ღმერთი

ღმერთი

суббота, 30 ноября 2013 г.

უბოროტო ყრმების თანამედროვე განსაცდელები.

ბავშვობა განსაკუთრებული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში; ის, როგორც წესი, უმანკოების, უბრალოების, გულწრფელობის, წრფელი სიყვარულის ჟამია. ბავშვის სულიერ მდგომარეობას მაცხოვარი მისაბაძ მაგალითად გვაძლევს: „ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18,3-4). ბავშვობის ასაკში მიღებული შთაბეჭდილებები ადამიანის ცხოვრებაზე ღრმა ნაკვალევს ტოვებს; როგორც წმიდა მამები გვასწავლიან: „პირველთა ცნობათა და ჩვეულებათა, რომელთა მიიღებს მცირეწლოვანი ყრმა სახლსა შინა მამისა თვისისასა, პირველთა მაგალითთა, რომელთა იგი ხედავს გარემოს თვისსა, აქვსთ უდიდესი მნიშვნელობა მრთელსა მისსა სიცოცხლესა შინა. ყოველი მომავალი ცხოვრება მცირეწლოვანისა ყრმისა, მისი ყოფაქცევა, მისი ხასიათი და ერთის მხრივ თითქმის სულის ცხოვნებაც დამოკიდებული არის მას ზედა, თუ რა სახით გაიზარდა იგი, რა შეაგონეს და რა ასწავლეს მას და რას მიაჩვიეს იგი მშობელთა სიყმაწვილეშივე“ (წმ. გაბრიელ ქიქოძე); „როგორც ბოროტება, ასევე სიკეთე ყმაწვილის გულში ძლიერად იდგამს ფესვს“ (წმ. ტიხონ ზადონელი). ამიტომაც, ადამიანთა და ზოგადად საზოგადოების მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ პირობებში და რა ფასეულობებით ხდება მცირეწლოვანთა აღზრდა. ბოროტი სულები და მათ მიერ სულიერად დამონებული, ბოროტებასთან მყარად შეთვისებული ადამიანები – ისინი, ვინც „გათავისუფლდა“ ზნეობის ტვირთისგან, ვისთვისაც სიწმინდესთან სიახლოვე აუტანელი გახდა, განსაკუთრებული მონდომებით ცდილობენ მცირეწლოვანთა სულებში გარყვნილების ბოროტი თესლის ჩათესვას.

რა ხდება განსაკუთრებული თანამედროვე ბავშვების ცხოვრებაში? ცხადია, ბოროტი სულები და უზნეობის გამავრცელებელი ადამიანები ადრეც არსებობდნენ, მაგრამ თანამედროვე საცდურების ანალოგიას ისტორიაში ვერ ვიპოვით. მთავარი საშიშროება დღეს ინფორმაციის უკონტროლო ნაკადებია, რომლისგანაც ბავშვის დაცვა, პრაქტიკულად შეუძლებელია. ბავშვებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი არასასურველი ინფორმაცია ტელევიზიით და ინტერნეტით მოედინება, რასაც ბევრ ქვეყანაში სავალდებულო სექსუალური აღზრდაც დაემატა. ძალიან ხშირად, ათასგვარი უზნეო სერიალებითა და შოუებით თითქოსდა მონუსხულ და ზნეობისადმი ინდიფერენტობამდე მისულ მშობლებს ალბათ წარმოდგენაც არა აქვთ, რას უყურებენ და კითხულობენ მათი მცირეწლოვანი შვილები ინტერნეტში. არადა, იშვიათია საიტი, რაიმე სიბილწეს რომ არ შეიცავდეს (ვიზუალურად ან შინაარსობრივად); შეუძლებელია ბავშვი მხოლოდ თამაშებით და სასარგებლო ინფორმაციით შემოიფარგლოს, აუცილებლად გადააწყდება გარყვნილებას რაიმე სახით, რომც არ ეძებდეს; თვითონ თამაშებიც ხშირად მაგიური ელემენტების, ძალადობის ან გარყვნილების შემცველია, რომ აღარაფერი ვთქვათ კომპიუტერთან საათობით ჯდომის შედეგად ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ დეგრადირებაზე. უზნეობა ინტერნეტში არა მხოლოდ კომერციული მიზნებით ვრცელდება, – არიან ადამიანები, ვინც ამას შეგნებულად აკეთებს, ახალგაზრდობის გასარყვნელად და ეკლესიის მტრებად აღსაზრდელად.

თუ ბავშვი დაიჯერებს, რომ ზნეობრივი შეზღუდვები ჩამორჩენილობაა, ხოლო გარყვნილი ცხოვრება და ასეთი ცხოვრების წესის პროპაგანდა ნორმალურია, ის ჯერ ღმერთს დაშორდება, შემდეგ კი, თავისი სინდისის ჩასახშობად, აუცილებლად დაუპირისპირდება ეკლესიას, როგორც ზნეობის მცველს, ცოდვის მამხილებელს და მისი გავრცელების მოწინააღმდეგეს; ასეთი ადამიანები ან ათეისტები და ანტიქრისტიანები ხდებიან, ანდა იმის მტკიცებას იწყებენ, რომ ზნეობის ერთგულ ადამიანებს არ ესმით ქრისტიანობა, რომ არასწორია ცოდვებისადმი ამგვარი მკაცრი დამოკიდებულება, დამახინჯებით განმარტავენ უფლის კაცთმოყვარებას და ა.შ.

დღეს ყოველგვარ სისაძაგლეს თავისი დამცველები ჰყავს, ვინც წარმატებით გაიარა „კომპლექსებისგან გათავისუფლების კურსები“; მათგან ხშირად გავიგონებთ: ადამიანმა რაც არ უნდა ნახოს და მოისმინოს, არაფერი დაუშავდება, არც რწმენას და ზნეობას დაკარგავს და ა.შ. ეს ყოველივე სრულიად საწინააღმდეგოა წმ. მამათა სწავლებისა, – სწორედაც ცოდვის მიმზიდველად ან ნეიტრალურად წარმომაჩინებელი წიგნებით, ჟურნალ-გაზეთებით, გადაცემებით, ვიდეორგოლებით, ფორუმებით, თამაშებით ყალიბდება უზნეო და ღვთისმოძულე თაობა; როგორც ხორციელი საკვების შემადგენლობაზეა დამოკიდებული სხეულის სიჯანსაღე, ასევე სულიერი საკვების შემადგენლობა განსაზღვრავს სულის მდგომარეობას. ყველაზე საშიში ისაა, რომ სულისთვის საზიანო ინფორმაციის შედეგად დეგრადაციის პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ადამიანი ვერც ხვდება, როგორ იცვლება მისი შინაგანი სამყარო, მისი სულიერი მისწრაფებები და ფასეულობები. ასე რომ არ იყოს, გარყვნილების ინდუსტრია ტყუილად არ გადაყრიდა მილიონებს თავისი პროდუქციის რეკლამაზე და არც დღევანდელი ახალგაზრდობისა და მათი წინა თაობების შეხედულებები და მოთხოვნილებები იქნებოდა ასე მკვეთრად განსხვავებული. მეთორმეტე საუკუნეში წმ. პეტრე დამასკელი წერდა: „რომელ სიტყვაშიც განისწავლება კაცი, იმ სიტყვის თვისებას იძენს, თუმც ვერ ხედავენ ამას გამოუცდელნი“. მაშინ არ იყო ინტერნეტი და ტელევიზია, ადამიანთა მსოფლმხედველობა წიგნებიდან მიღებული ინფორმაციით ყალიბდებოდა, მაგრამ წმინდანის სიტყვები ყველანაირი ინფორმაციის ზემოქმედების მნიშვნელობაზე მიგვითითებს.

ცხადია, მშობელი ვერ შეძლებს ბავშვი სრულიად აარიდოს ამ სულის გამხრწნელ ნაკადებს, რადგან დღეს ინტერნეტი ყველგანაა: სახლის კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში, მეზობელთან, სკოლაში, ინტერნეტ კაფეში... ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ბავშვს გასაგებად უნდა აუხსნან, რომ ეს გარყვნილება და უღმერთობა მისი სულისთვის დამღუპველია; და რაც ყველაზე მთავარია, ბავშვი მშობლებში უნდა ხედავდეს ზნეობრივ მაგალითს. სასურველია, ბავშვი სწავლით და სპორტით იმდენად იყოს დაკავებული, რომ დრო აღარ რჩებოდეს მავნებელი გართობისთვის და უზნეო გარემოსთან ურთიერთობისთვის. განსაკუთრებით სასურველია, ხშირი ზიარება, საეკლესიო წიგნების კითხვა, ეკლესია-მონასტრების მოლოცვა, ეკლესიურ ცხოვრებაში და გარემოში მაქსიმალურად ჩართვა, რადგან ამ სიბილწის ნიაღვრის შეჩერება მხოლოდ სიწმინდეს ძალუძს. ბავშვი შეიძლება ცოდვებისკენ მიიდრიკოს, მაგრამ თუ მას სწორი მსოფლმხედველობა ექნება, დიდი იმედია, რომ ის დაუბრუნდება ეკლესიას, ქრისტიანული მცნებებით ცხოვრებას, მაგრამ თუ მის გონებაში გარყვნილებისა და ყალბი თავისუფლების იდეოლოგიამ დაიმკვიდრა, თუ ეკლესიის მიმართ ირონიული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, მაშინ საქმე გაცილებით რთულადაა. ამ ყოველივეს კი ხელს უწყობს საინფორმაციო სივრცეში აგრესიული ანტიეკლესიური პროპაგანდა. ამიტომაა აუცილებელი მშობლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება და მცდელობა, რომ ბავშვი გაცნობიერებულად იყოს ჩართული ეკლესიურ ცხოვრებაში. უკვე მრავალი მაგალითი არსებობს, როცა ბავშვები იზრდებიან ეკლესიურ ოჯახებში, ლოცულობენ, მარხულობენ, ეზიარებიან... თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ 14-16 წლის მოზარდები ცივდებიან ეკლესიის მიმართ და ზოგჯერ მისდამი მტრულ განწყობილებას გამოხატავენ. რატომ? ნაწილობრივ ალბათ იმიტომ, რომ ეკლესიური ცხოვრების არსი არ ჰქონდათ ჯეროვნად გაცნობიერებული, დაბადებიდანვე ტელევიზორიდან გამუდმებით მომდინარე უზნეობის შემყურენი იყვნენ, ეკლესიაში უფრო მშობლების ხათრით დადიოდნენ, არავინ ამოწმებდა, რას სწავლობდნენ ეზოში და სკოლაში ამხანაგებისგან, შემდეგ ინტერნეტში ჩაძირულებმა ანტიზნეობრივი და ანტიეკლესიური პროპაგანდის მიზანმიმართული გავლენა განიცადეს, დაიჯერეს, რომ ზნეობის და ადამიანობის დრო წარსულს ჩაბარდა, რომ სასულიერო პირები გაუნათლებლები და ფუფუნებაზე დახარბებულები ყოფილან, არც ცოდვები ყოფილა ისეთი საშიში, როგორც ეკლესიაში ეუბნებოდნენ და ა.შ.

ინტერნეტის საცდურთა საყოველთაოობის მიუხედავად, მაინც ყველაფერი მშობლისა და ბავშვის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, – თუ იქნება ნება სწორად ცხოვრებისა, არც ინტერნეტი ჩაირთვება თავისით და არც უტიფარი სატელევიზიო გადაცემები; მაგრამ ზნეობის მოძულეები მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებით არ კმაყოფილდებიან, დღეს საქმე ყველაზე საშიშ და მზაკვრულ ძალადობამდე მივიდა. უკვე კარგა ხანია განვითარებულ ქვეყნებში ე.წ. სექსუალური განათლების სახელით მიმდინარეობს მცირეწლოვანი ბავშვების ახლებურად აღზრდა, – მარკიზ დე სადის, ზიგმუნდ ფროიდის და ალფრედ კინსის იდეების შესაბამისად. ჩვენს განათლების სისტემაში არაქრისტიანული და არანორმალური ცხოვრების წესის სწავლებამ ჯერ კიდევ მთლად ვერ შემოაღწია, მაგრამ სხვა ქვეყნებში აქტიური ბრძოლაა გაჩაღებული. 2013 წლის 8 მაისს რუმინეთში ორმოცდაათამდე ქრისტიანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განათლების სამინისტროს გაუგზავნა მიმართვა სკოლებში სექსუალური აღზრდის წინააღმდეგ. მიმართვაში ვკითხულობთ: „... ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი აღმზრდელობითი მოდელი პროპაგანდას უწევს უწესო სქესობრივ კავშირებს და ჰომოსექსუალიზმს, აქეზებს პორნოგრაფიას და აღვირახსნილობას... „ექსპერტები“ უხსნიან ბავშვებს, რომ აბორტი ყველასთვის დამხმარე საშუალებაა, რომელთან დაკავშირებით არავის არ უნდა ჩავაბაროთ ანგარიში...“. (წყარო: Culturavietii.ro). თუკი რუმინეთში ქრისტიანობის გავლენა ისევ მოქმედია და ძირითადად მორწმუნე ადამიანები იმაღლებენ ხმას, გერმანელი მშობლები, შეიძლება ითქვას, მცირეწლოვანი შვილების ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვიან. მეტი სიცხადისთვის, სჯობს დოკუმენტურად გავეცნოთ მათ გასაჭირს. გერმანიაში გადაღებული ვიდეო სიუჟეტი ჩვენთვის ჯერ კიდევ უცხო ამბავს გადმოგვცემს (წყარო: http:info.kopp-verig.de):

გერმანია. ქალაქი ჰამი (Hamm). ციხესთან პროტესტის გამოსახატავად შეკრებილან 8-9 წლის ბავშვები, მშობლებთან და სხვა მხარდამჭერებთან ერთად. იქვე მდგომი ჟურნალისტი სულის შემძვრელ ამბავს გვიყვება: მეოთხე კლასელმა გოგონამ (რვა ბავშვიანი ოჯახიდან) ვეღარ გაძლო და შეწყვიტა დასწრება სექსუალური აღზრდის გაკვეთილებზე. მასწავლებლებმა ის ძალით შეათრიეს გაკვეთილზე, მაგრამ ბავშვი მაინც არ დამორჩილდა და ის სამასწავლებლოში დატოვეს; ბავშვის მშობლებს ჯარიმა დაეკისრათ. მათ ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადეს, რადგან თვლიან, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ. სასამართლომ გოგონას მამას და ფეხმძიმე დედას პატიმრობა მიუსაჯა. მამა დააპატიმრეს; რას მოიმოქმედებენ დედის მიმართ, ჯერ არაა ცნობილი (მისი ფეხმძიმობიდან გამომდინარე). როგორც ჟურნალისტი ამბობს, ამავე გარემოებათა გამო უკვე მრავალი მშობელი მოხვდა ციხეში.

ერთ-ერთი მოპროტესტე ახალგაზრდა მამაკაცი: „მე ნიშანდობლივად მეჩვენება, რომ განაჩენი გამოაქვთ მამისთვის, რომელმაც შვილი დაიხსნა იმ გაკვეთილზე დასწრებისგან, რომელზეც პორნოგრაფიული მასალის გარჩევა ხდება; მეორე მხრივ, არსებობს კანონი, რომელიც ბავშვებს პორნოგრაფიისგან იცავს, ეს დასჯადია. ხოლო მამა, რომელმაც შვილი დაიცვა, ციხეში ხვდება. ეს გაუგებრობაა. მე მაინტერესებს, ვინ დგას ამის უკან, მაინტერესებს, რომელმა მოსამართლემ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება...“.

მოპროტესტე ქალბატონი: „მე მსურს მშობლებს სოლიდარობა გამოვუცხადო. ბევრ ბავშვს ვესაუბრე და ვიცი, რომ ისინი ამისგან ძალიან იტანჯებიან, პირველ ყოვლისა დაბალი კლასის მოსწავლეები, – ამ სექსის პორნოგრაფიული გაკვეთილებისგან, – სექს-განათლების გაკვეთილებს სხვას ვერაფერს დაარქმევ. მე ვნახე სასწავლო მასალა, ეს პორნოგრაფიის გაკვეთილებია. ბავშვები იტანჯებიან, და ეს ყველაფერი იმდენად აღემატება მათ ძალებს, რომ ამის შესახებ ვერ ბედავენ სკოლაში საუბარს. მათ აიძულებენ. ერთმა ბავშვმა მითხრა: „ეს საშინელებაა, – (მის სახეზე ტანჯვა იკითხებოდა), – ეს შემზარავია, და ჩვენ ყველაფერი საზიზღრობა ზეპირად უნდა ვისწავლოთ...“. ბევრი ამის შესახებ სახლში თქმასაც ვერ ბედავს, და თუ მშობლები ყურადღებით არიან, ერთ მშვენიერ დღეს ამჩნევენ, რომ მათი ბავშვები შეიცვალნენ; ზოგჯერ შემთხვევით გამჟღავნდება ხოლმე, რაც სექსუალური განათლების გაკვეთილებზე ხდება... ეს უნდა დამთავრდეს, და ჩვენ გავაპროტესტებთ, ვიდრე არ დამთავრდება“.

გოგონას მამას (ახალგაზრდა კაცია) დაუმთავრდა პატიმრობის ვადა და ციხიდან გამოუშვეს, მას გახარებული შვილები შემოეხვივნენ. შემდეგ მიუახლოვდა ჟურნალისტი და ესაუბრება.

მამა: „უცნაური გრძნობა მაქვს, – იმის გამო გაპატიმრებენ, რაშიც დამნაშავე არ ხარ... გაპატიმრებენ იმიტომ, რომ შენმა ქალიშვილმა სექსუალური განათლების ორი გაკვეთილი გააცდინა, რადგან ვერ გაუძლო“.

ჟურნალისტი: „საიდან აქვს შენს ქალიშვილს ასეთი სულიერი სიმტკიცე, რომ გაკვეთილი მიატოვა?“

მამა: „ჩვენი ოჯახისთვის დიდი ხანია გასაგები გახდა, რომ სიტუაცია, რაც სკოლაში იყო, სასკოლო განათლების მთელ სისტემაში, სექსუალური აღზრდის მხრივ, – ცუდად დამთავრდებოდა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებოდით. ჩვენთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ჩვენი გოგონა თავისი განცდების შესაბამისად მოიქცეოდა. ჩვენ ის განვამტკიცეთ მის განზრახვაში... “.

ჟურნალისტი: „... ეს მსხვერპლი გიღირდათ?“

მამა: „რა თქმა უნდა. უკვე ეს ინტერვიუ თქვენთან, და რომ მთელ ამ ისტორიას გამოაქვეყნებენ, ღირდა ამად. ეს ხალხამდე უნდა მივიდეს, უნდა გამოქვეყნდეს, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა ხდება საერთოდ. ამიტომ უეჭველია, ყველაფერი გამართლებულია“.

ჟურნალისტი: „რა უნდა შეიცვალოს – მასწავლებლები, სკოლის ხელმძღვანელობა? რას ფიქრობთ?“

მამა: „როგორც წესი, მასწავლებლები აქ არაფერ შუაშია. ძირითადად სასკოლო განათლების სისტემაშია საქმე. ამ სისტემაში მიზანმიმართულად ინერგება სექსუალური განათლების პრინციპი, რაც ჩვენი შვილებისთვის უდიდესი საშიშროებაა“.

ჟურნალისტი: „თქვენ ახსენეთ ადრეული სექსუალური განათლება. რამდენად დიდია მისგან მომდინარე საშიშროება?“

მამა: „ამასთან დაკავშირებით მრავალი მაგალითის მოტანა შეიძლება. ერთი მაგალითია ბორკენიდან (Borken), რვა ბავშვთან დაკავშირებით, რომლებსაც სექსუალური განათლების გაკვეთილზე გული წაუვიდათ, ექვსი მათგანი საავადმყოფოში წაიყვანეს. (შემდეგ შემზარავ ამბავს ყვება, – გამოვტოვე)... დღეს ბავშვები მობილური ტელეფონების და ინტერნეტისადმი უკონტროლო წვდომის საშუალებით ეჯახებიან მძიმე პორნოგრაფიას. მეორე მხრივ, სკოლებში ადრეული სექსუალიზაციით ბავშვებს პირდაპირ ანგრევენ შიგნიდან, ანგრევენ მათ ფსიქიკას, ბავშვებს აინვალიდებენ“.

ჟურნალისტი: „რას ურჩევდით მშობლებს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ?“

მამა: „ყველა შემთხვევაში ვურჩევ, არ დახუჭონ თვალები; ეს პრობლემა აქციეთ თქვენს პირად პრობლემად; იზრუნეთ იმაზე, რომ ეს ისტორია, ეს შემთხვევა და ყველაფერი, რაც ამ თემას უკავშირდება, ცნობილი გახდეს საზოგადოებისთვის, რომ ეს გაიგონ ნაცნობებმა, ისინი მოუყვებიან თავის ნაცნობებს“.

ზემოთ აღწერილ ამბავში მშობლების შეშფოთების მოტივი მცირეწლოვანი ბავშვების პორნოგრაფიისგან დაცვაა; ერთი შეხედვით რაღა იქნება ამაზე უარესი, მაგრამ როგორც წმ. მამები გვასწავლიან, ცოდვა, თუ მას არ ებრძვიან, ერთ ადგილას არ ჩერდება. როდესაც ესა თუ ის მცდარი იდეოლოგია ადამიანს იპყრობს, შემდეგ ის ამ იდეოლოგიის მსახური და გამავრცელებელი ხდება. ასევეა ამ ახალი, გარყვნილების იდეოლოგიის შემთხვევაში. ადამიანების ნაწილმა დაიჯერა, რომ ყველა ზნეობრივი ნორმა კაცობრიობის გაუნათლებელი, ბნელი წარსულის გადმონაშთია და ისე უნდა იცხოვრონ, როგორც მათი სურვილები უკარნახებენ, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, და არც იმას უნდა მიაქციონ ყურადღება, სხვებს მოსწონთ თუ არა მათი ცოდვების და ცოდვიანი აზრების აფიშირება; და მათი რწმენით, ესაა ნამდვილი თავისუფლება, პროგრესი და ადამიანთა მთავარი ღირებულება. ასეთი ცნობიერების ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამგვარი ცხოვრების წესი საყოველთაოდ დანერგონ, რითიც თავისთვის უფრო კომფორტულ გარემოს შეიქმნიან; და ამისთვის არსებობს არაერთი საშუალება – განათლების სფერო, ხელოვნება, სპორტი, რეკლამა, მწერლობა, პრესა, ტელევიზია, ინტერნეტი... ჯერ დააკნინეს ქორწინებისადმი ქრისტიანული დამოკიდებულება და დანერგეს ე.წ. თავისუფალი სექსის იდეოლოგია, შემდეგ გადავიდნენ მცირეწლოვანი ბავშვების სექსუალურ „განათლებაზე“, ვითომდა მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით; დღეს უკვე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვებს საბავშვო ბაღიდან უნერგავენ აზრს, რომ ერთსქესიანი ქორწინება ნორმალური მოვლენაა და როცა გაიზრდებიან, სქესი თვითონ უნდა აირჩიონ. ევროპაში იყო შემთხვევები, როცა პროტესტანტი მქადაგებლები დააპატიმრეს იმის გამო, რომ თავიანთ ქადაგებებში სოდომური ცხოვრების წესი დაგმეს.

გარყვნილების იდეოლოგია ქრისტიანული მსოფლმხედველობის საწინააღმდეგოდ ნერგავს აზრს, რომ ადამიანი თავის სურვილებს უნდა დაემორჩილოს და არც მათი გამოხატვისა უნდა ერიდებოდეს, თუნდაც ეს სურვილები ყველაზე ბილწი იყოს, – მთავარია არ დაირღვეს კანონი; ასეთივე პრინციპი ინერგება ბავშვის აღზრდაში, – არაფერი უნდა დაუშალო, არაფერში შეეწინააღმდეგო. ეს დამოკიდებულება სრულიად საწინააღმდეგოა ქრისტიანული აღზრდის პრინციპისა. თუ საზოგადოების უმრავლესობა საღვთო კანონებს არაფრად მიიჩნევს, მაშინ ვინც საზოგადოებაში გავლენას მოიპოვებს, კანონებსაც ის მოარგებს თავის ცხოვრების წესს და რაც უფრო მისაღები გახდება ცოდვა, მით უფრო მიუღებელი იქნება ეკლესია და ქრისტიანული ზნეობა. „პროგრესული“ საზოგადოებისგან დაწუნებული ქრისტიანობა სწორედ ბილწ სურვილებთან ბრძოლას, მათ აღმოფხვრას და სულში სათნოებების დანერგვას გვისახავს ცხოვრების უმთავრეს მიზნად; ამისთვისაა ეკლესია, საიდუმლოები, ლოცვა, მარხვა... და უფლის ერთგული ქრისტიანების რწმენა და ზნეობაა ის მთავარი დაბრკოლება, რაც ეღობება გარყვნილების გავრცელებას. რატომ მივიდა დღევანდელი საზოგადოება ასეთ მორალურ დეგრადირებამდე? ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი შესაძლოა წინა თაობების დაუდევრობაა აღზრდის მიმართ; როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „მთელი სამყაროს მოშლის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ დაუდევარნი ვართ ჩვენი საკუთარი შვილების მიმართ, ვზრუნავთ მათ შესაძინელზე, ხოლო მათ სულებს უგულებელვყოფთ, რაც ფრიად უგუნური საქმეა“.

ბოლოს, ამერიკელი პროფესორის, პატრიკ ფაგანის შეხედულებასაც გავეცნოთ. ის ოჯახისა და რელიგიის კვლევის ცენტრის დირექტორია და წერს ტრადიციული ოჯახისა და არატრადიციული, ერთსქესიანი ოჯახის კულტურების შესახებ. ერთსქესიანი ოჯახის კულტურას ის პოლიამურულ კულტურად მოიხსენიებს და ამბობს: „დაამყარა რა კონტროლი ბავშვების განათლებაზე, სქესობრივ აღზრდაზე და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე, პოლიამურული კულტურა ამცირებს მშობლების როლს, ანადგურებს მათ ავტორიტეტს და ამით ხელს უშლის მათ ძალისხმევას, თავისი შვილები საკუთარი კულტურის ნაწილად აქციონ. შეიძლება ითქვას (და რატომაც არა?), რომ პოლიამურული კულტურის აგენტები „იტაცებენ“ ბავშვებს მონოგამური ოჯახებიდან, ისევე, როგორც ოსმალეთის იმპერიის პერიოდში თურქები ძალით ართმევდნენ ბიჭებს ქრისტიან მშობლებს, რომ შემდეგ ისინი ელიტარული ნაწილების მეომრებად – იანიჩარებად ექციათ“. მისივე თქმით, ტრადიციული ოჯახის დაშლაში პოლიამურულ კულტურას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს გართობის ინდუსტრია, „რომელიც აშკარად მიზანმიმართულია მონოგამური ოჯახის კულტურის წინააღმდეგ“. (Patrick Fagan, Culture Clash: „Sexual Monogamy vs. Polyandry“).

ექვთიმე მესხიშვილი

http://www.martlmadidebloba.ge/cxovreba33.html

Комментариев нет:

Отправить комментарий