხოლოდ ნაწილობრივ და ტენდენციურად, თითქოს გერმანია სრულებით არ არის დაინტერესებული ბავშვების ჯანსაღ აღზრდაში. ინტერვიუ მარტინესებთან მიტინგზე ჩაიწერეს გერმანული საზოგადოებრივი ორგანიზაციის „დროის არსის“ წარმომადგენლებმა. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აღნიშნა, 2014 წლის იანვრის მიტინგის შემდეგ გერმანიის საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გააცნობიერა, რომ ქვეყანაში არსებობს ბავშვების ნაადრევი ძალადობრივი სექსუალიზაციის პრობლემა. სექსუალური აღზრდის ახალი სტანდარტების შემოღება არღვევს ტრადიციული ოჯახის ღირებულებებს ქვეცნობიერ დონეზე, რაც ჯანსაღ საზოგადოებას ბრბოდ და ადვილად სამართავ, მომხმარებელ საზოგადოებად გარდაქმნის. მიტინგის მონაწილენი მიიჩნევენ, რომ „საზოგადოებაზე ზრუნვა ნიშნავს ზრუნვას ოჯახზე“. გერმანიის მოქალაქეები ერთიანდებიან და ქმნიან თანამოაზრეთა გაერთიანებებს. მათი მიზანია სამშვიდობო დემონსტრაციების მოწყობის გზით, საზოგადოებაში რეზონანსის მიღწევა, რათა აიძულონ გერმანიის მთავრობა, ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს. დემონსტრაციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გერმანიის მოქალაქეები არ არიან ინფორმირებულები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ხდება სკოლებში სექსუალური აღზრდის გაკვეთილებზე.
ერთ დემონსტრაციაზე საჯაროდ წაიკითხეს გერმანიის სკოლების IV კლასის სექსუალური აღზრდის საგნის სახელმძღვანელოები და მეთოდური ლიტერატურა, რამაც საზოგადოება შოკში ჩააგდო. გერმანიის განათლების სისტემის მესვეურნი ქვეყნის მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ ახალი საგნის გაკვეთილებზე მოსწავლეებთან ექნებოდათ საუბრები მოზარდებში მიმდინარე ასაკობრივ ფიზიოლოგიურ ცვლილებებზე, ჰიგიენურ საკითხებზე, განუმარტავდნენ, როგორ ჩნდებიან ბავშვები. ამის სანაცვლოდ, სახელმძღვანელოებში უმთავრესად ყურადღება გამახვილებულია სექსის ტექნიკაზე და თვითდაკმაყოფილების პრაქტიკაზე; ამასთან, მასალა მიწოდებულია ვრცელი დეტალიზაციით, თანდართული აქვს დიდი რაოდენობით ილუსტრაცია და მეთოდურ ლიტერატურაში გათვალისწინებულია შესაბამისი უხამსი ფილმების დემონსტრირება გაკვეთილებზე ამგვარად, ადამიანის აგებულების, ფიზიოლოგიისა და ჰიგიენის შესწავლის ნაცვლად, ბავშვებს ადრეული ასაკიდან მიზანმიმართულად, ძალადობრივად უღვიძებენ სექსუალურ სურვილებს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ასაკის ბავშვებს რცხვენიათ საუბარი ამ თემაზე, ისინი ინტუიტიურად გრძნობენ, რომ ამის ცოდნა მათ ასაკს არ შეეფერება და მასწავლებლის კითხვაზე: „გსურთ, შეიტყოთ სექსის შესახებ?“ პასუხობენ: „არა!“ მიუხედავად ამისა, მასწავლებლები მაინც თავს ახვევენ უხამს ინფორმაციას და აგულიანებენ: „ეს ხომ ძალიან საინტერესოა და ამაში სასირცხვილო არაფერი არის!“ დაწყებით კლასებში საშინაო დავალებად ამ საგანში მოსწავლეებს აძლევენ გასაფერადებელ ნახატებს, რომლებზეც გამოსახულია სასქესო ორგანოები; მოსწავლეები სწავლობენ უსაფრთხო სექსის საშუალებებს და სხვ. საბავშვო ბაღებში შემოღებულია „განმავითარებელი თამაში“ „სტაფილოს მეფე“ («Karottenkönig»). ამ „თამაშის“ არსი იმაში მდგომარეობს, რომ პატარებს ასწავლიან სტაფილოზე პრეზერვატივის ჩამოცმას. შვეიცარიის საბავშვო ბაღებში დანერგილია ე.წ. „სექსუალური ჩემოდანი“, რომელშიც ინახება რბილი „სათამაშოები“ ბავშვებისთვის – მაგრამ ეს თოჯინები კი არა, არამედ სათამაშოდ განკუთვნილი სასქესო ორგანოებია…
სამშვიდობო დემონსტრაციებში მონაწილე მშობელთა აზრით, საკუთარი შვილების აღზრდის კონსტიტუციური უფლებების შელახვის მიღმა ისინი ხედავენ ჩინოვნიკებისა და მათზე ზემდგომი საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივას, – შესაძლებელი გახადონ პედოფილიის ლეგალიზაცია. მშობლების აზრით, გერმანიის ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების იგნორირება და კვლავინდებურად განაგრძობს თავისი მიზნების განხორციელებას. ამის შესახებ ერთ-ერთმა მშობელმა ხატოვნად აღნიშნა: „ბაყაყი წყალში რომ ჩააგდო და წყალი ნელ-ნელა შეათბო, ბაყაყი ვერც კი იგრძნობს, როგორ ადუღდება წყალი.“
კიოლნის დემონსტრაციამდე, სადაც მშვიდობიან დემონსტრანტებს თავს დაესხა ლგბტ წარმომადგენლების ჯგუფი, არავის უფიქრია მომიტინგეების დაცვის საჭიროება. ამ ინციდენტის შემდეგ მსგავს დემონსტრაციებს იცავენ მშობლების თანამოაზრე ახალგაზრდა მამაკაცებით დაკომპლექტებული ჯგუფები. თუმცა ლგბტ აქტივისტები სულ უფრო მეტად აგრესიულები ხდებიან.
ამა წლის 29 თებერვალს ხალხმრავალი მსვლელობა გაიმართა გერმანიის კიდევ ერთ ქალაქში – შტუტგარტში. შტუტგარტის დემონსტრაციის ორგანიზატორი გახდა საერთაშორისო მოძრაობა „მანიფესტაცია ყველასათვის“ (გერმ. “Demo für alle”). აღნიშნული ორგანიზაცია 2013 წელს საფრანგეთში დაფუძნდა, ტრადიციული ოჯახის ფასეულობათა დაცვის მიზნით. მასში გაწევრიანებულია მილიონობით ადამიანი და მისი ორგანიზებით ტარდება მრავალათასიანი დემონსტრაციები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
აქციის დაწყებამდე ბევრად ადრე, გერმანელები მთელი ოჯახებით მივიდნენ. ცენტრალური მოედანი გაივსო ყველა თაობის წარმომადგენლით. მრავალმა დემონსტრანტმა მიიტანა თვითნაკეთი ტრანსპარანტები შემდეგი ლოზუნგებით:
„დაიცავით მშობლების უფლებები!“
„შეწყვიტეთ გენდერული იდეოლოგია და ჩვენი ბავშვების გარყვნა!“
„მამა, დედა და ბავშვები – ოჯახი ყველაფრის სათავეში!“
„დაიცავით ჩვენი შვილები!“
„შეწყდეს გენდერული გეგმა და ჩვენი ბავშვების სექსუალიზაცია!“
„ჩვენს შვილებს მხოლოდ საუკეთესო: დედა და მამა!“
„ჩვენი შვილები საცდელი ბოცვერები არ არიან!“
ფონდ „ოჯახური ფასეულობებისთვის“ წარმომადგენელმა ნორბერტ ნოიხაუსმა შეკრებილ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: „ლგბტ მოძრაობების წევრები ცდილობენ, დაამკვიდრონ სასკოლო პროგრამაში თავისი იდეოლოგია, თავს მოახვიონ საზოგადოებას თავიანთი იდეები, – თითქოს მისაღებია გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობები. ამიტომ მრავალი მშობელი გამოდის ამის წინააღმდეგ… საკითხი ეხება მშობელთა უფლებებს – სწორედ მშობლებმა უნდა განსაზღვრონ თავიანთი შვილების განათლების ვექტორი“.
დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ვერნერ პატცელტმა ჟურნალისტებს განუცხადა: „რასაც თქვენ დღეს გერმანიაში ხედავთ, ეს არის ერთგვარი კულტურული შეჯახება საზოგადოების ორ ნაწილ შორის: ნაწილს სურს მხარი დაუჭიროს ტრადიციულ ოჯახსა და ტრადიციულ გერმანულ კულტურას, ხოლო მეორე ნაწილი ამბობს, რომ გერმანია უნდა იქცეს მულტიკულტურულ და მულტიეთნიკურ საზოგადოებად. ამიტომ ამგვარი შეჯახებები გარდაუვალია და მომავალშიც ამის მოწმენი გავხდებით გერმანიის ყველა მხარეში.“
აქციაზე შეგროვდა ხელმოწერები საგანგებო მიმართვაზე გერმანიის ბუნდესკანცლერის, ანგელა მერკელის სახელზე. ამ ინიციატივით გერმანიის მოქალაქეებმა შეახსენეს სახელმწიფოს მეთაურს, რომ ქვეყნის კონსტიტუციით „ქორწინება და ოჯახი იმყოფება სახელმწიფოს განსაკუთრებული დაცვის ქვეშ“.
დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღეს არა მარტო ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის მოსახლეობამ, არამედ ქვეყნის სხვა მხარეებში მცხოვრებმა გერმანელებმა და ასევე, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საფრანგეთიდან.
მიტინგზე საჯაროდ წაიკითხეს ოფიციალური მხარდამჭერი წერილი კათოლიკური ეკლესიიდან. დემონსტრანტების მოთხოვნები ტრადიციული ოჯახის შენარჩუნებასა და სკოლებში სექსუალური აღზრდის გაკვეთილების გაუქმებას შეეხო. საქმე ისაა, რომ 2015-2016 სასწავლო წლიდან ბადენ-ვიურტემბერგის მაცხოვრებელთათვის სექსუალური აღზრდა აუცილებელ საგნად არის მიჩნეული დაწყებით კლასებშიც. „მწვანეთა“ პარტიის და ლგბტ მოძრაობების მიერ ლობირებული სასწავლო გეგმის ფარგლებში უმცროსი კლასების მოსწავლეები სკოლებში შეისწავლიან „სექსუალურ უმცირესობათა ისტორიასა და კულტურას“ და ასევე სექსუალური ურთიერთობების მრავალფეროვნებას. ზემოხსენებულმა სასწავლო გეგმამ სერიოზული პროტესტი გამოიწვია გერმანიის მოსახლეობაში. ჯერ კიდევ 2014 წელს თავიანთი შვილების მომავლით შეშფოთებულმა ფედერაციული გერმანიის 200 ათასამდე მოქალაქემ ხელი მოაწერა პეტიციას ამ სასწავლო გეგმის გაუქმების მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, სასწავლო დისციპლინა მიმდინარე წელს არა მარტო შემოიღეს, არამედ აუცილებელიც გახადეს. ამიტომ შტუტგარტის საპროტესტო დემონსტრაცია სკოლებში სექსუალური აღზრდის წინააღმდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა გერმანიაში. მასში მონაწილეობა მიიღო 4600-ზე მეტმა ადამიანმა. აქციას დაესწრნენ მედიის წარმომადგენლები და იგი გააშუქა გერმანიის ტელევიზიამ და პრესამ.
მსვლელობას იცავდა პოლიციის კორდონი. მიუხედავად ამისა, ლგბტ მოძრაობის წარმომადგენლები შეეცადნენ, დაერბიათ დემონსტრანტები. ლგბტ მოძრაობები მთელ მსოფლიოში გამოირჩევიან აშკარა აგრესიულობით და არ გააჩნიათ არავითარი ტოლერანტობა თავიანთი ოპონენტების მიმართ. შტუტგარტში ისინი შეეცადნენ გაერღვიათ პოლიციის მიერ დემონსტრაციის დასაცავად აღმართული ლითონის საგანგებო ჯებირები და მოეხდინათ დემონსტრანტების პროვოცირება. ეს მოქმედებები ლგბტ აქტივისტებს წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი, რის შესახებაც ღიად წერდნენ თავიანთ ბლოგებში. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ-ების მომხრეები სულ 250 კაცი იყო, მთელი დემონსტრაციის განმავლობაში ისინი პერმანენტულად ცდილობდნენ კონფლიქტის გაღვივებასა და პოლიციის კორდონის გარღვევას.
დემონსტრაციის დასრულების შემდეგაც ლგბტ რადიკალები განაგრძობდნენ პროვოკაციებს – ასხამდნენ პოლიციელებს წყალს და აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. სამართალდამცველები იძულებული გახდნენ, პროვოკატორების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და ხელკეტები გამოეყენებიათ. პოლიციასთან შეტაკების შედეგად დაზარალდა სამი სამართალდამცველი და 15 აქტივისტი. ლგბტ-ების მომხრეებს ჰქონდათ აღმართული ტრანსპარანტები, რომლებშიც ბრალს დებდნენ გერმანელ მშობლებს ფაშიზმსა და სექსიზმში. მიტინგზე მისული ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები სკანდირებდნენ: „ჩვენი შვილები ჩვენნაირები იქნებიან!“ ზოგიერთ მათგანს ხელთ ეპყრა პლაკატები წარწერით: „უკან შუასაუკუნეებში? არა, გმადლობთ!“ მაგრამ მათი ცინიზმის აპოგეა იყო ტრანსპარანტი წარწერით: „ჰომოფობია განკურნებადია!“ პოლიციის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს სერიოზული ექსცესების თავიდან აცილება.
„ჩვენი შვილები ჩვენნაირები იქნებიან!“
აღნიშნული საზოგადოებრივი კონფლიქტის მნიშვნელოვან ასპექტად გვევლინება ის, რომ ლგბტ-ების მომხრეთა ნაწილი წარმოადგენს „ევროპელ მემარცხენეებს“, რომლებიც „სექსუალურ უმცირესობათა“ უფლებებს იცავენ სოციალისტური თანასწორობის ეგიდით, ამიტომ მათი დიდი ნაწილი აქციებზე წითელი დროშით გამოდის.
გარდა ამისა, გერმანელი მშობლების სამართლიანი პროტესტი ცდილობს სათავისოდ გამოიყენოს არაერთმა პოლიტიკურმა პარტიამ. ასეთი ვითარებაა არა მარტო გერმანიაში, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც. ამ მოძრაობებს ცდილობენ სათავეში ჩაუდგნენ სხვადასხვა მემარჯვენე ძალები. ამ მხრივ ვითარება პოლიტიკურად იმუხტება და იქმნება მეტად სახიფათო სიტუაცია – საბოლოოდ საზოგადოებას თავს ახვევენ არჩევანს რადიკალურად მემარჯვენე ძალებსა და ულტრალიბერალიზმს შორის.
შტუტგარტის მიტინგზე ცისარტყელას ფერების დროშებს ამოფარებული ლგბტ აქტივისტები მამაკაცებს წელს ქვემოთ ურტყამდნენ და სახეში მწვავე წიწაკის ექსტრაქტის აირს ასხურებდნენ. ამ სანახაობას მშვიდად შეჰყურებდნენ სამართალდამცველები. თუმცა დემონსტრანტების კონფლიქტი ლგბტ წარმომადგენლებთან ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე დაიწყო. ლგბტ-ები ცდილობდნენ არ დაეშვათ მიტინგის ჩატარება. დემონსტრანტები შეეცადნენ აეხსნათ მათთვის, რომ ისინი ჰომოფობები არ არიან და ილაშქრებდნენ მხოლოდ ბავშვების ნაადრევი სექსუალიზაციის წინააღმდეგ, მაგრამ მათ არავინ მოუსმინა.
მიტინგის მონაწილეები ამბობენ, რომ გერმანიის მოქალაქეთა ნაწილი ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ აცნობიერებს მოსალოდნელ საფრთხეს და მათ კვლავინდებურად სჯერათ ჩინოვნიკების, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს ასეთი „განათლება“ დაიცავს ბავშვებს ინტერნეტსა და ტელევიზიაში არსებული „სექსუალური ინფორმაციისგან“. თუმცა ნაადრევი ორსულობის რიცხვის შემცირების საბაბით, გერმანიის ხელისუფლება სინამდვილეში ხელს უწყობს ნაადრევი სექსუალური სურვილების სტიმურილებას.
გერმანული ორგანიზაციის „შეშფოთებული მშობლების“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, ბატონმა გერდ ხენსბერგერმა (Gerd Henrsberger) აღნიშნა, რომ საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება, რადგან გერმანიის ზოგიერთ ნაწილში ეს პროგრამები სკოლებში ჯერ შემოღებული არ არის. მაგალითად, ზემოაღნიშნული საგანი უკვე დიდი ხანია დანერგილია ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიაში, მაგრამ მის შემოღებას ბადენ-ვიურტემბერგში მხოლოდ ახლა გეგმავენ. ანონიმურად შემოღებული ახალი სასკოლო და საბავშვო ბაღის „საგანმანათლებლო“ პროგრამები განაიარაღებს მშობლებს და მათ წინაშე სრულებით დაუცველია მომავალი თაობა. ბატონმა გერდ ხენსბერგერმა ასევე აღშფოთებით აღნიშნა: „ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიაში ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც მშობლებმა წაასწრეს თავიანთ პატარებს „სპეციფიური თამაშის“ დროს, რომელიც მათ საბავშვო ბაღში და სკოლის დაწყებით კლასებში ასწავლეს. თამაშის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვი ცდილობს თავისი სხეულის ქვედა ნაწილში მოათავსოს ბოსტნეული ან პატარა ნივთები. როდესაც აღშფოთებულმა მშობლებმა აღმზრდელებს და მასწავლებლებს პასუხი მოთხოვეს, მათ მშობლებს განუმარტეს, რომ ასეთი თამაში ზემდგომი ორგანოების მიერ არის დანერგილი. ბავშვების სექსუალური აღზრდა საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელების დახმარებით იწყება. ზოგადი განათლებლის ახალ ნორმებში წერია აღმზრდელების მიერ ჩვილების სექსუალური სტიმულირების შესახებ. ოთხი წლის ასაკიდან პატარებს რატომღაც ასწავლიან, როგორ უნდა მოხდეს სექსუალური სიახლოვე. რვა წლის ასაკის ბავშვები კი, ჩინოვნიკების აზრით, უკვე საკმაოდ დიდები არიან იმისთვის, რომ ყველაფერი იცოდნენ სექსის შესახებ, მათ შორის სადომაზოხიზმიც! გარდა ამისა, 10 წლის ასაკის ბავშვებს სასკოლო პროგრამა აუწყებს, რომ ისინი უკვე საკმაოდ დიდები არიან და აღარ უნდა უსმენდნენ და ემორჩილებოდნენ თავიანთ მშობლებს“. Sex-Box-Aufklraerungsbuch-Aufklaerung-SonntagsBlick
ბატონმა ხენსბერგერმა მსოფლიოს ყველა ქვეყნის განათლების სისტემაში მსგავსი საგნის შეტანის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მაგალითად, აფრიკაში მოშიმშილეთა დახმარების წილ, მათგან მოითხოვენ, რომ სკოლებში შეიტანონ სექსუალური აღზრდის საგანი იმ კონცეფციით, რომელიც აქტიურად ინერგება დღეს ევროპის ქვეყნებში.
გერმანიის მოსახლეობისა და, მათ შორის, პოლიტიკოსთა 80% აბსოლუტურად არ ეთანხმება თავსმოხვეულ სიახლეებს განათლების სისტემაში. თუმცა ეს ახალი წესები ლგბტ-საზოგადოების ზეწოლის შედეგად უჩუმრად წყდება ბუნდესტაგის დონეზე და ასევე ფედერაციული მიწების ადგილობრივი პარლამენტების დონეზე.
მშობლებს მიაჩნიათ, რომ განსაკუთრებით სახიფათოა ის, რომ ეს ინოვაციები შესაბამისად აისახება ქვეყნის კანონმდებლობაში და მათ ამყარებენ ადამიანთა უფლებების დაცვის საბაბით. ამიტომ ახალი საგნის შემოტანის წინააღმდეგ მიტინგები ტარდება ევროპის თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში ლოზუნგით: „ჩვენ ამას არ დავუშვებთ!“
გერმანელი მშობლები მოუწოდებენ მსოფლიო საზოგადოებას, წინ აღუდგნენ ბავშვების გახრწნას, რომელსაც თავს გვახვევს უმცირესობათა დიქტატურა.
ბოლო დროს, როგორც გერმანულ, ასევე სხვა ევროპულ პრესაში (იხ. «Der Focus», «Der Stern», «Blick.ch») სულ უფრო ხშირად იბეჭდება ინფორმაცია მცირეწლოვან ბავშვებში ერთმანეთის მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ და ეს შეინიშნება არა მარტო სკოლებში, არამედ უკვე საბავშვო ბაღებშიც. ფსიქოლოგთა აზრით, უკანასკნელ წლებში საგრძნობლად შემცირდა მცირეწლოვან დამნაშავეთა ასაკი – წინა წლებში ევროპაში სექსუალურ ნიადაგზე მომხდარი ექსცესები სკოლებში მხოლოდ უფროსკლასელებში ხდებოდა, საბავშვო ბაღში კი მსგავსი პრეცედენტები არავის ახსოვს. გერმანულენოვანი ბეჭდვითი ორგანო „Zeit online“-ს ცნობით, სისხლის სამართლის პოლიციის ფედერალური მმართველობის უფროსმა განაცხადა, რომ ვეღარ უმკლავდებიან ბრძოლას ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ. ამგვარად, გერმანელ ბავშვებს დღეს რეალური საფრთხე ემუქრებათ ზრდასრული პედოფილებისგან. მარტინესების ოჯახის პრეცედენტმა გერმანიაში მშობლებს დაანახა, რომ ვერ შეძლებენ შვილების დაცვას იმით, რომ უბრალოდ არ დაასწრებენ მათ სექსუალური აღზრდის გაკვეთილებს, რადგან ასეთ შემთხვევაში მშობლებს ერთთვიანი პატიმრობა დაემუქრებათ.
მხარდაჭერისთვის გერმანელი მშობლები დაუკავშირდნენ საფრანგეთში არსებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად ილაშქრებენ სკოლებში შემოღებული სექსუალური აღზრდისა და გენდერული იდეოლოგიების წინააღმდეგ. დღეს საფრანგეთში ასევე აქტუალურია ოჯახური ფასეულობების რღვევისა და მცირეწლოვანი ბავშვების ნაადრევი სექსუალიზაციის თემები. ამიტომ გერმანიის ქალაქებში გამართულ მიტინგებში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ფრანგული საზოგადოების წარმომადგენლები პარიზიდან, ლიონიდან, მარსელიდან, მანტ-ლა-ჟოლიდან და ლილიდან. საფრანგეთის სამოქალაქო მოძრაობის „სკოლიდან ამოღების დღე“ («Journée de Retrait de l’Ecole») ერთ-ერთი ორგანიზატორი, ქალბატონი ფარიდა ბელგული (Farida Belghoul) მოუწოდებს გერმანელ მშობლებს, არ დაუშვან თავსმოხვეული ბოროტება. მან ასევე გამოთქვა „პროტესტი სექსუალური უმცირესობების მიერ ცისარტყელას სიმბოლოს წაბილწვის წინააღმდეგ“.
საფრანგეთში, 2014 წლის დეკემბრიდან დღემდე, სამოქალაქო მოძრაობის ინიციატივით, ნაადრევი სექსუალიზაციისა და გენდერული იდეოლოგიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მშობლები თვეში ერთხელ ბავშვებს არ უშვებენ სკოლაში. ბავშვთა დაცვის საერთო პრობლემამ გააერთიანა მსოფლიო საზოგადოების სხვადასხვა შრეები, სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის მქონე ადამიანები. ორგანიზაცია მოიცავს უკვე ასობით ადგილობრივ კომიტეტს, სადაც გაერთიანებულია ასობით ათასამდე ოჯახი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საპროტესო აქციებში. ფრანგებმა მოახერხეს მთავრობის ყურადღების მიპყრობა და მიუხედავად იმისა, რომ მათ ბრალს დებდნენ ჰომოფობიაში, ფაშიზმში, ანტისემიტიზმსა და რასიზმში, მაინც მოაღწიეს იმას, რომ სკოლებში შემოღებული ზემოაღნიშნული ახალი პროგრამა ნაწილობრივ შეიცვალა.
გერმანიის ქალაქებში გამართულ მიტინგებში მონაწილეობა მიიღო ასევე საფრანგეთის სამოქალაქო კათოლიკური მოძრაობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ქალბატონმა ბეატრის ბურჟემ (Béatrice Bourges). მან განაცხადა, რომ საფრანგეთის საზოგადოება მხარში უდგას ამ ბრძოლაში გერმანელ ძმებს, ისევე როგორც მთელ ევროპას. ქალბატონი ბურჟეს აზრით: „მსოფლიოში მიმდინარეობს სექსუალური რევოლუცია, რომელიც ანგრევს ოჯახებს, სპობს მორალურ ნორმებს და აბინძურებს ბავშვების სულს“. საფრანგეთის კათოლიკე მშობლებმა მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდეს „ბრძოლისკენ სექსუალურ უმცირესობათა დიქტატურის წინააღმდეგ, რომელიც ფეხს იკიდებს მთელ მსოფლიოში“. მათმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ „საფრანგეთში, იტალიაში, შვეიცარიაში, ხორვატიაში, უნგრეთში, კოლუმბიასა და რუსეთში უკვე შექმნილია ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები. ჩვენი ბრძოლა – ესაა ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, ესაა ქრისტეს ბრძოლა ეშმასთან! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და უფალი შეგვეწევა გამარჯვებაში!“
სამოქალაქო მოძრაობები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ მათ მიერ ორგანიზებული მსვლელობები მედიით კვლავინდებურად არ შუქდება. კიოლნის დემონსტრაცია, მაგალითად, გადაიღო და რეალურად გააშუქა მხოლოდ ინტერნეტ-ტელევიზიამ – «Klagemauer.TV». კიოლნის მედიამ კი მეტად ტენდენციურად ასახა მიმდინარე მოვლენები და ლგბტ-აქტივისტების აგრესიულობა დემონსტრანტებს გადააბრალა. ასე, მაგალითად, კიოლნის ერთ-ერთმა გაზეთმა თავის ვებგვერდზე «Report-K.de» განათავსა ცნობა, თითქოს დემონსტრაციის 200-მდე მონაწილე თავს დაესხა ლგბტ-წარმომადგენლებს; სინამდვილეში კი პირიქით მოხდა. მსოფლიო საზოგადოების ნაწილი გულდამშვიდებით მიიჩნევს, რომ ბოროტისკენ მხოლოდ ბოროტი მიიდრიკება, ხოლო კეთილი აღზრდა მათ შვილებს დაიცავს ბილწი გავლენისაგან. წმინდა მოციქული პავლე ამის შესახებ ბრძნულად გვაფრთხილებს: „ნუ სცთებით: განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი“ (1 კორინთ. 15, 33).
იმედია, დემონსტრაციების ინტენსიურობა, მასში მონაწილეთა სიმრავლე და ორგანიზებულობა მსოფლიო საზოგადოებაზე ეფექტს მოახდენს და ისინი სათანადო ყურადღებას მიაქცევენ სკოლებზე თავმოხვეული აუცილებელი სექსუალური განათლების პრობლემას.
http://kenozisi.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий