ღმერთი

ღმერთი

суббота, 22 июня 2013 г.

გულში ქრისტეს შობა.

რა დამოკიდებულება უნდა იყოს იესო ქრისტესა და ქრისტიანს შორის? როგორც იესო ქრისტე იშვა ერთხელ ქალწულისაგან ბეთლემში, აღიზარდა, ქადაგებდა, სასწაულებს სჩადიოდა, ბოლოს ჯვარს ეცვა, მოკვდა, დაიმარხა, აღდგა მკვდრეთით და ზეცად ამაღლდა, მსგავსად ამისა, ჩვენი უფალი იესო ქირსტე ადამიანის გულში მხოლოდ მაშინ იბადება, როცა ის მაცხოვრისადმი ჭეშმარიტსა და ნამდვილ სიყვარულს იგრძნობს. თუმცა, რა არის სიყვარული, ამის ახსნა სიტყვით შეუძლებელია, მაინც მოვიყვან ასეთ მაგალითს. თუ იესო ქრისტეზე ფიქრისას სული გინათლედება და ისეთ გულის ძგერას გრძნობ, როგორც ეს შენი დიდი ხნის უნახავი საყვარელი ადამიანის ნახვისას გემართება, მაშინ დაიბადება, ანუ გამოისახება ქრისტე შენს გულში. თუ შეეცდები და ახლოს გაიცნობ უფალს, მის უსაზრვრო ღმრთეებრივ სიკეთეში დარწმუნდები და ამგვარად გაიზრდება იგი შენს გულში. თავის მხრივ ქრისტე ღმერთი ზრდის და საფეხურიდან საფეხურამდე ამაღლებს სულს იმ კაცისა, რომლის გულშიც იგი გამოისახა და იზრდება. ამ დროს ადამიანი თანდათან იცვლება და უკეთესი ხდება და ქრისტე უკვე მის ბუნებაში სასწაულმოქმედებას იწყებს. სასწაულია ის, რომ გონების თვალს აგიხელს, სწავლით განგანათლებს, ცოდვით მკვდარს აღგადგინებს, გაგაცოცხლებს, ცოდვას მოგაძულებს და კეთილ საქმეს შეგაყვარებს. ცოდვის დათმობა, რომელიც ადამიანმა შეიყვარა და რომელიც ბუნებად ექცა, ადვილი არაა. მასზე ხელის აღება დიდი ტანჯვის დათმენას მოითხოვს; თუ კაცმა ამ ტანჯვას გაუძლო და ცოდვა დაამარცხა, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ჯვარს ეცვა ქრისტესთან ერთად, ხოლო თუ ქრისტესა თანა ჯვარს ეცვი, უთუოდ აღდგები მასთან ერთად მკვდრეთით.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.

Комментариев нет:

Отправить комментарий