ღმერთი

ღმერთი

четверг, 29 августа 2013 г.

... და უფალმა შეისმინა ლოცვა.

დედის ტკივილს ალბათ ქვეყნად ვერანაირი ტკივილი შეედრება. „ისე მძიმედ განვიცდიდი, რომ ვერც ვგრძნობდი, რომ ვცოცხლობდი... " - ეს ერთი ფრაზაა წერილიდან, რომელიც ერთი იმათგანის დაწერილია, რომლებიც თავის თავს შაოსან დედებზე უბედურს უწოდებენ - ნარკომანი შვილის დედის. მან თავის მეგობარს, ასევე მის მდგომარეობაში მყოფს, მისწერა. ყურადღებით წაიკითხეთ თქვენც, ბევრს გეტყვით ეს სულისშემძვრელი ისტორია.

„ჩემი ვაჟი 15 წლის იყო, როდესაც შევიტყვე, რომ ნარკოტიკებს ხმარობდა. ძალიან შევშინდი. დავიწყე ამ დაავადების შესახებ სხვადასხვა ლიტერატურის კითხვა, რამაც კიდევ უფრო მეტად შემაშფოთა.

ხელში ჩამივარდა ამერიკელი ავტორის წიგნი „დავიდის დედა". იგი მოგვითხრობდა ერთი ამერიკული ოჯახის შესახებ, რომელსაც იგივე განსაცდელი დასტეხოდა თავს, რაც ჩემს ოჯახს. მე ხარბად დავეწაფე ამ წიგნს იმ იმედით, რომ იქ რაიმე ისეთს ვნახავდი, რაც იმ კოშმარიდან თავის დაღწევაში დამეხმარებოდა.

ვკითხულობდი წიგნს და ვხედავდი მსგავს სიტუაციებს ჩემსა და იმ ამერიკულ ოჯახს შორის - როგორ დაატარებდა უბედურ დავიდს დედამისი ექიმ-ფსიქოლოგებთან, რა ზომებს არ მიმართავდა შვილის საშველად, თუ როგორ უფუჭდებოდა ურთიერთობა ქმართან. ყველაფერი ისეთი ნაცნობი იყო! სულმოუთქმელად ვკითხულობდი. გამოსავალის ძებნაში წინასწარ ვფურცლავდი გვერდებს, რათა რაც შეიძლება ჩქარა მეპოვა ხსნის რეცეპტი, მაგრამ დამთავრდა წიგნი იმით, რომ მიუხედავად მშობელი დედის ყველა მცდელობისა, აუტანელი განცდებისა და იმედებისა, მკურნალობაზე დახარჯული თანხისა, ხანგრძლივი რემისიის შემდეგ დავიდი კვლავ „წამალზე დაჯდა".

დიდხანს ვიტირე! სულ უფრო და უფრო მიპყრობდა სასოწარკვეთა, მაგრამ უფალმა (ამას გვიან მივხვდი) არ დაუშვა, რომ საბოლოოდ წარმეკვეთა სასო.

ჩემს შვილს დღითიდღე ითრევდა ნარკომანის ცხოვრება. დაიწყო სახლიდან ფულის მოპარვა და არა მარტო სახლიდან. მთელი დღე ნარკოტიკების ძებნაში დაძრწოდა. ავი, უხეში, აუტანელი გახდა; დაიწყო ტყუილები, იტყუებოდა ოსტატურად, მარჯვედ. ხანდახან ვუჯერებდი, მაგრამ ყოველთვის არ ვტყუვდებოდი.

მე ვაგრძელებდი ძიებას. ვის აღარ მივმართე! ჩემი შვილი იწვა უბრალო ნარკოლოგიურ საავადმყოფოშიც, ნარკოლოგიის ინსტიტუტშიც, ორი წელი მკურნალობდა კერძო ექიმთანაც. მივაღწიე მოსკოვის მთავარ ნარკოლოგამდეც. ყველა ექიმთან საუბარი იწყებოდა ასე: „თქვენ იცით, რომ თქვენი შვილი სიცოცხლის ბოლომდე ნარკომანი დარჩება? ასეთი ავადმყოფების მხოლოდ 6 პროცენტი იკურნება". ამ საუბრის შემდეგ მე კვლავ სასოწარკვეთა მიპყრობდა. თუმცა შემდგომ ეს გრძნობა კვლავ უკან იხევდა და მე კვლავ იმედი მეძლეოდა. რისი? არ ვიცოდი, მაგრამ ვეძებდი, ვეძებდი, ვეძებდი. მაშინ იმედს საკუთარ თავსა და ექიმებზე ვამყარებდი. რაც კი სახლში ფული გვქონდა, ამ იმედებზე დაიხარჯა. დიდ ვალებში ჩავცვივდით.

ერთხელ, ღვთის შემწეობით, სრეტენის მამათა მონასტრის ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში მოვხვდი. ის მოსკოვის შუაგულში, ლუბიანსკის მოედნის - ნარკოტიკების ამ ბუდის გვერდით არის.

ეს მონასტერი მცირე ტაძრით, უბრალოდ, მაგრამ გემოვნებით და სიყვარულით მორთული, ცოდვილი მოსკოვის შუაგულში ხსნის პატარა საოცარი კუნძულივით იყო. გულმა იქითკენ გამიწია. მალე აღმეძრა სურვილი ცხოვრებაში ჩადენილი იმ საქციელების აღიარებისა, რომელთა გამოც სინდისი მქეჯნიდა. მღვდელის რჩევით (რომელიც დღეს ჩემი სულიერი მამაა) აღსარების უკეთ მოსამზადებლად წავიკითხე არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინის წიგნი „აღსარების აგების გამოცდილება", ანუ „როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით". ამ წიგნის კითხვისას მთელი ცხოვრება თავიდან განვიცადე. საოცრად მრცხვენოდა! მაგრამ ვგრძნობდი, რომ აღსარება უნდა მეთქვა. მე მინდოდა ეს! ამასთანავე უცბად მივხვდი, რომ თავად ვიყავი დამნაშავე ჩემი შვილის უბედურებაში. თუმცა ექიმები ტრაგედიის მიზეზად დროსა და საზოგადოებას ასახელებენ. მე სირცხვილითა და მძიმე დანაშაულის გრძნობით ღვთისა და შვილების წინაშე ვამბობდი აღსარებაზე, რომ დამნაშავე მხოლოდ მე ვიყავი და ვაღიარებდი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ფუჭი და უაზრო იყო, რადგან ჯანმრთელობასა და მატერიალურ საზრუნავში გაიარა და არ ვფიქრობდი არც ჩემი და არც ჩემი შვილების სულიერ ცხოვრებაზე. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის უფროსებსა და შვილებს შორის მუდმივი პრობლემების უმთავრესი მიზეზი. თუ ოჯახი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, მშობლებსა და შვილებს აქვთ საერთო - რწმენა, ღვთის მცნებები, ამქვეყნად ცხოვრების აზრი, ამგვარ ოჯახებში ასეთი პრობლემები არ დგება.

მე ვინანიებდი. ჩემი შვილი კი ფსკერისკენ მიექნებოდა. მან ორი დანაშაულიც ჩაიდინა, მაგრამ ღმერთის განგებით სასამართლოზე პირობითი სასჯელი შეუფარდეს. თუმცა კი ეს ასე არ უნდა მომხდარიყო, რადგან დანაშაული საკმაოდ მძიმე იყო. ის კი ვერა და ვერ ანებებდა თავს ნარკოტიკებს.

ისე მძიმედ განვიცდიდი, ვერც ვგრძნობდი, რომ ვცოცხლობდი. ერთხელ სამსახურიდან სახლში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ ტაძარში აღმოვჩნდი. მას შემდეგ სამსახურიდან ყოველდღე ტაძარში მივდიოდი. ვლოცულობდი და ვევედრებოდი ყველას, ელოცათ ჩემი შვილისათვის - მღვდლებს, ბერებს, სრეტენის მონასტრის მორჩილებს; ვევედრებოდი, ელოცათ უბრალოდ კარგ, მორწმუნე ადამიანებს, რომლების უფლებას არ მაძლევდნენ სასო წარმეკვეთა და ჩემში იმედის ნაპერწკალს აღვივებდნენ. შვილი კი, მიუხედავად ყველაფრისა, ისევ ძლიერ მიყვარდა, შეიძლება ითქვას, იმაზე უფრო ძლიერ, ვიდრე მაშინ, პატარაობისას, როცა მართლაც საყვარელი იყო. მე მას ყოველთვის ველოდი, რა დროსაც და რა მდგომარეობაშიც არ უნდა მოსულიყო სახლში. ყოველდღე ნაკურთხ ზეთს ვცხებდი, ნაკურთხ წყალს ვასმევდი, სეფისკვერს ვაჭმევდი, ბინაში ნაკურთხ წყალს ვასხურებდი. ხშირად ვეუბნებოდი შვილს, რომ მხოლოდ უფალი და ღვთისმშობელი გადაარჩენდა მას, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა, რომ ეჭვიც არ მეპარებოდა ამაში. იგი ამ დროს ყოველთვის ტიროდა.

ოცდაათი წლის თანაცხოვრების შემდეგ ჩემს ქმართან ჯვარი დავიწერე. ორმოცდღიან მოსახსენიებლებს ვუკვეთავდი მონასტრებში. წერილებს ვწერდი სოლოვეცკში, ფსკოვო-პეჩორის მონასტერში, მოვინახულე უხუცესი ბერი კირილე და ვთხოვე, ელოცა ჩემი შვილისათვის. დავდიოდი მოსკოვის ტაძრებში, სადაც სასწაულთმოქმედი ხატები ესვენა, ვლოცულობდი, მოწყალებას გავცემდი.

ერთხელ მამა ტ-მ ჩემთან საუბრისას თქვა: „მადლობდეთ უფალს ყოველივესთვის". მე შევძრწუნდი და ვერ მივუხვდი მას, მაგრამ მჯეროდა მისი და სახლში მისვლისთანავე ცრემლებისღვრით მადლობა გადავუხადე უფალს. ასე ვშრებოდი ყოველდღე, მაგრამ მტანჯავდა კითხვა: „რისთვის ვმადლობდე?" მალე ხელში არქიეპისკოპოს ლუკას წიგნი ჩამივარდა: „ჩემი ძალა ჩემსავე უძლურებაშია". იქ ამოვიკითხე: „აიღე ჯვარი შენი და გაჰყევი ქრისტეს". მხოლოდ მაშინ მივხვდი, თუ რატომ უნდა ვმადლობდე უფალს - მე უფლის უდიდესი მოწყალების ღირსი გავმხდარვარ.

ამის შემდეგ ჩემი მადლიერება უფლისადმი უკვე სულის სიღრმიდან მოედინებოდა. ლოცვებში უკვე კონკრეტულს აღარაფერს ვითხოვდი. უბრალოდ, ვამბობდი: „უფალო, მე არ ძალმიძს საკუთარი შვილის შველა. შენთვის მომინდვია იგი. შენ უშველე იმ გზით, რომელიც შენ თავად უწყი". გამუდმებით ვკითხულობდი იესოს ლოცვას, რომელსაც ვამატებდი: „...უშველე ჩემს შვილს". მე ვყვიროდი მთელი ხმით ამას, როცა მივდიოდი სამსახურში და ირგვლივ არავინ იყო. ვყვიროდი ამას მეტროში, სადაც მატარებლების ხმაური ახშობდა ჩემს ხმას და არავის ესმოდა ღმერთის მეტს.

და აი, მოხდა სასწაული. ჩემმა შვილმა დაიწყო ტაძარში სიარული, აღსარება, ზიარება. სრეტენის მთელი მონასტერი ლოცულობდა მისთვის. ლოცულობდნენ სოლოვკაში, ლოცულობდნენ პეჩორაში, ლოცულობდნენ უხუცესი ბერები. და უფალმა შეისმინა ეს ლოცვა.

სასამართლო დაინიშნა დანაშაულის ჩადენიდან ერთი წლის შემდეგ. მე ეჭვიც კი არ მეპარებოდა, რომ ეს იყო ღვთის განგებით, რადგან მთელი ეს დრო მოგვეცა სინანულისა და ლოცვისათვის. კიდევ ერთი სასწაული - სასამართლო დაინიშნა 3 ივნისს - ვლადიმირის ღვთისმშობელი ხატის ხსენების დღეს. ჩვენი ტაძარი, როგორც ვთქვი, ღვთისმშობლის ამ ხატის სახელობის იყო.

ერთ წელზე მეტია, ჩემი შვილი ნარკოტიკებს აღარ იკეთებს. ის მუშაობს. სულიერი სიცარიელე, რომელსაც ნარკოტიკებით ივსებდა, ღმრთის რწმენით და იმ სიხარულითა და სირთულეებითაც შეევსო, რომლებიც ჩვეულებრივი ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანებს აქვთ. ის არაჩვეულებრივ ქალიშვილზე დაქორწინდა. ერთი სიტყვით, ნორმალური, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს.

ექიმები წამლებითა და სხვა საშუალებებით ნარკომანიას ვერ კურნავენ, მხოლოდ დროებით გამოჰყავთ ადამიანი ავადმყოფური მდგომარეობიდან. პერუში ექიმებმა შეიმუშავეს თავის ტვინის იმ უბნის ამოკვეთის ოპერაცია, რომელიც გავლენას ახდენს ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებებზე. მაგრამ ერთი წლის შემდეგ პაციენტი კვლავ უბრუნდება ძველ ცოდვას - ოპერაცია ხორცზე კეთდება, სული ხომ ისევ ცარიელი რჩება! აი, რა არის მთავარი, რაც ყველას ვერ გაუგია.

გულს ნუ გაიტეხთ! გწამდეთ, რომ თქვენი შვილი გადარჩება!

შეგეწიოთ უფალი!"



რაც შეუძლებელია კაცთათვის...


ბოლოს კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ღვთისმშობლის ცნობილ ხატთან - „ყოველთა დედოფალთან“ მოხდა.

ეს ხატი ცნობილია, როგორც კიბოს განმკურნავი. ამიტომ დროდადრო ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში პარაკლისები იმართებოდა ხოლმე. ერთი დედა ამ პარაკლისების დროს სასწაულთმოქმედ ხატს ნარკომანი შვილის განკურნებას ევედრებოდა. ერთხელაც შინ დაბრუნებულს შვილმა ნაკურთხი წყალი მოსთხოვა და აღუთქვა, რომ აღარასოდეს გაეკარებოდა ნარკოტიკს, თანაც მასთან ერთად ივლიდა ეკლესიაში.

ასეც მოხდა. ექიმებმა დაადასტურეს სასწაულებრივი ცვლილებები ყმაწვილის ჯანმრთელობაში.
ჭეშმარიტად - რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია ღმრთისათვის. შენ მხოლოდ გწამდეს და შესთხოვე!


„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.


orthodoxy.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий