ღმერთი

ღმერთი

пятница, 23 августа 2013 г.

უფალი იესო ქრისტე.

უკეთურებისაგან თავის დაღწევისათვის ერთადერთი ნუგეში და იმედი მაცხოვარია, ჩვენი ხსნისათვის ამ ქვეყნად მოვლენილი, "რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა" (რომ. 8,2).



ამ სოფლისგან განშორება იმას კი არ ნიშნავს, რომ ოჯახიდან ან საზოგადოებიდან გაიქცე, არამედ - დატოვო ის ჩვეულებები, თვისებები, წესები, ჩვევები, მოთხოვნები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ მიღებულსა და მოწონებულ ქრისტეს სულს.


ძველ აღთქმაში სპილენძის გველზე შეხედვა გველის ნაკბენს კურნავდა. ახალ აღთქმაში ქრისტეს ჯვრისა და მაცხოვრის მოთმინების გონებისმიერ წარმოსახვას ძლიერი შეწევნა ძალუძს ზნეობრივი გველის - ვნებების მიერ მიყენებული წყლულების მოსაშუშებლად.


ცოდვა ისეთივე ხანდაზმულია, როგორც ეშმა. ჩვეულებრივი მოკვდავი, რომლის სიცოცხლე საათებით და წამებით განიზომება, როგორ შეძლებს თავი დააღწიოს ცოდვას. მას აქეთ, რაც ქვეყნიერება არსებობს, იგი თაობიდან თაობას, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. მოკვდავისათვის ეს შეუძლებელია, თუ არ ეცოდინება, რომ არსებობდა ერთადერთი ადამიანი, ვისაც არც შობით და არც შობის მერე შეუცოდავს, ეს არის ღმერთკაცი - იესო ქრისტე, რომელმაც ადამიანური ბუნების დამდაბლებით და ღვთაებრივი ცეცხლით ცოდვა ჯვარს აცვა. როგორ შეძლებს ადამიანი თავი დააღწიოს ცოდვას, თუ მთელი თავისი არსებით არ მიენდობა ქრისტეს, რომელიც უწინარეს ცოდვისა იყო და უძლიერესია მასზე, ვინც ცოდვას თესავს და განავრცობს.


შენ გამოგცდის ბოროტი სული - სხეულის ბიწიერი მძლავრი მოთხოვნილების აღძვრით, წარმოიდგინე უმანკო სახე ქრისტესი და გადასწყვიტე: შებილწავ ამ უმანკოებას შენი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით თუ არა? შენ გულფიცხელობ და ვერ აგიტანია მეზობლისაგან გალანძღვა, შეხედე მაცხოვრის მშვიდობიან სახეს და მოიგონე, რაგვარ საქციელს გავალებს იგი ამისთანა შემთხვევაში? შენ ხარ პატრონი დიდი სიმდიდრისა, გაიხსენე მაცხოვარი - მომცემი ამ სიკეთისა და მოძღვრება მისი, - სად უნდა ინახავდე სიმდიდრეს. შენ გიჭირავს საზოგადოებაში საპატიო ადგილი და წარჩინებული ხარისხი, მიხედე მაცხოვრის ხატს და წარმოიდგინე, - რისთვის აღგამაღლა და პატივ-გყო მან. შენ შეუპყრიხარ სიზარმაცეს, გარჯის ოფლის ღვრისა და მომჭირნეობის სიძულვილს, აბა თვალი გაუსწორე მაცხოვრის სახეს! შენ გემძიმება შენი ობლობა, მაგრამ აბა შეხედე იმის სახეს, რომელსაც დედად და ნათესავად მიაჩნია ღვთის სიტყვის აღმსარებელნი.


ყოველი ცოდვა განვითარების რამდენიმე ფაზას გადის. ვიდრე ქალი საკუთარი შვილის მკვლელობას განახორციელებს, შინაგანად მთელ რიგ ცოდვებს ჩადის, რომლებიც ჯაჭვის რგოლებივით გადაბმულია ერთმანეთზე. დედამ რომ შვილი მოკლას, უპირველეს ყოვლისა მისდამი სიყვარული უნდა ჩაიხშოს გულში. ეს უკვე განდგომაა ქრისტესგან, რომელიც თავად არის სიყვარული და რომელმაც თქვა: „აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა“ (მათ. 19, 14).
ასევე ქალმა უნდა მოისპოს მასში ბუნებრივად არსებული დედობრივი ინსტინქტი და ამით ნადირზე უარესი გახდეს, რადგან ცხოველებშიც კი დედობრივი ინსტინქტი იმდენად ძლიერია, რომ ისინი სიცოცხლესაც კი წირავენ ნაშიერის გადარჩენისთვის. შემდეგ დედამ უნდა შინაგანად გაიუცხოვოს საკუთარი შვილი, უყუროს მას არა როგორც საკუთარ სისხლსა და ხორცს, არამედ როგორც ორგანიზმში არსებულ უცხო სხეულს, რაღაცა სიმსივნეს ან კისტას, რომელიც უნდა მოიკვეთოს. მან უნდა უარყოს საუკუნო ცხოვრების მნიშვნელობა, მან უნდა წაართვას ბავშვს ცხონების უფლება, რადგან უნდა დატოვოს იგი ნათლისღებისა და ეკლესიასთან თანაზიარების გარეშე. ის უარყოფს ღვთის უფლებას ამ ბავშვზე და თვლის, რომ შეუძლია მოეპყროს მას როგორც ნივთს. ის ამავე დროს ღვთის განგებას უარყოფს და ფიქრობს, რომ ვერ გაზრდის ამ ბავშვს. იგი ძველი და ახალი აღთქმის უარმყოფელია, რომელშიც ნათქვამია: „არა კაც-ჰკლა“.


ჭეშმარიტად, საოცარი იყო მისი ხილვა, რომელსაც ხელისგულით ეპყრა მთელი სამყარო, იგი დგებოდა ადრიანად, იღებდა ხელსაწყოებით სავსე კალათას და ხან ერთ და ხან მეორე სახლში დადიოდა. მუშაობით დაღლილი, ზაფხულში ოფლით გახვითქული და ზამთარში სიცივით გაყინული ბრუნდებოდა საღამოს შინ. ის, ვინც თავისი სულით ასაზრდოვებს ყოველ ცოცხალს – არა მარტო ცხოველებს, არამედ მცენარეებსაც – და აღავსებს მათ ყოველგვარი სიკეთით (ფს. 144, 16), დილიდან საღამომდე შრომობს აუცილებელი გასამრჯელოსათვის. ადამიანურ გონებას არ ძალუძს, იტვირთოს ყოველივე ეს! არც ერთ ენას არ შეუძლია, აღწეროს იგი! ამის შემხედვარეს გაოცებისაგან ძარღვებში სისხლი გეყინება. ასე რომ, სამართლიანია უფლის ნათქვამი სიტყვა: "ძე კაცისაი არა მოვიდა, რაითამცა იმსახუროს, არამედ მსახურებად" (მათ. 20, 28).
იცოდე, რომ ამ ყველაფერს უფალი აკეთებდა, როგორც ბრძენი ექიმი, რათა თავისი მაგალითით დაავადებული კაცობრიობა ორი ავადმყოფობისა და ვნებისაგან განეკურნა: სამუშაოსაკენ ებიძგებინა უქნარებისა და ზარმაცებისათვის, ხოლო მათთვის, ვინც მუშაობს, ესწავლებინა, პატიოსნად მოქცეულიყვნენ – არ გაეძარცვათ და არ მოეტყუებინათ დამკვეთი. მაშ, ისწავლე შრომისმოყვარეობა არა ანგელოზებისაგან, არამედ თავად ყველა ანგელოზისა და ადამიანის შემოქმედისაგან.


იესო ერთდროულად ექიმიცაა და წამალიც.


ქრისტემდე ადამი ჯოჯოხეთშია, ქრისტეს შემდეგ კი - ავაზაკი - სამოთხეში.


უნდა გიყვარდეს მშობელი, მაგრამ მას მაცხოვარი უნდა ამჯობინო (კლ. 9, 59, 60).


ყველაზე დიდი ნეტარებაა, გიყვარდეს ქრისტე და იყო მისგან შეყვარებული.


ქრისტე იშვა ბაგაში, ცხოვრობდა იქ, სადაც მოუხდებოდა, და მოკვდა ჯვარზე.


ჩვენთვის ჯვარცმული დაგვეხმარება ჯვარს ვაცვათ ჩვენი ვნებები და ჟინი.


ამოირჩიე, რა უკეთესია - მთელი სამყარო გაიხადო მტრად, თუ იესო შეურაცხყო?


ის არ არის ქრისტესი, ვინც ისე არ აზროვნებს და მოქმედებს, როგორც - ქრისტე.


უსარგებლოა ყველა ჩვენი ცოდნა, თუ მასთან ერთად იესო ქრისტეს არ ვიცნობთ.


შეგეძლოს თავის დამდაბლება, ეს ნიშნავს, შეგეძლოს იესო ქრისტესთვის მიბაძვა.


ეშმაკი ვერ გაიმარჯვებს მასზე, ვისშიც სახლობს ქრისტე - ეშმაკის დამმარცხებელი.


ადამიანი, რომელიც იესოსთანაა, მდიდარია, თუნდაც ნივთიერი თვალსაზრისით ღარიბი იყოს.


ქრისტეს გარეშე შენი ცხონების საქმეს ვერ აღასრულებ, არც ქრისტე გააკეთებს ამას უშენოდ.


ჩვენ ქრისტეს ჯვარს ვუცქერთ და ვკითხულობთ მის ვნებებს, თავად კი ერთი წყენაც ვერ აგვიტანია.


გაიხსენე ქრისტე გამოქვაბულში და ჯურღმულში; და ვეღარ მოგხიბლავს დიდებულად მორთული სახლი.


ქრისტემ თავისი ძალით სატანაზე გაიმარჯვა; ჩვენც იესოს ძალითა და სახელით უნდა დავამარცხოთ იგი.


როდესაც ქარიშხალი არყევს ჩვენი სულის ხომალდს, მაშინ გავაღვიძოთ ქრისტე ლოცვით და მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს სულში (ლკ. 8, 23-24).


ქრისტე სრული სიყვარულია, სიკეთე და ნუგეში. იგი არასოდეს გვაშთობს, პირიქით, უხვად გვაწოდებს სულიერ ჟანგბადს – საღმრთო ნუგეშს.


იესოს სახელი ფოლადზე ძლიერი და გრანიტზე მტკიცეა. არ არსებობს იმაზე უფრო ძლიერი ფარი და იარაღი სულიერ ბრძოლაში, ვიდრე იესოს ლოცვა.


თუ სამყაროს შექმნა ღვთის სიყვარულის საქმეა, მაშინ ადამიანთა გამოსყიდვის საქმე ძე ღვთისას სიკვდილით, არის ღვთის სიყვარულის სასწაული.


ისეთი იყავი იესოსთან მიმართებაში, როგორიც გინდა, რომ ის იყოს შენს მიმართ. გსურს, უხვად გადმოღვაროს შენს მიმართ თავისი სიყვარული? მაშ, გაუღე მთელი სისრულით გულის კარი.


თუ მწუხარე ხარ, იტირე ჯვარცმული მაცხოვრის წინაშე. როგორც ღრუბლებისა და ნისლის შემდეგ ნათლდება ზეცა, ასევე ტირილის შემდეგ შენი სული მადლმოსილი ნუგეშის ცისკრით განათლდება.


ცოდვილისთვის სიკვდილი კი არ ისურვო, არამედ ცოდვათა მონანიება. ქრისტე ცოდვილთათვის ევნო. მისთვის მიუღებელია როცა ვთხოვთ, რომ უკეთურს სიკვდილი მოუვლინოს და გზიდან ჩამოგვაშოროს.


დაე, ყველაფერში შენი მასწავლებელი უფალი იესო ქრისტე იყოს; გონების თვალით მჭვრეტელმა საკუთარ თავს ხშირად ჰკითხე:რას იფიქრებდა, რას იტყოდა ან გააკეთებდა ამ შემთხვევაში უფალი იესო ქრისტე?



Комментариев нет:

Отправить комментарий