ღმერთი

ღმერთი

четверг, 11 апреля 2013 г.

უღმერთობა!

ჩვენს ეპოქაში ადამიანების უმრავლესობა უსულოდაა აღზრდილი და „უდიდესი ერული სისწრაფით მიექანებიან. მაგრამ, რამდენადაც მათ არა აქვთ შიში ღმრთისა, ხოლო არს „დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა", ამდენად მათ არ აქვთ მუხრუჭი და ამგვარი სისწრაფით, დაუმუხრუჭებლად სრბოლას ისინი უფსკრულში დაასრულებენ ხოლმე. ადამიანები მეტად აღგზნებულნი არიან სირთულეების გამო და უმეტესწილად გამოთაყვანებამდე არიან მისულნი. მათ საკუთარი ორიენტირი დაკარგეს და თანდათანობით იქამდე მიდიან, რომ თავსაც კი ვერ აკონტროლებენ. თუკი თვით ისინიც კი, ვინც წმიდა მთაზე მოდიან, ასე გახელებული და დაბნეულნი არიან, როგორებიღა უნდა იყვნენ ისინი, ვინც შორსაა ეკლესიისაგან და ღვთისაგან.

არ მახსოვს არცერთი დღე, ღვთაებრივი ნუგეში რომ არ მიმეღო. გარკვეული ინტერვალები მაინც არის და მაშინ თავს ცუდად ვგრძნობ. ამ სახით მე ვხვდები, თუ რამდენად ცუდად არის ადამიანთა უმრავლესობა. ისინი განეშორნენ ღმერთს და ამის გამო ღვთაებრივ ნუგეშს მოაკლდნენ. რაც უფრო შორდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო მძიმეა მისთვის. ხოლო თუ გყავს ღმერთი, მაშინ შეგიძლია სხვა არაფერი გსურდეს და არაფერი გქონდეს, ამაშია საქმე. თუ ადამიანს ყველაფერი აქვს და ღმერთი არა, ის შინაგანად იტანჯება. ამიტომ რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეთ ღმერთთან. მხოლოდ ღვთის სიახლოვეს ჰპოვებს ადამიანი სიხარულს - მარადიულსა და ნამდვილს. იესო ტკბილისაგან განშორებული ცხოვრებით ჩვენ უმწარეს ფიალას ვიგემებთ. როდესაც ძველი კაცი იქცევა ძედ მეუფისა, ღვთაებრივ ნეტარებას, ზეციურ სიტკბოს და სამოთხისეულ სიხარულს გრძნობს. უმცირესი სამოთხისეული სიხარულიდან ადამიანი ყოველდღიურად უფრო აღმატებულისკენ მიდის. მას უჩნდება კითხვა: "ნუთუ სამოთხეში ჩემს ამჟამინდელ განცდაზე აღმატებულია რამე?" ის ისეთ მდგომარეობას გრძნობს, რომ არანაირი საქმის კეთება არ შეუძლია. ამ ღვთაებრივი სითბოსა და სიტკბოსაგან მისი ფეხები სანთლებივით იდრიკებიან მუხლებში. გული ლამის გასკდეს, სიხარულისაგან თრთის, სურს, რომ მკერდის თხელი ჯებირი გამოანგრიოს და გაფრინდეს რადგან დედამიწა და ყოველივე მიწიერი გულს არარად ღირებულ წვრილმანებად მიუჩნევია.

თავდაპირველად ადამიანი ღმერთთან კავშირში იმყოფებოდა. თუმცა ამის შემდეგ ის დაშორდა ღმერთს და თავს ისე გრძნობს, თითქოს თავდაპირველად სასახლეში ცხოვრობდა, შემდეგ კი სამუდამოდ სასახლის კარიბჭის მიღმა აღმოჩნდა, შესცქერის სასახლეს შორიდან და ტირის. როგორც განიცდის ბავშვი, როდესაც დედისგან შორს იმყოფება, ასევე განიცდის და იტანჯება ადამიანი, როცა ღმერთს შორდება. ღვთისგან განდგომილი ადამიანი ჯოჯოხეთურ ტანჯვას გრძნობს. ეშმაკმა მოახერხა ადამიანები ისე დაეშორებინა ღვთისთვის, რომ მათ კერპების თაყვანისცემა დაიწყეს და ამ კერპებს თავიანთ შვილებს სწირავდნენ მსხვერპლად. რა საშინელებაა ეს! ან ეს ეშმაკები საიდან შეკრებენ ხოლმე მათ, ამდენ ღმერთს?! "ღმერთი ჰამოსი" - ამ ერთი სახელის მოსმენაც კმარა! ერთის მხრივ, სხვებზე მეტად თვით ეშმაკი იტანჯება, ის ხომ ღმერთის სიყვარულს ყველაზე უფრო დაშორდა. მაგრამ თუ სიყვარული ქრება, მაშინ ჯოჯოხეთური სატანჯველი იწყება. რა ეწინააღმდეგება სიყვარულს? - ბოროტება. ხოლო ბოროტება და ტანჯვა ეს ერთი და იგივეა.

ღვთისაგან დაშორებული ადამიანი სულიერ სიმშვიდეს ვერ პოულობს ვერც ამ საწუთრო ცხოვრებაში და ვერც მომავალში, რადგან ვისაც ღმერთი და მარადიული ცხოვრება არ სწამს, უნუგეშოდ რჩება ამ ცხოვრებაშიც და ამასთანავე თავის სულს მარადიული სატანჯველისთვის სწირავს.

ღვთისაგან განშორებული ადამიანები, ნუგეშინისცემას ვერასოდეს გრძნობენ და ორმაგად იტანჯებიან. ის, ვისაც ღმერთი და მომავალი ცხოვრება არა სწამს, არა მხოლოდ ნუგეშს მოაკლდება, არამედ საკუთარ თავს მარადიული სატანჯველისათვის სწირავს. ადამიანს ის ბატონი მისცემს გასამრჯელოს, ვისთვისაც შრომობდა. თუ შენ შავი ბატონისათვის შრომობ, მაშინ ის აქვე გააშავებს შენს ცხოვრებას. თუ შენ ცოდვას ემსახურები, მაშინ ეშმაკი მოგიზღავს სამაგიეროს, თუ სათნოებებს აღასრულებ, მაშინ ქრისტე მოგაგებს სასყიდელს. და რაც უფრო მეტს შრომობ ქრისტესთვის, მით უფრო თბილი და ნათელი ხდები.

ბერი პაისი მთაწმინდელი

Комментариев нет:

Отправить комментарий