ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 25 августа 2013 г.

(შიშში აღზრდილი...)

შიშში აღზრდილი,
უნდობლობაში დაკაცებული,
ციხის მუქარით გაწამებული
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა,
ვისაც ღალატად უთვლიდნენ სინდისს
და უმეცრებად _ გამბედაობას.

სხვისი ბრძანებით ნამღერი ჰიმნით,
სხვისი კარნახით წაკითხულ წიგნით,
დობერმანივით ერთნაირი გარეთ თუ შიგნით
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა.

ან გაყიდული სულით ხორცამდე,
ან ციხე-ციხე ნათრევ-ნაცემი,
ან დარდით ღვინის კასრში ჩამხრჩვალი,
ან ჩინ-მედლებით სავსე, გამცემი.

რაც მქონდა წმინდა _
ყველაფერი სულში დაობდა,
თან მეზიზღება, თან მეცოდება
ჩემი თავიც და ჩემი თაობაც.

რა გააჩნია, რა დატოვოს, რა გაიხსენოს,
პირუტყვის შიში, გადამდები სენი _ საზარი,
თუ თავის ლანდი ცისფერ ქუდით, რუხი მაზარით
და სასაკლაო უზარმაზარი,
თუ თავის ყოფის სირცხვილი და არარაობა?!
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა.

დღეს თამაშია ვნებათა ღელვის, მხოლოდ თამაში,
გრძელი, გაბმული,
სურვილი იმის, რაც სულს აკლია,
ეს სპექტაკლია
ცუდად დადგმული
და ყალბი ასლი სინამდვილისა.
ქალები _ ბერწი,
ვაჟი _ ცვედანი,
აი, დედანი...

ჰეი, მსაჯულო, მომავალო უმაღლეს რანგის,
სანამ მსჯავრს დასდებ ჩემს თაობას,
აქ სუნმა რომ არ შეგაწუხოს, მთვარეზე ადი _
იქიდან უფრო შორს იქნება ეს დედამიწა
დამპალი სისხლით და ათაშანგით..



პეტრე გრუზინსკი 



*****

*****

როგორ მოხვდა ფსიქიატრიულში კაცი, რომელიც შედევრებს ქმნიდა.


პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი, ქართველ მეფეთა შთამომავალი – კაცი, რომელიც სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული გახლდათ. საინტერესო იქნება კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ამ სახელოვანი გვარის ერთ-ერთ ბრწყინვალე და ბედისწერით დაღდასმული ნაშიერის ცხოვრებასა და ღვაწლს.

„მე შენზე ლოცვით

ავიდგი ენა,

მიწას ვკოცნიდი ხარბად

და სხვა ღმერთები არა მყოლია

სამშობლოს გარდა“.

მცირე პლანეტა – „მცხეთა“, აღმოჩენილი 1976 წლის 24 ოქტომბერს ღია სილაში (ჩილე) რიხარდ ვესტის მიერ. თავის განმარტებაში ვესტი წერს: „ბევრისთვის, ალბათ, უცნობია ის ფაქტი, რომ პლანეტისთვის „მცხეთა“ სახელის მინიჭება იყო პატივის მიგება, არა მხოლოდ ამ უძველესი ქალაქისადმი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, პატივისცემის გამოხატულება მისი გამოჩენილი შვილის, პეტრე გრუზინსკის, დიდებული პიროვნებისა და ჩვენი ოჯახის ახლო მეგობრის მიმართ. ეს გავაკეთეთ მისი სახელის უკვდავსაყოფად“.

პეტრე გრუზინსკი იყო უშუალო ადამიანი – მისი ეთიკის პრინციპი ცხოვრების ფიალის ბოლომდე დაცლას გულისხმობდა. მას არ უყვარდა თავისი ბიოგრაფიის ინტიმური მხარის გადმოშლა, მუშაობდა დაუღალავად, წერდა ლექსებს კომპოზიტორებისთვის, სცენარებს – კინოსტუდიებისთვის, ლიბრეტოებს – თეატრებისთვის. თავისუფალ დროს იპოვიდა თუ არა, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გადიოდა საქეიფოდ, სათევზაოდ, უყვარდა ბუნების წიაღში სეირნობა. სულით ფაქიზი კაცი ვერ იტანდა თავისუფლების ნებისმიერი სახით შეზღუდვას. ამიტომაც, პოლიტიკურზე ჩასვეს ციხეში, ბევრიც აწამეს, მაგრამ, როგორც დიდ ადამიანებს სჩვევიათ, ვერ გატეხეს.

მიუხედავად მისი მეფური წარმოშობისა, ძალიან მოკრძალებული იყო. მისთვის მატერიალური ფასეულობა შემოიფარგლებოდა თავისი სამუშაო ოთახით, კარგი წიგნებით, განუყრელი ნაბდითა და ჩიბუხით.

კაცი, რომლის სტიქია ლხინი იყო, მთვრალი არავის უნახავს. ლექსი მისთვის აღსარება იყო, სასიმღეროდ დაწერილი სტრიქონები კი მისი ლუკმა-პური. ნამდვილი თბილისელი მგოსანი ეთქმოდა, მარტო რად ღირს მთელ მსოფლიოში ნამღერი „თბილისო“.

პეტრე გრუზინსკი იყო საქართველოს უკანასკნელი მეფის ერთადერთი მემკვიდრე. მას ეს ქვეყანა უკვალოდ არ დაუტოვებია, მემკვიდრე დარჩა.

დღეს პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში მამის, პეტრე ბაგრატიონის გვერდით განისვენებს.


ბატონ პეტრეს ოჯახში გრძელდება სიცოცხლე, მას დარჩა უსაყვარლესი მეუღლე, დიდი მეგობარი, ქალბატონი ლია მგელაძე-ბაგრატიონ-გრუზინსკი. შვილები: დალი, მზია და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკები; შვილიშვილები, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ დიდ წინაპართა ნაკვალევზე სიარულს.



http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id=9875&rubr..

Комментариев нет:

Отправить комментарий