ღმერთი

ღმერთი

понедельник, 21 апреля 2014 г.

უფალო,მასწავლე მიტევება.

შეხედა ზეციურმა მამამ მიწას, დამინახა ადამიანური უსამართლობით დაჭრილი და მითხრა : შურს ნუ იძიებ.

ვისზე ვიძიო შური, უფალო? ფარაზე, რომელიც მწკრივად მიდის სამსხვერპლოზე.
განა შურს იძიებს ექიმი ავადმყოფზე იმის გამო, რომ მას სასიკვდილო სარეცელიდან ლანძღავენ?

ვისზე ვიძიო შური? თოვლზე,რომელიც დნება, და ბალახზე , რომელიც ხმება?განა შურს იძიებს მესაფლავე მათზე, ვისაც საფლავში უშვებს?

ვისზე ვიძიო შური? უგუნურებზე, რომლებიც ფიქრობენ, თითქოს შეუძლიათ, ბოროტება მიაყენოს ვინმეს, საკუთარი თავის გარდა?განა შურს იძიებს მასწავლებელი უწიგნურ ბავშვებზე იმის გამო, რომ მათ კითხვა არ იციან?

მარადიულობა დამემოწმება, რომ ყველა, ვინც შურისძიებაზე სულსწრაფია, დაყოვნებულნი არიან მის საიდუმლოებათა კითხვასა და აღქმაში.

დრო დამემოწმება, რომ ყველა, ვინც შურს იძიებდა , საკუთარ თავში შხამს იგროვებდა, რომლითაც საკუთარ სახელს ცოცხალთა წიგნიდან შლიდა.

რითი მოიწონებთ თავს, შურისმაძიებელნო, თქვენი მოწინააღმდეგეების წინაშე, თუ არა იმით, რომ მათი ბოროტების გამეორება შეგიძლიათ?განა ამით არ ამბობთ: ჩვენ თქვენზე უკეთესნი არ ვართ?

უფალი დამემოწმება: თქვენც და თქვენი მოწინააღმდეგეებიც ერთნაირად უზრუნველნი და უძლურნი ხართ სიკეთისათვის.

მინახავს ბლის ხე, რომელსაც ბავშვებმა ქერქი მოაძრეს და დაწვეს, ის კი მწიფე ნაყოფს აძლევდა იმავე ბავშვებს.

მინახავს ძროხა, რომელსაც ადამიანები აწვალებდნენ, მძიმე ტვირთს ჰკიდებდნენ, ის კი მოთბინებით აძლევდა რძეს იმავე ადამიანებს. და თვალები ცრემლებით მევსებოდა: რატომ უნდა იყოს ბუნება ადამიანების მიმართ უფრო მოწყალე, ვიდრე ადამიანები ერთმანეთის მიმართ?

ბუნება დამემოწმება, რომ შურისმაძიებელთაგან მხოლოდ ის არის მასზე მიყენებულ ბოროტებაზე უფრო ძლიერი, ვისაც ამ ბოროტების გამეორება არ შეუძლია.

შურისძიებას დასასრული არ აქვს, შთამომავლები აგრძელებენ თავიანთი წინაპრების საქმიანობას და ისე მიდიან, რომ ამ საქმეს დაუსრულებელს ტოვებენ.

ბოროტება ფართო გზით დადის, ყოველი შეჯახების შემდეგ კიდევ უფრო მეტ ძალასა და მგზნებარებას იძენს და ამრავლებს თავის ამალს.

ბრძენი გზიდან გადადის და ბოროტებას გავლის საშვალებას აძლევს
მყეფარ მაძებარს პურის ნატეხი უფრო დაწყნარებს, ვიდრე ქვების გროვა.

ის ვინც ადამიანებს ასწავლიდა: ”თვალი ტვალისა წილ”- ასწავლიდა მათ, როგორ დარჩენილიყვნენ ბრმებად.

ვიზე ვისძიო შური, ჩემს ზეციურ მამაზე? ფარაზე, რომელიც მწკრივად მიდის სამსხვერპლოზე?

ო, რაოდენ საბრალო არიან ბოროტმოქმედნი და ავაზაკნი! მართლაც , ჰგვანან ფარას, რომელიც სამსხვერპლოზე მიდის და არ იცის, საით მიემართება, ამიტომაც ირქინება და ქმნის სასაკლაოს სასაკლაომდე.

არ ვეძიებ შურისძიებას, მამაო ჩემო, და არც შურისძიება მსურს , არამედ მინდა, მომანიჭო ცრემლების ზღვა, რათა შევძლო, გამოვიტირო მათი უბედურება, ვინც სამსხვერლოზე მიდის და არ უწყის, საით მიემართება.


წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი


imeroni.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий