ღმერთი

ღმერთი

суббота, 29 июня 2013 г.

"განაწყენებულის შესარიგებლად უფალს ევედრეთ"

კამათში იბადება ჭეშმარიტება – ეს ვისთვის ბრძნული ნათქვამია, ვისთვის კი ცოდვის, კონფლიქტის, გაუგებრობისა და წყენის საწყისი. ადამიანების ცხოვრება აზრთა სხვადასხვაობის გარეშე წარმოუდგენელია, ხოლო ჩვევა, არ ვუსმინოთ მოყვასს და მხოლოდ ჩვენი "ჭეშმარიტების" გვწამდეს, თითქმის ყველასთვისაა დამახასიათებელი. ჭეშმარიტება კი ერთია – ყველაფერი, რაც სულის შფოთს იწვევს, ცოდვის საწყისი ხდება, მათ შორის – კამათი. როგორ უნდა ვიკამათოთ სწორად, თუ მის არიდებას ვერ ვახერხებთ? ამის შესახებ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება.

– მამაო, უნდა გავითვალისწინოთ თუ არა გამოთქმა: "კამათში იბადება ჭეშმარიტება".

– უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტება არის ერთი – უფალი ჩვენი იესო ქრისტე! ჭეშმარიტებაზე ადამიანები ხშირად კამათობენ. ისინი შეიძლება სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა კუთხით შეეხონ ამ საკითხს, კერძოდ, ჭეშმარიტ სწავლებას ან თავად ჭეშმარიტი ცხოვრების არსს, ქმედებებს, მაგრამ როდესაც საუბარი ერთიმეორის მოსმენას გულისხმობს, ეს, რა თქმა უნდა, აღარ არის კამათი, ეს არის დიალოგი ორ ადამიანს შორის.
კამათი ჰქვია იმას, როცა ერთი ცდილობს, მეორეს ისეთი რამ აუხსნას, რაც ამ უკანასკნელისთვის მიუღებელია და დაანახვოს, რომ ჭეშმარიტება სხვაგან არის. თუ კამათი მართებულად და მშვიდად წარიმართება, შინაგანი სიმშვიდით, მაშინ, რა თქმა უნდა, დადებით შედეგს მივიღებთ. უამრავი მაგალითი არსებობს, რომ ერთ ადამიანს მეორე ჭეშმარიტების გზაზე დაუყენებია. ჭეშმარიტებაში ჩვენ შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოება, ასევე ცხოვრებაში გარკვეული სწორი გზის არჩევა, გადაწყვეტილების მიღება თუ საჭირო ნაბიჯის გადადგმა, რომელიც კი არ დაგვაშორებს უფალს, პირიქით, მიგვაახლოებს მასთან.
ადამიანმა რომ შეძლოს, სიმშვიდით ფლობდეს საკუთარ ენას, ამისთვის აუცილებელია, საკუთარ გულს ფლობდეს. წმიდა ნიკოლოზ სერბი გვასწავლის: "ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გულს ვერ ფლობენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ საკუთარი ენის ფლობა". ეს საოცარი სიტყვებია. თუ მათ კარგად დავუკვირდებით, მივხვდებით, რას გვასწავლის წმინდანი: ჩვენი ენა პირდაპირ კავშირშია ჩვენს გულთან, თუ ვერაფერს ვუხერხებთ გულის ზრახვებს, რა თქმა უნდა, ვერ ვფლობთ ენასაც და იმის ნაცვლად, რომ ადამიანი დიალოგის დროს დავამშვიდოთ, შევძლოთ მისი მოსმენა, შევძლოთ, ჩვენი აზრი გაიზიაროს, უკუშედეგს ვიღებთ, ვაღიზიანებთ, იქმნება კონფლიქტური სიტუაცია, რასაც შედეგად შეიძლება დიდი წყენაც მოჰყვეს. ამიტომ ისევ და ისევ მთავარია, ადამიანმა მუდმივად იმუშაოს საკუთარ გულზე, რათა შინაგანი სიმშვიდე მოიპოვოს და უკვე შემდეგ მისცეს თავს უფლება, სხვას ეკამათოს.
წმინდა ანტონ ჭყონდიდელი ერთ ქადაგებაში ბრძანებს: "მთაზე ასულ მოსეს ესაუბრებოდა ღმერთი, ასევე სათნოების მთაზე ასული კაცი მოისმენს უფლის სიტყვებს". ამ სიტყვებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ თუ ჩვენ იმ სათნოებებს მოვიპოვებთ, რომლის ყველაზე დიდი მაგალითიც თვითონ უფალმა მოგვცა, ჩვენი გული გახდება ისეთი, რომ მას შეეძლება ღვთის სიტყვის მოსმენა და მერე უკვე სხვასაც გადასცემ მას. ამიტომ მთავარია, თავად განიწმინდო გული და გონება, თავად ეცადო, მოიპოვო სულიერი სიმშვიდე და შემდეგ უკვე იოლად შეძლებ ჭეშმარიტების გზაზე სხვა ადამიანის დაყენებასაც.

– როცა კამათის დროს ვერაფრით უგებენ ერთმანეთს და არც პოზიციებს თმობენ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს?

– ისევ გავიხსენოთ წმინდა ნიკოლოზ სერბის გამონათქვამი: "ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში მშვიდობას ვერ ხედავენ, სამყაროში საკუთარ ადგილს ვერ დაინახავენ". პირველ რიგში, ჩვენ უნდა შეგვეძლოს, საკუთარ თავში შევაღწიოთ და ჩვენს თავში დავინახოთ მშვიდობა, უკვე შემდეგ ვიპოვით სამყაროში ჩვენს ადგილს. როდესაც ადამიანი გარკვეულ ქაოსშია, ის ვერ ხედავს თავის ადგილს სამყაროში და კარგად არ აქვს ჩამოყალიბებული ცხოვრების მიზანი, თუ საით უნდა იაროს, რა ნაბიჯები გადადგას, რომ მიზანს მიაღწიოს. ასეთ დროს ადამიანი შფოთავს, არ აქვს შინაგანი სიმშვიდე.
ასეთი პიროვნება სხვასთან დიალოგის დროს ერთგვარად ჯიუტდება, კამათს უფრო ამწვავებს, ვერ იღებს და ვერ ისმენს სხვის მოწოდებულ აზრს. პირველ რიგში, ის ვერ ისმენს და შემდეგ უკვე ვერ იღებს, ძალიან უჭირს სხვისი რჩევების მიღება, რომელიც მას ძალიან დაეხმარებოდა ცხოვრებაში. თითქოს იკეტება, ეს ჩაკეტვა კი მისი მშფოთვარე შინაგანი მდგომარეობის ბრალია. გარეგნულად, ერთი შეხედვით, შეიძლება არც ემჩნეოდეს მსგავსი რამ, მაგრამ, როგორც კი ასეთ ადამიანს შეეხები და მასთან დიალოგს გააბამ, მაშინვე იჩენს თავს მსგავსი პრობლემა. იგი თითქოს დიალოგისკენ წამოსულ ადამიანს ისხლეტს. ასეთთან ძალიან ძნელია დიალოგი, თითქმის შეუძლებელი, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები არ არიან თავიანთ თავში გარკვეული, ანუ საკუთარ თავში მშვიდობას ვერ ხედავენ და ძალიან უჭირთ მოყვასის მოსმენა. ამიტომაცაა პიროვნებისათვის მთავარი შინაგანი სიმშვიდის მოპოვება.

– ვთქვათ, ჩხუბის შემდეგ დავშორდით ადამიანს, მაგრამ მისდამი სიყვარულის გამო გვინდა, შევურიგდეთ, ის კი თავს გვარიდებს. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

– მსგავს სიტუაციაში ჩვენ შესარიგებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. აუცილებელია, ყველა ძალა მოვსინჯოთ, ჩავრთოთ მეგობრები, ვილოცოთ, უფალს მივმართოთ დახმარებისთვის და ყველანაირად ვეცადოთ. თუ ის ადამიანი მაინც უარზეა, მაშინ ეს საქმე მთლიანად უფალს უნდა მივანდოთ, ის კი მუდმივად უნდა მოვიხსენიოთ როგორც პირად ლოცვებში, ასევე წირვა–ლოცვის დროსაც, რა თქმა უნდა, თუ მონათლულია. ეს საქმე უფალს მივანდოთ და ღვთის წინაშე ვთქვათ: "უფალო, მე ვაპატიე ამ ადამიანს, გულით მინდა, რომ შევურიგდე". ამის შემდეგ ისე წარიმართება საქმე, როგორც ღვთის ნება იქნება.
განაწყენებული ახლობლის შემოსარიგებლად ჩვენი მხრიდან ყველა შესაძლებლობა უნდა ამოვწუროთ, რაც ადამიანურად შეგვიძლია გავაკეთოთ. არაფერზე დავიხიოთ უკან, მაგრამ შერიგების ეს მცდელობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სიამაყით სავსე. ყველაფერში შეიძლება შემოიპაროს ამპარტავნება და ეს შერიგებაშიც შეიძლება მოხდეს. შესაძლებელია, ადამიანმა ეს ნაბიჯი საკუთარი თავის განდიდების მიზნითაც კი გადადგას და ამით წარმოაჩინოს, თუ რა დიდსულოვანია და ყველაფრის მიუხედავად, მიუტევა სხვას. ასეთი აზრი ოდნავ მაინც თუ შეიპარა გულში, უმჯობესია, თავი შევიკავოთ და მაშინ გამოვხატოთ მიმტევებლური გრძნობები, როდესაც ეს მართლა ღვთის გულისთვის მოხდება.
საერთოდ, ქრისტიანული სათნოებები დაცლილი უნდა იყოს ადამიანური ემოციებისგან. მაგალითად, როდესაც ჩვენ გავიღებთ მოწყალებას და ვეხმარებით მათხოვარს, დავუკვირდეთ, მოწყალებას მხოლოდ მაშინ ვაძლევთ, როცა ის გვეცოდება, თუ, როცა გვახსენდება, რომ ეს არის ჩვენი ვალი ღვთის წინაშე. ჩვენი, როგორც ქრისტიანის, მოვალეობაა, ყოველ გლახაკში უფალს ვხედავდეთ და გავცეთ ღვთის გულისათვის. ანუ ჩვენ მხოლოდ მაშინ რომ გავცეთ მოწყალება, როცა ძალიან შეგვეცოდება ვინმე, ეს ნაკლებად იქნება ღვთის გულისთვის გაკეთებული და სულიერად ვერ წავდგამთ წინ ნაბიჯებს.
ასევე არის შერიგების დროსაც. შეიძლება ჩვენ ძალიან გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი ემოციური, ადამიანური დამოკიდებულებისა, არსებობს უფრო მაღალი სულიერი საფეხური და ამ საფეხურს ჰქვია ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ღვთის გულისათვის.
წმინდა ნიკოლოზ სერბის სიტყვები რომ მოვიშველიოთ: "ყოველგვარი მიღწევა სწავლასა და შრომაში, მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა, თუ ღვთის გარეშეა მოპოვებული, აძლიერებს მიღწევის წყურვილს. შესაძლოა შენს მიღწევებში ყველაზე გულმოდგინე შრომა გქონდეს ჩადებული, მაგრამ ღვთის გარეშე იგი მაინც ცოდვაა; ყოველი ცოდვა ახალი ცოდვის წყურვილს აძლიერებს; იგივე, მაგრამ უკვე უფლის სახელით ქმნილი, ადამიანს ბედნიერს ხდის, რამეთუ ჭეშმარიტ წყურვილს აკმაყოფილებს".
მართლაც, ასეთი ბედნიერება, რომელიც უცილობლად მოაქვს ქრისტიანულ ცხოვრებას, მხოლოდ ამგვარი მიდგომით მოიპოვება. უნდა გვახსოვდეს, რასაც გავაკეთებთ, ვეცადოთ, ღვთის სახელით იყოს ქმნილი და ჩვენ მართლაც ბედნიერები ვიქნებით!

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი აზრები და დამოკიდებულება ადამიანის მიმართ არასწორია?

– აზრების გარჩევის უნარი მომწიფებული სულიერი ცხოვრების მონაპოვარია. დამწყებებმა კი სულიერი სიმშვიდე რომ მოიპოვონ, გამოცდილ ადამიანებსა და ლოცვას უნდა მიმართონ. სიმშვიდის მოსაპოვებლად პიროვნებამ უნდა ისწავლოს მოძალებულ აზრებთან გამკლავება. ადამიანს ცოდვაში ვერ ჩაითრევს ვერც ერთი გარედან შემოჭრილი უკეთური აზრი, თუ მის გულში ამ აზრისადმი თანაგრძნობა არ გაჩნდა. მართალია, ჩვენს გონებაში აღმოცენებული უნებლიე აზრებისთვის პასუხს არ ვაგებთ, მაგრამ თუ ისინი ჩვენს გულისთქმასაც შეეხო, შესაძლოა, ძალზე საშიშნი აღმოჩნდნენ ჩვენთვის. როცა წმინდა ადამიანების გვერდით მოვხვდებით, ჩვენი სული მშვიდადაა, არ გვსურს მათთან განშორება და ვცდილობთ, ეს წუთები რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მათი სიმშვიდე თითქოს ჩვენც გვეფინება.
ვევედროთ უფალს, რათა ჩვენი გულებიდან უხვად გადმოედინებოდეს სიკეთე, სიმშვიდე და სიხარული. როგორც წმინდა იოანე კრონშტადტელი გვასწავლის: "იმისთვის, რომ გული იყოს დაწმენდილი, კეთილი და მშვიდი, ხოლო ადამიანის თავისუფალი ნება – ღვთივსათნო, სული უნდა განვიწმინდოთ ლოცვით, წმინდა წერილისა და წმინდა მამათა ქმნილებების კითხვით, მიწიერ სიამოვნებათა ხრწნადობასა და წარმავლობაზე ფიქრით".

მანანა ნოდია.

sana.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий