ღმერთი

ღმერთი

суббота, 22 июня 2013 г.

განსაცდელი.

განსაცდელი  ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც კაცს რომელიმე ცოდვაში ჩააგდებს. ადამიანს შეუძლია წინასწარ გამოიცნოს სად ან ვისთან, ან რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს და თავი აარიდოს მას; განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, მოყვაისს სიკვდილი და სხვ. ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს. განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია; იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს, და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოვს ვერ გამოიღებს. ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებით და გონიერებით უნდა მოიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსაცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე.

განცდა თავისი თავისა – განცდა, ანუ ცნობა ჩვენი თავის ის არის, როდესაც კაცი თავის თავს შეისწავლის, გააცნობიერებს, კარგად იქცევა თუ ცუდად, კარგი ხასიათი აქვს თუ ცუდი. ცნობა საკუთარი თავისა კეთილი ქრისტიანული ცხოვრების საფუძველია. თუ კაცმა ჯერ ის არ შეიცნო, რა ცოდვა ჩაიდინა, რა ნაკლულოვნება აქვს გულში, როგორ მოინანიებს და როგორ შეიქნება უმჯობესი. ცნობა საკუთარი თავისა ადვილი არაა, ვისაც ამის მიღწევა უნდა, დიდი მეცადინეობა მართებს. დიდი სარგებლობა და სულიერი მადლი მოგვეცემა, თუ თავს კარგად შევისწავლით და გულში ვიტყვით, რომ ესა და ეს ნაკლი გვაქვს და ღმრთის წინაშე ამაში და ამაში ვართ დამნაშავე. თუ ასე მოიქცევი, სინანულსაც ადვილად შეძლებ და კარგი ადამიანიც გახდები. ხოლო თუ შენი თავი კარგად არ იცი, არა მარტო ქრისტიანობაში, არამედ არც სხვა საქმეში არ გამოდგები, ვინც თავისი თავი კარგად იცის, ის აღარც მოყვასს განიკითხავს.

განცდა ცოდვისა – სიყრმიდანვე გამოცდილმა მეთევზემ სვიმონ-პეტრემ მთელი ღამე ითევზავა გენესარეთის ტბაზე, მაგრამ ვერაფერი დაიჭირა; იესო ქრისტეს ერთი სიტყვის შედეგად კი ბადეს იმდენი თევზი მოჰყვა, რომ ნაპირზე მისი გამოთრევა მარტოს გაუძნელდა. ამ სასწაულმა ცხადად აჩვენა მას, რომ მისი მოძღვარი ვინმე უბრალო კაცი კი არა, თვით უფალი და მთელი სამყაროს მბრძანებელი იყო და უთხრა: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილ ვარ, უფალო. თითქოს, პირიქით, დარჩენა უნდა ეთხოვა, რათა მისგან კიდევ უფრო მეტი მადლი და სარგებლობა მიეღო, მან კი უთხრა: განვედი ჩემგან. ეს იმიტომ რომ, როცა დარწმუნდა, ვინ იყო ქრისტე, თავისი პატივი და სარგებლობა კი არ მოაგონდა, არამედ ის, რომ მაცხოვართან სიახლოვისთვის მეტისმეტად ცოდვილი და უღირსი იყო. Nნუ გვეგონება, რომ სვიმონ-პეტრე სხვა ადამიანებზე უარესი იყო: ის არც კაცის მკვლელი ყოფილა, არც მპარავი, არც მეძავი, არც მოშურნე და არც სჯულის სხვა მცნებათა დამრღვეველი. ასეთი რომ ყოფილიყო, უფალი მას მოციქულად არ გამოარჩევდა. იგი უბრალო მეთევზე იყო, რომელიც საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. მაგრამ ის ცოდვასა და საკუთარ უღირსებას იმდენად ძლიერად განიცდიდა, რომ იფიქრა, უწმინდეს უფალს მისებრ ცოდვილ კაცთან სიახლოვე არ ეკადრებოდა. თავისი უღირსებისა და თვისთა ცოდვათა შეგნება ყოველ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს, რადგან სხვა საშუალება ღმრთსგან ცოდვათა მიტევებისა არ არსებობს. ადამიანის მიერ საკუთარი უღირსებისა და ცოდვილობის შეგნება მის გულში ღმრთეებრივი მადლის მოქმედებას ნიშნავს. ვისაც კი მადლი ღმრთისა მიეახლა და სულიწმიდის განმაცხოველებელი მოქმედება შეეხო, უპირველესად საკუთარი უღირსებისა და ცოდვების გრძნობა გაუჩნდა. ცოდვა და ბოროტმოქმედება იმიტომაც არის საშინელი და წარმწყმედელი, რომ იგი ადამიანის გულს აბნელებს და ცოდვილობის შეგნებას მოაკლებს. ერთხელ დავით წინასწარმეტყველი საშინელ ცოდვაში ჩავარდა, მაგრამ, რადგან გული გაგრილებული ჰქონდა, უზრუნველად ცხოვრობდა, ვიდრე ღმერთმა ნათან წინასწარმეტყველი არ მიუვლინა და მისი პირით არ ამხილა. მხოლოდ მაშინ შეიგნო და აღიარა მან თავისი ცოდვა და თქვა: შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვყავ. ასე აბნელებს ცოდვა კაცის გონებას. ამიტომ თუ გული გრილი გაქვს, ფხიზლად იყავი, რათა ცოდვამ არ დაგიპყროს, ეცადე და გული ლოცვითა და კეთილმოქმედებით გაათბე. დილით, როცა ძილისაგან ადგები, ღმერთს შევედრე მოგცეს შეგნება საკუთრი ცოდვებისა, საღამოს, ძილის წინ კი, მუხლმოდრეკით ლოცვისას გაიხსენე და ღმრთის წინაშე აღიარე ყოველი ბოროტი სიტყვა და საქმე, რომელიც იმ დღეს თქვი და ჩაიდინე. ყველაზე ძლიერ საკუთარი უღირსება მაშინ წარმოიდგინე, რაჟამს წმინდა ზიარებას მიეახლები. ყურადღება მივაქციოთ იმასაც, რომ თუმცა, პეტრემ უფალს განშორება სთხოვა, უფალმა არა თუ დატოვა იგი, არამედ, კიდევ უფრო მიეახლა, რადგან მან თავისი უღირსება შეიგნო და აღიარა. ასევე მოგვექცევა ღმერთი ჩვენც იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ცოდვებისა და უღირსების განცდა გვექნება.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.

Комментариев нет:

Отправить комментарий