ღმერთი

ღმერთი

четверг, 29 августа 2013 г.

ცოდვები.

რა არის ცოდვა?

ცოდვა არის ღმრთის მცნებათა შეგნებული და ნებაყოფლობითი დარღვევა.

როგორ და რით ცოდავენ?

ცოდავენ:

1. სიტყვით, საქმით, ფიქრით, სურვილებით;
2. კეთილ საქმეთა დავიწყებით.

როგორ იყოფა ცოდვები მათი სიმძიმის მიხედვით?

ცოდვები იყოფა მსუბუქ და მძიმე, ანუ მომაკვდინებელ ცოდვებად.

რატომ იწოდება მძიმე ცოდვები მომაკვინებლად?

იმიტომ, რომ მათ გამო გვერთმევა ღმრთის მადლი და ვიმსახურებთ მარადიულ სიკვდილს, საუკუნო ტანჯვას.

ვინ სჩადის მძიმე ცოდვას?

მძიმე ცოდვას სჩადის ის, ვინც შეგნებულად და ნებაყოფლობით არღვევს მცნებებს.

როგორ განვასხვავებთ ცოდვებს?

განვასხვავებთ შემდეგ ცოდვებს:

1. მძიმე ცოდვები,
2. ცოდვები სული წმიდის წინააღმდეგ,
ცოდვები, რომლებიც ცას შეჰღაღადებენ,
4. სხვათა ცოდვები.

რომელი ცოდვები ითვლება მძიმედ?

მთავარი ცოდვებია:

1. ამპარტავნება,
2. ვერცხლისმოყვარეობა,
3. სიძვა-მრუშობა,
4. შური,
5. თავშეუკავებლობა,
6. მრისხანება,
7. მცონარეობა და სასოწრაკვეთილება.

რატომ იწოდება მაინცდამაინც ეს ცოდვები მძიმე ცოდვებად?

იმიტომ, რომ თითოეული მათგანი სხვა ახალ ცოდვებს აღძრავს.

ვინ ითვლება ამპარტავნად?

ამპარტავანია ის, ვინც საკუთარ თავს უკეთესად თვლის, ვიდრე სინამდვილეშია და მოითხოვს, რომ სხვებმაც უფრო მეტი პატივი მიაგონ, ვიდრე იმსახურებს.

ვინ არის ვერცხლისმოყვარე?

ვერცხლისმოყვრეა ის, ვისაც ფრიად შეჰყვარებია თვისი ქონება და ამაოდ მიიჩნევს მოწყალებას.

ვინ ითვლება განრყვნილად?

განრყვნილია ის, ვისაც ურცხვი აზრები და სურვილები აქვს და ურცხვად იქცევა და ლაპარაკობს.

ვინ არის შურიანი?

შურიანია ის, ვინც სხვისი სიკეთის გამო ბოროტდება, და მოყვასს ყოველთვის ცუდს უსურვებს.

ვინ არის თავშეუკავებელი?

თავშეუკავებელია ის, ვინც ძალზე ბევრს ჭამს და სვამს.

ვინ მრისხანებს?

მრისხანებს ის, ვინც ბრაზობს, როცა რაიმე არ მოსწონს.

ვინ ითვლება მცონარედ?

მცონარეა ის, ვინც თავს არიდებს შრომას და უსაქმურობა ურჩევნია.

განმარტება

I. ამპარტავნებისგან წარმოსდგება: განკითხვა, დაცინვა, ტრაბახი, ურჩობა, პატივმოყვარეობ, უთანხმოება, ჭირვეულობა. ამპარტავნება ფრიად საშიში ცოდვაა; მისგან წარმოიშვა ყველა სხვა ბოროტება ამქვეყნად, რაც აშკარავდება პირველ ადამიანთა მიერ ჩადენილი ცოდვების განხილვისას. ღმერთი ამპარტავანთ წინ აღუდგება, და სრულიად სამართლიანად ამბობენ, რომ ამპარტავანება წინ უძღვის დაცემას. ვინც საკუთარი სილამაზით ან ცოდნით ამპარტავნებს, მას პატივმოყვარეს უწოდებენ.

II. ვერცხლისმოყვარეობისგან წარმოსდგება გულის სისასტიკე, არაკეთილმოსურნეობა, სიცრუე, ძარცვა, მოყვასის დაჩაგვრა და მკვლელობა. ვერცხლისმოყვარენი ფრიად წინდაუხედავნი არიან, განსაკუთრებით ფულთან დამოკიდებულებაში, რაც უდიდესი ბოროტებაა, და რაც ქრისტეს გაცემულ იუდას მაგალითზე შეიძლება დავინახოთ. ვერცხლისმოყვარე ადამიანი საკუთარ თავსაც კი უარს ეუბნება თვით ყველაზე აუცილებელზეც. ქონების განკარგვაზე თითოეული ადამიანი ღმრთის წინაშეა პასუხისმგებელი და, ღმრთის ნებით უნდა გამოიყენოს იგი არა მხოლოდ თავისი ოჯახის, არამედ მოყვასის საკეთილდღეოდაც, ასევე უნდა მოახმაროს ის ეკლესიურ მიზნებს.

III. მრუშობით იწყება გონებისა და რელიგიური გრძნობების დაჩლუნგება, ცხოვრებისაგან განდგომა, მძიმე დაავადებები, სასოწარკვეთილება, მკვლელობა და თვითმკვლელობა. პავლე მოციქული ამბობს: ,,ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპღმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგჰართა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ" (Iკორ.6,9-10).

IV.შურით იწყება: სიძულვილი, ბოროტისმეტყველება, გინება, წყევა და ხშირად - მკვლელობა. კაენმა შურის გამო მოკლა ძმა - აბელი.

V. თავშეუკავებლობის გამო ხდება: უხეშობა, ჩხუბი, შუღლი, აპათიური დამოკიდებულება შრომის მიმართ და ურცხვობა. მაცხოვარმა ბრძანა: ,,ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაითა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი" (ლკ.21,34).

VI. მრისხანებისგან წარმოდგება: განხეთქილება, ჩხუბი, შეუწყნარებლობა, შურისძიება და მკვლელობა. იაკობ მოციქულმა სთქვა: ,,გულის წყრომამან კაცისამან დამსახურებული სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის" (იაკ.1,20).

VII. მცონარეობისაგან გამომდინარეობს: დამსახურებული სიღარიბე, ცხოვრებისადმი გულგრილობა, უკეთური სურვილები და ფუქსავატობა. ადამიანი მცონარე შეიძლება იყოს არა მარტო შრომაში, არამედ ლოცვაშიც და ღმრთისმსახურებაზე დასწრებაშიც. მსგავსი მცონარეობისაგან წარმოსდგება რელიგიისადმი და საკუთარი ცხონებისადმი გულგრილი დამოკიდებულება, სინანულის გადადება და, ხშირად - სასოწრკვეთილება.

ვინ სცოდავს სული წმიდის წინააღმდეგ?

სცოდავს ის:

1. ვინც თავის დამდაბლების გარეშე ითხოვს ღმრთის წყალობას,
2. ვისაც ღმრთის იმედი არ აქვს,
3. ვინც გულს არ ხსნის ღმრთის მაცხოვნებელი აღთქმების მისაღებად,
4. ვინც ეწინააღმდეგება სიმართლის შეცნობას,
5. ვინც უნანელი რჩება სიკვდილამდე,
6. ვისაც მოყვასზე ღმრთის მიერ მოვლენილი წყალობა შურს.

განმარტება

I. ადამიანები თავმდაბლობის გარეშე იმედოვნებდნენ ღმრთის მოწყალებაზე მსოფლიო წარღვნის წინ; მუდმივად საძაგლად სცოდავდნენ და ფიქრობდნენ, რომ უფალი მათ არ დასჯიდა.

II. ღმრთის მოწყალების იმედი დაკარგა იუდამ, როცა მან მაცხოვარი გასცა, რომ შენდობა არ ექნებოდა და სასოწარკვეთილმა თავი ჩამოიხრჩო. უმჯობესი იქნებოდა, თუკი შეინანებდა გულის შემუსვრილებით, რამეთუ ღმრთის გულმოწყალება უსაზღვროა იმ ცოდვილთადმი, რომლებიც გულწრფელად ინანიებენ.

III. მაცხოვრის შეგონებების მიმართ გულქვა იყო კაენი, ამიტომ უგულებელ ჰყო ღმრთის გაფრთხილება. ასეთი გულქვაობა გამოიჩნა ეგვიპტის ფარაონმაც მოსეს სიტყვების მიმართ.

IV.სიმართლის შეცნობის წინააღმდგენი იყვნენ სჯულის მეცნიერნი და ფარისეველნი მაცხოვრის მსახურების ჟამს. ისინი ხედავდნენ, რომ მაცხოვარი წმიდა ცხოვრებით ცხოვრობს, ქველ საქმეებს აღასრულებს, სასწაულებს ახდენს; მის შესახებ, როგორც აღთქმულ გამომსყიდველზე (მესიაზე) წინასწარმეტყველთა მიერ ნაწინასწარმეტყველები იყო, მაგრამ ისინი ერთიანად ეწინააღმდეგებოდნენ უცხადეს სიმართლეს და მაცხოვარი მხსნელად არ აღიარეს.

V. უნანელი დარჩა ის ავაზაკი, რომელიც მაცხოვრის მარცხნივ იყო ჯვარზე გაკრული.

რომელი ცოდვები შეჰღაღადებს ზეცას?

ცას შეჰღაღადებს:

1. შეგნებულად ადამიანის მოკვდინება,
2. უპოვართა, ქვრივთა და ობოლთა შევიწროება,
3. ხელფასის უკანონო გადაუხდელობა ან შემცირება.

განმარტება

I. როცა კაენმა თავისი ძმა აბელი მოკლა, ღმერთმა უთხრა: ,,რა ესე ჰყავ? ხმაი სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩემდამო ქუეყანით" (დაბ.4,10).

II. ზირაქის წიგნში ნათქვამია: ,,განა ქვრივის ღაწვებზე ცრემლები არ მოგორავს? ... ღრუბლებს სწვდება ... ვიდრე ღმერთამდე არ მიაღწევს" (ზირ.35,15,16,19).

III. იაკობ მოციქული ეპისტოლეში ძუნწ მდიდარს ეუბნება: ,,აჰა ესერა, სასყიდელი მოქმედთა მათ, რომელთა განლეწეს ყანა თქუენი, დაკლებული იგი თქუენგან ღაღადებს და ღაღადება იგი მომკალთა მათ ყურთა უფლისა საბაოთისა მიიწევს." (იაკ.5,4).

როდის შეგვერაცხება სხვათა ცოდვები?

მაშინ, როდესაც შეგნებულად ვუბიძგებთ სხვას ბოროტი საქმის ჩასადენად.

განმარტება

I.იროდიანამ ჩაიდინა მსგავსი ცოდვა, როცა თავის ქალიშვილს უთხრა, რომ იროდისათვის იოანე ნათლისმცემლის თავი ეთხოვა.

II. პოთიპარის ცოლმა სხვისი ცოდვა დაიდო იმით, რომ ქმარი მოატყუა და მანაც უდანაშაულო იოსები ჯურღმულში ჩააგდო.

III. სხვათა ცოდვები შეგვერაცხება მაშინაც, როდესაც რაიმე უკეთურს ვაქებთ და ამით ხელს ვუწყობთ, რომ მსმენელი, ვინც ყურს გვიგდებს, ჩვენ მიერ შექებული ცოდვა ჩაიდინოს.

ჩვეულებრივ, რა უბიძგებს ადამიანს ცოდვის ჩასადენად?

უბიძგებს საცთური და ცთუნება.

ცთუნება თავისთავად ცოდვად ითვლება?

არ ითვლება, თუ მას ვეწინააღმდეგებით და განვაგდებთ, ისე, როგორც განაგდო მაცხოვარმა, როცა ეშმაკი აცთუნებდა.

რა გვმართებს მოვიმოქმედოთ ცთუნების ჟამს?

გვმართებს:

1. გვახსოვდეს სიკვდილი და ღმრთის სამსჯავრო,
2. ჯვარი გამოვისახოთ,
3. ვთხოვოთ ღმერთს შემწეობა ცთუნების დაძლევაში,
4. ვიშრომოთ.

რა ხდება ხოლმე ცოდვის მიზეზი?

ცოდვის მიზეზია ის პირი, ვისაც ადვილად ძალუძს ჩვენი ცთუნება.

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ზოგიერთმა პირმა ან ადგილმა გვაცთუნა?

მასთან ურთიერთობა უნდა შევწყვიტოთ.

რა მიანიშნებს ჩვენს სულს - რა არის კეტილი და რა - ბოროტი?

მიგვანიშნებს სინდისის ხმა, რომელიც აღძრავს ჩვენში სიკეთეს და გვიცავს ბოროტებისაგან.

ვალდებული ვართ, ყური მივაპყროთ სინდისის ხმას?

ვალდებული ვართ, რამეთუ ის ჩვენს სულში თავად შემოქმედმა ღმერთმა ჩადო.

განმარტება

როცა სინდისის ხმას მივაპყრობთ ყურს, შინაგან სიმშვიდეს და განსაკუთრებულ სიხარულს შევიგრძნობთ; თუ არ ვუსმენთ - სულიერი შფოთი და უკმაყოფილება გვეუფლება. ვინც სინდისის ხმას ყურს არ მიაპყრობს, უჩლუნგდება სინდისი და ასეთი ადამიანი უსინდისო ხდება. ცოდვა ამ ქვეყნად უდიდესი ბოროტებაა, იმიტომ, რომ მისგან იშვება ყველა დანარჩენი ბოროტმოქმედება.




Комментариев нет:

Отправить комментарий