ღმერთი

ღმერთი

понедельник, 30 сентября 2013 г.

ბოროტი სამხიარულო ხუმრობები.

ცელქი, შესაძლოა, ბოროტმოქმედად იქცეს, ხუმარა კი - ღვთისმგმობელად.



თუ ყველა ადამიანისთვის მავნებელია ბოროტად ბჭობა, რაოდენ უფრო – იმათთვის, რომლებმაც ცხოვრების მკაცრი წესი ირჩიეს?


ნუ ჩაიდენ ბოროტებას - ხუმრობითაც კი, რამეთუ ისეც ხდება, რომ ზოგი თავდაპირველად ხუმრობით აკეთებს ბოროტებას, შემდეგ კი გაიტაცებს იგი.


მოყვასის შესახებ ხუმრობით ნათქვამი ცუდიც კი მის მიმართ არაწინასწარგანზრახული ბოროტებაა - ამან შესაძლოა, ძლიერ ავნოს მის ღირსებას.


საცოდავი არის ის კაცი, რომელსაც ჰსურს ამ სიცოცხლის გატარება ხუმრობაში, სიცილში და თავის ქცევაში, იგი უსარგებლოდ ამძიმებს დედამიწას.



ისინი, ვისაც გრძელი ენა აქვს, თავისდა საუბედუროდ, ხშირად წარმოსთქვამდა ლოცვის სიტყვებს, წმინდა სახარების და ეპისტოლეთა ციტატებს ხუმრობით, ხოლო ზოგიერთი კიდეც დასცინოდა და აჯავრებდა მღვდელს. ეს ყოველივე მკრეხელობაა.



ხუმრობით დანით მიყენებული ჭრილობა არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის, მტერი რომ განზრახ დაგაწყლულებს, - ამგვარადვე, მოყვასის ღირსება, რომლის შესახებაც რაიმე მცდარი, ხუმრობით ნათქვამი სიტყვის გამო ბოროტი ხმები ვრცელდება, არანაკლებ ილახება, ვიდრე - წინასწარგანზრახული ცილისწამების შედეგად.



თუ შეიძლება ხუმრობა?
ბილწსიტყვაობასა და ხუმრობას გარყვნილებამდე მივყავართ. თავი ანებე ხუმრობასა და მახვილსიტყვაობას. ნურც საქმით ჩაიდენ რაიმეს მაგდაგვარს. ჩვენ არ უნდა წარმოვთქვათ არც ერთი უქმი სიტყვა, რამეთუ უქმსიტყვაობიდან უხამსობამდე ერთი ნაბიჯია, რადგან ხუმარა კაცი იოლად ხდება მაგინებელი. მაგინებელი კი უამრავი საძრახისი საქმის ჩამდენია.



როგორ გვაცდუნებს ბოროტი სული, როდესაც იხილავს ჩვენს სურვილს – განვერიდოთ სიცილისა და ბასრობის შესაკრებელს?
როცა ეშმაკი იხილავს, რომ გვსურს განვერიდოთ სიცილისა და ბასრობის შესაკრებელს, გვაცდუნებს და გვეუბნება: „შენი წასვლით ნუ დააბრკოლებ მოსაუბრეს“, ან „ნუ უჩვენებ მათ, რომ მოყვასზე მეტად ღმერთი გიყვარს“. გაიქეცი მათგან, ნუ შეჩერდები. წინააღმდეგ შემთხვევაში ლოცვის ჟამს სიცილისა და განცხრომის მოგონება დაგაბრკოლებს და დაგაბნელებს.



როგორ ვნებს სულს ხუმრობის სიყვარული?
ხუმრობის სიყვარული სულს ასუსტებს, აზარმაცებს, აზანტებს. იგი ხშირად შფოთს იწვევს და ომების მიზეზი ხდება. კარგია, თუ სული მღვიძარეა, ძნელად თუ რამე მოხიბლავს მას. მაგრამ გაფანტული სულის მოხიბვლა რა ძნელი საქმა? იგი თავისთავადაც მოხიბლულია და ეშმაკის მანქანება და თავდასხმები აღარც კი სჭირდება. საკითხში უკეთ რომ გაერკვე, თვით ამ განსაზღვრებას დააკვირდი – ხუმარა
 ვის უწოდებენ ამ სახელს?
ამ სახელს უწოდებენ დაუდგრომელ, თავზეხელაღებულ, ცვალებად კაცს. ისეთს, ყველაფერს რომ იკადრებს, მაგრამ ეს უჩვეულოა ქრისტეს მსახურისათვის. ხუმარა ადვილად იცვლება და თამაშობს, რადგან მან უნდა მიბაძოს ამა თუ იმ კაცს სახის გამომეტყველებითაც, სიცილითაც, მიხვრა–მოხვრითაც და საერთოდ, ყველაფრით. ამასთან, ხუმრობები უნდა შეთხზას კიდეც – მისთვის ხომ ესეც აუცილებელია, ქრისტიანს კი კომედიის თამაში არ შეშვენის.
 როგორ მოძღვრავენ წმ. მამები ხუმრობის მოყვარულთ?
გვედრით, განაგდეთ თქვენგან ეს უჯერო შექცევა, შორს იგი თავისუფალი სულისაგან... განვაგდოთ ეს ჩვევა ტრაპეზიდან... სად აღარაა მოდებული ეს სენი? მან ეკლესიაშიც კი შეაღწია, წმ. წერილსაც კი შეეხო! ამიტომ გვედრით ყველას – გავთავისუფლდეთ ამ ჩვევისაგან, ვილაპარაკოთ ის, რაც შეგვშვენის.


სარგებელს მოგიტანს ხუმრობა და ოხუნჯობა? მხოლოს სიცილს გამოიწვევ. არც ერთი უქმი სიტყვა არ უნდა თქვა, რადგან უქმმეტყველებიდან უწესო საუბრებზე გადადიან. ახლა მხიარულების დრო კი არა, ტირილის, წუხილისა და გოდების დროა. შენ კი ხუმრობ? შენ მახლობლად ეშმაკია, შენ ირგვლივ დადის, ბდღვინავს, შენს შეჭმას ცდილობს, ყველაფერს შენს წინააღმდეგ მიმართავს, გეგმებს აწყობს, რა ხრიკებით გამოგიყვანოს თავშესაფრიდან, კბილებს აღჭრიალებს, ღმუის, ცეცხლს აჩაღებს შენი გადარჩენის საწინააღმდეგოდ. შენ კი ზიხარ და ოხუნჯობ, ფუჭსიტყვაობ და უწესო საუბრებს მიმართავ. შეძლებ კი ასეთ დროს მის დამარცხებას? ჩვენ ბავშვურად ვერთობით, საყვარელნო! გინდა გაიგო როგორია წმინდანთა ცხოვრების წესი? მოისმინე, რას ამბობს წმინდა პავლე მოციქული: "ამისთვის იღვიძებდით და მოიხსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქვენისასა" (საქ. 20,31). თუ მან ასეთი ზრუნვა გამოიჩინა მელიტონელებისა და ეფესელების მიმართ, - კი არ ხუმრობდა, არამედ ცრემლებით ასწავლიდა, - მაშინ რაღას იტყვი სხვების შესახებ? მოისმინე, რას ეუბნება იგი კორინთელებს: "რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლთა, არა რაითა შესწუხნეთ, არამედ რაითა სცნათ, სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ" (2 კორ. 2,4), და კიდევ: "ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი?" (კორ. 11,29). მოსმინე, რას ამბობს კიდევ სხვა ადგილას: "და რომელნი ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგვიმძიმდების, რომელი ესე არა გუნებავს განძარცუვად, არამედ შემოსად, რაითა დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან" (2 კორ. 5,4). შენ კი იცინი და ერთობი? ომის დროა, შენ კი იმით ხარ დაკავებული, რაც ტაკიმასხარებს ახასიათებთ?...

sibrdzne.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий