ღმერთი

ღმერთი

суббота, 22 июня 2013 г.

ფარისევლობა - წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

,,ესრეთნი არიან სამნი ბოროტნი თვისებანი ფარისევლისა, ესე იგი: ამპარტავნება, მოყვასის შეურაცხყოფა და პირში მოფერება ანუ მოტყუება.’’


,,ფარისეველი აქებს თავის თავს. იგი კმაყოფილია თავის თავზე, მას არა თუ არაფერი არ აწუხებს, არამედ იგი გახარებუილ არის თავის კარგ კაცობაზე.’’


,,ფარისევლობ ყოველთვინ, ოდესაც ითმენ შენ გულში სიყალბესა და სიცრუესა, არა ისე ლაპარაკობ და მოქმედებ, როგორადაც მოითხოვს შენი სვინიდისი და ჭკუა, არამედ სიცრუით და სიყალბით.’’


,,ვგონებ, რომელ კაცსა არა ჰყავს არც ერთი, ფარისევლობაზე უსაშინელესი მტერი. იგი მით უმეტს საშინელ არს, რომელ არის ფრიად მწვრილი და მიფარული გრძნობა, ამასთანავე მზაკვარი და შეუმეცნებელი.’’


,,ყოველი გარეგანი მოქმედება და სიტყვა მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი და სასარგებლო, ოდესცა იგი გამოვა გულისა და სულისაგან, გარნა ოდეს კაცი სიტყვით და მოძრაობით ერთ საქმეს იქმს და გულში სხვა ჰაზრი აქვს, მაშინ ბუნება კაცისა განიპობა ორად და ზნეობა მისი დავარდება.’’


,,დიდი კრძალვა და სიფრთხილე მართებს ყოველს კაცსა, რათა დაიცვას თავი თვისი ცბიერისა ამის და მატყუებელისა მტრისაგან (ფარისევლობისაგან), ვინაიდთგან იგი ვითარცა ერთი მოლიქნე და ცრუდ–მომფერებელი მეგობარი, უეცრად შეეპარება ადამიანს გულში და მოინადირებს სულსა მისსა.’’


,,ფარისევლობა ის არის, ძმაო, როდესაც კაცი შეჰკრავს პირობას თავის სვინდისთან, დააჩუმებს თვისს სვინდისსა და გრძნობას რომლითამე გარეგანითა, ყალბითა და ცრუთა სათნოებათა, როდესაც იგი ითმენს თავის სულში სიმრუდესა, სიცრუესა, სიყალბესა რომელთამე არა შესანდობელთა მიზეზთათვის.’’


,,რა არის, თუ არა ფარისევლობა, ოდეს სინიდისი გამხილებს შენ რომელთამე ცოდვათათვის და შენ კი პირმოთნედ იტყვი: ღმერთი მოწყალე არისო, სხვანიც ესრეთ სცხოვრობენ, ვინ არის უცოდველი ქვეყანაზეო, თავის დროზედ მოვინანებო; ყოველთა შინა ესე ვითართა შემთხვევათა კაცი ცხადად ეზიარება ფარისევლობის ცოდვასა.’’


„არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა ესე მეზვერე“– ამბობს ფარისეველი (ლუკა 18.11). ეს სიტყვები გამოაჩენენ ფარისევლობის ხასიათსა ანუ მისსა თვისებასა. ეს თვისება არის შეურაცხყოფა, ანუ დაკნინება მოყვასისა: არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი... მე არ ვემსგავსები სხვათა კაცთა, მე სხვაზედ უმჯობესი ვარ, სხვანი ცუდნი არიან.’’



ვიცნოთ, ძმანო, თავნი ჩვენნი; ნუ ვიქნებით პირმოთნენი ნურასოდეს, ნურცა თავთა წინაშე ჩვენთა, ნურცა წინაშე სხვათა, არამედ გულწრფელად აღუაროთ ღმერთსა ნაკლულევანებანი ჩვენნი. ვევედროთ ღმერთსა, რათა მადლითა თვისითა განაქარვოს და აღმოჰფხვრას ყოველი ფარისევლობა გულთა შინა ჩვენთა და მოგვცეს სული წრფელი და მართალი. ამინ.


ბნელი ორგულება მწყემსმთავართა და მწიგნობართა ურიათასა, მათი სიძულილე, მათი გაქვავება განაღვიძებენ ჩვენს გულში მწუხარებასა, გარნა, ძმანო ჩემნო, საშინელი იგი ცოდვა ფარისევლობისა სრულიად მოისპა ჩვენ ქრისტიანეთა შორის? ზოგიერთნი სიტყვანი და საქმენი, რომელთამე ქრისტიანეთა არ გააცოცხლებენა გულსა შინა იესოსსა ტანჯვათა მათ, რომელნი მან მოისმინა ფარისეველთაგან?


ვთქვათ, რომ შენ ხარ, ძმაო, ერთი ხელმწიფის მოსამსახურე, ანუ ჩინოვნიკი და საუბედუროდ ქრთამს იღებ. სვინიდისი კი გამხილებს, რომ არ ვარგა ეს, მაგრამ შენ ესრეთ აჩუმებ მას: რა ვქნაო, ცოტა ჯამაგირი მეძლევაო, ცოლ–შვილს რჩენა უნდაო, სხვანი ჩემზედ უარესად იღებენო, სუყველანი ასრე შვრებიანო, მე მართალ მხარეს მაინც ვიმსახურებო, სხვანი მართალ და მტყუან მხარეს გამოაგლეჯენო. რა არის ესრეთი თავის გამართლება, თუ არა ფარისევლობა?


პირველი თვისება ფარისევლობისა არის ამპარტავნება ანუ გულ–დიდობა, ფარისეველი შევიდა საყდარში ლოცვად და ნაცვლად ლოცვისა წარსდგა (იგულისხმება მაცხოვრის იგავი მეზვერესა და ფარისეველზე, შდრ. ლუკა. 18.10), ესე იგი წინ დადგა და იწყო ქება თავის გულში თვისის თავისა. რა საშინელი ამპარტავნება და გულ–დიდობა უნდა ჰქონდეს კაცსა, უკეთუ იგი საყდარშიაცა, დროსა ლოცვისასა, არ იქცევა თავმდაბლად, არამედ იქაც ახსოვს თვისი გულ–დიდობა, იქაც ეძიებს პატივსა და წინდგომასა, იქაც მისთვის შევა, რათა აჩვენოს სხვათა თვისი დიდ–კაცობა და სიმდიდრე.


აჰა, ძმაო, კიდევ ერთი ხაზი ანუ ნიშანი ფარისევლის სახისა. იგი თუ რაიმეს იქმს, მხოლოდ გარეშეობით და მოჩვენებით. თუ მარხულობს, მხოლოდ კაცთა საჩვენებლად; მსხვერპლს შესწირავს და გლახაკს მისცემს მოწყალებას მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვანი დაინახავენ და ესრეა ყოველ საქმეში და ქცევაში. თუ ლაპარაკში იგი გარწმუნებს, რომ არის მეგობარი და კეთილის მსურველი, ნუ დაუჯერებ; როდესაც მწუხარითა სახითა გელაპარაკება რომელსამე ცოდვასა და უსამართლობასა ზედა, ვითომც მას ეძაგებოდეს ის უსამართლობა, ნუ დარწმუნდები; უთუოდ იგი არის პირველი მოქმედი იმ უსამართლობისა.


ძმანო ჩემნო საყვარელნო, საშინელ არს ცოდვა ფარისევლობისა. რაისთვის? მისთვის, რომელ ფარისეველი ცხოვრებითა თვისითა თითქმის შეაგინებს თვით სათნოებასა. იგი ზოგჯერ სხვათა კაცთაცა შეაძულებს ღვთისმსახურებასა; იგი განაუქმებს ღვთის მოყვარეობასა და მრავლათა კაცთა დაუბრკოლებს სულის ცხონებასა. "ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ დაჰხშავთა სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა, თქვენ შე–არა–ხუალთ და შემავალთა არა უტევებთ შესვლად" (მთ. 24.14). რა სახით? ესრეთ, რომელ კაცი გულ–წრფელი, მხედველი ფარისევლობითის ყოფა–ქცევისა, ხშირად უკუინ იქცევა ღვთის მსახურებასათან.


ფარისეველი ესრეთ განაგრძობდა თავის გულში ლოცვას: ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა. ვაიმე, ძმაო, რა საშინელი და ზარ–დამცემი ჰაზრი გამოდის სიტყვათა ამათგან! თურმე მარხვა და მსხვერპლის შეწირვა ორნაირი ყოფილა! თურმე მარხვაცა და მსხვერპლის შეწირვაცა ზოგჯერ გამოდის არა სინანულისა და ღვთისმოყვარებისა, არამედ ამარტავნებისაგან! თურმე შესაძლებელ არის მარხვაცა და მსხვერპლის შეწირვაცა ნიშნავდეს და მოასწავებდეს არა მადლსა და ღვთისმსახურებასა, არამედ ერთსა მხოლოდ ცოდვასა და ღვთის წინააღმდეგობასა! რისთვის იქებდა ფარისეველი თავსა, უკეთუ ეს ესრეთ არ იყოს!


ჩვენ, მცხოვრებთა ამ ქვეყანისათა გვაქვს საკუთარი მიდრეკილება ფარისევლობისადმი. ეს გამოჩნდება უმეტესად მით, რომელ ხშირად სიტყვანი ჩვენნი არიან წინააღმდეგნი საქმეთა ჩვენთა, და გარეშეობა ჩვენი არ ეთანხმება შინაგანსა ჩვენსა. ის მართალია, რომელ ყოველთა მცხოვრებთა ჩვენის ქვეყანისათა, ვიწყოთ დაბალის ხალხისაგან ვიდრე აზნაურთ და თავადთადმდე, აქვსთ და იციან უმეტესი ზრდილობა და თავაზობა, ვიდრე სხვათა კავკასიის მცხოვრებთა, გარნა ისიც უნდა აღვიაროთ, რომელ ამ ზრდილობას და თავაზიანობასა ხშირად გაერევა ფარისევლობა. ვგონებ, რომ უმჯობესი და ყოვლად საქები ზრდილობა ის არის, როდესაც კაცი იქცევა გულწრფელად.


"ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთასა და მწიგნობართა", - ესრედ აფრთხილებდა მაცხოვარი მოციქულთა. იხილე, რასა იტყვის მოციქული პავლე: "მცირემან ცომმან ყოველივე შესვარული აღაფუვნის" (გალ. 5.9). თუ მცირე იგი ცომი ფარისევლობისა შეგეპარა გულში, ყოველთა შენთა საქმეთა და სიტყვათა ცუდს გემოს მისცემს. ამისთვის ეცადე, რომ ყოველი შენი საქმე იყოს გულწრფელობით განწმენდილისა გონებისაგან, პირუთნეველი. "ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, - გვარიგებს იგივე მოციქული პავლე, - გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა" (კოლ.3.23). ყოველი საქმე გულითადად აღასრულე, ნუ გაურევ ნურც საქმეში, ნურცა სიტყვაში მზაკვრობასა და ფარისევლობას.


როდესაც შენ მოჰყვები და იწყებ ვრცლად გამოკითხვასა მოყვასთა შენთასა, მჭერმეტყველად აღწერ მათთა შეცდომათა და სიცუდესა, დასცინი მათთა საქმეთა და თვისებათა, – მაშინ შენ საუბარში ისმის რაღაც მსგავსი ფარისევლის სიტყვისა, თითქოს იმას ამტკიცებ, რომ შენ არა ხარ მსგავსი იმ კაცისა, რომელსა განიკითხავ, შენ ისრეთ არ შესცდები, შენ ჭკვიანი ხარ... სწორეთ ესრეთი ჰაზრი გამოდის ხშირად შენის საუბრისაგან. იქმნება შენ თითონაც არა გრძნობ ამას, მაგრამ ფრთხილად იყავი: ფარისევლობა დიდად მზაკვარია; იგი ხშირად შენდა უცნობლად დაიბუდებს შენს გულში, იგი ზოგჯერ შენდა შეუტყობლად მიაბრუნებს შენთა სიტყვათა და საქმეთა მუნ, სადაცა შენ არ გსურდა.


ღმერთმან, ძმანო, კაცის ბუნებასა შინა დანერგა დაუსრულებელი მისწრაფება უმჯობესისა და უმაღლესისა მდგომარეობისადმი. კაცი ცხოველი და გონიერი ვერაოდეს ვერ დააკმაყოფილებს ვერცა ჭკუასა, ვერცა გულსა თვისსა; რაოდენიც გინდა სწავლა და მეცნიერება მიიღოს კაცის გონებამ, მაინც არის გაუმაძღვარი და ხარბი უმაღლესისა მეცნიერებისა. ეგრეთვე გულიცა მისი, თუ მას შინა არის აღნთებული საღმრთო ცეცხლი ღვთაებრივისა მადლისა, ვერაოდეს ვერ დაკმაყოფილდება თვისითა მოღვაწებითა და სათნოებითა, არამედ მარადის არის მისწრაფებული უმაღლესისა ხარისხისადმი სათნოებისა. გარნა სჩანს, რომ ფარისევლის გულში იყო ერთი მხოლოდ მკვდარი და უგრძნობელი გარებანი ჩვეულების აღსრულება, და არა ცხოველი მისწრაფება უმჯობესისა მიმართ მდგომარეობისა.


ერთისა, უმეტესად მავნებელისა და არა შესაწყნარებელისა ჩვეულებისათვის მე კიდეც გითხარი თქვენ ძმანო ჩემნო, ესე იგი გრძელისა მის წყობილებისა და ტირილისათვის, დროსა მიცვალებულთა განსვენებისასა. აღსრულება ჩვეულებისა ამის ადვილად ასწავლის კაცსა ფარისევლობასა და პირმოთნეობასა. ყოველი მწუხარება და ტირილი, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, არის ბუნებითი, უნებრივი გრძნობა. მწუხარება და ტირილი ჩემდა უცნობელად და უნებრივად უნდა მქონდეს მე გულში; გარნა, უკეთუ მე წინათვე მოვამზადებ თავსა ჩემსა მწუხარებისა და ტირილისათვის, უკეთუ მე ვეტყვი ჩემს თავს: აქ და ამ დროს მე უნდა ვიტირო და ცრემლები ვღვარო, რასაკვირველია, რომ ეს არის ფარისევლობა და ვინც ამას ხშირად იქმს, იგი სხვათაცა შინა საქმეთა მიეჩვევა ფარისევლობასა და პირმოთნეობასა.


ყოველთვის, ოდესცა შენ ნაცვლად გულის გაწმენდისა და ცუდთა ჩვეულებათაგან განშორებისა, ჰმალავ ცოდვასა სიღრმესა შინა გულისა შენისასა და მიიღბ კეთილსა გარეგანსა სახესა, ფარისევლობასა შინა შთავარდები. ფარისევლობ, ოდეს შენ პირის–პირ კაცს აქებ და ეფერები და პირიქით ცუდათ ახსენებ მას; ფარისეველი ხარ, ოდეს ელაპარაკები რა შენზედ უფროსს კაცსა, ამბობ არა იმას, რასაც გული გეტყვის, არამედ რაც იამება იმ კაცს; არა სიმართლეს იტყვი, არამედ რასაც მოითხოვს შენი საკუთარი სარგებლობა. ფარისეველი ხარ, ოდეს შენ ერთს კაცს აქებ, არა მისთვის, რომელ იგი ღირსი არის ქებისა, არამედ მისთვის, რომ იგი არს მოყვარე და მეგობარი შენი, ხოლო მეორეს განკითხავ მისთვის, რომელ იმას აქვს შენთვის მცირეოდენი უკმაყოფილება; ოდეს ენითა შენითა ამტკიცებ დიდსა სიყვარულსა სიმართლისა და სათნოებისასა, ხოლო საქმით კი უმართლო ხარ.


ათასში ერთი კაცი არ არის, რომლისა სიტყვა და საქმე იყოს ერთი, და გარეგანი საქციელი მისი იყოს დაფუძვნებული შინაგანსა გრძნობასა. რუსეთში მყოფობასა შინა, ჩვენ ვნახეთ, რომელ იქაურნი ვაჭარნი კაცნი საზოგადოდ არიან ღვთისმოყვარენი და პატიოსნის ყოფაქცევის მექონნი; გარნა ზოგიერთნი მათგანნი ესოდენ არიან უმეცარნი, რომელ, როდესაც მთელი დღე მრავალნი პირნი მოატყუვეს ვაჭრობაში,საღამოს დიდ სანთელს აანთებენ წინაშე წმიდისა ხატისა და იტყვიან: "დღეს ბევრი კაცი მოვატყუვეო, ცოდვაში ვარო". განსაცვიფრებელი არის ეს უმეცრება. გარნა ჩვენ ქვეყანაში ამაზე უსაშინელესსა რაიმეს გაიგონებ, რომ კაცი მდიდარი, ცოლ-შვილის პატრონი, ყოველ დილით წაიკითხავს დაუჯდომელს და თითონ კი არ იშლის არა-წმინდებასა და ბილწებასა. ერთი სიტყვით, საშინელი იგი ცომი ფარისევლობისა ჰსუფევს ქრისტიანეთაცა შორის და მეტად საჭირო არის, ხშირად ვაფრთხილებდეთ თავსა ჩვენსა.


ფარისეველი აქებს თავის თავს, იგი კმაყოფილი არის თავის თავისა, იგი მოხარული არის, მას ჰგონია, რომ იგი არის სრული კაცი. გასაოცარი არის, ძმანო, ესრეთი მისი ჭკუის დაბნელება! როგორ არ ჰგრძნობდა, რომ იგი იყო ამპარტავანი და თვით ამ სიტყვებში გამოუჩნდა მას სულიერი ამპარტავნება, რომელი არის ყოველთა უსაშინელესი ცოდვა? ეს მოხდა მისთვის, რომ იგი სჯულსა ასრულებდა გარეგანითა სახითა და თავის გულს და ყოფაქცევას არ განიკითხავდა. რადგანაც იგი საყდარში დადიოდა დაწესებულს დროს და ლოცულობდა გარეგნობით, რადგანაც დაწესებულს დღეებში მარხულობდა, სჯულისაგან ბრძანებულს ათეულს შეწირვიდა და ამის გვართა გარეგანთა მცნებათა ასრულებდა, ამით მოტყუვდა იგი და თავის თავი დიდად მიაჩნდა. ამის მსგავსნი არიან ახლაც! რადგანაც ზოგიერთნი ქრისტიანენი ზოგიერთთა გარეგანთა,ადვილთა მცნებათა ასრულებენ ბეჯითად, დიდად კმაყოფილი არიან და თავი თვისი დიდათ მიაჩნიათ.


მრავალნი ცოდვანი სტანჯავენ ქვეყანასა ამას შინა დაცემულსა ბუნებასა კაცისასა, გარნა არცა ერთი მათგანი არ არის უსაშინელესი ფარისევლობისა, მისთვის რომელ არცა ერთი მათგანი ეგრეთი არ მოეკიდება გულსა კაცისასა, ვითარცა ფარისევლობა; არცა ერთი მათგანი იმ ზომად არ მოინადირებს სულსა მისა და ისრე ღრმად არ შთანერგდება ბუნებასა შინა მისსა. ყოველნი სხვანი ცოდვანი მხოლოდ ერთ დროს და ერთს ჰასაკსა შინა მოეკიდებიან კაცსა, ფარისევლობა სიყრმითგან საფლავამდის მისდევს მას; ყოველი სხვა ცოდვა გაერევა და გამოჩნდება მხოლოდ ზოგიერთთა საქმეთა შინა, ეს კი ყოველ სიტყვაში და ყოველ საქმეში. ფარისევლობა ყოველ მოქმედებას გასვრის და გააუწმინდურებს, ყოველ ჰაზრს და სიტყვას მისცემს რაღასაც ცუდად განსხვავებულს ფერს; გარნა უმაღლესი სიცუდე ფარისევლობისა ის არის, რომელ იგი ატყუებს კაცსა. კაცი მყოფი ფარისევლობასა შინა ფიქრობს, ვითომც იგი არის კეთილი და სათნო ღვთისა.


აქედგან ისწავლე შენცა (იგულისხმება მაცხოვრის მიერ თქმული მეზვერისა და ფარისევლის იგავი, შდრ. ლუკა 18.10), ძმაო, ის, რომ არ დააკმაყოფილო თავი შენი მხოლოდ რომელთამე მცირეთა, გარეგანთა მცნებათა აღსრულებითა. ის შინაგანი კმაყოფილება და თავის ქება, რომელსა ჰგრძნობდა იგი (ფარისეველი), იყო ნიშანი მისისა უმეცრებისა და უგუნურებისა. ამით როგორ უნდა იქადოდეს კაცი, რომ ორჯერ იმარხა და ათეული შესწირა! დიახ, ესეც არის საჭირო აღასრულოს კაცმა, რადგანაც სჯული და ჩვეულება გვიბრძანებს, გარნა კაცი გონიერი როგორ დაკმაყოფილდება ესრეთითა მცირე საქმითა! იგი ცდილობს, რომ შეიწყნაროს, მიითვისოს და შთაინერგოს თვის გულში სჯული და არა მხოლოდ ასო–ასო მისი. ღირსი და წმიდა მამანი, როდესაც უმრავლესთა წელთა ცხოვრებისათა განატარებდნენ გასაოცართა შინა მოღვაწებათა და ქველის საქმეთა, მაშინაც არ იყვნენ კმაყოფილნი თავის თავისა, მაშინაც ამტყუნებდნენ და ჰკიცხავდნენ თავის თავს, მაშინაც იყვნენ ეჭვში: აღასრულესა მათ თვისი მოვალეობა და მიემთხვიენა იგინი ნეტარსა აღსასრულსა?


sibrdzne.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий