ღმერთი

ღმერთი

понедельник, 4 ноября 2013 г.

როგორ არის დაკავშირებული კრეატიულობა ამორალურობასთან


1990-იან წლებში Apple Computers სულს ღაფავდა. Microsoft Windows-ის საოპერაციო სისტემას გამაოგნებელი უპირატესობა გააჩნდა მომხმარებელთ რაოდენობის მხრივ და Apple-ს მცდელობას ბაზრის თუნდაც მცირე ნაწილი დაებრუნებინა Macintosh-ის საოპერაციო სისტემის გაუმჯობესებით, შედეგი არ მოჰყოლია. საშინელი ფინანსური დანაკარგების შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა შეეძინა ახალგაზრდა კომპანია NeXT, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით იყო დასაქმებული. NeXT-ის პროგრამებზე უფლებების შესყიდვასთან ერთად, ამ ნაბიჯმა Apple-ს უბოძა კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, აწ გარდაცვლილი სტივ ჯობსის მომსახურეობა. ჯობსის ხელმძღვანელობით, Apple-მ შესძლო რენტაბელურობისა და შემოსავლიანობის გაზრდა. დღეისთვის Apple უმსხვილესი კომპანიაა მსოფლიოში, რომლის მიღწევებში ლომის წვლილი სტივ ჯობსს მიუძღვის.

მაგრამ, მიუხედავად ჯობსის, როგორც კრეატიული გენიოსის ფართოდ ცნობილი პოზიტიური იმიჯისა, მას მაინც გაააჩნდა ბნელი რეპუტაცია, კერძოდ, ცენზურის წაქეზებისთვის, "პატიოსნებისა და მთლიანობის უგულებელყოფისთვის", თანამშრომელთა დამცირებისთვის, ასევე სხვა ქმედებებისთვის, რომლებიც საკმაოდ საეჭვონი არიან მორალის თვალსაზრისით. ჯობსის ეს საკმაოდ კონტრასტული იმიჯები წარმოშობს კითხვას - როგორ არის შესაძლებელი, ისეთი გამოჩენილი დირექტორი, რომელსაც თითქმის ყველგან დადებითი რეპუტაცია გააჩნია, ამავდროულად იყოს პიროვნება, რომელსაც დასაგმობ და საძაგელ საქციელში ადანაშაულებენ? პასუხი შესაძლოა დაკავშირებულია ჯობსის პიროვნების ზუსტად იმ ასპექტთან, რომლის გამოც არის ის ასე პოპულარული თავის თაყვანისმცემლებში.

სტატიაში, რომელიც ამასწინათ Journal of Personality and Social Psychology-ში გამოქვეყნდა, ჰარვარდისა და დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარები გვიჩვენებენ, რომ კრეატიულობამ შესაძლოა ადამიანები არაეთიკურ ქმედებებამდე მიიყვანოს. ხუთი გამოკვლევის საფუძველზე ავტორები აჩვენებენ, რომ შემოქმედებითი პიროვნებები, ასევე ადამიანები, რომლებიც იძულებულნი არიან გადაწყვიტონ შემოქმედებითი ამოცანები, სხვებთან შედარებით არაკეთილსინდისიერებით გამოირჩევიან; და რაც მნიშვნელოვანია, მათ აჩვენეს, რომ ეს ეფექტი აიხსნება არა შემოქმედებითი ადამიანების უბრალო ტენდენციით იყონ სხვაზე უფრო ჭკვიანები, არამედ იმით, რომ კრეატიულობას ადამიანები მიჰყავს შემწყნარებლურ დამოკიდებულებამდე საკუთარ არაკეთილსინდისიერ ქმედებებთან.

ერთ-ერთ გამოკვლევაში ავტორებმა ჩაატარეს გამოკითხვა ერთი სარეკლამო კომპანიის თანამშრომელთა შორის. გამოკითხვის მიზანი იყო გამოერკვიათ სხვადასხვა ტიპის არაეთიკურ ქმედებებში კომპანიის თანამშრომელთა თანამონაწილეობის ხარისხი. მაგალითად ისეთში, როგორიცაა საოფისე ინვენტარისა და კუთვნილების სახლში წაღება ან კიდევ საქმიან დანახარჯთა ანგარიშების შეგნებული გაბუქება. თანამშრომლებს ისიც კი ჰკითხეს, რამდენად შემოქმედებითია მათი პერსონალური სამუშაო. ამის შემდეგ, გამოკვლევის ავტორებმა კომპანიის ხელმძღვანელობას სთხოვეს კომპანიის შიგნით არსებული ყოველი ქვეგანყოფილებისთვის ეცნობებინა კრეატიულობის მათი რეიტინგი.

გამოკითხულთაგან ისინი, ვინც აცხადებდა, რომ მისი სამუშაო დიდ კრეატიულობას ითხოვს, აჩვენებდა უმეტეს მიდრეკილებას არაეთიკური საქციელისკენ, და თუ ხელმძღვანელობა ამბობდა, რომ ესა თუ ის კონკრეტული ქვეგანყოფილება თავის მუშაობაში უფრო მეტ გამომგონებლობას (ანუ შემოქმედებით მიდგომას) საჭიროებს, ამ ქვეგანყოფილების მუშაკები არაეთიკური საქციელის უფრო მეტ კოეფიციენტს აჩვენებდნენ.

ავტორებმა ივარაუდეს, რომ სწორედ კრეატიულობა იწვევს არაეთიკურ საქციელს, რადგანაც ის ადამიანებს საკუთარი ქმედების გამართლების მიზეზს აძლევს; თუმცა ამის შესახებ ძნელია დანამდვილებით საუბარი თვით კვლევის კორელაციური ბუნებიდან გამომდინარე. ამდენად, იბადება კითხვები შეიძლება თუ არა არაეთიკურმა საქციელმა ადამიანებში უფრო მეტი კრეატიულობა გამოიწვიოს, ან კიდევ, შეიძლება თუ არა კრეატიულობისა და არაკეთილსინდისიერების მიზეზი იყოს მაღალი ინტელექტი? ეს ასპექტი რომ გამოკვლეულიყო, ავტორებმა მოამზადეს ექსპერიმენტი, რომლის მონაწილეები დააყენეს კრეატიული აზროვნების საჭიროების წინაშე, შემდეგ კი მათ მისცეს წაეშმაკების (ანუ წათაღლითების) შესაძლებლობა.

ექსპერიმენტატორები ადამიანებს კრეატიული აზროვნებისკენ სპეციალური დავალების დახმარებით აქეზებდნენ. ეს დავალება იყო - "მოიფიქრე წინადადება". მასში მონაწილეებს სთხოვდნენ მოეფიქრებინათ ოთხი სიტყვისგან შემდგარ წინადადებათა სერია, რომელიც ხუთი შემთხვევით შერეული სიტყვებისგან იქნებოდა ნაწარმოები. მაგალითად, მონაწილეებს აძლევდნენ სიტყვებს: "წარმოადგენს, ცა, რატომ, ცისფერი, ხე", ხოლო მათ უნდა შეედგინათ ფრაზა, მაგალითად, "რატომ წარმოადგენს ცა ცისფერს?" (ან "რატომაა ცა ცისფერი?"). მეტიც, ზოგიერთ მონაწილეს აძლევდნენ შერეულ წინადადებებს, რომლებშიც გამოიყენებოდა სიტყვები, რომლებიც კრეატიულობასთან იქნებოდა დაკავშირებული - მაგალითად, "ორიგინალური, ახალი, გამოგონება", მაშინ როდესაც სხვა მონაწილეებს ისეთ წინადადებებს აძლევდნენ, რომლებშიც მსგავსი სიტყვები არ იყო. ასეთი მანიპულაციები, როგორც ადრინდელ გამოკვლევებში დადგინდა, ადამიანებს უფრო მეტი კრეატიულობისკენ უბიძგებდნენ.

ამ გამოკვლევის შემდეგ მონაწილეებს სთხოვდნენ გაეგორებინათ სათამაშო კუბი, რომელსაც ექსპერიმენტატორი ვერ ხედავს. მათ ეუბნებოდნენ, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობის საზღაური განსაზღვრული იქნებოდა კუბზე ამოსული რიცხვის შესაბამისად, რომელიც ხმამაღლა უნდა წარმოეთქვათ. მაგალითად, თუ კუბზე აღმოჩნდებოდა ციფრი "სამი", ისინი მიიღებდნენ სამ დოლარს. ეს ექსპერიმენტი თაღლითობის დეტექტირების კარგი საშუალებაა, რადგან თუ კუბის გაგორების საშუალო შედეგი იქნება 3,5, მაშინ, ნებისმიერი მაჩვენებელი, რომელიც ამ რიცხვისგან ძლიერ განსხვავებული იქნება, დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ ადამიანები იტყუებიან კუბზე გამოსახულ ციფრებთან დაკავშირებით, რათა მიიღონ მეტი ანაზღაურება.

დაბოლოს, მკვლევარებმა თავიანთ თეორიაში ივარაუდეს, რომ კრეატიულობა ადამიანებს აქეზებს არაეთიკური საქციელისკენ, რადგან ის შესაძლებლობას იძლევა მსუბუქი დამოკიდებულება ჰქონდეს საკუთარი ქმედებებთან. ადრინდელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ როდესაც ადამიანები რაღაც ისეთს სჩადიან, რაც შეიძლება ცუდ საქციელად შეფასდეს, ისინი ცდილობენ საკუთარ საქციელს რაიმე გამართლება მოუძებნონ და მით თავიანთი ქმედებების ნეგატიურობა შეამცირონ.

მაგალითად, თუ თქვენ არცთუ პატიოსნად იხდით გადასახადებს, შეიძლება ეს გაამართლოთ და საკუთარ თავს შთააგონოთ, რომ "ყველა ასე იქცევა", ან კიდევ "ამით არავინ ზარალდება".

ამგვარად, თუ კრეატიულობას არაკეთილსინდისიერებამდე მივყავართ, და ის ადამიანებს ეხმარება გაამართლონ თავიანთი არაკეთილსინდისიერი ქმედებები, შემოქმედებითმა აზროვნებამ არ უნდა მოახდინოს ზემოქმედება ადამიანთა თაღლითობისკენ მიდრეკილებაზე, თუ მათ უკვე გააჩნიათ რაიმე გამართლება თავიანთ გონებაში. ეს იდეა რომ შეემოწმებინათ, მკვლევარებმა ზოგიერთ მონაწილეს შესთავაზეს "გამართლება", კერძოდ, ნება დართეს რამოდენიმეჯერ გაეგორებინათ კუბი, თუმცა იქვე გააფრთხილეს, რომ შედეგში ჩაითვლებოდა პირველი გაგორება. ამგვარი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიტომ, რომ საკუთარი ქმედების გამართლების შემსუბუქების ერთ-ერთი მეთოდი მდგომარეობს იმაში, საკუთარ თავს მისცე შესაძლებლობა დააკვირდეს იმას, რაც თითქმის მოხდა, მაგრამ ფაქტობრივად არ შესრულდა. ასეთ შემთხვევაში, თუკი მეორე გაგორების შედეგად კუბზე ამოდიოდა ციფრი "ექვსი", რომელიც პირველი გაგორების შედეგად ამოსულ ციფრს აღემატებოდა, ადამიანები უფრო ადვილად ეძლეოდნენ თავიანთი არაკეთილსინდისიერი საქციელის გამართლებას.

როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, როდესაც ადამიანები კუბს აგორებდნენ ერთხელ, თანაც წინასწარი შემოქმედებითი ამოცანის გავლის გარეშე, ისინი უფრო პატიოსნად იქცეოდნენ. ადამიანები, ვინც წინასწარ გაიარა შემოქმედებითი ამოცანა, უფრო არაკეთილსინდისიერნი აღმოჩნდნენ, და კუბის გაგორების შედეგად უფრო დიდ საშუალო ციფრებს ასახელებდნენ. ამის შემდეგ, ეს ეფექტი ქრებოდა, თუკი ადამიანებს კუბის რამოდენიმეჯერ გაგორების შესაძლებლობას მისცემდნენ. აქედან კი გამოდის, რომ როდესაც ადამიანებს ეძლევა შესაძლებლობა გამართლების საძებნელად, კრეატიულობა სავარაუდო თაღლითობაზე ზეგავლენას წყვეტს. შედეგები, როგორც ჩანს, ადასტურებენ, რომ კრეატიულობა ეხმარება ადამიანებს მოიფიქრონ თავიანთი არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამამართლებელი არგუმენტები.

ეს გამოკვლევები აჩვენებენ, რომ კრეატიულობას ნამდვილად გააჩნია ბნელი მხარეები. ამ მონაცემების გათვალისწინებით, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ყველაზე საუკეთესო და გამოჩენილი ადამიანები, ხშირად არიან გაბმულნი ათასგვარ ამორალურ საქმეებში. სტივ ჯობსი საკულტო და წარმოუდგენლად დიდი ფანტაზიის მქონე აღმასრულებელი დირექტორი იყო, მაგრამ ის ამავე დროს იყო ადამიანი, და ექვემდებარებოდა ქცევის იმავე წესებს, რასაც ყველა სხვა დანარჩენი. ფინანსური კომპანიების მეთაურთა მაქინაციების შემთხვევაში, ორგანიზაციის შიგნით კრეატიულობის წახალისება, შესაძლოა მომგებიანი აღმოჩნდეს ბიზნესისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს.

წყარო: http://www.scientificamerican.com/article.cfm?id=how-creativity-connects-immortality





apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий