ღმერთი

ღმერთი

суббота, 22 июня 2013 г.

ქურდობის ცოდვა.

პარვა, ანუ ქურდობა მარტო ის ნუ გგონია, რომ კაცი თავის მოყვასს მალვით, ძალადობით, ან პირდაპირ რაიმე ნივთს წაართმევს. პარვა არის ყოველი ისეთი მოქმედება, როდესაც შენ სიტყვით, ან საქმით მოყვასი რაიმეთი აზარალე, ან დააბრკოლე; ან შეიძლება პირდაირი ზარალი არ მიგიყენებია, მაგრამ არც სიყვარული და შემწეობა გამოიჩინე. ის კაციც მპარავია, რომელმაც თავისი მოყვასისათვის მიცემული სიტყვა და პირობა არ აღასრულა და ამით ზარალი მიაყენა. საზოგადოდ რომ ვთქვათ, პირდაპირი ქურდისაგან კაცი როგორმე თავს დიაფარავს, პირობის დამრღვევისა და ცრუ კაცისაგან კი – ვერასოდეს. მაშასადამე, პირობის დარღვევა უფრო მცირე ცოდვა არ არის, ვიდრე პარვა. თუ გსურს პარვის მოზიარე არ იყო, ეცადე, რომ ან ისეთი პირობა არ დადო, რომლის აღსრულებაც არ შეგიძლია, ან თუ რაიმე პირობა აიღე შენს თავზე, ეცადე, რომ აღასრულო კიდეც. უეჭველია, რომ მპარავის მსგავსია ის სახელმწიფო მოსამსახურე, ანუ ჩინოვნიკი, რომელიც თავის თანამდებობრივ მოვალეობას დაუდევრად და არა ერთგულებით აღასრულებს; ჯამაგირი ან ჯილდო, რომელსაც იგი სახელმწიფოსაგან იღებს, მოპარულია ასეთი ჩინოვნიკის მიერ. ვაჭარი, რომელიც თავის საქონელს უზომო ფასს ადებს, ანუ კარგი საქონლის ნაცვლად ცუდს ასაღებს და სრულ საფასურს იღებს, პირდაპირ მპარავთა შორის უნდა შეირაცხოს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ იქნებ მართლმსაჯული ღმრთის თვალთა წინაშე პირდაპირი ქურდი არც იყოს იმ ზომად ცოდვილი, ვითარცა ფარულად და მზაკვრებით აღმასრულებელნი პარვისა. ფარული ქურდები მოყვასთ უარეს ზარალს აყენებენ, რადგან ისინი არავის ქურდად არ მიაჩნია, ხშირად კი ამ ქვეყანაზე პატივცემლნი და ამპარტავენნი არიან მოყვასთა შორის. მაგრამ ღმერთი ისე არ უყურებს ჩვენს მოქმედებას, ვითარცა კაცის მოკლე ჭკუა; ამიტომ გეშინოდეს და ეცადე, რომ ყოველი შენი მოქმედება პატიოსანი, უზაკველი და უვნებელი იყოს მოყვასთა შენთათვის. თუ შენ სიტყვით, ან საქმით ვინმე მოყვასთაგანი აცთუნე, ე.ი. ცოდვა ასწავლე, ცუდ საქმეში შეიყვანე და გარყვნილებას მიაჩვიე, ეს ასწილ უმწარესი ცოდვა იქნება, ვიდრე ნივთიერი ზარალი, რომელსაც ქურდი კაცს მიაყენებს; ამისთანა მოქმედება კაცის სულს საუკუნოდ წარწყმედს და საუკუნოდ ზარალში ჩააგდებს. ამიტომაც საღმრთო წერილი იტყვის: უმჯობესია კაცმა კისერზე ლოდი მოიკიდოს და თავი ზღვაში გადაიგდოს, ვიდრეღა აცთუნოს ერთი ამათ მცირეთაგანი. კაცმა რომ ყოველნაირი პარვა მოიძაგოს, ამის საუკეთესო საშუალება დაუცხრომელი შრომაა; ჯერ ერთი იმიტომ, რომ პარვის ცოდვის აღსასრულებლად მშრომელ კაცს თავისულაფი დრო არა აქვს; მეორეც იმისათვის, რომ მშრომელ კაცს ის უხარია და ის სიამოვნებს, რასაც თავის შრომით შეიძენს; მაგრამ ყოვლის უმჯობესი ის არის, რომ შრომა მის მოყვარეს რიგს, წესიერებას, კრძალვასა და ბეჯითობას აჩვევს. შრომის მოყვარე კაცს ჭკუა და გონება თავისი სამუშაოსკენ აქვს მიპყრობილი; ამიტომ მას, ვითარცა ყოველმხრივ შეზღუდულსა და დაცულ ციხეს, განსაცდელი ვერ სძლევს და მაცთური ვერ წარიტაცებს.

წმიდა გაბრიელ ქიქოძე.

Комментариев нет:

Отправить комментарий