ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 23 июня 2013 г.

მამაკაცის როლი ჩვილთა მკვლელობაში.


ნუთუ მხოლოდ ქალია დამნაშავე აბორტის ცოდვაში? სად არის ამ დროს მამაკაცი, ნუთუ ის, როგორც ლაჩარი და მოღალატე, განზე გადგა? ნუთუ იგივენაირად დამნაშავე არ არის ქმარი, რომელიც ცოლს აბორტის გაკეთებას აიძულებს და მის ცხოვრებას ფსიქიკურ წამებად აქცევს? ნუთუ სისხლში გასვრილი არ არიან ამ ქალის ნათესავები, რომლებიც მას აბორტის გაკეთებას ურჩევენ? ნუთუ მკვლელობის ინიციატორი არ არის მამაკაცი, რომელმაც ქალი შეაცდინა? ნუთუ ბოროტმოქმედი არ არის ქმარი, რომელიც ფეხმძიმე ცოლს ტოვებს? და ნუთუ ყველაფერში მხოლოდ ქალია დამნაშავე? ღმერთმა თქვა: „ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური.”

უდანაშაულო სისხლი პირველად კაენმა დაღვარა. როცა ჩვილების უბრალო სისხლს ვღვრით, კაენიტები ვხდებით. აბელის სისხლი ზეცას შეჰღაღადებს და მოკლულ ჩვილთა სისხლიც ჩვენს თავზე შავი ღრუბლებივით კრებს მომავალ კატასრტოფებს. ღმერთი ეკითხება კაენს: „სად არის შენი ძმა, აბელი?“, მაგრამ კაენის გული გაქვავებულია და ის სატანური კადნიერებით პასუხობს ღმერთს: „ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ.“ ჰოდა ჩვენც ვცდილობთ არ დავინახოთ მოკლულ ბავშვთა გვამები და არ გავიგონოთ მათი უხმო ყვირილი. ეს სასტიკი გულგრილობაც კაენის სულიერი მემკვიდრეობაა. საშინელ სამსჯავროზე დავინახავთ სისხლის მდუღარე ზღვასა და მასში მოტივტივე ბავშვების გვამებს. მაშინ თავზარი დაგვეცემა ჩვენს უწინდელ გულგრილობას რომ გავიხსენებთ და დავინახავთ, რომ ჩვენ თვითონ ვართ გასვრილი ამ სისხლიანი ქაფით ჩვენი დუმილის გამო. ჩვენი შვილები ჩვენივე ცოდვების მძევლები ხდებიან - როგორ ხვედრს ვუმზადებთ ჩვენ მათ?

ჩვილთა მკვლელობა დემონური ცოდვაა, მაგრამ ადამიანი დემონისგან იმით განსხვავდება, რომ შეუძლია სინანული და ზნეობრივი აღორძინება, რა ღრმადაც არ უნდა დაეცეს ის. არსებობს ძველი თქმულება, რომ მოკლულის სისხლი არ სცილდებოდა მკვლელის სხეულს და მასზე სამუდამოდ რჩებოდა. მაგრამ სისხლიანი ცოდვის ლაქები სინანულის ცრემლებით ჩამოირეცხება თუ ის, ვინც ჩვილთა მკვლელობას ასრულებდა ან მონაწილეობდა მასში, აღარ გაიმეორებს ამ საშინელ ცოდვას და გააკეთებს ყველაფერს, რათა სხვებმაც არ ჩაიდინონ ეს, თორემ სისხლი, როგორც კაენის ბეჭედი, არ ჩამოირეცხება მარადისობაში ასეთი ადამიანების სახეებიდან.



არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

თარგმნა ქ. ბაცაცაშვილმა

წიგნიდან როგორ დავიბრუნოთ ოჯახში დაკარგული ბედნიერება


qadageba.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий