ღმერთი

ღმერთი

понедельник, 26 августа 2013 г.

ჩვენი ცოდვები და უმადურობა ღვთის მიმართ.

მოდით დავფიქრდეთ, საყვარელნო, ჩვენი ცოდვების უდიდეს და საშინელ სიმრავლეზე, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილი გვახსოვს, დანარჩენი კი გვავიწყდება. იმისათვის, რომ მათგან რაღაც მაინც გავიხსენოთ, უნდა გავიხსენოთ ყველა ადგილი, სადაც ვცხოვრობდით, ყველა ჩვენი ასაკი და ყველა ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა გვქონდა. მაშინ მივხვდებით, რამდენად გრძელია ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვათა ჯაჭვი. ერთი ცოდვის ბოლო მეორის დასაწყისი ხდება, ასე რომ, არ დარჩენილა ჩვენი სწრაფმავალი ცხოვრების არცერთი მხარე, რომელიც ჩვენივე დაუდევრობით არ შეგვებღალოს. ყველა ჩვენი გრძნობა ვაქციეთ ჭიშკრად, რომლითაც სულში შედის სიკვდილი, როგორც ამბობს იერემია წინასწარმეტყველი: "სიკვდილი შემოდის ჩვენს ფანჯრებში" (იერ. 9, 21). ჩვენი სულის ყველა შინაგანი ძალა ცოდვის იარაღად ვაქციეთ.
არ არსებობს ისეთი ბოროტება, რომელიც ჩვენ არ ჩაგვედინოს. არ ჩაგვიდენია მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც ვერ შევძელით, ანდა რისთვისაც შესაფერისი მომენტი არ გვქონდა, მაგრამ ის ბოროტება, რომლის გაკეთებაც შეგვეძლო, გავაკეთეთ. ნება, რომელიც ღმერთმა გვიბოძა მისკენ მისწრაფვისათვის, ყოველგვარი მადლის სისავსისათვის, ჩვენ იმისათვის გამოვიყენეთ, რომ საკუთარ თავში სამყაროს ყოველგვარი სისაძაგლე მოგვეთავსებინა. რა გასაოცრად ადვილად შევაქციეთ ზურგი ღმერთს, თითქოსდა არც ღვთაებრივი და არც ბუნების კანონები ჩვენთვის არაფერს ნიშნავდეს!

საკუთარი თავის წინაშე ვაღიაროთ, ძმანო ჩემნო, რომ ღვთის თვალში მთელი ჩვენი სული დაავადებულია და ჭრილობებით ისეა დაფარული, როგორც იობის სხეული იყო დაფარული წყლულებით და მატლების მიერ შეჭმული. როდესაც ცოდვა ადამიანზე ბატონობას იწყებს, მაშინ ეს ადამიანი ცოდვის შედეგით – სიკვდილით ისჯება. რამდენჯერ ვიმსახურებდით ამ სასჯელს ყველა იმ ცოდვის გამო, რომლებიც ჩვენ დაგვეუფლა? მომაკვდინებელ ცოდვას მეყსეულად რომ შეეძლოს ჩვენი ჯოჯოხეთში ჩაგდება, უკვე რამდენგზის ვიქნებოდით იქ ჩაგდებულნი ჩვენი ცოდვებიანად? მაგრამ, ამის მიუხედავად, უფალი თავისი გადამეტებული და უდიდესი მოწყალებით არ განგვაგდებს და არა მხოლოდ გვითმენს ამდენ ხანს ჩვენი ცოდვებიანად, არამედ თავის განუსაზღვრელ მადლსაც გვიწყალობებს. როდემდე უნდა გვგვრიდეს სიცილს მისი გულმოწყალება?! ვაღიაროთ ჩვენს მიერ ჩადენილი ყველა ბოროტება და, რამდენადაც შესაძლებელია, მივბაძოთ ღვთის სიყვარულს. შევთხოვოთ მას სასჯელი ჩვენი ცოდვებისათვის და აღვუთქვათ, რომ ჩვენი კადნიერი ცხოვრებით აღარ განვარისხებთ მას. მაშინ განგვამტკიცებს იგი თავისი მადლით, რათა კვლავ ჩავვარდეთ ძველ ცოდვებში, როგორც ბრძანებს სიბრძნე ზირაქისა: "უფალო, მამაო და მეუფეო ჩემი სიცოცხლისა, ნუ მიმაგდებ მათ ნებაზე და ნუ დაუშვებ, რომ დავეცე მათი წყალობით" (ზირ. 23, 1). დავფიქრდეთ ჩვენი ცოდვების სიმძიმეზეც, რადგან თითოეული მათგანი უდიდესი და საშინელი ბოროტებაა, მომაკვდინებელი ცოდვა კი – განსაკუთრებით, რამდენადაც იგი ემტერება ღვთის უკვდავ მადლს, ამით ვარისხებთ ღმერთს და მის მიმართ სიძულვილს გამოვხატავთ. ნებისმიერ მომაკვდინებელ ცოდვას ისეთი სიმძიმე აქვს, რომ მისი აღხოცვა წმიდანთა ღვაწლსაც არ ძალუძს, არც ანგელოზთა სიწმიდეს, არც ყოვლადწმიდა ქალწულის ლოცვას. ღვთაებრივი მართლმსაჯულების სასწორზე ერთი მომაკვდინებელი ცოდვის სიმძიმის გადაწონვაც არაფერს შეუძლია, გარდა – მაცხოვრის ჯვრისა და სისხლისა. ამიტომ ცოდვა ყოველგვარ ბოროტებაზე აღმატებულია.

ჯოჯოხეთის არანაირი ტანჯვა თავისი სიმძიმით არ შეედრება ერთ მომაკვდინებელ ცოდვას. სულიწმიდა ზირაქის პირით გვამცნობს, რომ "ჯოჯოხეთი ერთ მომაკვდინებელ ცოდვაზე უფრო მსუბუქია". ასეთი დიდია ღვთის ნების თუნდაც ერთი მცირე დარღვევა! მას, ვინც ასე კადნიერდება, ქვის გული აქვს, იგი მიემსგავსება პირუტყვსა და უგრძნობ ხეს. იგი ისე ადვილად და უშიშრად სცოდავს, თითქოს სურს, ზიანი მიაყენოს არა ჭეშმარიტ და ცოცხალ ღმერთს, არამედ ცრუსა და დახატულს. ქრისტიანი, რომელიც სცოდავს და ასეთი კადნიერებით განარისხებს უფალს, აკეთებს იმას, რაზეც ვერ კადნიერდებოდნენ წარმართები თავიანთი ქვისა და ხის ცრუ ღმერთებით.
ყოველივე ამის შემდეგ სხვა რა დაგვრჩენია გავაკეთოთ, თუ არა ის, რომ შავი ცრემლით დავიტიროთ მთელი ჩვენი ცხოვრების უტიფრობა და სისასტიკე, რომლითაც ღმერთს განვარისხებდით? იმისათვის, რომ სათნო ვეყოთ ღმერთს და მივაგოთ მას უდიდესი პატივი, საჭიროა გადავწყვიტოთ, ერთი ძალიან ძნელი საქმის აღსრულება: მთელი გულით უნდა შევთხოვოთ უფალს, რათა მან გვიბოძოს ძალა ამისთვის, რადგან ღვთაებრივი მადლის ჩარევის გარეშე ჩვენ საკუთარი თავის შეცვლა არ ძალგვიძს. მხურვალედ ვილოცოთ უფალ იესო ქრისტეს წინაშე, რათა იგი გულმოწყალე გვექმნას ჩვენ, რათა იმდენი მწუხარება გამოგვიგზავნოს, რამდენჯერაც ჩვენი ცოდვებით მისი მოწყალებისა და სიყვარულის მიმართ უმადურობას ვიჩენდით.

ვიფიქროთ ღვთის წინაშე ჩვენი უმადურობის შესახებ და იმ სიკეთეებზე, რომლითაც ის ამაზე გვპასუხობს. როგორც კი შევიმეცნებთ იმ მადლის სიმდიდრეს (როგორც ყველა ადამიანისათვის საერთოს, ისე თითოეული ჩვენთაგანისათვის ბოძებულს), რომელიც მოგვცა უფალმა, მაშინვე ვიგრძნობთ, რომ უღირსნი ვართ ყველა იმ დიდი სათნოყოფისა და ნიჭისა, რომელშიც უფალი თავის სიყვარულს გვიმჟღავნებს. რა შეგვიძლია, მივაგოთ უფალს ყოველივე იმის სანაცვლოდ, რაც მან ჩვენთვის გააკეთა?! თვით ანგელოზები გაოცებით ჭვრეტენ ქრისტეს მოკრძალებას, ვნებებსა და სიკვდილს, რომლებიც მან საკუთარ თავზე აიღო ჩვენი ცხონებისათვის. ჩვენ ვალში ვართ ღვთის სიყვარულის წინაშე. როგორ ევნო იგი და მოკვდა ჩვენთვის ისეთი სიყვარულით, თითქოს მხოლოდ ჩვენ ვიყავით სამყაროში, და ჩვენ მისი სიკვდილის მოვალენი ვართ. ასე რომ, როდესაც ახლა ჩვენს თავს ღვთის ამდენი სათნოებით გარშემორტყმულს ვხედავთ, ჩვენ მეტად აღარ უნდა შეურაცხვყოთ იგი ჩვენი ცოდვებით. მუდამ გავიმეოროთ ბრძენი იოსების სიტყვები: "როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?" (დაბადება 39, 9). რატომ გავარისხოთ ჩვენი უტკბილესი კეთილისმყოფელი, რომელიც ასეთ მდიდრულ საჩუქრებს გვიძღვნის? ღმერთმა არაფრისაგან შეგვქმნა, ჩვენ კი უგულებელსვყოფთ მას, თითქოს იგი არავინ იყოს. ღმერთის ნაცვლად საკუთარ სხეულს მივაგებთ პატივს, რომელიც ფუტუროსაგან არაფრით განსხვავდება. უფალმა საკუთარი სიცოცხლე გვიბოძა, რათა ჩვენც მიგვეძღვნა მისთვის ჩვენი იმით, რომ ჩვენს ვნებებს დავაცხრობდით და არ გავაახლებდით მის ჭრილობებს ჩვენი ცოდვებით, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: "და დაცემულთა კუალად განახლებაი სინანულად თანა-ჯუარს-ცუმად თავთა მათთა ძესა ღმრთისასა და განქიქებად" (ებრ. 6, 6).

უფალმა შეგვიყვარა ისე, როგორც მის ღვთაებრივ დიდებას შეეფერება, ჩვენ კი მას მდაბალი სიამოვნებანი ვამჯობინეთ, თუმცა ისინი ჩრდილივით გაგვირბიან. როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს, "ღმერთი გათავისუფლებდა მრავალი უბედურებისაგან: როდესაც გზა აგებნეოდა, სწორ გზაზე გაყენებდა, როდესაც ვერ ხვდებოდი – გასწავლიდა, მწუხარების დროს განუგეშებდა, დასუსტებულს გაძლიერებდა, დაცემულს წამოგაყენებდა, როდესაც იდექი – განგამტკიცებდა, მგზავრს მეგზურად მიგყვებოდა, მასთან მისულს გღებულობდა, მძინარეს გიფარავდა, როდესაც უხმობდი – ყურს მოგიპყრობდა". ყოველივე ამისათვის კი ჩვენ მას გაუგონარი უმადურობით ვუპასუხეთ.
შევინანოთ ჩვენი კადნიერება და უმადურობა, რომლითაც ღვთის მადლს ვამცირებდით და ამიერიდან კრძალვით აღვასრულოთ მისი მცნებები. ვაღიაროთ: ღირსნი ვართ, რომ ცოცხლად შთანგვთქას მიწამ, რომ ზღვამ თავისი ტალღებით დაგვფაროს, რომ მზემ დაგვწვას თავისი სხივებით და რომ ბოლოს, ჯოჯოხეთში შთავინთქათ და მარადიული ცეცხლი მწველი ალით გვწვავდეს.

მაგრამ, ვიდრე ცოცხლები ვართ, მთელი ჩვენი ცხოვრება, შესაძლოა, სინანულისა და მოწყალე ღმერთისაკენ მიბრუნების დროდ იქცეს, რომელიც მუდამ მზადაა, შეგვინდოს ჩვენ, ვინც დავივიწყეთ ჩვენი ცოდვები და თავის სასუფეველში დაუსრულებელი ნეტარება გვიბოძოს.


წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი




Комментариев нет:

Отправить комментарий