ღმერთი

ღმერთი

среда, 26 апреля 2017 г.

გ ა ე ც ი...

გაეცი, როცა საჭიროა. ეს ყველაზე საჭიროა გლახაკისთვისაც და შენთვისაც. ძვირფასია მოწყალება ნაკლულევანების ჟამს. დაეხმარე, როცა ჯერ კიდევ შესაძლებელია დახმარება, მიეცი სანამ გვიან არაა, სანამ გლახაკი სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილა, არ მისცემია ქურდობასა და სხვა მანკიერებებს, სანამ არ მომკვდარა შიმშილითა და სიცივით. დაეხმარე უმწეო ობოლ ქალწულს გათხოვებაში, სანამ თავი დაუკარგავს, რომ მის გამო შენც არ მოგიწიოს ღვთის წინაშე პასუხის მიცემა. ბოლოს, დაეხმარე, სანამ შენ თვითონ ცხოვრობ ამქვეყნად, ნუ დაელოდები სიკვდილის საათს. სიკვდილისას უნებურად იქნები მოწყალე, რადგან საფლავში ვერაფერს წაიღებ. სანამ ცოცხალი ხარ სიკეთე აღასრულე, რომ ის მოდიოდეს კეთილი გულიდან, კეთილი ნებიდან, და მაშინ უფლისგან სრულ ჯილდოს მიიღებ. მოწყალება ამქვეყნიდან გასვლის ჟამსაც კარგია, მაგრამ ბევრად უკეთესია სიცოცხლეში აღსრულებული. ჰოი, რა დიდი ჯილდოა უფლისგან მისთვის, როგორ ნუგეშს მოუტანს ეს მოწყალება შენს სინდისს! როგორი სასიხარულოა გულისთვის, რომ ნუგეშცემულ იყოს ჯერ კიდევ სიცოცხლეში იმ ობლის კეთილდღეობით, რომელიც ხალხში გამოიყვანე, დაინახოს იმ ღატაკი ქალწულის ბედნიერება, რომელსაც გათხოვებაში შეეწიე, დაინახოს იმ გლახაკის სიხარული, რომელმაც შენი დახმარებით გასაჭირს თავი დააღწია! განა გეცლება ამისთანა საქმეებისთვის, როცა უკანასკნელ ამოსუნთქვას მიეახლები? მოემზადები სულიერი ანდერძის დასაწერად, და ამ დროს შენთან მოვლენ ნათესავები და ნაცნობები, რომ თვალები დაგიხუჭონ... მაგრამ დავუშვათ, მოასწრებ ამ ანდერძის დაწერას; დარწმუნებული ხარ, რომ რომ შენი მემკვიდრეები შენს ნებას შეასრულებენ? როგორი უგუნურებაა! როცა სიცოცხლეში არ ანდობდი მათ შენს მონაგებს, ნუთუ სიკვდილის შემდეგ შენს სულს ანდობ მათ? გარდაცვლილო მდიდრებო! თუ შეიძლება, ადექით თქვენი საფლავებიდან; მხოლოდ ერთ კითხვას შემოგთავაზებთ: ღმერთს რომ მოენიჭებინა თქვენთვის მხოლოდ ერთი საათით აღდგომა, რას მოიმოქმედებდით მაშინ? ოჰ, რა თქმა უნდა, თქვენ მაშინ ოთხმაგად გადაიხდიდით ყველა თქვენი უსამართლობის გამო, დაარიგებდით მთელ ქონებას, რომ ამით მოწყალე-გეყოთ უფლის მართლმსაჯულება... აი, მსმენელო, ახლა შენ კითხულობ, როგორც სახარებისეული მდიდარი: „რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ?“ (მათე 19,16). და მეც გპასუხობ ამ შეკითხვაზე: თუკი ღმერთმა გაკურთხა მიწიერი სიკეთეებით, როგორც ის მდიდარი, მაშ გაეცი.




გაეცი, როგორც საჭიროა

გაეცი, როგორც საჭიროა, და პირველ რიგში გაეცი თბილი გამოხედვით კეთილი გულისაგან, და არა დანანებითა და თითქოს ნების საწინააღმდეგოდ; არა გულდაწყვეტითა და ძალდატანებით; „რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა“ (2 კორ. 9,7). განა ჯილდოს ღირსია ის, ვინც ჩუქნის და ლანძღავს? მოწყალებას აძლევს და არცხვენს?! რომ იცოდე, სინამდვილეში ვინ გთხოვს გამოსაზრდელ ლუკმას, მცირეოდენ დახმარებას! რომ იცოდე, ვინ გეუბნება: „მეც მე წყალი“ (იოან. 4,10). ეს ხომ თავად ღმერთია გლახაკი ადამიანის სახით! წმიდა ოქროპირი ამის შესახებ ამბობს: ო, რა მაღალია სიგლახაკის ღირსება! სიგლახაკის საფარველ ქვეშ თავად ღმერთია დაფარული: გლახაკი ხელს იშვერს, ხოლო ღმერთი მიიღებს (შენაწირს). ვინც ღატაკს მოწყალებას აძლევს, ის თვით ღმერთს ავალებს: „ავასხის უფალსა, რომელი სწყალობნ გლახაკსა“ (იგავ. 19,17). ამგვარად, დაფიქრდი, როგორი სიხარულით უნდა გასცემდე მოწყალებას! უხვი ხელით გაეცი, რადგან როგორც მთესველი მარცვალ-მარცვალ კი არ ისვრის თესლს, არამედ მთელი მუჭით, ასევე მოწყალების საქმეში მისდიე დავით მეფის სიტყვას: „განაბნია და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალმ. 111,9). როგორც დასთესავ, ისევე მოიმკი: უხვად დათესავ, ბევრს მოიმკი; სიძუნწით დათესავ, ცოტას მიიღებ. „რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს“ (2 კორ. 9,6). თვითონ ქრისტე გვასწავლის, როგორ უნდა გავცეთ მოწყალება: „ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველისსაქმესა, ნუ სცნობნ მარცხენაჲ შენი, რასა იქმოდის მარჯუენაჲ შენი“ (მათე 6,3). ეს ნიშნავს: დაე შენი მოწყალება იყოს ფარული, ისე, რომ არა მხოლოდ ადამიანებმა არ იცოდნენ ამის შესახებ, არამედ შენ თვითონაც არ ითვლიდე შენს სიკეთეს; როცა ერთი ხელი გასცემს, მეორემ ეს არ უნდა იცოდეს: დაე ორივე გასცემდეს – უხვად და ხელგაშლილად.


გაეცი, რამდენიც საჭიროა

გაეცი, რამდენიც საჭიროა, ანუ შეხედე ადამიანს და მის საჭიროებას. ღატაკს, რომელიც ქვეყანაზე დაეხეტება, ორი მონეტაც ეყოფა საარსებო პურის საყიდლად, მაგრამ ეს ორი მონეტა არაა საკმარისი პატივცემული კაცისთვის, რომელიც რაღაც სამწუხარო გარემოებების გამო გაღატაკდა, არაა საკმარისი არც ღარიბი ქალწულის მზითევისთვის.

როდესაც მიწა გადამხმარია, მას ვერ დაარწყულებ წყლის რამოდენიმე წვეთით: მას უხვი წვიმა სჭირდება. დახმარება საჭიროების შესაბამისი უნდა იყოს. ამგვარადვე, როგორიცაა გამცემის შესაძლებლობა, ისეთივე უნდა იყოს მოწყალებაც. მდიდარო, მეტი გაეცი, გაჭირვებულს შეუძლია ნაკლები გასცეს. უფლისაგან ორივე ერთნაირ ჯილდოს მიიღებს. რატომ? რა თქმა უნდა იმიტომ, რომ უფალი უმზერს არა გაცემულს, არამედ კეთილ ნებას. გლახაკმა ქვრივმა ორი სპილენძის მწვლილი (წვრილი ფული) ჩადო ტაძრის საგანძურში, სადაც მდიდრები ოქროსა და ვერცხლს დებდნენ, მაგრამ ქრისტემ მისი შენაწირი სხვებზე მეტად შეაქო: ყველამ თავისი ნამეტნავისგან დადო, თქვა უფალმა, ხოლო ქვრივმა თავისი ნაკლულევანებისგან ყველაფერი დადო, მთელი თავისი საცხოვრებელი (მარკ. 12,44), ანუ მთელი თავისი ქონება. კარი შეიძლება გავაღოთ ოქროს, რკინის და ხის გასაღებითაც კი, მთავარია ის კლიტეს მოერგოს. ასევე, სამოთხის კარი მდიდარმა შეიძლება ოქროს მონეტით გააღოს, ღარიბმა კი – სპილენძის მწვლილით.





გაეცი, საითაც საჭიროა.

გაეცი, საითაც საჭიროა. ორჯერ შესწირეს ებრაელებმა უდაბნოში თავიანთი საგანძური: პირველად მათ შეაგროვეს ქალების სამკაულები იმისთვის, რომ ოქროს ზვარაკი ჩამოესხათ; სხვა დროს მათ მიიტანეს თავისი ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის საგნები, ძვირფასი ქვები და ნაჭრები კარვის (გადასატანი ტაძრის) მოსაწყობად და შესამკობად. პირველ შემთხვევაში მათ თავისი საუნჯე ეშმაკს მისცეს, ანუ არა იქით, საითაც საჭიროა; მეორე შემთხვევაში – მიუძღვნეს ღმერთს, ანუ გასცეს იქით, საითაც საჭირო იყო გაცემა. ამგვარად, როდესაც აძლევ, ჩუქნი, ხარჯავ, განაბნევ შენს ქონებას საკუთარ ახირებებში, რაც შენთვის იგივე კერპებია, მაგალითად ხარჯავ თამაშებში, მოკაზმულობაში, ლოთობაში და უმსგავსო ქეიფებში, იცოდე, რომ შენ გასცემ იქით, საითაც საჭირო არაა, რადგან ეშმაკთან მიგაქვს საჩუქრად. ხოლო როცა სწირავ ეკლესიას, მონასტერს, როცა შენს ქონებას იყენებ რომელიმე ღარიბი ოჯახის დასახმარებლად, ღატაკი ქალწულის მზითევისთვის, დატყვევებულის გამოსახსნელად, ობლის გამოსაკვებად, – იცოდე, რომ გასცემ სწორედ იქით, საითაც საჭიროა: შენ ამ ყველაფერს ძღვნად სწირავ უფალ ღმერთს.




ეპისკოპოსი ილია მინიატისი

როგორ უნდა გავცეთ მოწყალება



Комментариев нет:

Отправить комментарий