ღმერთი

ღმერთი

четверг, 22 августа 2013 г.

ეჭვიანობა.

პაისი მთაწმინდელი


წმინდაო მამაო, როგორ შევძლო ეჭვის განდევნა?

დარწმუნებული კი ხარ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც შენ წარმოგიდგენია?! რაკიღა, როგორც წესი, ყველაფერში ცუდს ხედავ, ყოველ შენს ზრახვას კითხვის ნიშანი დაუსვი. და გარდა ამისა: იმისათვის, რომ საკუთარმა აზრმა არ გაცდუნოს, სხვათა შესახებ კეთილი აზრები აამოქმედე. თუ საკუთარ მოსაზრებებს, ერთს კი არა, არამედ - კითხვის ნიშანს დაუსვამ, კიდევ უფრო კარგს იზამ. ხოლო თუ - სამს, ეს მთლად უკეთესი იქნება. ასეთი საქციელი დამამშვიდებელი და სასარგებლო იქნება შენთვის. და არამარტო საკუთარ თავს მოუტან სარგებლობას, არამედ - სხვებსაც. სხვაგვარად, როდესაც "მემარცხენე" ზრახვებს იწყნარებ, შენ შფოთავ, ღელავ, მრისხანებ და საკუთარ სულსაზიანებ. თუკი ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, კეთილი ზრახვებით შეხედავ, დროთა განმავლობაში ნახავ, რომ საქმე სწორედ ისე ყოფილა, როგორც მაშინ დაინახე, როდესაც კეთილი ზრახვები აამოქმედე. ერთ ამბავს მოგიყვები იმისათის, რომ მიხვდე, თუ რა შეუძლია "მემარცხენე" ზრახვას: ჩემთან სენაკში ერთი ბერი მოვიდა და მითხრა: - "ბერი ხარლამპე ჯადოქარია". - "რას ამბობ, მრიუდედ რომ ხედავ, იმის ბრალია, როგორ არ გრცხვენია ასეთი რამის თქმისა"! - დავტუქსე მე. - "ასეა, ასე! - დაიჟინა მან, - თვითონ ვნახე, ერთხელ მთვარიან ღამეში ბერი როგორ ბღაოდა: "ბეე, ბეე" და თანაც რაღაც დიდი მოწნული ბოთლიდან ბუჩქებში სითხეს ღვრიდა"! რაღას ვიზამდი?! თავისუფალი დღე გამოვნახე და ბერი ხარლამპეს სენაკში წავედი. ვეკითხები: - "მამა ხარლამპე, როგორ ხარ, როგორ ცხოვრობ, შენი საქმეები როგორ მიდის, რას აკეთებ ხოლმე? აქ ერთს დაუნახიხარ, რომ დიდი ბოთლიდან ბუჩქებში რაღაცას ღვრიდი და თანაც ბღაოდი". ბერმა დამანახა: - "იქ ნერგებში რამოდენიმე შროშანი ხარობს, სწორედ იმათ ვრწყავდი, ჯერ ვიგალობებდი: - "გიხაროდენ სძალო უსძლოო"! - ერთ ყვავილს მოვწყავდი, მერე ისევ ვიგალობებდი: - "გიხაროდენ სძალო უსძლოო"! - და ახლა მეორეს დავასხამდი ცოტაოდენ წყალს, მერე ისევ ავავსებდი ბოთლს, ვბრუნდებოდი ყვავილებთან და მორწყვას განვაგრძობდი". ხედავ, რა ხდება?! ვიღაცამ კი ყოველივე ეს დაინახა და ბერი ჯადოქრად ჩათვალა.

რაოდენ კეთილი ზრახვები აქვს ზოგიერთ ერის ადამიანს! სხვები კი - საცოდავები - როგორ იტანჯებიან ისეთი საგნების გამო, რომელთა მსგავსი ბუნებაში არ არსებობს და რომელსაც ეშმაკიც ვერ მოიფიქრებდა! ერთხელ, როდესაც საშინელი გვალვის შემდეგ წვიმა წამოვიდა, ჩემი გული ისეთი მადლიერებით აღივსო ღვთისადმი, რომ საკუთარ სენკში მჯდომი აღტაცებული ვიმეორებდი: - "ღმერთო, მილიონ, მილიარდ მადლობას გწირავ"! არ ვიცოდი, რომ ამ დროს სარკმელთან ერთი ერისკაცი იდგა და მისმენდა. მერე, როდესაც შემხვდა, მითხრა: - "მამაო, მაშინ რომ მოგისმინე, დავბრკოლდი, მესმოდა ეს "მილიონები" და "მილიარდები" და მეტი არაფერი, ამიტომ ვიფიქრე" -"აი, თურმე რა ხილი ყოფილა ეს ჩვენი მამა პაისი"! და როგორ ამეხსნა მისთვის?! მე ღმერთს წვიმისთვის ვწირავდი მილიონ, მილიარდ მადლობას და იმას კი ეგონა, რომ ფულს ვთვლიდი. მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, შესაძლოა ღამით ჩემს გასაქურდადაც დაეპირებინა მოსვლა! პირველ რიგში კი მე დამადგებოდა შავი დღე, მაგრამ ისიც რომ ვერაფერს იპოვიდა!

ერთხელ ავადმყოფი ბავშვის მამა მოვიდა ჩემთან, მე ის სენაკის ეკლესიაში შევიყვანე, მისი უბედურება მოვაყოლე და დახმარების სურვილით ვუთხარი: - "იმისათვის, რომ შვილი გამოგიჯანმრთელდეს, შენც უნდა გააკეთო რაიმე, მაგრამ რა? მეტანიებს შენ არ ასრულებ, მარხვას არ იცავ, ფული, იმისათვის, რომ მოწყალება გასცე, არა გაქვს, ამიტომ ღმერთს ასე მიმართე: - "ღმერთო ჩემო, მე არაფერი მაქვს ისეთი, რასაც შესაწირად გაკადრებდი ჩემი შვილის ჯანმრთელობისათვის, მაგრამ იმას მაინც შევეცდები, რომ მოწევა მივატოვო". ამ სიტყვებმა იმოქმედა უბედურ მამაზე და მან აღმითქვა, რომ ჩემს რჩევას გაითვალისწინებდა. ვიდრე მას სენაკიდან გავისტუმრებდი, ურდულის გასაღებად მივბრუნდი, მან თურმე ჯიბიდან ამოიღო სანთებელა და სიგარეტი და ტაძარში, მაცხოვრის ხატთან დადო. ეს მე არ შემინიშნავს. შემდეგ ჩემთან ერთი ყმაწვილი მოვიდა რაღაცის სათქმელად, საუბრის შემდეგ სენაკიდან გასვლასაც არ დაელოდა, სიგარეტი ამოიღო და გააბოლა. - "ყმაწვილო, აქ მოწევა არ შეიძლება, სადმე, შორს წადი და იქ მოსწიე". ვუთხარი მე. - "შენთან ეკლესიაში მოწევა კი შეიძლება"? მომიგო პასუხად. ეკლესიაში სიგარეტისა და სანთებელის დანახვაზე ამ ბიჭმა იფიქრა, რომ მე ვეწეოდი. არც მიფიქრია მისი გადარწმუნება, ისე წავიდა, რომ შეხედულება არ შეუცვლია. კარგი, ვთქვათ, ვეწევი კიდეც, განა ამას ტაძარში გავაკეთებდი?! ხედავ, რა არის მცდარი აზრი?!

წმიდაო მამაო, რა სახით ვნებს სულს ეჭვიანობა და უნდობლობა?

რაც ეჭვიანობაა, ზიანიც იგივე მოაქვს. ხოლო უნდობლობას სულიერი სნეულება, გამოფიტვა მოსდევს.

როგორ განიკურნება ეს ავადმყოფობა?

კეთილი ზრახვებით.

წმიდაო მამაო, თუკი ადამიანი ერთხელ ნახავს, რომ მისი ეჭვი არ გამართლდა, არ დადასტურდა, განა ეს არ დაეხმარება, რომ თავისი შეცდომა გააცნობიეროს?

ერთხელ თუ არ გამართლდა, ეს ჯერ კიდევ მისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ორჯერ თუ შეცდა, უკვე სერიოზულად დაშავდება. სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ ხომ მძიმედ ვცოდავთ, თუ საქმე სინამდვილეში ისე კი არ არის, როგორც წარმოგვიდგენია, არამედ, თუნდაც - სულ ოდნავ ვცდებით. მახსოვს, თანაცხოვრებულთა მონასტერში რომ ვცხოვრობდი, მოხუცი ბერი დოროთე დიდ მარხვაში ყაბაყებს წვავდა, ერთმა ძმამ როდესაც დაინახა, რომ ბერი ყაბაყებს ტაფაზე აწყობდა, გადაწყვიტა თავისი შთაბეჭდილებები ჩემთვის გაეზიარებინა: - "წამო ერთი, გავერთოთ, მამა დოროთე თევზს წვავს! აი, ამხელა დიდრონი თევზებია"! - "რას ამბობ, შეუძლებელია! - მივუგე მე - მამა დოროთე დიდ მარხვაში თევზს როგორ შეწვავს"?! - "ძალიანაც შესაძლებელია, - დაიჟინა მან - ჩემი თვალით ვნახე, როგორ წვავდა". მამა დოროთე ათონის მთაზე 15 წლის ბიჭი მოვიდა და ძმებისთვის ღვიძლი დედასავიტ იყო. როცა ნახავდა, რომ რომელიმე ბერი ჯანმრთელობას უჩიოდა, ეტყოდა: - "აქ მოდი, საყვარელო, ერთი საიდუმლო უნდა გაგანდო, - და ავადმყოფს ტახინით, ბერძნული კაკალით და ამდაგვარი რამეებით ანუგეშებდა, მოხუც ბერებზეც ამგვრად ზრუნავდა. რას ვიზამდი? მივდივარ მამა დოროთესთან და ვხედავ, რომ ყაბაყებს წვავს მონასტრის საავადმყოფოსათვის!

წმიდაო მამაო, მაშინ როგორღა მოვიქცეთ, თუ ეჭვი საქმით დადასტურდა?

ასეთი ეჭვი ერთხელ კიდეც რომ გამართლდეს და დადასტურდეს, განა ეს იმის ნიშანია, რომ მსგავსი ეჭვები გამუდმებით გამართლდება? გარდა ამისა, საიდან იცი: შესაძლოა, ღმერთმა ამ ეჭვის დადასტურება იმიტომ დაუშვა, რომ ადამიანისათვის, რომელზედაც ეჭვი გქონდა, სიმდაბლის მაგალითი მიეცა?!

  რაღა თქმა უნდა, თავად ჩვენს დიდი სიფრთხილე გვმართებს. ხალხს მცდარი დასკვნის გამოტანის საშუალება არ უნდა მივცეთ, მაგალითად, თუ ვინმეს შენზე მცდარი, "მემარცხენე" აზრი გაუჩნდა, ამის მიზაზი შესაძლოა იყოს, როგორც პირადად მისი არაკეთილგანწყობა, ასევე ისიც, რომ ამგვარად ფიქრის მიზეზი მას შენ მიეცი. აგრამ თუ ადამიანი შენზე - მიუხედავად შენი სიფრთხილისა - ფიქრობს ცუდს, მაშინ ღმერთს მადლობა შეწირე და მისთვის ილოცე.


Комментариев нет:

Отправить комментарий