ღმერთი

ღმერთი

пятница, 25 октября 2013 г.

ღმრთისმეტყველება.

უფლის შესახებ არაფერი თქვა ისეთი, რაც თავად მისგან არ გისწავლია.




ადამიანებს არ სჯერათ იმ სარწმუნოების, რომელსაც მცირედმორწმუნენი ქადაგებენ.



არაფერია იმ გონებაზე ღატაკი, რომელიც უფლის გარეშე მის შესახებ "ბრძნადმეტყველებს"



ვისაც არ გააჩნია სიმდაბლე - უკიდურესი თავის დამდაბლებით, მას არ შეუძლია, იმსჯელოს ღვთის დიდებულებაზე.



იმას, რისი დანახვაც შეგიძლია, შენი თვალით უმზირე, ხოლო უხილავისა და მარადიულის მსჯელობისას ღვთის სიტყვას დაეყრდენი



ვინც თავისი თანამდებობის გამო, ვალდებულია, სიწმიდეზე ილაპარაკოს, იგი ვალდებულია აგრეთვე, თავისი ცხოვრებითაც სიწმიდეს წარმოადგენდეს.



ქრისტიანული სარწმუნოება ადამიანის სულს ყველაზე მეტად მაშინ განანათლებს, როდესაც მის ნათელს მქადაგებელნი თავიანთი ცხოვრებით წარმოაჩენენ.



ძალიან სახიფათოა ღვთის შესახებ თქვა ის, რაც თავში მოგივა, რაც არ უნდა დიდ ჭეშმარიტებად გეჩვენებოდეს იგი. ღვთის შესახებ ჭეშმარიტი სიტყვა მხოლოდ ღვთის სიტყვაა.



იმისათვის, რომ ღრმად ჩავწვდეთ სულიერი პრობლემების არსს, გავხდეთ ღვთისმეტყველი, საჭიროა ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრება და არა მხოლოდ ეკლესიური დოგმატების შესწავლა.



ადამიანს, რომელსაც არასოდეს უგემია თაფლი და ცდილობს, სხვას აუხსნას, რა ტკბილია იგი, ჰგვანან მოძღვრები, რომლებიც სულიერ სწავლებებს ქადაგებენ და თვითონ არასოდეს უგემიათ და გამოუცდიათ იგი.



თუ გსურს გამოასწორო მშობლიური სოფელი, შენი ხალხი, შენი ქვეყანა და მთელი სამყარო, უპირველესად საკუთარი თავი გამოასწორე. გამოსწორების საკუთარი თავიდან დაწყება მართლმადიდებლური მოძღვრების ძირითადი პრინციპია.



ყველა უმაღლეს სასწავლებელში კარგი იქნებოდა, რომ ისწავლებოდეს ზნეობრივი ფილოსოფიის კურსი. არ არსებობს ისეთი ღვთისმეტყველი ან ფილოსოფოსი, რომელიც არ ეხებოდეს ადამიანის ზნეობის საკითხებს. ამ ფილოსოფოსთა განსჯის გაცნობა მეტად გაამდიდრებს ჩვენი ახალგაზრდობის სულიერ სამყაროს.



მქადაგებელი კეთილი საქმეებისა და უბიწო ცხოვრების გარეშე - რომელიც ასწავლის და არ ქმნის, ვერავითარ სარგებელს ვერ მოუტანს თავის მსმენელებს და მიემსგავსება ქუხილს - ელვის გარეშე, ისრის გარეშე დაჭიმულ მშვილდს, მარტო იქუხებს და მხოლოდ სიტყვებს ისვრის, მაგრამ ღვთის შიშით ვერ აღანთებს მსმენელთა გულებს.



ვისაც სიტყვის ძალა აქვს მინიჭებული (ასეთი კი ცოტაა), იმათაც კი განუწყვეტელი შრომა მართებს. კაცს სიტყვის ძალა დაბადებიდან როდი დაჰყვება, იგი სწავლის შედეგია. ამგვარად, ფრიად განსწავლულნი უფრო მეტადაც უნდა შრომობდნენ, ვიდრე ნაკლებად განათლებულნი.



ის, ვინც ეგოისტურად და აღშფოთებით (თავისი ვნებებიდან გამომდინარე) ღვთის სიტყვას ქადაგებს, ზღარბს ემსგავსება, რომელიც თავის ბურძგლებზე ბავშვების დასაპურებელ ყურძნის მარცვლებს ატარებს, მაგრამ თავისი ნერვული მოძრაობით უფრო აზიანებს მათ, ვიდრე აპურებს, - განსაკუთრებით თუკი ისინი პატარები და ნაზები არიან.



მეტი ფასი აქვს სულიერი გამოცდილების მქონე მდაბალი ადამიანის ერთ სიტყვასაც კი, რომელსაც იგი თანაგრძნობით აღმოთქვამს მთელი თავისი გულის სიღრმიდან, ვიდრე შეუკავებლ მრავალსიტყვაობას გარეშე კაცისას, დიდი სისწრაფით რომ წყდება მის წიგნიერ ენას და რომელიც ვერ შეაგონებს კაცთა სულებს, რადგან ხორცს წარმოადგენს და არა წმიდა ერგასის ცეცხლოვან ენას.



იმისათვის, რომ ღვთის უმაღლესი შეცნობა მოიპოვოს, ადამიანი უეჭველად უნდა ვიდოდეს მისი გამოცხადების ნათელში, რათა, თავისი წარმოსახვის მიხედვით არ შეადგინოს უმაღლეს არსზე თავისებური წარმოდგენა, რომელიც უფლის დიდებასა და სიწმიდეს არ შეეფერება; და რათა ამის გამო მკაცრად არ დაისაჯოს, რაც თავად უფალმა უთხრა ცოდვილს: "ჰგონე უსჯულოებაი, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო" (ფს. 49, 21)



ღვთისმეტყველება უფალთან ყოფნაა, თუმცა განყენებული ღვთისმეტყველება, როგორც ცალკე აკადემიური მეცნიერება, მაინც არსებობს და ეს გარდაუვალია მსოფლიოს ისტორიული პირობითობების გამო. არსებობს საშიშროება, რომ რწმენის გარეშე ამგვარი ღვთისმეტყველება შეიძლება გაემიჯნოს ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას და განყენებულ ფილოსოფიად იქცეს ან კიდევ დაემსგავსოს ცრურწმენას, რომელიც მოკლებული იქნება მაცხოვნებელ და ცხოველმყოფელ ძალას.



ისინი, რომლებიც ჩქარობენ სულიერი მოძღვრები გახდნენ, თუმცა თავად მრავალი სულიერი ტოქსინი გააჩნიათ, ემსგავსებიან უმწიფარ მწკლარტე კომშს, რომლისგანაც, რაც უნდა ბევრი შაქარი დააყარო, კარგი მურაბა ვერ გამოვა, ხოლო თუ მაინც გამოვიდა მურაბა, მალევე ამჟავდება. გულში ჩამწვდომი სიტყვები და დიდი ჭეშმარიტებები მაშინ იძენენ ფასს, როცა ჭეშმარიტი ბაგეებიდან გამოდიან, და მათ მხოლოდ ის სულები იტევენ, რომლებსაც კეთილი განზრახვა გააჩნიათ და აგრეთვე წმინდა გონების მქონე დიდი ადამიანები არიან.



მწერთ, რომ ზოგჯრ ლოცვის დროს უნებურად, ისე, რომ არც იცით როგორ, სულიერ ცხოვრებაში თქვენთვის საინტერესო საკითხების ახსნას პოულობთ. ეს კარგია! მე მგონია, ამის შესახებ უკვე გწერდით. ეს არის ღვთაებრივი ჭეშმარიტებების ნამდვილი ქრისტიანული შესწავლა. ამ დროს სრულდება აღთქმული: ყველანი განისწავლებიან ღვთისაგან. ეს ასეც ხდება. ღვთის თითით იწერება გულში ჭეშმარიტება, რომლებიც აღარაოდეს აღმოიფხვრება და არც შეირყევა. ნუ მიატოვებთ უყურადღებოდ ჭეშმარიტებების ასეთ მოხაზულობას, არამედ ჩაიწერეთ ისინი.


***

იოანე ოქროპირი.
კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსი იოანე მღვდლობისას მრავალრიცხოვანი ხალხის წინაშე ღვთის სიტყვას ქადაგებდა. უეცრად ვიღაც ქალმა, რომელმაც მაღალი აზრები და ძლიერი გამოთქმები ვერ გაიგო, ხალხიდან ხმამაღლა წამოიძახა:
-სულიერი მასწავლებელო! უმჯობესი იქნება, თუ ვიტყვი, იოანე ოქროპირო! შენი სწავლება ღრმააზრიანია, ჩვენი გონება კი უძლურია და არ ძალუძს, შენს მაცხოვნებელ სიტყვებს ჩასწვდეს!
ამის მოსმენაზე მთელი ხალხი იმ მხარეს მიბრუნდა, საიდანაც ხმა მოისმა. ბოლოს ყველამ ერთხმად ამოიძახა:
-ეს სახელი უცნობმა ქალმა წარმოთქვა, მაგრამ უეჭველია, თვით უფალმა გიწოდა ოქროპირი!
იმ დროიდან წმიდა იოანეს ოქროპირი უწოდეს, რაც დღემდე გრძელდება.
  ამასობაში დიდი მქადაგებელი თვითონაც დაეთანხმა, რომ დახელოვნებულად მოქარგული სიტყვა, მართლაც, განათლებული ადამიანებისთვის განკუთვნილი, უბრალო ხალხს სარგებელს ვერ მოუტანდა და ქრისტეს სამწყსოს მარტივად და გონივრულად ესაუბრებოდა.

***

sibrdzne.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий