ღმერთი

ღმერთი

четверг, 22 августа 2013 г.

მოციქული მატათა.

ახალი სტილით 22 აგვისტო მოციქული მატათას ხსენების დღე.


მატათა მოციქული წარმოშობით იუდას ტომიდან იყო და დაიბადა ქალაქ ბეთლემში; იგი ბავშვობიდან ეუფლებოდა საღმრთო სჯულს, რომელსაც იერუსალიმში სიმონ მიმრქმელი ასწავლიდა. მას შემდეგ რაც ქრისტემ ქადაგება და ირგვლივ მოწაფეთა შეგროვება დაიწყო, მატათა მოციქულმაც სხვა მოციქულებისამებრ მიატოვა ამქვეყბიური საზრუნავი და შეუდგა ღმერთს. მაშინ მატათა მოციქული ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთა რიცხვში აღმოჩნდა.

“და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად”.

უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებმა კრება გამართეს სადაც გადაწყდა იუდა ისკარიოტელის მაგივრად აერჩიათ სხვა მეთორმეტე მოციქული. მოიწვიეს ორი სამოცდაადთაგანი მოციქული: ერთი უფლის ძმა იოსები და მეორე მატათა მოციქული. “და დაადგინეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქვა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათა, და ილოცეს და თქვეს: შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისაი ამის და მოციქულებისაი, რომლისაგან განვიდა იუდა მისვლად ადგილსა თვისსა, და მისცეს წილნი მათნი. და გამოუხდა წილი მატათას და თანა აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა”.


სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს თუ ვის სად ექადაგა. მატათა მოციქულს ქადაგება წილად ხვდა: იუდეაში. გადმოცემის თანახმად მან სახარება ასევე იქადაგა მაშინდელ პონტოსა და კოლხეთში, რომელიც მეორე ეთიოპიის სახელით არის ცნობილი. სხვა წყაროთა მიხედვით მან მაკედონიაში იქადაგა სადაც წარმართმა ბერძნებმა ბევრი განსაცდელი შეამთხვიეს.

შემდგომში ქრისტეს ეს მოციქული კვლავ თავის წილხვედრ იუდეას დაუბრუნდა და ისრაელის ძეთაგან მრავალი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე;

იმ დროს იუდეველთა პირველმღვდელმთავარი ანანია იყო – ქრისტეს მოძულე მისი სახელის მგმობი; იგი სასტიკად სდევნიდა პირველ ქრისტიანებს იერუსალიმში;

და აი, როცა წმიდა მატათა გალილეის სინაგოგებში ქადაგებდა ქრისტეს – ღვთის ძეს, ურწმუნოებითა და გაბოროტებით დაბრმავებულმა იუდეველებმა შეიპყრეს იგი და იერუსალიმს ჩაიყვანეს ზემოხსენებულ პირველმღვდელმთავართან.

მღვდელმთავარმა ჩაქოლვა მიუსაჯა წმიდა მატათას, რომელიც დაუყოვნებლივ წაიყვანეს სიკვდილით დასასჯელად. როცა ბელთლასკილად წოდებულ ადგილას მივიდნენ, რაც ებრაულად “ჩაქოლილთა სახლს” ნიშნავს, წმიდა მატათამ ასე უთხრა იქ მყოფ იუდეველებს:

- ორგულნო და პირმოთნენო! სამართლიანად უთქვამს თქვენი მსგავსი ადამიანების შესახებ წმიდა დავით წინასწარმეტყველს: მოინადირონ სული მართლისაი და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენო.
ქრისტეს მოციქულის ამ სიტყვების შემდეგ, ორმა მოწმემ იუდეველთაგან, – როგორც ამას სჯული მოითხოვდა, – ხელები დასდვეს მას თავზე და მოწმობდნენ, რომ მატთამ დაგმო ღმერთი, სჯული და მოსე; მათვე ესროლეს წმიდა მოციქულს პირველი ქვები, ამასთან, მატათამ სთხოვა თავის მკვლელთ, ეს ორი პირველი ქვა ჩემს სხეულთან ერთად დაკრძალეთო, როგორც მოწმენი და დამადასტურებელნი ჩემი ვნებისა ქრისტესთვისო. შემდეგ სხვებმაც იწყეს მისი ჩაქოლვა და სეტყვასავით წამოსული ქვების ქვეშ წმიდა მოციქულმა ხელნი ზე-აღაპყრო და ასე მიაბარა უფალს თავისი ნეტარი სული. უსჯულო იუდეველებმა კი ამ სატანჯველს აბუჩად აგდებაც მიუმატეს: მოწამის უკვე აღსრულების შემდეგ, რომაელთა საამებლად, მათ მახვილით მოჰკვეთეს თავი მატათას, რაც რომაულ ჩვეულებას შეესაბამებოდა – თითქოსდა ქრისტეს ეს წმიდა მოციქული კეისრის მოწინააღმდეგე ყოფილიყოს!…

აი, ასე მოწამეობრივად დაასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება და კეთილი მოღვაწეობა უფლის ამ წმიდა მოციქულმა – მატათამ (ეს მოხდა დაახ. 63 წელს). ზოგიერთი ბერძნული წყაროს ცნობით კი, წმიდა მატათა ჯვარცმით აღესრულა. თუმცა ეს ორი ცნობა შეიძლება არც ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს, რადგან იუდეველები ბოძებზე მიკრულთ ჩაქოლავდნენ ხოლმე, და მატათაც, შესაძლოა, ჯვარზე გააკრეს და ასე ჩაქოლეს.

წმიდა ეპიფანე კვიპრელის (IV) ცნობით კი მატათა მოციქულმა სახარება იქადაგა მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), იქვე გარდაიცვალა და დღემდე ბათუმის მახლობლად ასარის (გონიოს) ციხე-სიმაგრეშია დაკრძალული. ამიტომ წმ. მოციქული მატათა გამოსახულია საქართველოს ეკლესიის დიდების ხატზე წმ. ანდრია პირველწოდებულთან ერთად.


ambioni.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий