ღმერთი

ღმერთი

понедельник, 28 апреля 2014 г.

კორძაია: კანონპროექტი, დაცვის მექანიზმების კუთხით, ცოტა უნდა გამოვაცოცხლოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია 40 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას ”გარკვეულ არგუმენტებში” ეთანხმება. მისი თქმით, საჭიროა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ”გამოცოცხლება”, დაცვის მექანიზმების თვალსაზრისით. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში გადაცემაში ფოკუსი ისაუბრა.

"40 არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს არ არის ეფექტური საშუალება დისკრიმინაციის აღმოფხვრის და მე მათ გარკვეულ არგუმენტებში ვეთანხმები და ვთვლი, რომ რაღაც მექანიზმები ამ კანონში უნდა შემოვიღოთ. უნდა გავითვალისწინოთ სახალხო დამცველის რეკომენდაცია, წინადადება და ის, დაცვის მექანიზმების თვალსაზრისით, ცოტა უნდა გამოვაცოცხლოთ", - აღნიშნავს კორძაია.

კორძაია კათალიკოს-პატრიარქის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ილია მეორე კანონპროექტზე მუშაობის გადადებას ითხოვს. მისი თქმით, პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და ის საკუთარი დღის წესრიგით მუშაობს. "შესაბამისად, ჩვენ უნდა მივიღოთ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტი და ის შევიდეს ძალაში", - თქვა კორძაიამ.

თამარ კორძაია ასევე მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში ჩადებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც კანონპროექტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონკორდატს, ზედმეტია.

"წარმოდგენილ კანონპროექტში, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ეხება იმას, რომ კონსტიტუციურ შეთანხმებას ამ კანონის არცერთი დებულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, არის სრულიად ზედმეტი დებულება. მაგრამ ამ დებულებას არ ვაპროტესტებ, როგორც პარლამენტისა და უმრავლესობის წევრი, იმიტომ, რომ ეს იყო შეთანხმება და ეს იყო იმ მოლაპარაკების შედეგი, რაც სწორედ საპატრიარქოსთან მიმდინარეობდა, როგორც ერთ-ერთ ინსტიტუციასთან ქვეყანაში. ეს არის კომპრომისი. ამ ფონზე საპატრიარქოს განცხადება იყო გასაკვირი ჩემთვის, თუმცა ვთვლი, რომ იურიდიულად ეს კანონი უფრო ზემდგომი კანონია და ნებისმიერი კანონი მას უნდა შეესაბამებოდეს - ჯერ კონსტიტუციას და შემდეგ ამ შეთანხმებას, მაგრამ სწორედ მათი მოთხოვნა რომ იყო ასეთი, ჩვენ ეს დავაფიქსირეთ. თუმცა, ვთვლი, რომ ამ კანონში ის არ უნდა იყოს", - თქვა კორძაიამ გადაცემაში ფოკუსი.


http://www.tabula.ge/ge/story/82661-kordzaia-kanonproeqti-dacvis-meqanizmebis-kutxit-cota-unda-gamovacocxlot

Комментариев нет:

Отправить комментарий