ღმერთი

ღმერთი

четверг, 27 июня 2013 г.

სიძვა.


ევას მუდამ იგივე ხასიათი აქვს და მუდამ მომხიბვლელია..


გამოზომილად მიიღე პური და წყალი და სიძვის ეშმაკი გაუჩინარდება.


უფრთხილდი ქალებს. შენ არც დავითზე წმინდა ხარ და არც - სოლომონზე ბრძენი.


ვნებიანობა გვაიძულებს გავაკეთოთ ის, რის შესახებაც საუბარსაც კი ვერ ვბედავთ.



თევზი ცდილობს ბადეს გაექცეს, ხოლო სიძვისმოყვარე სული მუდამ დაყუდებას გაურბის.


მხოლოდ ერთი შეხებით შეგიძლია, შებილწო სხეული, რადგან არაფერია ქვეყნად ამ გრძნობაზე სახიფათო.


რაც არ უნდა დიდი იყოს ვნების ძალა, თუ ღვთის შიშით შეიზღუდავ თავს, მის დამარცხებას მაინც შეძლებ.


ყოველთვის გახსოვდეს, რომ ქალმა გამოდევნა სამოთხის მცხოვრებნი ღვთაებრივი სანახებიდან (ზირ. 25, 27).


ნეტარია ვინც ვნებებზე გაიმარჯვებს და არც აზრით და არც გრძნობით არ ცდუნდება ხორცით, რომელიც სულ მალე ხრწნას მიეცემა!


ნუ შეხედავ სანდომიან სახეს, რომელიც დემონური ვნებებისთვის აღგძრავს, არამედ - უფრო მეტად უფრთხილდი მის შხამიან კუდს.


მუცლის მაამებელი და ამასთან სიძვის სულის დამარცხების მსურველი ჰგავს ადამიანს, რომელსაც ზეთით ცეცხლის ჩაქრობა სურს.


ხორციელი ვნებების დაკმაყოფილების შედეგად მიღებული სიამოვნება სწრაფად გაივლის, მისგან მოყენებული ზიანი კი - სამუდამოდ დაგვრჩება.


ნაყროვანებასა და ფუფუნებაში უბიწოების შენარჩუნების მსურველი ჰგავს ადამიანს, რომელსაც ჭაობში წოლით მოუსურვებია სიწმინდის შენარჩუნება.


ამხილე სიძვის მოყვარულები შენი წმინდა ცხოვრებით და ურცხვი თვალები ამხილე შენი თვალების კრძალულებით.


თუკი სიძვისმოყვარების საზღვარი ისაა, რომ კაცი თვით პირუტყვისა და უსულო საგნების მიმართაც კი ვნებას განიცდის, სრული სიწმიდის საზღვარი ის იქნება რომ ადამიანი ყოველივეს, როგორც უსულოს, ისე უცქირდე.


როგორც ცეცხლი ვერ აღენთება ცეცხლის, ანდა რაიმე სხვა საწვავი საშუალების გარეშე, ასევე თუ ჩვენს უძლურ ხორცს ნაყროვანებაში არ ჩავაგდებთ, ხორციელი ვნებით არ აღენთება და მშვიდი და ღვთის ნების მორჩილი იქნება.


უმჯობესია გახურებულ ცეცხლთან მიხვიდე, ვიდრე ყმაწვილ ქალთან, როდესაც თვითონაც ახალგაზრდა ხარ, რადგან ცეცხლთან მიახლოებული ტკივილს იგრძნობ და მეყსეულად განეშორები მას, ქალთან საუბარს კი მაშინვე ვერ დააღწევ თავს.


გარადჩენის იმედი არ არსებობს მათთვის, ვინც სიძვის აზრებს ეთანხმება და ტკბობას განიცდის მათით; და პირიქით, ის, ვინც არ ეთანხმება მათ და წინააღმდეგობას უწევს მთელი ძალისხმევით, ლოცულობს მათ წინააღმდეგ - გვირგვინს მიიღებს უფლისგან.


როდესაც რაიმე ხორციელი სურვილი გწვავს, მოიძულე იგი და შენს სულს უთხარი: "იმითი მძიმდები, რომ სიამოვნებებს გაკლებ? .. დამშვიდდი, რამეთუ ამით ზეცისა და მისი ყოვლადსასიხარულო მადლის ღირსი გახდები. მცირეოდენი დაითმინე და ნაყოფს მოიმკი".


ღმერთი არ იწირავს შენს მიერ გაღებულ მოწყალებას, თუკი სიძვის ცოდვაში იმყოფები, რადგანაც ის შენგან სხეულის სიწმინდეს ეძიებს.


თუ მეფე მტრის ქალაქის აღებას მოისურვებს, უპირველეს ყოვლისა, უსპობს მას საარსებო წყაროს: შიმშილით შეწუხებული მოქალაქეები მას ემორჩილებიან. იგივე ემართება ხორციელ სურვილებსაც: თუ ადამიანი მარხვითა და თავშეკავებით იცხოვრებს, ზრახვები მის სულს ვეღარ შეაწუხებენ.


სიძვის მიზეზია მაძღრივ ჭამა–სმა, უსაქმურობა და ზედმეტი ძილი, გართობა, ცუდადმეტყველება და კადნიერება, მიდრეკილება ძვირფასად ჩაცმა–დახურვისადმი. თუ ყოველივე ამას მოიკვეთს კაცი, მოუძლურდება თავისთავად ვნება სიძვისა.


ერთხელ ერთი ბერის მოწაფე ხორციელმა გულისთქმებმა შეაწუხა. ბერმა ესოდენ ტანჯული რომ იხილა, შესთავაზა:
-გინდა, ვილოცო უფლისადმი, რომ ბრძოლა შეგიმსუბუქოს?
-არა, - უპასუხა მოწაფემ, - ვინაიდან, თუმცა კი ვიტანჯები, თავად ტანჯვაში კეთილ ნაყოფს ვპოვებ, ამიტომ უმჯობესია, უფალს სთხოვო, რომ მომანიჭოს მოთმინება და დავითმინო ცდუნება.
ამბამ უპასუხა:
-ახლა მივხვდი, რომ სულიერად შენ ჩემზე აღმატებული ხარ.




გეკითხებით, რატომაა, რომ როდესაც ვინმე რაიმე ცოდვას ჩაიდენს, ჩვეულებრივ ვამბობთ: - მან შესცოდა, - ხოლო როდესაც შევიტყობთ, რომ ვინმემ სწორედ სიძვა მოიმოქმედა, მწუხარებით შევნიშნავთ: - იგი დაეცა. როდესაც ეშმაკი მოინდომებს, რომ ორი ადამიანი სამარცხვინო სიყვარულით შეიაკავშიროს, ჯერ ორივე მხარეს გამოსცდის და შემდეგ ვნების ცეცხლს აღძრავს.
ხშირად სიძვისმოყვარებისკენ მიდრეკილი ადამიანები მგრძნობიარენი და მოწყალენი, გულჩვილნი და ალერსიანნი არიან, ხოლო მათ შორის, სიწმინდისკენ ილტვის, ასეთებს ვერ ნახავთ.



ხომ არ აცდუნა რომელიმე თქვენგანმა ვინმე, ხომ არ გარყვნა იმის შეგონებით, რომ ჩვენს დროში ყველა ასე ცხოვრობს, ან ცოლად შერთვა ხომ არ აღუთქვა რომელიმე მეტისმეტად გულუბრყვილო ქალიშვილს? როგორ აცარიელებს ადამიანს ასეთი წუთიერი, ნაადრევი სიახლოვე. ნუთუ ვაჟმა ან ქალიშვილმა ცნობისმოყვარეობის, სიამოვნების, ანდა წუთიერი ვნებათაღელვის დასაკმაყოფილებლად უნდა გაძარცვოს თავისი თავი. ამას კი რა მოჰყვება? – მწარე გაცრუება იმედებისა, სინდისის ქენჯნა და სრული ზნეობრივი დაცემა. ხორციელი სიწმინდის დაცვითა და ქალწულებით აგებული ტაძარი, რომელსაც ქრისტიანული ოჯახი ჰქვია, ნებისმიერ ეპოქაში მშვენიერი იყო და მუდამ ასე იქნება.



დედათა სავანეში ერთი ქალწული ცხრამეტი წლის მანძილზე კარჩაკეტილი ცხოვრობდა. ერთხელაც, ეშმაკის ჩაგონებით, სენაკის სარკმელი გამოაღო და მშვენიერი გარეგნობის მომღერალი დაინახა. იგი იმდენად მოიხიბლა, რომ სენაკში შეიყვანა და მასთან შესცოდა.
უფალმა მისგან უსჯულოების ნაყოფი განარიდა და შვილი მოუკვდა. დედაკაცი სინანულში ჩავარდა. იგი ისეთ მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, რომ სისუსტის გამო ფეხზე დგომაც კი უჭირდა.
გამოხდა ხანი და ერთ ღირსეულ ბერს ემცნო, რომ ცოდვილი დედაკაცი სათნო ეყო უფალს უფრო მეტად სინანულის ღვაწლით, ვიდრე ქალწულებრივი მოღვაწეობით.
მაშ ნურავინ განიკითხავს ცოდვილებს ხილული ცოდვების გამო, რადგან არავინ უწყის სინანულის შესახებ, რომელიც საიდუმლოდ აღესრულება ადამიანის გულში.




ღვაწლი, რომელიც წინ გვიძევს, მრავალია. მრავალ სულთან მოგველის ბრძოლა, რომელთაგან უდიდესია სიძვა, რომელიც ცამდე აღმართავს აბრას და უფსკრულში ეშვება. როცა შენ მარხულობ, მღვიძარებ, ღაღადებ, ტირი, განიცდი, იგი (სიძვა), ეშმაკის შემწეობით, ერთი წუთითაც არ ცხრება, არამედ მუდამ აღგზნებულია: ცეცხლი, ცეცხლისგან წარმოქმნილი, ესავის თესლი, ბაბილონის ძისა. შენ უხმობ, ეძებ ქრისტეს. აქეთ-იქით აწყდები, ტირი, განიცდი. ის კი ყვირის: "ქალი მინდა!" და განა ერთი დღე ან წელი, არამედ - რვა ან ათი. და მხოლოდ მაშინ, როცა ღმერთი დაინახავს მოთმინებას, როცა ადამიანი სასოწარკვეთილებამდე მიდის, მაშინ მოგაშორებს უფალი ბოროტებას, და ვნება მიდის. ასე ემართება ყველა ვნებას, მაგრამ ისინი, სიძვისაგან განსხვავებით, საბოლოოდ არ გშორდებიან, და არც ძალა აქვთ ასეთი, რადგან გარედან მოტანილია. მაშინ როცა მეუღლეობის ვნება - ბუნებრივია. ადამიანი კი იბრძვის, რომ ბუნება შეცვალოს. და თავისთავად არ ძალუძს ბუნების შეცვლა, არამედ ღმერთი ცვლის მას. რადგან იგი, როგორც საზღვართა დამდებელი, დახსნის საზღვრებს და ცვლის ბუნებას ისე, როგორც სურს.



ერთი მონოზონი უდაბნოში დაეყუდა და ლოცვასა და ფსალმუნების ღვაწლს შეუდგა. ერთხელ გაიგონა, როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს ეშმაკები, მოდი, ამა და ამ სოფელში გავიქცეთ და მღვდელი სიძვით დავცეთ, რადგან ნაბრძანებია, რომ ხვალ, დილის 8 საათზე მოკვდესო.
გულმოწყალე ბერი ამის გაგონებისთანავე გაემართა იმ სოფლისკენ, სადაც მღვდელი ცხოვრობდა. მთელი ღამე იარა და გამთენიისას სოფელში შევიდა. ეკლესიის კართან ჩამომჯდარი, შეწუხებული კაცი დაინახა და ჰკითხა, შენ ხომ არ ხარ ამ სოფლის მღვდელიო.
-მე ვარ, - მიუგო მღვდელმა.
-ადექი, საშინელი რამ უნდა გითხრა, - სთხოვა ბერმა.
მღვდელმა თავისი მწუხარების გამო არ უსმინა, მაგრამ ბერი შეევედრა, ააყენა, კუთხეში გაიხმო და უამბო, რაც ეშმაკებისგან გაიგონა. მღვდელმა ღრმად ამოიოხრა და ტირილით უთხრა:
-ნეტავ ერთი საათით ადრე მოსულიყავი, ძმაო; ცოტა ხნის წინ აქ ერთი ქალი მოვიდა, რომ კანდელიდან სანთელი აენთო და მასთან სიძვით დავეცი.
ამის წარმოთქმისთანავე მიწაზე დავარდა და სული განუტევა.
  წმიდა ბერი ძრწოლამ და შიშმა შეიპყრო, როცა იხილა, როგორი გულმოდგინებით ირჯებიან ეშმაკები ადამიანის წარსაწყმედად, თუ ღმერთი ამის ნებას მისცემთ.



"არა განიკითხოთ..." ერთხელ წმიდა ვიტალი, რომელმაც თავისი დარიგებებითა და სათნო ცხოვრებით მრავალი მეძავი პატიოსანი ცხოვრებისკენ მოაქცია, გამთენიისას სამეძავო სახლიდან გამოდიოდა. მას შემოხვდა ახალგაზრდა, რომელიც შესაცოდად მეძავებთან მიდიოდა. ახალგაზრდამ წმიდა ვიტალის ყვირიმალში სილა გააწნა და უთხრა:
-როდემდე უნდა იყო უნანელი და იცხოვრო უწმინდური ცხოვრებით?
-მერწმუნე, - უთხრა ღირსმა მამამ, - ისეთ დარტყმას მიიღებ ყვირიმალში, რომ შენს კვნესაზე მთელი ალექსანდრია შეიკრიბება.
რამდენიმე დღის შემდეგ ღირსი მამა სენაკში ჩაიკეტა და მხურვალე ლოცვას მიეცა, რის შემდგომაც აღესრულა. სწორედ ამ დროს ახალგაზრდამ ყვირიმალში სილა მიიღო და მასში დემონები ჩასახლდნენ. ის ტანზე სამოსელს იხევდა და ისეთი საშინელი ხმით ყვიროდა, რომ მთელი ალექსანდრია შეიკრიბა. როდესაც ახალგაზრდა გონს მოვიდა, ღირსი მამის სენაკისკენ გაემართა და შესთხოვა:
შემიწყალე მე, მონავ ღვთისა, რამეთუ ფრიად შევცოდე წინაშე შენსა.
როდესაც განიკურნა, ყველაფერი იქ შეკრებილებს უამბო. ხალხი წმიდა ვიტალის სენაკისკენ დაიძრა. როდესაც კარი გახსნეს, წმიდანი შუაგულ სენაკში მუხლმოდრეკილი იხილეს, თითქოს ლოცვაზე იდგა, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო. წმიდანს ხელში ეჭირა ქარტია, სადაც ეწერა:
-ალექსანდრიელნო! ნუ განიკითხავთ დროზე ადრე, სანამ არ მოვა ყველას განმკითხველი უფალი!



ძველ დროში ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი წარმართი ქალიშვილი, რომელიც მდიდარ მშობელთა გარდაცვალების შემდგომ მარტო დარჩენილიყო. ერთხელ თავის ბაღში სეირნობისას მან უცხო კაცი დაინახა, რომელსაც ხოს ტოტზე თოკი ჩამოება და თავის ჩამოხჩობას აპირებდა. შეძრწუნებულმა ქალიშვილმა შეჰყვირა:
-რას შვრები, თავს რად იღუპავ?
-თავი დამანებე! ჩემს გაჭირვებას ვერაფერი უშველის!
ქალიშვილი უცნობს შეევედრა, შენი უბედურობის ამბავი მითხარი და რითაც შემეძლება, დაგეხმარებიო.
როცა მისგან შეიტყო, რომ ამ სასოწარკვეთამდე დიდი ვალების გამო იყო და მევალეები მასა და მის ოჯახს საშინელ მდგომარეობაში აგდებდნენ, უბედური კაცი წაიყვანა, ბევრი ოქრო - მთელი თავისი ქონება მისცა და ასე გადაარჩინა.
გამოხდა ხანი და ქალი თავად ჩავარდა დიდ სიღატაკეში. რაკი არც ნივთიერი და არც ზნეობრივი შეწევნა არსაიდან ჩანდა, წარმართი ქალიშვილი სიძვის ცოდვაში ჩაეფლო. ასე იცხოვრა ერთი წელიწადი, შემდეგ მძიმედ დასნეულდა, გონს მოეგო და სინანულს მიეცა. უძლური ქალიშვილი მეზობლებს ევედრებოდა:
-ღვთის გულისათვის, იზრუნეთ ჩემს სულზე! მიდით პატრიარქთან, ევედრეთ, მომნათლოს და ქრისტიანი გამხადოს!
მაგრამ ის არავის შებრალებია. როცა საწყალი, უმწეო ქალიშვილი სრულიად მარტო დარჩა და დამწუხრებული საკუთარი თავისთვის ცრემლთა ღვრით ლოცულობდა, უფალმა თავისი მოწყალება გამოუცხადა - ანგელოზი მოუვლინა სწორედ იმ კაცის სახით, რომელიც ქალიშვილმა გადაარჩინა. ანგელოზი სარეცელზე მწოლიარე სნეულთან შევიდა და უთხრა:
-რატომ მწუხარებ ჩემო ქალბატონო?
ქალიშვილმა მიუგო:
-მინდა, ქრისტიანი გავხდე, მოვინათლო, მაგრამ არავის სურს, პატრიარქს ჩემს შესახებ შეატყობინოს.
-ნამდვილად გსურს ეს? - ჰკითხა ანგელოზმა.
-დიახ, ჭეშმარიტად, მთელი გულით მწადია ეს!
მაშინ უფლის ანგელოზმა უთხრა:
-სასოს ნუ წარიკვეთ! მე მოგიყვან მავან კაცებს, რომლებიც ეკლესიამდე მიგიყვანენ!
მართლაც, ორი ანგელოზი მოვიდა კაცების სახით და სნეული ეკლესიასთან მიიყვანეს. იქ ქალიშვილმა პატრიარქიც დაინახა, ბერებიც დიაკვნებთან ერთად და ნათელ-იღო მათგან ყოვლადწმიდა სამების სახელით.
ჰოი, ღმერთის საკვირველო მოწყალებავ! რამეთუ ეს მართლაც პატრიარქი და ღვთისმსახურნი კი არ იყვნენ, არამედ უფლის ანგელოზები, რომელთაც სნეული, მონანული ქალიშვილისთვის მათი სახე ჰქონდათ მიღებული!
როცა ეს ამბავი გაცხადდა, ყველამ შეიტყო უფლის უდიდეს მოწყალებაზე, რამეთუ სხვებმაც განცხადებულად იხილეს ანგელოზთა მიერ აღსრულებული ნათლისღების საიდუმლო.
მღვდელმთავარმა ქალიშვილს თავისთან მოუწოდა და უთხრა:
-ნუ დამიმალავ, შვილო, გულახდილად მითხარი, რა კეთილი საქმე გაქვს აღსრულებული ღმერთის წინაშე?
გულშემუსვრილმა ქალიშვილმა მიუგო:
-აბა, რა კეთილი საქმე უნდა ჰქონდეს აღსრულებული, მეუფეო, საძაგელ მეძავ ქალს? მხოლოდ ერთხელ უფალმა ერთი უბედური, მევალეებისგან გაწამებული კაცი მოიყვანა ჩემთან, რომელსაც თავის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი; მე ფულით შევეწიე და გადავარჩინე - მთელი ჩემი ქონება მივეცი.
როგორც კი პატრიარქს ეს ამცნო, ყველა იქ მყოფის გასაკვირად ქალიშვილმა სული განუტევა. მაშინ ყველამ ღმერთი განადიდა და პატრიარქმა უფალს შეჰღაღადა:
-დიდ ხარ შენ, უფალო, შენს მოწყალებაში და სამართლიანია შენი მსჯავრი! დიდება შენ, რომელი უდიდეს სასწაულებს აღასრულებ





წმინდა მამათა ცხოვრებიდან .

Комментариев нет:

Отправить комментарий