ღმერთი

ღმერთი

пятница, 23 августа 2013 г.

სახარების სწავლება.

იფიქრე, საყვარელო, იმის შესახებ, რომ სახარების მასწავლებელი, იესო ქრისტე, ყველა მასწავლებელთა და მოძღვართა მასწავლებელია. მხოლოდ ისაა ერთადერთი ღმერთი და მასწავლებელი, როგორც ღამით მასთან მისულმა ნიკოდიმოსმა უწოდა: "რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად" (იოანე 3, 2) და როგორც თვით უფალმა ბრძანა საკუთარი თავის შესახებ: "ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი ქრისტე" (მათე 23, 8). იგი სამყაროში მხოლოდ ჩვენს გამოსასყიდად კი არ მოვიდა, არამედ იმისთვისაც, რომ ესწავლებინა, როგორც თავად ბრძანებს: "ამისთვის მოვივლინე სოფლად, რათა ვწამო ჭეშმარიტი" (იოანე 18, 37).

ამ ჭეშმარიტების კიდევ უფრო განსამტკიცებლად ზეციური მამა "ხმითა მაღლითა" გვიბრძანებდა ამ მასწავლებლის მოსმენას: "მაგისი ისმინეთ" (მათე 17, 5). მაგრამ მოდით, ყურადღებით შევხედოთ ამ მასწავლებელს: იგი, სხვა მასწავლებელთაგან განსხვავებით, გვასწავლის არა მხოლოდ სიტყვით, არამედ – საქმითაც.

იფიქრე იმაზე, რა მძიმე შრომა გასწია ჩვენმა მაცხოვარმა იმისათვის, რომ ჩვენთვის ჭეშმარიტება ესწავლებინა. ყოველი ცოცხალი არსების შესაქმნელად მისთვის საკმარისი იყო მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა: "მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს" (ფს. 148, 5), მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენთვის თავისი ნება ესწავლებინა და თავისი სიბრძნის საგანძური გაეხსნა, იგი განერიდა დიდებას და მონის სახე მიიღო, როგორც ბრძანებს მოციქული პავლე (ფილ. 2, 7). მან ცოდვილი ადამიანის სახე მიიღო, "მსგავსად კაცისა იქმნა" და გადაიტანა ყველა ის მწუხარება, რომელსაც ყოველთვის განიცდიდნენ ღვთაებრივი სიტყვის მასწავლებელნი და მქადაგებელნი.

კიდევ რა შეეძლო, გაეკეთებინა ჩვენთვის ჭეშმარიტებას იმაზე მეტი, რომელიც ჰიპოსტასურად განგვეცხადა და ჭეშმარიტება გვაუწყა? "მე ვარ ჭეშმარიტება" (იოანე 14, 6). სხვა რა საშუალებით გამოეხატა ჩვენს ტკბილ მასწავლებელს ჩვენთვის თავისი სიყვარული, თუ არა იმ შრომით, რომელიც მან გასწია. იგი ადიოდა და ჩამოდიოდა მთებზე, თავისი ფეხით მოიარა მთელი იუდეა; მას ერგო ამდენი უპატიობა – მას უწოდებდნენ ღორმუცელასაც, მემთვრალესაც, შეპყრობილსაც, და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენთვის ცხოვრებისაკენ მიმავალი გზა ეჩვენებინა. "და მოჰვლიდა იესო ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა" (მათე 4, 28).

რა პასუხი ანდა გამართლება შეიძლება გქონდეს ღვთის წინაშე, ცოდვილო ადამიანო, თუ არ გჯერა მისი ღვთაებრივი სწავლებისა და მის ნათელს არ მიჰყვები?
"უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაიმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთვის" (მათე 15, 22). შეგრცხვეს იმისა, რომ ასე დიდ ხანს მისდევდი სოფლისა და ხორცის ცრუ სწავლებებს და ყურად არ იღებდი ღვთაებრივი სიბრძნის შესანიშნავ რჩევებს, მას მიწიერ, პირუტყვულ და ეშმაკურ სიბრძნეს ამჯობინებდი, დიდებისა და ადამიანების პატივისცემის მეტი არაფერი გსურდა; არ ცდილობდი შენი გრძნობების, უგუნური ვნებებისა და ჟინის მოთოკვას, ამის ნაცვლად აგროვებდი ვერცხლს, რათა ბოლოს და ბოლოს ფულით დატვირთულ სახედარს დამსგავსებოდი.
შენ მოგეცა უდიდესი ნიჭი: შეგიძლია, უსმინო თვით განხორციელებულ სიტყვას, უფლის იმ სიტყვას, რომლის მოსმენაც სურდათ წინასწარმეტყველებსა და მეფეებს, მაგრამ ვერ მოისმინეს: "ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინაისწარმეტყველთა და მეფეთა უნდა ხილვაი... და ვერ იხილეს, და სმენად... და ვერ ესმა" (ლუკ. 10, 24). როდესაც სახარების წაკითხვას აპირებ და გადაშლი მას, ეს ისე გააკეთე, თითქოს ზეცას ხსნიდე, რამდენადაც ეს წიგნი, უდიდესი ღვთისმოშიშებით დაწერილი, თავის თავში თვით ქრისტეს სწავლებას შეიცავს. წმიდა იოანე ოქროპირი ასე წერს ამის შესახებ: "წმიდა წერილის კითხვა ზეცის გახსნაა" (მეორე სიტყვა ესაიას მიმართ). ის ისე წაიკითხე, თითქოს თვით უფალი გასწავლიდეს. როდესაც მის სიტყვებს კითხულობ, არანაირ შიშს არ გრძნობ, ამ შიშს კი ძალიან ძლიერად განიცდიდა სასტიკი გულის მქონე ისრაელის ხალხი, და რადგანაც ვერ უძლებდა ამას, მოსეს ეუბნებოდნენ: "შენ გველაპარაკე და მოგისმენთ; ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით" (გამოსვლ. 20, 19).

დაფიქრდი სახარების ამ ზეციური მასწავლებლის სწავლების, განსაკუთრებით მისი მთაზე ქადაგების შესახებ, რომელიც მათე მახარებელმა ჩაიწერა: "და ვითარცა იხილა იესო ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ... და აღაღო პირი თვისი, ასწავებდა მათ და ეტყოდა" (მათე 5, 12), და დაფიქრდი ღვთაებრივი სწავლების მომდევნო სამ თვისებაზე: სიმაღლეზე, ჭეშმარიტებასა და სარგებელზე.

სწავლების სიმაღლე, ადრე დაფარული და ბრძენთათვის მიუწვდომელი, ახლა ნათელი გახდა, როგორც უფალი ბრძანებს: "აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა დასაბამითგან სოფლისათა" (მათე 13, 35). ამ დრომდე სამყარო თვლიდა, რომ იგი მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როდესაც ფლობს სიმდიდრეს, დიდებასა და სიამოვნებას. ახლა შეგიძლია, წარმოიდგინო, როგორ გაოცდა ადამიანთა მოდგმა, როდესაც პირველად მოისმინა, რომ უფალი სრულიად საწინააღმდეგო რამეზე ლაპარაკობდა – იმაზე, რომ ბედნიერნი არიან გლახაკნი, მოტირალნი, დამცირებულნი, თავმდაბალნი, მშიერნი, მშვიდობისმყოფელნი, წმიდანი გულითა, უსამართლოდ დევნილნი და მსჯავრდებულნი. და – პირიქით, უბედურნი არიან მდიდარნი, რომელთა გულებიც ამქვეყნიური სიმდიდრითაა აღსავსე, მხიარულნი, მოცინარნი, ადამიანთა შორის პატივდებულნი. მაშ ვის ძალუძს, მისწვდეს ამ წარმოუდგენელ სიმაღლეს, რომელიც დამახასიათებელია ღვთაებრივი სახარებისათვის!

მოციქული ბართლომე ძალიან ხშირად უწოდებდა სახარებას ერთდოულად მცირესაც და დიდსაც. მცირეს – მოცულობით და დიდს – შინაარსითა და სწავლების სიმაღლით. წმიდა ამბროსი მედიოლანელის სიტყვით, სახარება ჰგავს მორევს, რომელშიც შეგვიძლია მოვძებნოთ ნიჭთა სისრულე; იგი თითქოსდა სულიერ საიდუმლოებათა ზღვაა, რომელშიც დაცურავს იდუმალი თევზი – იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი. ნეტარი იერონიმე სახარებას შემოკლებულ ღვთისმეტყველებას უწოდებს, ორიგენე – მთელი წმიდა წერილის დასაწყისს. და თუ მთელი წმიდა წერილი ავგუსტინესთან იწოდება ყველა მეცნიერების ენციკლოპედიად, ბასილი დიდთან – სამჭედლოდ, სადაც იჭედება სულები და სულიერ სათნოებათა ბეღელად, მაშ, რამდენად აღმატებულია მასზე სახარება – ძე ღვთისას სისხლით განახლებული ახალი აღთქმა!

სახარებისეული სწავლება ჭეშმარიტია იმიტომ, რომ იგი თვით უზენაესის ყოვლადბრძენი ბაგეებიდან გამოდის, რომელიც არის ჭეშმარიტება, როგორც ბრძანებს სიბრძნე ზირაქისა: "მე (ანუ სიბრძნე) გამოვედი უზენაესის პირიდან" (ზირ. 24, 3). და მართლაც, ყველა ადამიანი – ადამიდან სამყაროს აღსასრულამდე – ცრუ აღმოჩნდება, მხოლოდ ღმერთი არაა ცრუ, არამედ ყოველთვის ჭეშმარიტია როგორც პავლე მოციქული ამბობს: "იყავნ ღმერთი მხოლოი ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ" (რომ. 3, 4).
სახარების სწავლების სარგებლიანობა იქიდანაც ჩანს, რომ მასში არის სწავლება და ცოდნა, რომელსაც ცხონებისა და ცხოვრებისაკენ მივყავართ, ვითარცა წერილ არს: "მიცემად მეცნიერებაი ცხოვრებისაი ერსა თვისსა" (ლუკა 1, 77). და კიდევ: "სიტყუათა რომელთა გეტყვი თქუენ, სულ არიან და ცხოვრება" (იოანე 6, 63), რადგან ისინი შეიცავენ ქრისტიანული ზნეობის ყველა საფუძველს. ისინი გვიჩვენებენ, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება და ვიმოსავთ ახალ ადამიანს, "ღმრთისა მიერ დაბადებულს" (ეფ. 4, 24).
ახლა კი შეხედე, რას აკეთებ შენ. განა არ უჩვენებ შენი საქმეებით, რომ სრულიად სხვა რწმენა გაქვს? როდესაც სახარება თეორიულ ჭეშმარიტებებსა და რწმენის დოგმატებს გასწავლის, შენ აღიარებ მათ უდიდეს ღირსებას, თუმცაღა, იგი გთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს შენი ჩვევების გამოსასწორებლად, შენში კი იღვიძებს ყველა შენი ჟინი და შენზე ზეწოლას იწყებს, რადგანაც არ სურს სახარებისეული მცნებების მორჩილება. ასე რომ, იცოდე, როგორც უფალი ბრძანებს, "რომელმან შეურაცხმყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თვისი: სიტყუასა, რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკუანასკნელსა დღესა" (იოანე 12, 48). საკუთარი რწმენა პრაქტიკაში უნდა გამოიყენო, რადგანაც თეორიულად "ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან" (იაკ. 2, 19). საქმიანი რწმენა მხოლოდ ქრისტიანთა დამახასიათებელი ნიშანია: "მე გიჩუენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაი ჩემი" (იაკ. 2, 18).

გამოიღვიძე და გონს მოდი. კვლავ აღანთე შენი რწმენა და სიყვარული ღვთაებრივი მასწავლებლის მიმართ. შეინანე, რომ აქამდე კვებავდი შენს გულს საქმეებით, რომელიც უფლის სწავლების საწინააღმდეგო იყო. ევედრე ქრისტეს, რომ მან გიბოძოს მამაცური გული, რათა მასთან ერთად შეძლო ცხოვრება პავლე მოციქულის სიტყვისაებრ: "რამეთუ არა მსმენელნი სჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი სჯულისანი განმართლდნენ (რომ. 2, 13).



წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი





Комментариев нет:

Отправить комментарий