ღმერთი

ღმერთი

понедельник, 14 октября 2013 г.

ემოციური გადაღლა.

რა არის ემოციური დაღლილობის მიზეზი და როგორ ვითარდება ეს მდგომარეობა? „ამბიონს“ ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი ესაუბრა:

„ძნელია იპოვო ადამიანი, რომელსაც ეს არ განუცდია. ფიზიკური დაღლილობის მსგავსად, ემოციური დაღლილობა ჩნდება მაშინ, როცა ვხარჯავთ ძალიან ბევრ სულიერ ძალას და ვერ ვასწრებთ მის აღდგენასა და ანაზღაურებას.
ამ მდგომარეობას თან ახლავს სიცარიელისა და დაღლილობის განცდა, ცინიკური ან განურჩეველი დამოკიდებულება შრომითი საქმიანობისა და საკუთარი შედეგებისადმი, რეალური წარუმატებლობა ან წარუმატებლობის შიში და განცდა.

ემოციური გადაღლა, გამოფიტვა, გადაწვა ეს არის უმეტესად იმ ადამიანების ხვედრი, რომელთ პროფესიულ მოვალეობაში შედის სხვა ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობა. ეს პრობლემა ემუქრება ექიმებს, იურისტებს, ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, სოციალურ მუშაკებს, კონსულტანტებს, მასწავლებლებს, რადგან ამ პროფესიის წარმომადგენლებს უხდებათ შეჯახება უარყოფით ემოციებთან, განცდებთან, უნებურად ჩათრეულები არიან კლიენტის ცხოვრებისეულ კოლიზიებში.

დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ადამიანი დაღლილობას რომ გრძნობდეს, ამაში გასაკვირი არაფერია, თუკი დილისათვის ის ახერხებს დასვენებას და მზად არის ახალი დღისთვის. საყურადღებო ის მდგომარეობაა, როცა დღითიდღე დაღლილობა არ გვტოვებს, ე.ი. ის ხდება ქრონიკული.“


რაში ვლინდება ემოციური დაღლილობა?

მისი ყველაზე გავრცელებული გამოვლინებები ასეთია:

გაღიზიანებადობა – ადამიანში არაადექვატურად ძლიერ ბრაზს იწვევს ყველა წვრილმანი _ წყლის დაღვრა, კაბის უმნიშვნელოდ დაჭმუჭვნა, მოუხერხებელი სკამი…


განმარტოების დაუძლეველი სურვილი - თითქოს ცდილობს აღმართოს კედელი, რათა არავინ შემოიჭრას მის სივრცეში.

ემოციურად გადაღლილ ადამიანს უჭირს კონცენტრირება. ყოველდღიური მარტივი მოვალეობა – ჭურჭლის დარეცხვა, საწოლის გასწორება, წერილზე პასუხის გაცემა მტანჯველ სირთულედ გადაიქცევა. განსაკუთრებით უჭირს გადაწყვეტილების მიღება.

მოწყენილობა, აპათია, ცხოვრების ინტერესის დაკარგვა – ის თითქოს ახლა აღმოაჩენს, რომ არასწორად აირჩია პროფესია, არაფერი გამოსდის სამსახურში, მიღწევები უმნიშვნელოა, წარუმატებლობა კი – უზარმაზარი. იგივე დამოკიდებულება აქვს პირადი ცხოვრებისადმი.

ხშირია ძილის დარღვევა – მომეტებული ძილიანობა ან უძილობა, თავის ტკივილი, მადის დარღვევები, ფიზიკური დაღლილობის შეგრძნება.

როგორ დავაღწიოთ თავი ემოციურ დაღლილობას?

ძლიერი ემოციური დაღლილობის მდგომარეობაში არ არსებობს სხვა გამოსავალი, თუ არა ის, რომ დაგეგმოთ დასვენება. იმის ნაცვლად, რომ უსასრულოდ ებრძოლოთ საკუთარ თავს და აავსოთ საყვედურებით, ეცადოთ, გადაერთოთ სამუშაოზე და სხვა საქმეებზე, დაღლილობა თავს არ დაგანებებთ და არ გაქრება, სანამ არ დაისვენებთ.
თუ როგორი უნდა იყოს ეს დასვენება, მიხვდებით, თუ მოუსმენთ საკუთარ თავს. ადამიანების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს სრულ განმარტოებას – შორეულ მოგზაურობას, ან სულაც საკუთარ სახლში თბილად და მყუდროდ საყვარელ წიგნთან ერთად ყოფნას.

მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, როგორ აიცილოს თავიდან აიცილოს უკიდურესი გადაღლილობა.

როგორ ავიცილოთ თავიდან ეს მდგომარეობა?

ყოველთვის კრიტიკულად გადახედეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას, შიგადაშიგ გადაერთეთ სხვა საქმეებზე. სამუშაოს დასრულების შემდეგ ნუ განაგრძობთ შინაგან დიალოგსა და ფიქრს სამსახურის პრობლემებზე.
დაგეგმეთ დასვენება მანამ, სანამ “გადაიწვებით”, ნუ მოგერიდებათ, უთხრათ ახლობლებს, რომ დაიღალეთ და გჭირდებათ განმარტოებით დასვენება.

თუ სამუშაოზე ან პირად ცხოვრებაში რაიმე არ მოგწონთ, დასაწყისშივე ეცადეთ რამე შეცვალოთ, სანამ ეს გაუსაძლისი გახდებოდეს.

ემოციური გადაღლა აღმოცენდება უფრო ხშირად მაშინ, როცა ადამიანი ვერ ხედავს თავისი შრომისა ან საქმიანობის შედეგს, სარგებელს. იშრომეთ და იცხოვრეთ ისე, რომ თქვენი ძალისხმევის ნაყოფი უფრო შესამჩნევი და კმაყოფილების მომტანი იყოს.

თეონა ნოზაძე


ambioni.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий