ღმერთი

ღმერთი

пятница, 27 сентября 2013 г.

მცხეთელი მეყვავილე.

  ძველ საქართველოში მშვენიერ წალკოტს "სამოთხეს" უწოდებდნენ. სწორედ სამოთხის მსგავსი ბაღი გააშენა მცხეთაში მიხეილ მამულაშვილმა იმ ადგილის მეზობლად, სადაც ერთ დროს წმინდა მირიან მეფის სამეფო ბაღი იყო. შემდგომში იქ სვეტიცხოვლის ტაძარი აშენდა. დღეს ბაღის აჩრდილიღაა შემორჩენილი.

სოფიო და ალექსანდრე მამულაშვილებს 1873 წლის 14 სექტემბერს ვაჟი შეეძინათ - მიხეილი. 7 წლის მიხეილი არაგვის გამორიყულ ნერგებს აგროვებდა და რგავდა. იმ დროს ყვავილების გახარება ფუფუნება იყო. მშობლებს სურდათ, ბიჭს ისეთი ხელობა შეესწავლა, ლუკმაპურს რომ აშოვნინებდა. მალე პიატიგორსკში გაგზავნეს სასწავლებლად, თუმცა მისი გული და გონება მაინც მცენარეებს დასტრიალებდა. ერთხელ ყვავილების სიყვარულმა ქურდობაც კი გააბედვინა: რაღაც დღესასწაულზე სასწავლებელში მიიტანეს საუცხოო ყვავილები. მიხამ დრო იხელთა, ყვავილებს ტოტები დაამტვრია, წაიღო შინ და დარგო. მეორე დღეს სასწავლებელში განგაში ატყდა. მიხას ყვავილები ორი კვირა ბნელში ჰქონდა ჩაკეტილი და მათი ცოდვით იტანჯებოდა... ყვავილებზე ფიქრში გართულმა სწავლაზე გული აიცრუა და მშობლებმა შინ დააბრუნეს...

იმ ხანებში ილია წინამძღვრიშვილმა წინამძღვრიანთკარში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი გახსნა. მამას ამ სასწავლებელში მიუბარებია და ისიც გატაცებით შესდგომია სწავლას. ერთი წლის მერე ილიას წაუყვანია ქალაქში და ექვსწლიან საბაღოსნო სასწავლებელში მიუბარებია. მიხეილი მონდომებით სწავლობდა და პედაგოგებმაც გადაწყვიტეს, ყმაწვილი ვარშავის ჰომოლოგიურ ინსტიტუტში გაეგზავნათ, მაგრამ მოულოდნელად 17 წლის ჭაბუკს ჯერ მამა, შემდეგ კი დედა გარდაეცვალა, მიხეილის ორი და აღსაზრდელად სამთავროს მონასტერში წაიყვანა დედა პელაგიამ, ორი ძმის აღზრდა კი მამიდამ იტვირთა. საბაღოსნო სასწავლებლის დირექტორის რეკომენდაციით მიხეილმა მეფისნაცვლის ბაღში დაიწყო მუშაობა. აქვე ცხოვრობდა და ჯამაგირს ობოლ და-ძმებს უგზავნიდა. მთავარმართებელ გოლიცინს ვარდები კი უყვარდა, მაგრამ მათი მოვლისა არაფერი გაეგებოდა. ერთხელ, მიხეილი საზღვარგარეთიდან მიღებულ ვარდებს რგავდა. ამ დროს გოლიცინი დაადგა თავს და ვარდების სხვა ადგილას გადარგვა უბრძანა. მიხეილმა შეჰბედა, - ჩრდილში დაიღუპებიანო. გოლიცინმა თავისი გაიტანა. მართლაც ვერ იხარა ვარდებმა...

მიხა კარგი მებაღე იყო, ამიტომ გოლიცინმა ცოლის შერთვის ნება არ მისცა - ბაღს ყურადღებას დააკლებო. არადა, ცნობილი საზოგადო მოღვაწის გიორგი ქართველიშვილის ძმისწული მაშო უყვარდა და მალულად დაიწერა ჯვარი. ეს ამბავი ორი თვის შემდეგ გაიგო გოლიცინმა და განრისხდა. მიხამაც ცოლს ხელი მოჰკიდა და მცხეთაში წავიდა. ნარეკვავში, არაგვის პირას, ვალითა და ვახშით 14 ჰექტარი მიწა შეიძინა და ბაღის გაშენება დაიწყო. ამ საქმეში და-ძმებიც ჩააბა. ქვა-ღორღი ჭაპანწყვეტით გაზიდეს და საგურამოდან მოტანილი მიწა დააყარეს. ილია წინამძღვრიშვილის რჩევით, მიხეილმა თამამშევის ქარვასლის ერთ ოთახში ყვავილების მაღაზია - "სოლეიდორი" ("ოქროს მზე") გახსნა. ყვავილების სიყვარულმა დააკავშირა დიდ ილიასთან. ის დალოცვილი ქალაქიდან საგურამოსკენ ისე არ გაივლიდა, მიხას ბაღს არ სტუმრებოდა. ერთხელ ყვავილთან მოსაუბრე მიხეილი უნახავს. სიხარულით ზეზე წამოჭრილა მასპინძელი. "ჩუ, ნურაფერს იტყვი. განგებ არ დაგირღვიე საუბარი, ყვავილთა შორის რომ გაგიბამს და ასე მრავლისმეტყველად აგსახვია სახეზე. მეც ცოტა ხანს დამატკბე მათი სმენით, ეგების ჩემი სატკივარიც ყურად იღონ და პასუხი გამცენო", - უთქვამს. მიხამ შინ შეიპატიჟა, ილიამ უარი არ უთხრა. კმაყოფილი დარჩა მისი ნამუშევრით - ყველა გლეხკაცს რომ ასე ჰქონდეს კარ-მიდამო დამშვენებული, ევროპის ბაღებს უკან ჩამოვიტოვებდითო და სთხოვა, საგურამოში ყვავილნარი გამიშენეო.

ერთ დღეს საგურამოში ასულ მიხას ილიას ეზოში ქვევრები დახვდა მიწოლილი. ქვევრზე მეტად მისი სარქველი - ორი ლამაზი სიპი მოეწონა. ეტყობა, ილია ფანჯრიდან უთვალთვალებდა. წამოეწია, მხარზე ხელი დაადო და ჰკითხა: "რაო, მიხავ, ჩემი ქვევრ-მარანი მოგეწონა, განა?" მიხამ - ქვევრიც კარგია და სარქველი ხომ უკეთესიაო, - უპასუხა. ჰოდა, წაიღე, მიჩუქნია, - უთხრა ილიამ. შემდგომში, ყოველ ილიაობას, მებაღე ხელადით ღვინოს და ფიალებს დააწყობდა ამ სარქვლებზე და ილიას შესანდობარს იტყოდა - ცხონდეს მისი სულიო. როცა ილია მოკლეს, მიხეილმა მკვლელობის ადგილას ჯერ კიდევ სისხლშეუმშრალი მიწა ყვავილებით დაფარა. საგურამოში ილიას ბაღს, სანამ შეეძლო, უვლიდა: თქვენ წიგნებიდან იცნობთ იმას და ახლა მე მკითხეთ, როგორი ღვთისნიერი ადამიანი იყოო, - უთქვამს 1963 წელს ერთი ახალგაზრდისთვის, - სანამ ცოცხალი ვარ, იმის ეზო-ყურეში სხვის მიტანილ ყვავილს არ გავაჭაჭანებ, როგორც შემიძლია, ისე მოვრთავ და გავალამაზებო. აკაკი წერეთელი შეუვლიდა ხოლმე ყოველ შაბათს. მიხაც თაიგულს მიართმევდა პოეტს. მიხასთან შეირბენდა ტიციან ტაბიძეც წითელი მიხაკისთვის. ბაღისა და მაღაზიის ხშირი სტუმრები იყვნენ ლადო გუდიაშვილი, ოტო შმერლინგი, გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე... ყოველ აღდგომას მათ მშვენიერი ყვავილების კალათებს უგზავნიდა. კონსტანტინე გამსახურდია ჰყვებოდა: "მე, ლეო ქიაჩელი და გალაკტიონ ტაბიძე ხშირად დავდიოდით მასთან, როცა ვმართავდით ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ივანე მაჩაბლის იუბილეებს, ვთხოვდით, ყვავილები მოგვყიდეო.

განაწყენებული მოგვიგებდა: ამ საქმეში თქვენთანა ვარ, არავითარი ფული არ მესაჭიროებაო". მიხეილის ყვავილები ამშვენებდა ყველა ეროვნულ დღესასწაულს, იუბილეს თუ მეჯლისს. მაღაზიაში ყოველ წელიწადს, ერთსა და იმავე დღეს, მიდიოდა ერთი კაცი, საგანგებოდ აირჩევდა ყვავილებს და ყოველთვის ერთ მისამართზე გზავნიდა. ერთ წელიწადს, დანიშნულ დღეს, ის კაცი არ გამოჩნდა. მიხეილი შეშფოთდა, მოიკითხა და შეიტყო, რომ გარდაცვლილიყო, ყვავილებს კი მეუღლის დაბადების დღისთვის უკვეთდა თურმე. მას შემდეგ მისი ოჯახი დანიშნულ დროს ყოველთვის იღებდა იმ ყვავილებს, რომლებიც გარდაცვლილს უყვარდა (ეს კაცი გაბრიელ სუნდუკიანცის ვაჟი ყოფილიყო).

ბოლშევიკებმა მიხეილს ჩამოართვეს სიმწრით და ოფლით გაშენებული ნარეკვავის ბაღი. როცა ხელისუფლებამ სამთავროს დედათა მონასტერი დახურა და მონაზვნები გამოაძევა, ყველა თავის ოჯახში შეიფარა. იღუმენია, დედა ზოილე ჰყვებოდა: "მილიციამ ალყა შემოარტყა ეზოს. ნივთები სენაკებიდან გამოგვიყარეს. მოულოდნელად მამულაშვილი გამოჩნდა. სთხოვა ხელისუფლების წარმომადგენლებს, - ამათ ხელი არ ახლოთ, მე მიმყავს სამუშაოდო. წამოიღო ჩვენი ხატები და წიგნები, ყველა შეგვიფარა". შემდგომში, როცა დედებს სამთავროს მონასტერში რამდენიმე ოთახი გამოუყვეს, მამულაშვილი ჩუმად უმართავდა ხელს მონაზვნებს.
მიხას სამივე შვილს უცხოეთში ჰქონდა მიღებული განათლება. ამ საბაბით მისი ერთი ვაჟი 1937 წელს სოლოვკაში გადაასახლეს.

სტალინის სამთავრობო აგარაკის გარდა, ააყვავ-გაამშვენიერა გავერანებული მთაწმინდა, წინანდლის ბაღი. ფიქრით მუდამ თავს დასტრიალებდა სვეტიცხოველს. ტაძრის გარშემო მდგარი ხეები გალავანს დანგრევას უქადდა. სათითაოდ ამოძირკვა. დილით მზეს ამოსვლას ასწრებდა, ფეხაკრეფით დადიოდა ბაღის ბილიკებზე - ძილი არ გავუკრთო ყვავილებს, თორემ უგუნებოდ გაიღვიძებენო... მისი ენა ყველას ესმოდა, თვით "უცხვირპირო" კაქტუსებსაც კი. მოეფერებოდა, ხელს გადაუსვამდა. "აი, შენ არ მოუკვდი დედას, რა ლამაზი ხარ, შე მატრაკვეცავ", - ჩასჩურჩულებდა ბილიკზე გადმოსულ ზიზილას და ადგილს მოუნაცვლებდა. "პირიც კი მე დაგბანე, შე მძინარავ, შენა", - ეტყოდა "ძილბურანში" მყოფ ყვავილს. ეზოში ხუთი ორანჟერეა ჰქონდა, ზოგს შუშებს უსწორებდა, ზოგს დაათბობდა - აქეთ მცივანა ყვავილები მყავსო. ეს ბაღი იყო ქართველთა სიამაყე. აქ სტუმრობა ჰყვარებია კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს...

მიილეოდა შრომაში დღე. ყვავილებს დაძინება სჭირდებოდათ. მოფერებით ახუჭვინებდა თვალებს, მერე კი, "ღრმა ძილს" რომ მიეცემოდნენ, რწყავდა, მტვერს ჩამორეცხავდა ლამაზმანებს. დაღლილ-დაქანცული მიუჯდებოდა საწერ მაგიდას და წერილების წერას შეუდგებოდა. ერთ წერილში იოსებ ნონეშვილს შესჩივის, - მცხეთაში, არაგვის პირას, ორსართულიან სახლს აშენებენ და ჯვარის დაფარვა უნდათო. "შენი ჭირიმე, ჩაიცვი რკინის ქალამანი და შეეცადე, თუ სულ არ შეიძლება მისი მოსპობა, მეორე სართულს ნუ დაადგამენო"...

მლოცველი ბევრი ჰყავდა უამრავი სიკეთის გამწევს: ვინ იცის, რამდენი გაუმზითვებია და რამდენი უპატრონო მიცვალებული დაუმარხავს. მცხეთაში, ზემოუბნელ იმერლიანთ კაკილოს ექვსი შიშველ-ტიტველი ბალღი დაუდიოდა. მამულაშვილებმა ექვსივე შვილი მოუნათლეს. ყოველ აღდგომა-ახალ წელს მიხა ექვსივესთვის ყიდულობდა ტანსაცმელ-ფეხსაცმელს...

ასე განვლო ცხოვრება სახელოვანმა ქართველმა. სიკვდილის წინ უზიარებია მომავალ პატრიარქს, მეუფე ილიას...

"ყვავილების დედოფალი"

მიხეილ მამულაშვილს იშვიათი ჯიშის კაქტუსი ჰქონდა - "ყვავილების დედოფალს" ეძახდა. კაქტუსი სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე საათით ყვაოდა... იაკობ ნიკოლაძემ მიხეილისგან წერილი მიიღო: "ჩემო იაკობ, "ყვავილების დედოფალი" ამაღამ გაიშლება, დღეს კოკორი გამოისხა. მზის ჩასვლამდე უნდა მოხვიდე, თან რამდენიმე სანთელი წამოიღე. მთელი ღამის გათენება მოგვიწევს".

მერე დიდი მოქანდაკე აღტაცებით იგონებდა: "მზე ჩავიდა, კოკორის ბზარებში წითელი ხავერდის სიფრიფანები გამოჩნდა. დაიწყო გაშლა. ჩვენ ანთებული სანთლები გვეჭირა. ყვავილი მორცხვ პატარძალს ჰგავდა. სახეს გვარიდებდა. "ყვავილების დედოფალი" მამაკაცის მუშტისოდენა გახდა. ყელი მოიღერა და გაიფურჩქნა. ყვავილს შიგნით ოქროსფერი კულულები ეყარა. "დედოფალი" სანთელს მოერიდა, გვერდზე გადაიხარა. ცოტა ხნის შემდეგ მოწყენილობა დაეტყო. მალე თავი ჩაქინდრა, ნაკეცები გაუჩნდა და დაპატარავდა. "ყვავილების დედოფალს" არ უყვარს, როცა "თვალებში" ჩასცქერიან. უყვარს წყნარი ღამე და თავისუფლება, მისთვის ერთი ღამე ერთი საუკუნეა. გამთენიისას "ყვავილების დედოფალი" გარდაიცვალა..."

კახაბერ კენკიშვილი



Комментариев нет:

Отправить комментарий