ღმერთი

ღმერთი

понедельник, 30 сентября 2013 г.

ვინ იყო ქალწული მარიამი?

1336.ვინ იყო ქალწული მარიამი?
ქალწული მარიამი იყო წმიდა და მართალი მშობლების იოაკიმესა და ანას ასული. იოაკიმე დავით მეფის შთამომავალი იყო, ხოლო ანა მღვდელმთავარ აარონისა.
1337.სად ცხოვრობდა ქალწული მაირამი?
ქალწული მარიამი თავიდან თავის მშობლებთან ცხოვრობდა, შემდეგ იერუსალიმის ტაძარში აღიზარდა, შემდეგ კი ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა, სადაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ ის ძე ღმრთისას დედა შეიქმნებოდა.
1338.როგორ ახარა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს, რომ ის ღმერთის ძეს დედა შეიქმნებოდა?
ხარება მოხდა ამგვარად:
1. ,,გიხაროდენ, მიმადლებულო!უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის" (ლკ.1,28);
2. შემდეგ უთხრა: ,,ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშევ ძე, და უწოდე სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს."
3. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი? მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: ,,სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაი გფარავდეს შენ; და ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლისა" (ლკ.1,25).
1339.რა უთხრა ქალწულმა მარიამმა მთავარანგელოზ გაბრიელს?
ქალწულმა მარიამმა უპასუხა: ,,აჰა, მხევალი უფლისაი; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!" (ლკ.1,38).
1340.ვინ მოინახულა მარიამ ქალწულმა მთავარანგელოზ გაბრიელისგან ხარების შემდეგ?
მოინახულა თვისი ნათესავი - წმიდა ელისაბედი, რომელიც მთიან მხარეში, იუდეაში ცხოვრობდა (ლკ.1,39-40).
1341.რა ვიცით წმიდა წერილიდან წმიდა ელისაბედის შესახებ?
წმიდა ელისაბედის შესახებ ვიცით, რომ:
1. ის იყო მღვდელ ზაქარიას ცოლი,
2. მასთან მისულ ქალწულ მარიამს ის მიეგება სიტყვებით: ,,კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი! და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა?" (ლკ.1,42-43).
1342.რა მიუგო ქალწულმა მარიამმა წმიდა ელისაბედს მიგებებისას?
მან უპასუხა სიტყვებით: ,,ადიდებს სული ჩემი უფალსა! და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა; აჰა, ესერა ამიერითგან მნატროდენ მე ყოველნი ნათესავნი" (ლკ.1,46-48).
განმარტება:
თუმცა წმ. ელისაბედი ქალწულ მარიამის ნათესავი იყო, ის უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ჯერ კიდევ არ შობილიყო მოიხსენიებდა როგორც უფალს თვისას.
1343.როგორ მოხდა, რომ უფალი იესო ქრისტე ბეთლემში იშვა, როდესაც ქალწული მარიამი ნაზარეთში ცხოვრობდა?
ქალწულ მარიამს საყოველთაო აღწერის გამო ნაზარეთიდან ბეთლემში მოუხდა წასვლა, სადაც ჩაწერილი იყო, და სწორედ იქ იშვა უფალი იესო ქრისტე.
1344.ვისი ბრძანებით ჩატარდა საყოველთაო აღწერა?
რომის იმპერატორის ავგუსტუსის ბრძანებით (ლკ.2,1-3).
1345.რატომ იშვა უფალი იესო ქრისტე მღვიმეში?
იმიტომ, რომ ქალაქ ბეთლემში ყველა საცხოვრებელი სახლი დაკავებული იყო და ქალწულ მარიამს უახლოეს მღვიმეში მოუწია თავის შეფარება.
1346.სად მიაწვინა ქალწულმა მარიამმა ახალშობილი უფალი იესო ქრისტე?
მიაწვინა ბაგაზე, რომელიც იქვე იყო მღვიმეში.
1347.ქალწული მარიამი მარტო წავიდა ნაზარეთიდან ბეთლემში?
არა, არამედ წმიდა იოსებთან ერთად, რომელიც, აგრეთვე იქ იყო ჩაწერილი.
1348.რატომ იყვნენ ქალწული მარიამი და წმიდა იეოსები ბეთლემში ჩაწერილნი?
იმიტომ, რომ ორივენი მეფე დავითის შთამომავალნი იყვნენ, რომელიც აგრეთვე ბეთლემში დაიბადა (Iმეფ.17,12-15). ეს ოჯახი იმ დროისათვის უკვე გაღატაკებული იყო.
1349.ვინ იყო წმიდა იოსები?
ის იყო მოხუცი, ღმრთისმოსავი ქვრივი, ხელობით-დურგალი.
1350.ვინ იყო წმიდა იოსები ქალწულ მარიამისთვის?
წმიდა იოსები ქალწულ მარიამისთვის შორეული მათესავი იყო; მისი მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი მფარველობდა ქალწულ მარიამს.
1351.სად ცხოვრობდა ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი?
იგი ცხოვრობდა წმიდა იოსების სახლში, რომელზეც დანიშნული იყო.
1352.როგორ ეპყრობოდა წმიდა იოსები ქალწულ მარიამს?
ეპყრობოდა ღრმა პატივისცემით და ერთგულობდა მას, როგორც მფარველი და მზრუნველი მასზე.
1353.რატომ ეპყრობოდა წმიდა იოსები ქალწულ მარიამს უდიდესი პატივისცემით?
იმიტომ,
1. რომ მასზე დანიშვნის შემდეგ ეუწყა, რომ სულიწმიდის გარდამოსვლით წმიდა ქალწული მარიამი ძე ღმრთისას დედა შეიქნებოდა;
2. რომ, განსაკუთრებით, უფალ იესო ქრისტეს შობის შემდეგ მასში სჭვრეტდა დედას, რომლის სულიცა და გულიც განწმენდილი იყო ძე ღმრთისას შობით.
1354.რად ეკუთვნოდა უფალ იესო ქრისტეს წმიდა იოსები?
ერგებოდა მამობილად, ამავე დროს იყო კეთილმსახური და მზრუნველი აღმზრდელი.
1355.წმიდა წერილში არის ნათქვამი რაიმე უფალ იესო ქრისტეს ძმების შესახებ?
დიახ, არის, მაგრამ ისინი იყვნენ მისი არა ღვიძლი ძმები, არამედ წმიდა იოსების შვილები პირველი ქორწინებიდან.
1356.საიდანაა ცნობილი, რომ პირები, რომლებიც წმიდა წერილში უფლის ძმებად მოიხსენიებიან, ქრისტეს უახლოესი ნათესავები იყვნენ?
ცნობილია წმიდა გარდმოცემით.
1357.ვინ ჩაწერა პირველად ეკლესიის ზეპირი გადმოცემა ქრისტეს ნათესაურ კავშირებზე?
პირველად ჩაწერეს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა (389) და წმიდა კირილე ალექსანდრიელმა (444).
1358.როგორ აღინიშნავს წმიდა წერილი, რომ უფალ იესო ქრისტეს ძმები არ იყვნენ ქალწულ მარიმის ვაჟიშვილები?
წმიდა წრილი ამას მიგვანიშნებს იმით, რომ უფალმა იესო ქრისტემ აღსასრულის წინ დედაი თვისი მფარველობისთვის თავის უსაყვარლეს მოციქულს იოანეს მიანდო, რომელმაც შემდგომ თავისთან წაიყვანა ქალწული მარიამი, როგორც დედა თვისი. ეს მოწმობს, რომ ქალწულ მარიამს უფალ იესო ქრისტეს გარდა, სხვა შვილი არ ჰყავდა (ინ.19,26-27).
1359.ხომ არ შეიძლება უფალ იესო ქრისტეს ასეთი ნდობა აიხსნას იმით, რომ შესაძლოა მისი ძმები უკვე გარდაცვლილნი იყვნენ?
არა, რამეთუ
1. წმიდა წერილში ნათქვამია, რომ უფალ იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მისი ძმები იმყოფებოდნენ იერუსალიმში ღმრთისმშობელთან, მოციქულებთან და ზოგიერთ კეთილმორწმუნე დედაკაცთან ერთად (საქ.1,14);
2. გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წმ. მოციქული პავლე ამბობს, რომ მოციქულად გახდომის შემდეგ, რაც ნიშნავს,-გავიდა რამდენიმე წელი უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმის აღდგომისა და ამაღლების შემდეგ,-ის აღვიდა იერუსალიმს, სადაც იხილა იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა (1,19).
1360.რად იწოდება უფალი იესო ქრისტე წმიდა წერილში (ლკ.2,7) ქალწულ მარიამის პირმშოდ, თუკი მას სხვა შვილები არ ჰყავდა?
უფალი იესო ქრისტე სრულიად მართებულად იწოდება მის პირმშოდ, რამეთუ, ებრაელი სჯულის მიხედვით ერთადერთი ვაჟიც პირმშოდ იწოდებოდა და მისთვის დაბადებისთანავე მსხვერპლი უნდა შეეწირათ, თუმცა არავინ იცოდა დაიბადებოდა თუ არა მის შემდგომ სხვა ვაჟიშვილი, და წოდება ,,პირმშოც" მას რჩებოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ერთადერთ ვაჟიშვილად დარჩებოდა.
1361.რას უწოდებს მართლმადიდებელი ეკლესია ქალწულ მარიამს?
მართლმადიდებელი ეკლესია ქალწულ მარიამს უწოდებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რამეთუ ძე ღმრთისამ მისგან მიიღო ადამიანური ბუნება, რომელიც არს ჭეშმარიტი ღმერთი.
1362.რატომ ვუწოდებთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მარად ქალწულს?
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მარად ქალწულს ვუწოდებთ, ე.ი. ქალწულს მარად და უცვალებლად რამეთუ, ის უფალ იესო ქრისტეს შობამდეც, შობის ჟამს და შობის შემდეგაც იყო ქალწული, რამეთუ მისი ქალწულობა არ დარღვეულა უბიწო ჩასახვითა და მისგან მაცხოვრის შობით.
1363.როგორ პატივს მიაგებს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს?
მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს პატივს მიაგებს ყოველ ქმნილებაზე, ყოველ ადამიანსა და ანგელოზზე აღმატებულად, თაყვანს სცემს მას აღმატებით ქერუბიმისა და სერაფიმებზე.
განმარტება:
I. ოთხივე მახარებლის მიზანი იყო უფალ იესო ქრისტეს ცხოვრების უმთავრესი მოვლენებისა და მისი მოძღვრების შინაარსის გადმოცემა და არა წმიდა იოსების ოჯახური ცხვორების აღწერა; ამიტომ სახარებაში არაფერია მითითებული წმიდა იოსების ცხოვრების შესახებ.
II.ქალწულ მარიამს ღვთისმშობელი ფრიად ადრე უწოდეს. როდესაც ზოგიერთებმა იწყეს მტკიცება, რომ მისტვის ქრისტესმშობელი უნდა ეწოდებინათ და არა ღვთისმშობელი, ამას ეკლესიაში დიდი დავა მოჰყვა, და მხოლოდ 431 წელს მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებამ გადაწყვიტა, რომ მართებულია ქალწულ მარიამს ღმრთისმშობელი ეწოდოს, რამეთუ უფალი იესო ქრისტე თუმცა მხოლოდ თვისი ადამიანური ბუნებით იშვა ქალწულ მარიამისაგან, ის ჭეშმარიტი ღმერთია და ღმერთია უცვალებელად ქალწულ მარიამისაგან ხორცშესხმის შემდეგაც.
III. მარლთმადიდებელი ეკლესია ღმრთისმშობელს უწოდებს აგრეთვე მსწრაფლ შემწეს, რამეთუ კანას გალილეაში ის სწრაფლ შეეწია ახალდაქორწინებულთ, და გვწამს, რომ ის სიხარულით და მსწრაფლ შეგვეწია ჩვენც.



მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხები სულიერი ცხოვრების 1141-2407 კითხვაზე [გვ. 57]



Комментариев нет:

Отправить комментарий