ღმერთი

ღმერთი

суббота, 22 июня 2013 г.

თუ ქრისტიანი დეპრესიაშია…

ქრისტიანს მრავალი მოვალეობა გააჩნია როგორც ღმერთის, ისე საკუთარი თავის მიმართ. ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ წუწუნს, დეპრესიაში ვარო. თითქოს ამის თქმა მოდად იქცა. ფსიქოლოგიური კუთხით, დეპრესიას სასოწარკვეთილება, უიმედობა იწვევს. მართლმადიდებლური რელიგიის მიხედვით კი, სასოების, ანუ იმედის დაკარგვა უდიდესი ცოდვაა. სულიერი მამების სწავლებით, ადამიანი ყველაზე დიდ განსაცდელში მაშინ ვარდება, როცა ის ღვთის რწმენას კარგავს, როცა გამოსავალს ვერსად და ვერაფერში ხედავს. სასულიერო პირები მრევლს მოძღვრავენ, რაც შეიძლება ახლოს იყვნენ ეკლესიასთან, თავიანთ სულიერ მოძღვრებთან, რომ სასოება, იმედი არ დაკარგონ. როგორ უნდა ვიხსნათ თავი ამ მძიმე ცოდვისგან, რა უნდა გააკეთოს მორწმუნემ, მამა გიორგი (სხირტლაძე) განგვიმარტავს.

– მამაო, როგორც ვიცით, დეპრესიაში ჩავარდნა დიდი ცოდვაა. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ ამ მდგომარეობამდე არ მივიდეს?

– სასარგებლოა ხშირი ზიარება. ვინც ხშირად ეზიარება, ამბობს აღსარებას, ინანიებს ცოდვებს, მას ჭეშმარიტად სწამს უფლის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანი მაინც ჩადის ცოდვებს, მაინც მხიარულია. ვისაც რწმენა აქვს, მას ცუდი განწყობა არ ეუფლება. წმინდა მამები, მათ შორის წმინდა იოანე ოქროპირი, ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი დაღონებული არ უნდა იყოს. თუ ქრისტიანი დეპრესიაშია, ნევროზი აქვს, სულსაც იმძიმებს და სხვებსაც ამძიმებს. მას ისე არ სჯერა უფლის, როგორც უნდა სწამდეს. სათანადოდ არ ლოცულობს ან ამპარტავნებაშია ჩავარდნილი, მოყვასის სიყვარული არ აქვს და სხვისი ხმის გაგონებაც არ უნდა.

– ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს სხვისი შეგონების არ სჯერათ. ფიქრობენ, რომ მათთვის გამოსავალი აღარ არსებობს.

– სიჯიუტე საშინელი ცოდვაა. ქრისტიანს გული მსუბუქი უნდა ჰქონდეს. ზოგჯერ საკუთარ თავსაც ვერ ვიტანთ, ამის კულტურაც კი არ გვაქვს. დეპრესიით, ნევროზით დაავადებული ადამიანი აგრესიულია. ამიტომ ის ვერ იქნება ჭეშმარიტი მორწმუნე. მის სულში დიდი ნაპრალია, საიდანაც უამრავი ბოროტება შემოდის. რაც უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანი ეკლესიური ცხოვრების ღერძთან, მით უფრო მტკიცეა მისი პიროვნება. ხორცი რომ არ აყროლდეს, მარილი სჭირდება. ასევე არის ადამიანიც. თუ სულიწმიდის "მარილმა", მისმა მადლმა არ შეინახა ადამიანის სული, გაიხრწნება. თქვენ ხართ მარილი ცხოვრებისაო, ამბობს სახარება. იქვე ვკითხულობთ, თუ მარილი არ ვარგოდეს, მაშინ რიღათი დამარილდებაო. ჩვენი სულის მარილი ქრისტეს სისხლი და ხორცია. აუცილებლად უნდა დაითესოს სიკეთე. ადამიანმა სული უფლის მცნებებით უნდა დაიმარილოს.

– რატომ არის ეკლესიაში ლოცვა უფრო მადლიანი და ძლიერი, ვიდრე სახლში, უფალი ხომ ყველგან სუფევს?

– ჩვენი დანიშნულება დედამიწაზე სხვა არაფერია, თუ არა ღვთის დიდება. ეს უდიდესი გზაა, რომლის გავლას მთელი ცხოვრება სჭირდება და ჩვენი გასავლელია. მაცხოვრის გზა ქრისტიანულ ერთობაშია, რადგან მხოლოდ ერთ ადამიანს ამ გზის მარტო გავლა გაუჭირდება. სწორედ ამიტომ არის ეკლესიაში ლოცვა ძლიერი. ეკლესია მორწმუნეთა ერთობა და თავშესაფარია. ქრისტესთვის ორი, სამი ან მეტი ადამიანი თუ შეიკრიბება, მათ შორის აუცილებლად იქნება უფალი. ქრისტესთან ერთად სიარული კი დიდი მადლია და ადვილია. მრევლში ყოფნა ადამიანს სრულყოფს, ავსებს. ქრისტეს გზაზე სიარულისას მრევლის წევრები ერთმანეთს ეხმარებიან. "ტვირთი ურთიერთას იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული ესე ქრისტესი", – გვასწავლის უფალი. ყველას შეგვიძლია, სახლში ვისხდეთ და დღე და ღამე ვილოცოთ, მაგრამ ეკლესიაში ლოცვა გაცილებით ძლიერი და მნიშვნელოვანია. იქ თავად ქრისტეა ჩვენ შორის.

– მორწმუნისთვის გალობაც დიდი მადლია?

– რასაკვირველია. კარგია, თუ ნებისმიერი საქმის კეთებისას გულში ხშირად ვიგალობებთ. ამით ღვთის მფარველობას მოვიპოვებთ. ჩვენი ცოდვების გამო ხშირად დაუცველნი ვრჩებით. მფარველი ანგელოზი ისე გვშორდება, ვერც კი ვამჩნევთ. ეშმაკის მარწუხებისგან კი დაგვიცავს გალობა და გულში ლოცვა. ჯობია, ცოტ–ცოტა და ხშირად ვილოცოთ, ვიდრე ერთბაშად ბევრი და იშვიათად. ლოცვები და საგალობლები ზეპირად უნდა ვიცოდეთ, გულში ხშირად ვიმეოროთ. ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას და მუდმივად მისი მფარველობის ქვეშ ვიქნებით.

– როცა ვინმე ლოცულობს და ამ დროს რაღაცას ვეკითხებით მლოცველს, ანუ ვაწყვეტინებთ, ეს რამდენად მართებული საქციელია?

– ლოცვის დროს ადამიანი აუცილებლად უნდა განმარტოვდეს. როცა ლოცვის დროს ოთახში ვინმე შემოდის და მლოცველს ხელს უშლის, მისთვის ეს არის ცუდი, რადგან ამ დროს ანგელოზი რისხდება და შეიძლება განსაცდელში ჩააგდოს ის ადამიანი, ვინც ხელი შეუშალა ღვთისთვის მღაღადებელს. რა თქმა უნდა, ხელის შეშლა მისთვისაც ცუდია, ვინც ლოცვას სწყდება, მაგრამ თუ ლოცულობ და ამ დროს ვინმეს შენი დახმარება სჭირდება, უხეშად არ უნდა მოეპყრა. არ უნდა აგრძნობინო, თითქოს ისე ხარ ლოცვაში ჩაღრმავებული, რომ სხვისთვის არ გცალია. ჯობია, ცოტა ხნით შეწყვიტო ლოცვა, მისცე მოკლე პასუხი და ისევ გააგრძელო, რათა ქრისტიანული მცნება არ დაარღვიო.

– როდის არის შესმენილი ჩვენი ლოცვა უფლისადმი?

– ჩვენი ლოცვა მხურვალე ხდება მაშინ, როცა ღმერთს ახლობლების ჯანმრთელობას და სხვადასხვა უბედურებებისგან დაცვას ვთხოვთ. ლოცვა შედარებით გრილდება, როცა ღმერთს ისეთ რამეს ვთხოვთ, რაც ჩვენთან არ არის დაკავშირებული. ასეთ დროს გვიპყრობს გრძნობა, რომ უფალი განგვეშორა. სინამდვილეში კი ჩვენ დავშორდით ღმერთს. ამიტომ ლოცვა იმ განწყობით უნდა დავიწყოთ, რომ ცოდვილნი ვართ და ცხონება გვჭირდება. ღვთის გარეშე არსებობა არ ძალგვიძს. როცა უფალი დაინახავს, რომ მისკენ დაუოკებლად მივისწრაფვით, მხოლოდ მაშინ მიგვიღებს, როგორც მეზვერე, რომელიც სახარებისეული იგავის თანახმად, მხოლოდ წყალობას ითხოვდა. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ღვთის წინაშე რაიმე დამსახურება გვაქვს. ადგილი, სადაც იშვა ლოცვა, არის ადამიანის გული. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, "იპოვე საკუთარი გულის კარები და შენც დარწმუნდები, რომ იგია კარები ცათა სასუფევლის". მორწმუნე ლოცვას მთელი გულით უნდა ამბობდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იპოვის ეს ლოცვა სწორ გზას და შესმენილი იქნება ღვთის მიერ.


www.sana.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий