ღმერთი

ღმერთი

понедельник, 24 июня 2013 г.

საეკლესიო გალობის ისტორიული განვითარება საქართველოში.

“პირველთა მათ ჟამთა არარაჲ აქუნდა სხუაჲ საგალობელად საეკლესიოდ თჳნიერ ფსალმუნთა წიგნისა”

საქართველოში საეკლესიო გალობა მოციქულთა ეპოქიდან მკვიდრდება.
ჭეშმარიტი გაგებით არსებობს მხოლოდ ერთი ეკლესია და, შესაბამისად, აღევლინებოდა და აღევლინება მხოლოდ ერთადერთი საეკლესიო გალობა ნებისმიერი ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში.

გალობის ისტორიული განვითარების შესახებ “ამბიონს” თბილისის სასულიერო აკადემიის პატროლოგიისა და დოგმატიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე ესაუბრა:

“ურყევი საეკლესიო დოგმატის მიხედვით არსებობს ერთი და მხოლოდ, ერთადერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც შემწირველობს და მწირობს მთელ დედამიწაზე, მთელ სოფელში. შესაბამისად, მართლმადიდებელი ეკლესიის გალობაც ერთადერთია, რაც თავისთავს ასევე მხოლოობითად და იგივეობრივად ავლენს ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, მთელ ქვეყნიერებაზე, ყველა მართლმადიდებელ ერში, ყველა მართლმადიდებელ ტაძარში. მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს მხოლოდ ერთ გალობას, – თავისი შინაარსით, აზრობრივი რაობით, საეკლესიო მელოდიურობით, სულიერი გრძნობადობით და თავისი ზენა (სულიერი) მეტყველებით იგივეობრივს, – აღვლენილს უფლისადმი სხვადასხვა ხორციელ ენაზე, სხვადასხვა ხორციელი ბაგით, სხვადასხვა ხორციელი ხმოვანებითა და ჟღერადობით, სხადასხვა ხორციელ ადგილას, სხვადასხვა ხორციელ განთესილობაში. გამოკვეთილი ერესია, ამ საკითხზე რაიმე სხვაგვარი გაგება გვქონდეს, ვინაიდან მართლმადიდებელი ხალხები და ქვეყნები, ნებისმიერი ეროვნებისა და ქვეყნის მართლმადიდებელნი ერთი სამწყსოა, ერთი სულიერი ერია, ერთი ტომია, ერთი საღვთო კრებულია (“იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს”, იოანე 10.16), ხოლო ერთი კრებულისგან ერთ და მხოლო ეკლესიაში ყველგან და ყოველ დროს ოდენ ერთი გალობის, ერთი თაყვანისცემითი სადიდებლის აღვლენაა შესაძლებელი.

საქართველოში გალობის ტრადიცია, რა თქმა უნდა, სათავეს იღებს იმ დროიდან, როდესაც ქართლის მიწაზე მაცხოვრის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მღვდელმოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო. ეს სათავე პირველი საუკუნეა არა მხოლოდ სათნო გადმოცემით, არამედ – ურყევი მეცნიერული დასაბუთებით. ამის უეჭველი მტკიცებულება გახლავთ ლიტურგიკული ტერმინები, რომლებიც სწორედ უადრეს დროში (I-II-III სს-ში) შემოვიდნენ ბერძნულიდან ქართულში („მარტვილია”, „ოდიკი”, „ემბაზი” და სხვ.), რომლებიც თვით საბერძნეთში შესაბამისი ლიტურგიკული გაგებით უკვე სრულიად ქრებიან II, III, IV საუკუნეებიდან (ცხადია, ეს ტერმინები ჩვენთან მაშინ შემოვიდოდა, როდესაც მათ საკუთრივ ბერძნულ ენაში რეალურად გამოყენებადი მღვდელმოქმედებითი ტერმინების ფუნქცია ეკისრათ).

ამრიგად, მეცნიერულადაც უეჭველია, რომ საქართველოში ქრისტიანული მოძღვრების ეკლესიური, ლიტურგიკული ანუ მღვდელმოქმედებითი დაფუძნებულობა უადრესი დროიდანვე, პირველი საუკუნიდანვე იღებს სათავეს. როგორც ცნობილია, ლიტურგიკული მსახურებისგან განუყოფელია გალობითი მხარე. შესაბამისად, საეკლესიო გალობაც იმ უადრეს ეპოქაში შემოვიდოდა საქართველოში და ნათელია, რომ შემოვიდოდა ოდენ თავისი ფუნდამენტური (დოგმატური) თვისობრიობით, რითაც საზოგადოდ საეკლესიო გალობა განისაზღვრება და რაც კანონდებითად გამორიცხავს მის კვალიფიცირებას კერძოობითად ბერძნულ, ლათინურ, ქართულ, რუსულ, ბულგარულ თუ რომელიმე სხვა ეროვნულ ფენომენად.

რას გულისხმობს საეკლესიო გალობა ანუ რატომაა საეკლესიო გალობა ზექვეყნიური სიწმინდე და არა კონკრეტულ ლოკალში წარმოქმნილი ამქყვეყნიური (ამა თუ იმ ერისა თუ ქვეყნისთვის ნიშანდობლივი) მოვლენა?

უტყუარი ცნობები გვაქვს, რომ ჯერ კიდევ სამოციქულო ეპოქაში ეკლესიაში მხოლოდ ფსალმუნნი და ფსალმუნთა წიგნზე დართული ცხრა ბიბლიური (იგივე ფსალმუნური) გალობა იგალობებოდა (ქვემოთ დავითის ფსალმუნთა და მათზე დართული ცხრა ბიბლიური გალობის, როგორც ყოვლითურთ ერთმთლიანი გალობითი და ლიტურგიკული მოვლენის აღმნიშვნელად ვიყენებთ ტერმინს „ფსალმუნ-გალობანი”). სხვა რამ გალობითი ტექსტები შექმნილი არ გახლდათ. ჩვენი დიდი ღვთისმეტყველი წმინდა ეფრემ მცირე მკაფიოდ მიუთითებს, როდესაც იგი „ფსალმუნთა განმარტებების” მისეულ თარგმანს თავის წინასიტყვაობას ურთავს, რომ „პირველთა მათ ჟამთა არარაჲ აქუნდა სხუაჲ საგალობელად საეკლესიოდ თჳნიერ ფსალმუნთა წიგნისა”.

აბსოლუტურად უეჭველია, რომ საეკლესიო გალობა ესაა მხოლოდ და მხოლოდ ფსალმუნური გალობა, ოღონდ ტექსტობრივად, მოცულობითად, რეპერტუარულად თანდათანობით განვრცობილი.

ფსალმუნის გალობითი განვრცობა, რეპერტუარულია, მაგრამ მისი ურყევი ფუნდამენტი, შიგთავსი, რაობა, განმსაზღვრელობა გახლავთ ფსალმუნი, ხოლო გალობის ფსალმუნური თვისება საეკლესიო გალობას ამა ქვეყნიურისგან, ხორციელებისგან სრულიად განაშორებს, ზეციურ მოვლენად წარმოგვიჩენს. დოგმატურად განისაზღვრება, რომ ეკლესია არის „ცაი ქუეყანასა ზედა”. შესაბამისად, ეკლესიური გალობა ესაა ოდენ ზეციური გალობა სხვადასხვა ხორციელი ბაგითა და ხორციელი ენით ამქვეყნიდან აღვლენილი ღვთისადმი.

ამრიგად, ვინაიდან ფსალმუნნი ცხრა ბიბლიური გალობითურთ (ანუ “ფსალმუნ-გალობანი”) გახლავთ ერთადერთი ქვაკუთხედი საეკლესიო გალობისა, შესაბამისად მხოლოდ ის გალობაა საეკლესიო, რომელიც ყოვლითურთ ფსალმუნურია ანუ რომელიც სრულიად და ყოვლითურთ განმსჭვალულია ფსალმუნური კილოთი, ტონალობით, ხმიერებით, სულისკვეთებით, სულიერი განცდის ოდენ ფსალმუნური გამოხატულებით ანუ, ზოგადად, გალობის ფსალმუნური კანონიკით. შესაბამისად, ვინაიდან აბსოლუტურად შეუძლებელია დაშვება იმისა, რომ თითქოს, ერთა ეროვნული თვისებების კვალობაზე, თვისობრივად განიყოფებოდეს ფსალმუნნი (ზოგადად, წმინდა წერილი) და არსებობდეს, მაგალითად, ერთი მხრივ, ეროვნული ბერძნული ფსალმუნნი და ეროვნული ბერძნული წმინდა წერილი, მეორე მხრივ კი, მისგან თვისობრივად განსხვავებული ეროვნული ლათინური ფსალმუნნი და ეროვნული ლათინური წმინდა წერილი, ანდა კიდევ, მესამე მხრივ, მათგან განსხვავებული ეროვნული სლავური ფსალმუნნი და ეროვნული სლავური წმინდა წერილი და ა.შ. ანალოგიურად ყოვლად წარმოუდენელია და თავის მოტყუებაა ფიქრი იმისა, რომ ერთგვამოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთი და მხოლო ლიტურგიის არსობრივი ნაწილი გალობა, – ყოვლითურთ ფსალმუნური და ფსალმოდიური, – ერთა და რეგიონთა მიხედვით თვისობრივად იცვლებოდეს და მრავალ სხვადასხვა საეკლესიო გალობად ყალიბდებოდეს.

http://www.ambioni.ge/saeklesio-galobis-istoriuli-ganvitareba-saqartvelosi

Комментариев нет:

Отправить комментарий