ღმერთი

ღმერთი

среда, 26 апреля 2017 г.

გნოსეომაქია — უცოდინრობის ერესი

გნოსეომაქია — უცოდინრობის ერესიგავრცელებულია მოსაზრება, თითქოსდა მორწმუნე ადამიანს არ სჭირდება ცოდნა, რომლის არქონაც, ვითომცდა უხვად კომპენსირდება პირადი ღვთისმოსაობითა და მისტიური გამოცდილებით. მარტივად რომ ვთქვათ: საჭირო არ არის სწავლა, არც წმიდა წერილის გამოკვლევა, უბრალოდ, მცნებებით ცხოვრება საკმარისია და საჭიროების შემთხვევაში ღმერთი თავად გაგიცხადებს ყოველივე საჭიროს. ასეთ მოსაზრებებს ხშირად მოისმენთ მორწმუნე ადამიანებისგან. მაგრამ, შესაძლოა, მათ არ იციან, რომ ასეთი საუბრით ქადაგებენ ერესს, რომელიც ეკლესიამ მრავალი საუკუნის წინ განიხილა და უარყო.
საუბარია ე. წ. გნოსეომაქიაზე, რაც ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „ბრძოლა ცოდნასთან“. ეს სწავლება ცოდნას  სათნოებათა რიგიდან გამორიცხავს და მას არასაჭიროდ მიიჩნევს. ამასთან ერთად, ხშირად იმოწმებენ ამა თუ იმ წმიდა მოსაგრეს, რომლებიც მართლაც უბრალო და გაუნათლებელი ადამიანები იყვნენ. მათი მაგალითი აყვანილია აბსოლუტიზმამდე და ამტკიცებენ, რომ მათი ბედი გამონაკლისი კი არა, წესია; შესაბამისად, ცოდნის გარეშე (ანუ უცოდინრობით!) შესაძლოა (უფრო მეტიც — ვალდებულია!) იოლად გავიდეს ფონს ნებისმიერი ადამიანი. გნოსეომაქიის თვალსაზრით, ქრისტიანს რაციონალურად აზროვნება არ სჭირდება, ღვთისმეტყველება და ფილოსოფიაც კი ზედმეტობად მიიჩნევა.
ეკლესიის დამოკიდებულება გნოსეომაქების მიმართ ძალზე უარყოფითია; ჯერ კიდევ VIII საუკუნეში წმიდა იოანე დამასკელმა გნოსეომაქია მის მიერ შედგენილ ერესთა სიაში შეიყვანა.
ცნობილია, რომ ბევრი ერეტიკული სწავლება და თეორია თანდათან ტოვებდა ისტორიულ არენას, მიმდევრებს კარგავდა, მაგრამ გნოსეომაქიის იდეები ძალზე სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. მაგალითად, იოანე დამასკელიდან 4 საუკუნის შემდეგ იმავე პრობლემის შესახებ  წერდა სხვა წმიდანი, ევსტრატე თესალონიკელი  წიგნში — „მონოზვნური ცხოვრების გამოსწორების შესახებ“ — რომ შემეცნების, სწავლისა და მეცნიერებებში წარმატების სურვილის არქონა ნამდვილი უბედურება იყო ბიზანტიის მონოზვნური ცხოვრებისთვის, რომელსაც იმ დროისთვის ორიოდე ნაბიჯიღა აშორებდა კრახსა და დაღუპვას.  ტექსტში წმიდანი არა მხოლოდ სერიოზულ მოსაზრებებს გამოთქვამს, არამედ ძალზე მკვეთრად უტევს თავის პოტენციურ ოპონენტს — ცოდნის უარმყოფელ ბერს. „ოჰ, შე უგუნურო!  რატომ გსურს, მონასტრის ბიბლიოთეკა საკუთარი სულივით დააცარიელო? თავად არაფერი იცი, არანაირი ცოდნა არ გაქვს და ბიბლიოთეკას სამეცნიერო თვალსაზრისით ძალზე ძვირფას საუნჯეს რატომ ართმევ? საშუალება მიეცი ბიბლიოთეკას, ძვირფასეულობა დაიმარხოს! შენ შემდეგ შემოვა ვინმე, ვინც ან მეცნიერებას შეისწავლის, ან ცოდნისმოყვარე იქნება; ვინც წიგნებს გამოიკვლევს და უწინდელზე მეტ სიბრძნეს შეიძენს. ასეთი ადამიანი ამ ბიბლიოთეკაში თავისთვის სასარგებლოს რაიმეს ჰპოვებს. სწავლა არც შენთვის იქნებოდა ურიგო!“
გონიერებასა და ცოდნაზე უარის თქმის იდეას აკრიტიკებდნენ ეკლესიის სხვა ცნობილი მოღვაწეებიც, მაგალითად, წმიდა იოანე ოქროპირი, ნეტარი იერონიმე სტრიდონელი და სხვები.
სამწუხაროდ, ეს სიცოცხლისუნარიანი და გამძლე კონცეფცია დღემდე არსებობს. მაგრამ მისი მიმდევრები როგორც არ უნდა აცხადებდნენ თავს მართლმადიდებლებად, ეკლესიის პოზიცია მაინც უცვლელი რჩება: რაციონალური ცოდნისა და აზროვნების უარყოფა ერესად ითვლება.
„ქრისტეს რწმენა ჭეშმარიტ ცოდნას არ მტრობს, რამეთუ მას უგუნურებასთან კავშირი არ აქვს“.
წმიდა ფილარეტი (დროზდოვი)
„…ცოდნის დამცრობა არ ეგების, როგორც ზოგიერთნი მიიჩნევენ; პირიქით, სულელებად და უგუნურებად უნდა მივიჩნიოთ ისინი, ვინც ასეთ მოსაზრებას იზიარებს და სურს, ყველა მისი მსგავსი იყოს, რათა საერთო ნაკლულოვანებით დაფაროს საკუთარი ნაკლი და თავი აარიდოს უგუნურებაში მხილებას…“
წმიდა  გრიგოლ  ღვთისმეტყველი  საკუთარი  თავისა  და  ბასილი  დიდის შესახებ
„….გონება! გონება! მას სწყევლიან კიდეც და აქებენ კიდეც, მაგრამ მისმა მაწყევრებმა უწყიან, რომ გონების გარეშე ვერაფერს იქმ… მის გარეშე არც რწმენა არსებობს. სწორი გონება რწმენის სფეროში ისეთს არაფერს შეუშვებს, რაც მის ტენორს წაახდენს — მაგალითად, ცრურწმენას“.
წმიდა თეოფანე დაყუდებული
„…ისინი ქრისტიანებისთვის ყოველგვარ ცოდნას უარყოფენ. ამბობენ, რომ ამაოდ დაშვრებიან ისინი, ვინც საღვთო წერილში რაიმე ცოდნას ეძიებენ, რამეთუ უფალი ქრისტიანისგან კეთილი საქმეების მეტს არაფერს ითხოვს. ასე რომ, უკეთესია, მარტივად იცხოვრო და ცოდნასთან დაკავშირებულ არანაირ დოგმატზე ცნობისმოყვარეობა არ გამოიჩინო“.
გნოსეომაქიის  ერესის  აღწერა  (ღირსი  იოანე  დამასკელი,  ერესების კატალოგი, # 88)

მოამზადა: ხათუნა რაქვიაშვილმა

faith.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий