ღმერთი

ღმერთი

суббота, 22 июня 2013 г.

მართლმადიდებლობის ღალატი იუდას ცოდვის გამეორებაა.

  ერთხელ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფეს – პოლიკარპე სმირნელს, რომელსაც “აღმოსავლეთის მამას” უწოდებდნენ, გნოსტიკოსი კარპოკრატე შემოხვდა და წესისამებრ მიესალმა, მაგრამ მღვდელმთავარმა უხმოდ აუარა გვერდი.

– პოლიკარპე! – შესძახა გნოსტიკოსმა. – ვერ მიცანი, ვინა ვარ? _ გიცანი პირმშო სატანისაო! – მიუგო წმინდანმა.

შესაძლოა ძალზე მკაცრადაც მოგვეჩვენოს და კიდეც გვეუცხოოს ამგვარი სიტყვები იმ ადამიანისგან, რომლის მოძღვარსაც “სიყვარულის მახარობლად” იხსენიებენ. მღვდელმთავრის სიტყვებმა ისე გაიხმიანეს ჰაერში, როგორც იესო ქრისტეს შოლტმა იერუსალიმის ტაძრის კედლებში, როდესაც მან სიწმინდის შეურაცხმყოფელნი გამოასხა ღმრთის სახლიდან. წმ. პოლიკარპე არწმუნებდა თავის სამწყსოს, რომ შეუძლებელია რაიმე კავშირი არსებობდეს ქრისტეს ეკლესიასა და სატანისტურ სექტებს შორის, და რომ, თუმცა გნოსტიკოსები თავიანთ თავს სულიერ ქრისტიანებს უწოდებენ, ისინი იმდენად შორს არიან ქრისტიანობისგან, როგორც ნათელი შორსაა ბნელისაგან.

გნოსტიკოსთა შორის რამდენიმე “საიდუმლო კავშირი” არსებობდა, სახელდობრ: გველის თაყვანისმცემელთა, კაენიტელთა, ნიკოლაიტელთა და სხვათა, რომელთა შესახებაც წმინდა წერილში ვკითხულობთ: “არა გიცნობიენ სიღრმენი ეშმაკისანიო” (გამოცხ. 2,24). .აპოკალიფსში იესო ქრისტე ასე მიმართავს ეფესოს ეკლესიის ანგელოზს (ეპისკოპოსს): “არამედ ესე გაქუს, რამეთუ გძულან საქმენი იგი ნიკოლაელთანი, რომელნი იგი მე მძულან” (გამოცხ.2,6) ხოლო პერგამოსა და თიატირას ანგელოზებს ამხელს და უსაყვედურებს იმის გამო, რომ ისინი შეიწყნარებენ ნიკოლაიტელთა მოძღვრებას, აგრეთვე ბალამისა და ცრუწინასწარმეტყველ იეზაბელის მიმდევრებს, რომლებიც სიძვასა და ნაკერპავის ჭამას ასწავლიან ქრისტეს მსახურთ. წმინდა წერილში სიტყვა “სიძვას” პირდაპირი მნიშვნელობის გარდა თავისი სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს – ესაა განდგომა ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან. “აჰა ესერა დავამხუა იგი (იეზაბელ) სარეცელსა ზედა, და რომელნი იმრუშებდეს მის თანა, შთავყარნე ჭირსა დიდსა, უკუეთუ არა შეინანონ საქმეთაგან მათთა. და შვილნი მისნი მოვსწყვიდნე სიკუდილითა, და ცნან ყოველთა ეკლესიათა, ვითარმედ მე ვარ რომელი განვიკითხავ გულსა და თირკუმელთა...”(გამოცხ.2,22-23).

კაენიტელნი თაყვანს სცემდნენ გველს, – ანუ ეშმაკს, რომელმაც ედემის ბაღში ევას აკრძალული ხის ნაყოფი აჭამა, _ თვლიდნენ მას კაცთა მოდგმის მხსნელად, მეგობრად; ფიქრობდნენ, რომ მისი ერთადერთი მიზანი ხალხისთვის “ბედნიერებისა და თავისუფლების” მონიჭება იყო; ისინი წმინდანებად მიიჩნევდნენ ძველი აღთქმის ღვთისმებრძოლთ - კაენსა და ლამექს, განსაკუთრებულ პატივს კი იუდა ისკარიოტელს მიაგებდნენ; ცოდვას ისინი უყურებდნენ როგორც სულის თავისუფლებისა და თავგანწირვის გამოხატულებას. მათ სწამდათ, რომ სხეული მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული გარსია ადამიანისა, - სრულიად უცხო მისი სულისთვის, აქედან გამომდინარე კი ფიქრობდნენ, რომ სავსებით შესაძლებელია სხეულით მრუშობას ეძლეოდეს ადამიანი _ ანუ ამას აკეთებდეს ხორცის უგულებელყოფისა და მის მიმართ ზიზღის გამოხატვის მიზნით _ სულით კი ამ დროს სრულ უვნებელობაში იმყოფებოდეს. “რა მესაქმება ჩემს შესამოსელთან?” – ამბობდა გნოსტიკოსი კარპოკრატე. ქრისტიანთა დევნულების ჟამს კაენიტელნი მშვიდად ემორჩილებოდნენ მტარვალთა ბრძანებას – უარეყოთ ჭეშმარიტი ღმერთი და მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. თავს კი იმით იმართლებდნენ, რომ მათი სიტყვები სულაც არ გამოხატავდა გულის შინაგან მდგომარეობას, ხოლო ხელების მოძრაობას სულთან არაფერი ჰქონდა საერთო; ისინი შესაძლებლად მიიჩნევდნენ გარეგნულად რწმენისგან განდგომას, გულით კი კვლავაც მის მიმართ ერთგულების შენარჩუნებას. ქრისტესთვის წამებულთ კაენიტელნი უვიცებად და ფანატიკოსებად მიიჩნევდნენ, მათ მიმართ ზიზღითა და სიძულვილით იყვნენ გამსჭვალული, რადგან ვერც კი წარმოედგინათ, როგორ შეიძლებოდა ადამიანის სული მისივე ბაგეებით წარმოთქმულ ღმერთის უარისმყოფელ სიტყვებზე ყოფილიყო დამოკიდებული.

გნოსტიკოსებს ჰქონდათ თავიანთი საიდუმლო სწავლება, თავიანთი წეს-ჩვეულებები; ჰიმნები, შექმნილი გველის განსადიდებლად (რომელსაც ისინი ქრისტეს უწოდებდნენ); ჰიმნები ეზღვნებოდა აგრეთვე კაენს, ლამექსა და იუდა ისკარიოტელს. კაენიტელთა სწავლების მიხედვით, მათი მამამთავარი კაენი მხოლოდ ღმერთის სიყვარულის გამო ჩავარდა ძმისმკვლელობის ცოდვაში: როდესაც მან დაინახა, რომ ღმერთმა აბელის ძღვენი მიითვალა, მისი კი უარყო, გადაწყვიტა ღმრთისთვის მსხვერპლად ყველაზე ძვირფასი რამ შეეწირა, რაც კი ქვეყნად გააჩნდა – საკუთარი ძმა. კაენიტლენი ეთაყვანებოდნენ ლამექს _ კაენის შთამომავალს _ რომელმაც აგრეთვე კაცისკვლით შესცოდა და პირველმა შემოიღო მრავალცოლიანობა.

ნერონის თანამედროვე გნოსტიკოს სვიმეონ მოგვს მუდამ თან ახლდა ტვიროსელი მეძავი ქალი ელენე და ამტკიცებდა რომ თვითონ ის ხორცშესხმული ღვთაებაა, მისი თანამეცხედრე კი – განსახიერება მშვენიერი ელენესი, რომლის მიზეზითაც დაეცა ტროა. მეძავ ქალთან თავის ურთიერთობას იგი უწოდებდა “ღვთაების სიყვარულს ადამიანის სულის მიმართ”.

კაენიტელებს ბერ-მონაზვნობაც თავისებური ჰქონდათ. ამ თავისებურების ერთ-ერთი გამოვლინება ბილწი რიტუალების აღსრულება გახლდათ. გასნაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას გნოსტიკოსები იუდა ისკარიოტელის მიმართ გამოხატავდნენ; ისინი თვლიდნენ, რომ იუდას მხოლოდ ხალხის სიყვარული ამოძრავებდა, როცა საკუთარი მოძღვარი სასიკვდილოდ გაიმეტა, და რომ ამ ნაბიჯის გადადგმით მან კაენსა და ლამექსაც კი გადააჭარბა თავგანწირვასა და თავის უარყოფაში. იუდას მაგალითის საფუძველზე გნოსტიკოსები ასკვნიდნენ, რომ დასახული მიზნის მისაღწევად ადამიანს უფლება აქვს გამოიყენოს ნებისმიერი ხერხი და საშუალება; რომ ხალხის კეთილდღეობისთვის უფლება აქვს ყველანაირი ღალატის, მუხანათობის, ვერაგობის, თვით ღვთის მკვლელობისაც კი. გნოსტიკოსებს ჰქონდათ იუდა ისკარიოტელის აპოკრიფული სახარება, რომელიც ჩვენი სახარებების ნეგატივს წარმოადგენდა. არსებობს ცნობები, რომ ამ ბილწი აპოკრიფის ნაწყვეტები დღემდე შემოუნახავს ზოგიერთ სატანისტურ სექტას.

XIX-XX საუკუნეების საერო მწერლობაში შეიმჩნევა იუდას გამართლებისა და განდიდების ტენდენციაც კი. ცნობილი დეკადენტი ანდრეევი აქვეყნებს მოთხრობას “იუდა ისკარიოტელი”, რომელიც მოციქულის მთელი აპოლოგია. ნიშანდობლივია, რომ ანდრეევი ბოროტი სულით იყო შეპყრობილი და შეტევების დროს ღადარინელი ეშმაკეულის მსგავსად ბღაოდა.

რატომ უნდა ეარსებათ ქვეყნად ისეთ სიბილწეებს, როგორიც იყო კაენიტელთა სექტა და თანაც ამ სიბილწეებისთვის “სულიერი ქრისტიანობა” ეწოდებინათ? ალბათ იმიტომ, რომ ცოდვის მიმართ სწრაფვა ყველა ადამიანის სულშია ჩაბუდებული, გნოსტიკოსთა სწავლებას კი, ხატოვნად რომ ვთქვათ, სწორედ იმ შინაგანი დემონისაკენ მივყავართ, ჩვენი სულის სიღრმეებში რომ დაუდია ბინა. ბასილი დიდი წერდა: “მათ უნდათ, არამხოლოდ შესცოდონ, არამედ თვით ეს ცოდვაც ისე წარმოაჩინონ, როგორც რაღაც ამაღლებული და ღვთაებრივი”. თუმცაღა, ნუ ვიფიქრებთ, თითქოსდა გნოსტიკური სექტები სამუდამოდ დასამარდა საუკუნეთა ნანგრევებში. არა, იუდას სახარება შესაძლოა მოულოდნელად კვლავაც გამოჩნდეს იქ, სადაც მის ხილვას არავინ მოელის. იუდამ სასიკვდილოდ გაიმეტა იესო ქრისტე, მაგრამ მკვდრეთით აღმდგარი და ზეცად ამაღლებული მაცხოვარი მისტიკურად კვლავ დედამიწაზე იმყოფება – იგი თავის ეკლესიაშია. ამიტომაც მართლმადიდებლობის ღალატი – რა სახელწოდებაც არ უნდა გამოვუძებნოთ ამგვარ საქციელს, როგორი მჭევრმეტყველური ფრაზებითაც არ უნდა შევნიღბოთ და შევალამაზოთ იგი – ესაა იუდას ცოდვის გამეორება: ქრისტესგან განდგომა და ღალატი.

სამწუხაროდ, ზოგიერთები ჩვენს თანამედროვეთაგან გასნაზღვრულ სიტუაციებში შესაძლებლად მიიჩნევენ სარწმუნოებისგან გარეგნულად განდგომას, გულში კი კვლავაც მართლმადიდებლად დარჩენას. მაგრამ რომელ გულში? განა შეიძლება მტყუანისა და მოღალატის გულმა სული წმინდის მადლი დაიტიოს? “რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი”, - გვამცნობს წმინდა სახარება. ცოდვა, როგორც სულიერი სნეულება თავდაპირველად გულის სიღრმეში ჩნდება და ჯერ კიდევ მანამადე, ვიდრე გარეგნულად გამოვლინდებოდეს, შეამწიკვლებს ადამიანის გულს. აქაც, ჩვენს თანამედროვეობაში, ზუსტად იმავე მორალს ვაწყდებით, რასაც კარპოკრატესთან, - ან, უფრო სწორად, ყოველგვარი მორალისგან გათავისუფლების მცდელობას – “რა მესაქმება ჩემს შესამოსელთან?” ამ ადამიანებმა თითქოს კაენიტელთაგან შეითვისეს მორალი და მოძღვრება. სახარება კი სხვაგვარად გვმოძღვრავს: “რომელმან უარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა” (მათე 10,33). ქრისტიანისთვის სარწმუნოებისგან განდგომა ღმერთის დაკარგვას ნიშნავს, ურწმუნოსათვის კი ან რელიგიის მიმართ ინდეფერენტულად განწყობილი ადამიანისთვის სჯულის უარყოფა ძალზე უმნიშვნელო რამაა: მას არასოდეს შეუცვნია ღმერთი და , ამდენად, დასაკარგიც არაფერი აქვს.

უძველესი დროის ქრისტიანულ ეკლესიას მოწამეობრივსა და აღმსარებლურს უწოდებენ. მოწამეობის ღვაწლი კი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სარწმუნოების გულისთვის ადამიანი მზადაა უშიშრად დაითმინოს ყოველგვარი წამება და თვით სიკვდილსაც უშფოთველად მოუდრიკოს ქედი. ვინც წამებას ვერ დაითმენდა ან სიკვდილის მუქარას შეუშინდებოდა და უარყოფდა ქრისტეს, ასეთი ადამიანი “დაცემულად” იწოდებოდა; ხოლო თუ იგი ამის შემდეგ შეინანებდა და კვლავ მოისურვებდა ეკლესიაში დაბრუნებას, უმკაცრესი სასჯელი უნდა შეესრულებინა: რამდენიმე წლის მანძილზე მას ტაძარში შესვლის უფლებაც კი არ ეძლეოდა ღვთისმსახურების დროს, არამედ კარიბჭესთან უნდა მდგარიყო; შემდეგ სტოაში კათაკმევლებთან ერთად; ბოლოს კი საერთო ლოცვაზე დადგომის ნებასაც აძლევდნენ; და როცა სასჯელს სრულად მოიხდიდა, ადგილობრივი ეპისკოპოსი მასზე განსაკუთრებულ წესს აღასრულებდა და იგი კვლავ უერთდებოდა ეკლესიას. ხოლო ვინც სარწმუნოებას მიწიერი კეთილდღეობისთვის უარყოფდა, მას მხოლოდ სიკვდილის წინ ეძლეოდა ზიარების უფლება. ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ, რა სასჯელს უნდა იმსახურებდეს ის ადამიანი, რომელიც, სახარების სწავლების საპირისპიროდ, ცდილობს ყოველმხრივ გაამართლოს სარწმუნოებისგან განდგომა და ღალატი. სხვების არასწორად დამოძღვრა და ცოდვისკენ გაძღოლა ხომ გაცილებით უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ისე, რომ თავად ჩავიდინოთ ცოდვა.

მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედებს განსაკუთრებული ძალა, რომელიც ღმერთის მაძიებელ ადამიანს ჭეშმარიტების წყურვილს, მის მიმართ სწრაფვას, მასზე სევდას აღუძრავს. და ეს სწრაფვა, ეს წყურვილი უნდა დაკმაყოფილდეს ეკლესიის წმიდათაწმიდა სწავლებით. სჯობს აშკარად უარვყოთ ღმერთი, ვიდრე ზნეობრივ გახრწნილებას მივცეთ თავი: სიცრუეს ღმერთის სახელით, სარწმუნოებისგან განდგომას იმ ტაქტიკური მოსაზრებით, რომ ერსა და ეკლესიას კეთილდღეობა მოვუტანოთ. როგორც ახალი, ასევე ძველი აღთქმის სწავლებაც სამართლიანობასა და გულწრფელობას ითხოვდა ადამიანებისგნ. “უმჯობეს არს მცირედი მისაღებელი სიმართლით, ვიდრე მრავალი ნაყოფი სიცრუით” (იგავთა, 16,8), - გვამცნებს მეფე სოლომონი. როდესაც ძველი აღთქმის მოწამეს _ ხუცეს ელიაზარს შესთავაზეს მხოლოდ და მხოლოდ მოსაჩვენებლად ჩაედინა ისეთი რამ, რაც კერპთმსახურთ აფიქრებინებდა, თითქოს იგი წარმართულ რიტუალში იღებდა მონაწილეობას, ხუცესმა მიუგო, რომ სიკვდილი უჯობს კანონის დარღვევასა და ამით ხალხისთვის დამღუპველი მაგალითის მიცემას; იესო ქრისტე ერთ-ერთ ქადაგებაში ასე მიმართავს თავის მოწაფეებს: “ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ” (მათე 5,8). მაშასადამე, აშკარაა, რომ ყოველგვარ სიცრუეს სიბრმავისაკენ მივყავართ, ღმერთის უარყოფას კი – ამ უდიდეს მეტაფიზიკურ სატანისტურ ტყუილს – სრულ ზნეობრივ დაცემამდე.

ზოგიერთებს დღეს ისტორიულ აუცილებლობადაც კი მიაჩნიათ ქრისტესგან (ღვთაებრივი ჭეშმარიტებისგან) განდგომა, ან კიდევ ღლატი მართლმადიდებელი ეკლესიისა (“რომელი არს...… სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა”). შეგახსენებთ, რომ ერის ძალა და სიდიადე, თუნდაც ისტორიული მყოფობის თვალსაზრისით, მის რელიგიურ და ზნეობრივ პრინციპებზეა დამოკიდებული, სიცრუე კი ამ მხრივ ცნობიერების კოროზიას წარმოადგენს.

პაისი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ: ერთხელ ღირსი მამის მოწაფეს გზად იუდეველი შემოხვდა და დაუწყო იმის მტკიცება, რომ ქრისტე არ არის ჭეშმარიტი მესია. კამათის დროულად დასრულების მიზნით მოწაფემ გაუცნობიერებლად ჩაილაპარაკა: “იქნებ, შენ მართალიც კი ხარ” და თავისი გზა განაგრძო. მონასტერში დაბრუნებულს, პაისი მკაცრი დუმილით შეხვდა, ხოლო როცა მოწაფემ განრისხების მიზეზი ჰკითხა, ღისმა მამამ უპასუხა: “ჩემი მოწაფე ქრისტიანი იყო, შენ კი ქრისტიანი აღარა ხარ, რამეთუ ნათლობის მადლი დაგიკარგავს”.

სწავლება იმის შესახებ, რომ საკმარისია შინაგანად დავრჩეთ მართლმადიდებლად, გარეგნულად კი უფლება გვაქვს, განვუდგეთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ნებისმიერი ცრუ აღმსარებლობა შევიწყნაროთ: მაჰმადიანობა, კათოლიციზმი, უნია ან თუნდაც ათეიზმი, - ამგვარი სწავლება წარმოადგენს ზნეობრივ ერესს. თუკი ათეიზმს რელიგიის უკიდურესად დამახინჯებული სახეობა შეიძლება დაერქვას, მაშინ რელიგიურ თვალთმაქცობას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ათეიზმის უკიდურესად დამახინჯებული სახე, და, ამასთან ერთად, - თვით ყველაზე დიდი ბოროტება ეკლესიისათვის.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


qadageba.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий