ღმერთი

ღმერთი

суббота, 24 августа 2013 г.

მხეცნი - მორჩილნი ადამიანთა.

როდესაც ღმერთმა შექმნა პირველი ადამიანი, საცხოვრისად მას ყოველი სიკეთით შემკული სამოთხე განუწესა. გასაკვირი როდია, რომ ადამს, მის უცოდველ მდგომარეობაში, ემორჩილებოდნენ მხეცები და თვითნიერნი ხდებოდნენ. ყველა ცხოველი სრულ ურთიერთთანხმობაში იმყოფებოდა ერთმანეთთან და იკვებებოდა მიწიდან აღმონაცენით. მაგრამ, როგორც წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის საღვთისმეთყველო ნაშრომი გვიდასტურებს: „შემოქმედის რისხვამ შეცვალა დედამიწა - „წყეულ იყავნ ქვეყანა საქმეთა შინა შენთა!“ (შესაქმე 3,17) - უთხრა მან ადამიანს, მისი მცნების გამქელავს, და დედამიწისაგან მადლის მოკლება გამოხატა მეყსეულად მისი სხვადასხვაგვარი საყოველთაო არევ-დარევით, როგორც წინასწარ მაუწყებელი მისი საბოლოო დაწვისა, ამ დაწვის გარდაუვალ აუცილებლობად გადამქცევი. დაატყდა დედამიწას წყევლა და დაიზუზუნა ქარმა, აბობოქრდა ქარიშხალი, გაიელვა, დაიგრუხუნა წექა-ქუხილმა, გაჩნდა წვიმა, თოვლი, სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა. ცხოველებმა მორჩილება და სიყვარული დაკარგეს ღმრთის მორჩილებისა და სიყვარულის დამკარგავი ადამიანის მიმართ. ისინი გადაემტერნენ მას. ზოგიერთ მათგანს ადამიანი იმორჩილებს ძალით და ამყოფებს ამ მორჩილებაში ძალადობით. სხვებთან იგი არის მტრობასა და შეურიგებელ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში.

ძალიან, ძალიან მცირე მოდგმა დარჩა მისი ერთგული, როგორც პირვანდელი საყოველთაო სიყვარულის სევდიანი ძეგლი დანიმუში; უმეტესობა ისგან გადაიხვეწა და დაიმალა უღრან ტყეებში, თვალუწვდენელ ველებში, მთის ხეობებსა და ბნელ გამოქვაბულებში. როდესაც მოულოდნელად წააწყდებიან თავიანთ პირვანდელ მფლობელს, ველურ და მტრულ მზერას მიაპყრობენ, მასში თითქოსდა დამნაშავე, უფლის მტერს ხედავენ. ერთნი სწრაფად გაურბიან მას, ხოლო სხვანი გააფთრებულნი თავს ესხმიან დასაგლეჯად. ცხოველები ერთმანეთსაც ემტერებიან. მათაც შეიგრძნეს ცვლილება თავიანთ ბუნებაში, რომელიც შეუერთდა წყევლას, წყევლას, რომელმაც დედამიწა დააზიანა. მათთვის განკუთვნილი პირვანდელი საკვები მიატოვეს, წინ აღუდგნენ ერთმანეთს და დაიწყეს ერთმანეთის ჭამა“.

როგორც ვხედავთ, ადამიანის ზნეობის ცოდვიან ცვლილებასთან ერთად მხეცები გახდნენ ავები და მრისხანენი. მაგრამ თუ ადამიანს წმინდა გული აქვს და უზაკველ მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ის წმინდად წარმართავს თავის ცხოვრებას, უფლის შეწევნით მას შეუძლია დაიბრუნოს პირველქმნილი მეუფება ცხოველთა სამყაროზე. ღირსი მამანი და დედანი იმდენადვე განიწმინდებიან ცოდვებისგან, რამდენადაც უცოდველი იყო ადამიანი, ვიდრე იგი უფლის ნების აღმასრულებლად ვიდოდა ედემის ბაღში და მბრძანებლობდა ყველა სულდგმულზე, განურჩევლად მათი საშიშრობისა თუ უვნებლობისა.

ადამიანისა და ცხოველთა აღდგენილი ურთიერთობის პირველ თვალსაჩინო ნიმუშებს ჯერ კიდე ძველი აღთქმა იძლევა: ბიბლიაში მოთხრობილია, სახელდობრ, თუ როგორ ამეტყველდა ბალაამის სახედარი პატრონისათვის უფლის ჭეშმარიტების საუწყებლად: როგორ მოართმევდნენ მშობელი ხალხის უკეთურებას გარიდებულ ილია წინასწარმეტყველს ყორნები დილა-საღამოს პურსა და ხორცს, როგორ დაინდეს ლომებმა ადამიანთა შურია და ავი ზრახვებით გაწირული დანიელ წინასწარმეტყველი.
ახალი აღთქმის დამკვიდრების დროიდან უკვე მოციქულთა ცხოვრებაშია აღწერილი ადამიანის ცხოველებზე მეუფების სახიერი მაგალითები: პეტრე მოციქული სვინომ მოგვის ძაღლს ჩვეულებრივი საუბრით მიმართავდა და მასაც ადამიანურ ენაზე ამეტყველებდა. ძაღლიც პეტრეს ნების თანახმად არას ვნებდა მას და, პირიქით საკუთარ პატრონს მიაგებდა დამსახურებისამებრ - კბილებს ასობდა და ტანსაცმელს უფლეთავდა; ზღვის სტიქიონს გადარჩენილი პავლე მოციქული პატარა კუნძულის მცხოვრებთა გასაკვირად უვნებელი რჩებოდა გველის მიე დაგესვლის მიუხედავად; ხოლო უცხო ქვეყანაში საქორწინო ლხინშ უბრად მყოფი თომა მოციქულის წინასწარმეტყველება პირუტყვის მეშვეობით უცხადდებოდა მის შეურაცხმყოფელს - ლომისგან მოკვინებითა და მექორწილეთა დარბაზში ძაღლის შეტანილი მისი მოკვეთილი მარჯვენით.

ცნობილ საღვისმეტყველო კრებულში - იოანე მოსხის „სამოთხეში“ - მოთხრობილია მეუდაბნოე ბერების შესახებ, რომლებიც ისეთ სულიერ სრულყოფილებამდე იყვნენ მიღწეულნი, რომ თვით ცხოველთა მეფეზე - ლომზე მბრძანებლობდნენ - ერთნი საკუთარი ხელით ჰკვებავდნენ მათთან სტუმრებულ ნადირს, სხვანი შიშველი ხელითა და კვერთხით განაგდებდნენ შინაური პირუტყვის გატაცების მოწადინე მხეცს და ზოგიც მარტოოდენ დანაბარები სიტყვით უხმოდ აიძულებდა ამ საშიშარ ცხოველს ქვეყნიდან გადაკარგვას. ამ მაგალითების საფუძველზე დაასკვნიდა იოანე მოსხი: „ჩვენ რომ ვიცავდეთ მცნებებს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მხეცებს შეეშინდებოდათ ჩვენი. მაგრამ ჩვენი ცოდვების გამო ჩვენ გავხდით მონები და ახლა პირიქით, ჩვენ გვეშინია მათ“.

  ცხოველების ქცევა და მათ დამოკიდებულება ადამიანებთან სრულიად განსაკუთრებულ სამხილად იქცა პირველ საუკუნეებში ქრისტიანთა დევნის პერიოდში, როდესაც სწორედ ისინი ამჟღავნებდნენ ღვთის მცნებების ერთგული ადამიანებისადმი იმ თანაგრძნობასა და სიყვარულს, რომელიც ჭეშმარიტი ღმერთის ვერმცნობი ადამიანებს დაეკარგათ. უამრავი იყო ასეთი მაგალითი: იმპერატორ დეკიუსის დროს აქაელი მირონ ხუცესი ნადირებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ადამიანებისგან გაწირული მხეცებმა დაინდეს და არ მიეკარნენ უფლის რჩეულს; ნიკომიდიაში მაქსიმიანე ჰერკულესის ბრძანებით ეწამა წმინდა კვირიაკია და მის დასაგლეჯად გამოშვებული ცხოველები თვინიერად გაუწვნენ ფეხებთან; იმავე იმპერატორის ბრძანებით ჯალათებმა თავი მოჰკვეთეს ქრისტეს სარწმუნოებისთვის წამებულ ალექსანდრე რომაელს და მისი პატიოსანი სხეული მდინარეში ჩააგდეს, მაგრამ ოთხმა ძაღლმა იგი ხმელეთზე ამოიყვანა და მანამდე უდარაჯა, ვიდრე არ მოვიდა წმინდანის დედა პიმენია და პატივით არ დაფლა შვილის ცხედარი; სიცილიის მმართველის კვინტიანის ბრძანებით წმინდა ნიკონს მიუსაჯეს სიკვდილი და ველურ ცხენებს გამოაბეს შუაზე გასახლეჩად, მაგრამ ცხენები ადგილიდან არ დაიძრნენ;ქალკედონის განმგებელმა პრისკემ მრავალ სატანჯველთაგან უვნებლად გადარჩენილი წმინდა ქალწული ეფემია გარეულ მხეცებს მიუგდო დასაგლეჯად, მაგრამ არენაზე გამოშვებულ დამშეულ მხეცთაგან არც ერთ არ შეხებია ქალწულს. მხოლოდ ერთ ძუ დათვმა ღმრთის ბრძანებით აღასრულა ქალწულის თხოვნა - მცირე ჭრილობა მიაყენა ფეხზე, საიდანაც სისხლი გამოუვიდა წმინდანს და მაშინვე ჩაბარდა უფალს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სისხლის სუნზე გარეულ, თანაც მშიერ ცხოველებს საკმაოდ მძაფრი რეაქცია აქვთ, აქ ის გარემოება იყო საგულისხმო, რომ არენაზე გამოჰყავდათ ადამიანის ხორცზე დაგეშილი ნადირები, ქალწულს სისხლი სდიოდა ფეხიდან და მაინც არც ერთი ცხოველი არ მიკარებია მას!.

როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითები, ისე ქვემოთ მოთხრობილი ეპიზოდებიც წმინდანთა ცხოვრებიდან წარმოგვიდგენენ, თუ რა მორჩილებაში ჰყავდა მხეცები ადამიანს, ვიდრე იგი ღმერთის მცნებებს გადაუხვევდა და თავს განიგდებდა სამოთხიდან, რადგან, როდესაც ცხოველები შეიგრძნობენ ადამიანში დამკვიდრებულ ღვთაებრივ სიმშვიდეს, სულიწმიდისყოფობას, მათაც უბრუნდებათ პირვანდელი სამოთხისეული ბუნება, ხდებიან მორჩილნი და ღმრთის ნებას აღასრულებენ.


sibrdzne.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий