ღმერთი

ღმერთი

пятница, 29 ноября 2013 г.

"რელიგია, რომელსაც ებრძვიან, ძლიერდება" - რატომ გააქტიურდნენ "იეღოველები"

  28-11-2013

"რელიგია, რომელსაც ებრძვიან, ძლიერდება" - ბოლო დროს, ამ ფრაზას უფლებადამცველები და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ... თუმცა, კონკრეტულად რაში გამოიხატება ბრძოლა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, როდესაც სექტანტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ქუჩაში გაგაჩერონ და ან სახლში მოგადგნენ სპეციალური ლიტერატურით შეიარაღებულები და მცირე ლექცია ჩაგიტარონ, ამაზე პასუხი არ აქვთ...

"გვებრძვიან, აბა რა, ზუგდიდში, შენობას, სადაც ჩვენი სულიერი დები და ძმები იკრიბებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს... კიდევ კარგი, შენობაში იმ დროს არავინ იყო. ჩვენ არავის არაფერს ვერჩით, პირიქით, სიკეთეს, სიყვარულსა და მშვიდობას ვთესავთ და მაინც გვავიწროვებენ. ქვებს გვესვრიან, შეურაცხყოფას გვაყენებენ. არაფერია, ჩვენი რწმენა სწორედ მოთმინებას გვასწავლის, ოღონდ ჭეშმარიტ მოთმინებას და არა ფარისევლურს..."- ამბობს ჩვენთან საუბარში "იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის" წევრი ლაშა კვარაცხელია.

ზუგდიდში, 16 ნოემბერს, "იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის" წარმომადგენლებს ზუგდიდში, კერძოდ, ზედაეწერში, შეკრების სახლის, "იეჰოვას სამეფო დარბაზის" ერთ-ერთი კედელი დაცხრილული დახვდათ.

შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩხორიის ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფელ ზედაეწერში მოხდა და შსს- ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. თუმცა, საზოგადოებაში, სექტანტების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავენ და მიიჩნევენ, რომ უკეთესი იქნებოდა, სახელმწიფოს თავად სექტანტების წინააღმდეგ მიეღო ზომები.

მამუკა დარასელია, ზუგდიდი:

- ორი საუკუნის განმავლობაში უღმერთობის ხანაში ვიცხოვრეთ, შვილო. ახლა კი, ხალხი ძლივს უფლის გზას შეუდგა და ეს სექტანტები გამოჩნდნენ, წმინდა ხატებზე გვეუბნებიან, სურათებზე ლოცულობთო და გადავირევით, აბა რა იქნება?.. ეს არ არის შეურაცხყოფა და შევიწროება?.. თოფი კი არა, ყუმბარა რომ მქონდეს, იმას ვესვრი ამათ... სახლში გვივარდებიან, ქუჩაში, პატარა ბავშვებსა და მოხუცებს აჩერებენ და აშტერებენ და კიდევ აქეთ ჩივიან, გვებრძვიანო... პოლიცია თუ არ მიხედავს, ჩვენ მივხედავთ, ყელში ამოვიდნენ უკვე... შვილები და შვილიშვილები მეზრდება. მადლობა ღმერთს, პირჯვრის გადაწერის გარეშე სახლიდან არ გადიან და ვინმემ ესენი რომ გამომიშტეროს, თოფს ვესვრი კი არა, ფრჩხილებით გამოვჭამ ყელს... თავს ნუ იბრმავებს სახელმწიფო. იეღოველების ქმედებები და მასშტაბები საშიშია და სანამ ხალხს თავად დაუწყია მათგან თავის დაცვა, მიხედონ, თორემ ერთ დღეს ჩვენი მოთმინების ფიალაც შეიძლება აივსოს...

ავთო, 54 წლის, ზუგდიდი:

- ის ორი ტყვია, რომელიც შენობის ფასადს ესროლეს, გამაფრთხილებელი იყო... ყველგან ესენი არიან. ლამის მთელი აფხაზეთი აქვთ აღებული. ვიცი, რომ ძალიან ბევრნი არიან... მიხედოს სახელმწიფომ, თორემ ხალხის მოთმინების გამოცდა სიკეთეს არ მოუტანთ...

იეჰოვას მოწმეებსა და მართლმადიდებელ მრევლს შორის დაპირისპირება მოხდა გორის რაიონის სოფელ ხელთუბანშიც; მოსახლეობის ერთი ნაწილი იეღოვას მიმდევრებს დაუპირისპირდა, რის გამოც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. დაპირისპირების მიზეზი სოფლის ცენტრში იეღოვას მოწმეთა შეკრებებისთვის განკუთვნილი ნაგებობის მშენებლობა გახდა.
სოფლის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ხელმოწერებიც შეაგროვა და ხელისუფლებას მიმართა, თუმცა მშენებლობა გრძელდება.
მართლმადიდებელი მოსახლეობის განცხადებით, ისინი თანასოფლელებს რელიგიური ნიშნით არ უპირისპირდებიან. მათი თქმით, აღნიშნული ადგილი მსგავსი ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისთვის შეუფერებელია.

სოფლის მოსახლეობის მართლმადიდებელი ნაწილი აცხადებს, რომ თუ მშენებლობის შეჩერება არ მოხდება, პროტესტის ყველა ფორმას მიმართავენ.

ლადო ჩოგოვაძე, გორი:

- ბოლო დროს ლამის მართლმადიდებლებს გვავიწროვებენ სოფელ ორთაშენში. იქ იმართება ხოლმე კრებები, რა დროსაც მთელი საქართველოდან ჩამოდიან იეჰოვას მოწმეები. 2003-04 წლებში ამ სოფლის ეკლესიაში ტაძარი დაარბიეს და ხატები შეურაცხყვეს... ამ სოფლის მკვიდრთა უმეტესობა იეღოველია.

თამარ გელაშვილი, გორი:

- ძალიან გამომწვევად იქცევიან. არ ვიცი, საიდან აქვთ ამდენი ფული, მაგრამ სოფლის ცენტრში უნდათ "სამეფო დარბაზის" წამოჭიმვა, რათა ყველასთვის მისაწვდომი გახდნენ... ვთხოვთ ხელისუფლებას, ნუ გვაქცევს მართლმადიდებლურ ქვეყანაში რელიგიურ უმცირესობად.

ამ საკითხზე კომენტარი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებსაც ვთხოვეთ.

მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა), ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი:

- ჩვენი სარწმუნება, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა დაიცვას... "იეღოველების" გააქტიურება შემთხვევითი არ არის, ეს უცხო ძალების ინტერესებში შედის. მათ სურთ, ანტისამხელმწფოებრივი მოქმედებებმა ფართო მასშტაბები მიიღოს და სექტანტები მოძლიერდნენ. არც ერთ განვითარებულ მართლმადიდელ სახელმწიფოში არ აქვთ, ასე ხელაღებით, ყველგან და ყველაფრის აშენების უფლება. საბერძნეთში ადგილობრივი ეკლესია უპირატესია და მას კანონი უზრველყოფს. ათენსა და სალონიკში, სექტანტები "სამეფო დარბაზებს" ვერ ააშენებენ, ჩვენთან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი რელიგია იქადაგოს... თურქეთში მიმავალ ქართველ სასულიერო პირს, სამოსლის გახდა, ჯვრის მოხსნა მოსთხოვეს. მხოლოდ ჩვენ ვართ ლმობიერები ყველასა და ყველაფრის მიმართ. არ შეიძლება ასე გაგრძელდება, რაღაც უნდა შეიცვალოს, უნდა არსებობდეს კანონი და ყველას, ვაჰაბიტი იქნება, "იეღოველი" თუ 50-ანელი, საქვეყნოდ ქადაგების უფლება არ უნდა ჰქონდეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)


Комментариев нет:

Отправить комментарий