თუ ახლანდელ ქრისტიანებს დავუკვირდებით და მათ სულიერ მდგომარეობას წარმოვიდგენთ, ვნახავთ, რომ ისინი სრულიადაც არ ფიქრობენ იმაზე, რა დიდი და ძნელი საქმეა კეთილი ქრისტიანული მოქალაქეობა და რამდენ შრომასა და სიფრთხილეს მოითხოვს ჩვენგან ჩვენი სულიერი მოვალეობის აღსრულება. დილიდან საღამომდე ისინი ამა სოფლის ამაოებას არიან მიცემულნი და ღმრთისადმი გულს ერთხელაც არ მიაქცევენ. თვით უმცირესი განსაცდელიც კი დაუკარგავს მათ ღმრთის სიყვარულსა და სასოებას, შეურყევს სარწმუნოებას. წმ. მოციქული პავლე გვამცნობს, რა დიდი და მძიმე საქმეა ქრისტიანული ცხოვრება. განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაითა. ე.ი. სულიერი ცხოვრებისათვის დიდი ღონე და ძალა გვჭირდება, ამასთან არა მხოლოდ საკუთარი ძალა, არამედ ძლიერება უფლისა. ქრისტიანული მოქალაქეობა დაუცხრომელი ბრძოლაა, არა ხორციელთა წინააღმდეგ, არამედ სოფლის მპყრობელი ბოროტი სულების მიმართ. ამიტომ ქრისტიანი ყოველთვის აღჭურვილი უნდა იყოს სულიერი საჭურველით, რადგან მისი სულიერი მტრები ყოველ წამს მზად არიან მის შთასანთქმელად; ამას ემატება ბრძოლა ხილულ მტრებთან, ბოროტ ადამიანებთან და საკუთარ ვნებებსა და ცუდ მიდრეკილეებთან, რომელნიც მარადის აცდუნებენ მას და ღმრთისაგან განაშორებენ. მაგრამ თუ ყოველთვის გვახსოვს ჩვენი სჯული და უფლის ძლიერების სიმტკიცით ვართ გაძლიერებულნი, ყოველგვარ განსაცდელს წინ ადვილად აღვუდგებით და სულიერ სვლას მტერთა და მაცთუნებელთა შორის ადვილად წარვმართავთ. წმ. მოციქული პავლე იმასაც გვასწავლის, როგორ შეუძლია ქრისტიანს გაძლიერება. რამდენადაც ეს სოფელი სიცრუისა და უსამართლობის ზღვაა, თუ ქრისტიანი სიმართლითა და ჭეშმარიტებით არ შეიმოსა, მასში დაინთქმება. ამა სოფელში მიმოსვლისა და ზრუნვის დროს მას გულში ის მშვიდობა უნდა ჰქონდეს, რომელიც სახარების მადლმა მოგვანიჭა. სარწმუნოება ფარად უნდა ჰქონდეს და ხელში სულის მახვილი – სიტყვა ღმრთისა უნდა ეჭიროს. მხოლოდ ასე აღჭურვილი ქრისტიანი სძლევს სულიერსა და ხორციელ მტრებს, უვნელად გაივლის განსაცდელთა შორის და ღმრთის სასუფეველს დაიმკვიდრებს.
წმიდა გაბრიელ ქიქოძე.
წმიდა გაბრიელ ქიქოძე.
Комментариев нет:
Отправить комментарий