ღმერთი

ღმერთი

пятница, 23 августа 2013 г.

მშობლებისადმი მორჩილება.

ქრისტეს ცხოვრება სამი თვალსაზრისით შეიძლება განვიხილოთ. პირველი – მორჩილება, რომელსაც იგი იცავდა თავისი მშობლების მიმართ ოცდაათ წლამდე; მეორე – დროის ამ შუალედში მისი ღვაწლი და მესამე – მისი უფლისა და ახლობლებისადმი სიყვარული 30 წლის ასაკის შემდეგ. ცალ-ცალკე ვისაუბროთ თითოეული ასპექტის შესახებ.

ვიფიქროთ, ძმანო, იმაზე, რომ მეუფე ყოველივესი, რომელსაც ემორჩილება ყოველი სულიერი, თავად ყველაზე უფრო მეტად იცავდა მშობელბისადმი მორჩილებას. იგი უჯერებდა თავის უწმიდეს დედას, რომელიც ადამიანური ბუნებით იყო დედა მისი. მუცლად იღო თავისი უწმიდესი სისხლით, ცხრა თვე საშოთი ატარა და თავისი რძით ზრდიდა. იგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო დედის მორჩილი, როგორც ჭეშმარიტი კანონმდებელი მეხუთე მცნებისა: "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ" (გამოს. 20, 12) და კიდევ: "ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ" (იგავ. 1, 8). ან კიდევ: "მამის მადიდებელი დღეგრძელი იქნება და უფლის მორჩილი თავის დედას შვებას მოუტანს".

იგი უჯერებდა მართალ იოსებსაც, თუმცაღა შეეძლო, არც მოქცეულიყო ასე, რადგან არც ოსები იყო მისი ნამდვილი, ხორციელი მამა და არც უფალი იყო მისი ნამდვილი ძე, არამედ ეს მამაშვილობა გარეგნული იყო და არა – ჭეშმარიტი. თუმცაღა, მიუხედავად ამისა, უფალი ბოლომდე იცავდა ორივეს მიმართ მორჩილებას – ჭეშმარიტი დედისადმიც და ე. წ. მამისადმიც, თითქოს იგი მისი ნამდვილი მამა იყო. ამიტომაც თქვა ლუკა მახარებელმა: "და იყო დამორჩილებულ მათდა" (ლუკა 2, 51).

უფალმა მათდამი სრული მორჩილებით აღასრულა ყველა კანონი და ბუნებრივი წესები. კართაგენის კრების 42-ე კანონმა განაჩინა, რომ შვილები მშობლების მორჩილებაში იყვნენ მანამ, ვიდრე გონიერად ფიქრსა და განსჯას არ შეძლებენ, ანუ ვიდრე არ მიაღწევენ თხუთმეტ წელს ან უკეთესია – 20 წელს, როგორც ეს დადგენილია რიცხვთა წიგნის 32-ე თავში, ხოლო ამ ასაკის მიღწევის შემდეგ ისინი თავისუფლდებიან და შეუძლიათ, საკუთარი შეხედულებისამებრ განაგონ თავი. თუმცაღა იესომ არა მარტო შეასრულა, არამედ გააორმაგა მორჩილების წლები, რომლებიც უნდა შეასრულოს ბავშვმა, და მშობლების მორჩილებაში მთელი 30 წელი იყო. ამიტომაც, როდესაც წმ. გრიგოლ ნოსელი განმარტავს უფლის მიერ საკუთარი დედისადმი ნათქვამ სიტყვებს ("რაი არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი" (იოან. 2, 4), ამბობს, რომ უფალმა თითქოსდა შესჩივლა დედამისს, რომ ჯერ არ მიუღწევია დამოუკიდებლობის ასაკისთვის და სურს, მომავალშიც დაემორჩილოს მას. ჯერ არ დამდგარა მისი ჟამი, მისი გათავისუფლებისა და თვითმპყრობელობისა. ამრიგად, იგი განაგრძობს დედის მორჩილებას და ასრულებს იმას, რასაც დედა სთხოვს, ანუ წყალს ღვინოდ აქცევს.

იესო მთელი ძალისხმევით, მთელი სიხარულით, მთელი სიყვარულით ემორჩილებოდა და უსმენდა მშობლებს. მცირედი დრტვინვის გარეშე ეგუებოდა ყოველივეს, რაღაც გარეგნული და შინაგანი შეპასუხების გარეშე. იგი მათი მორჩილი იყო და არა მხოლოდ მარტივ, არამედ რთულ და დამამძიმებელშიც, არა მხოლოდ ღირსეულ და დიდებულ საქმეებში, არამედ მდაბალსა და უხეშშიც.

რაგვარი გამოუთქმელი შემწყნარებლობაა! მას, ვინც თავისი ხმით მოუხმობს ღრუბლებს და რომელსაც თრთოლვით ემორჩილებიან წყლები, როგორც იობის წიგნშია ნათქვამი: "ღრუბლებს თუ მიუწვდენ ხმას, რომ დაგფაროს წყლის თქეშმა?" (იობ. 38, 34). სწორედ მას უხმობს იოსები, რათა წყალი მოიტანოს და ისიც მყისვე ემორჩილება. მას, ვინც მოავლენს ელვას და ისინიც მსწრაფლ მოდიან ("თუ დაიბარებ ელვას, რომ მოვიდეს და გითხრას აქა ვარო" (იობ. 38, 35), უხმობს დედა, რათა კერიისთვის შეშა მოაგროვოს, ისიც მიდის და მიაქვს. იგი მზად იყო, დამორჩილებოდა ნებისმიერ ბრძანებას და თავისი მშობლების ნებას. ის, ვინც თქვა მხოლოდ ერთი სიტყვა და ყოველივე შეიქმნა ("რამეთუ მან თქუა და იქმნეს", "ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს" (ფს. 148, 6). თავად იყო მორჩილი მამამისის ნებისმიერი სიტყვისა და დედისა – როდესაც ისინი ეუბნებოდნენ მას, სადილი მოემზადებინა, სახლი დაელაგებინა ან რაიმე სხვა ჭუჭყიანი საქმე გაეკეთებინა.

რას იტყვი, მკითხველო? თუკი ანგელოზთა ხელმწიფე ემორჩილებოდა თავის მშობლებს, რომლებიც მან თავად შექმნა თავისი ხელით, მაშინ როგორი მორჩილება უნდა გამოავლინო შენ შენი მშობლებისადმი?! როგორ უნდა სცე პატივი მათ, როგორი სიყვარულით უნდა გიყვარდეს ისინი და როგორი სიკეთით უნდა მოეპყრა მათ?! ყოველმა ბავშვმა უნდა მიაპყრას თავის მშობლებს ის ოთხი რამ, რაც ზემოთ ვთქვით: მორჩილება, პატივისცემა, სიყვარული, სიკეთე. ხოლო მათგან კიდევ სხვა ოთხი გამოედინება – აღზრდა, დახმარება, დარიგება და კეთილი მაგალითი.

განსაკუთრებულად უნდა ჰქონდეთ ბავშვებს უდიდესი მოთმინება იმ უკმარისობებისადმი, რომლებიც ხშირად გამოაჩნდებათ ხოლმე მათ მშობლებს სიბერეში. როგორც წმიდა წერილში წერია: "შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში. თუ გონება მოაკლდეს, გულმოწყალება იქონიე და მთელი შენი ძალით ნუ შეურაცხყოფ მას" (ზირ. 3, 12, 13).

როგორ ფიქრობ, მიაღწიო წარმატებას, მშობლების რჩევებს თუ არ უგდებ ყურს? აი, რა ჩაიბეჭდე გონებაში, - ამბობს უფალი: "ბრძენს შეგონება უყვარს, ღვთისმგმობელი კი მხოლოდ ყურს არ უგდებს" (იგავ. 13, 1). თუ შენ მამას აძაგებ, მაშინ ღვთისმგმობელი ხარ. თუ შეურაცხყოფ დედას და ურისხდები მას, მაშინ უფლისგან დაწყევლილი ხარ, რადგან "მამის მიმტოვებელი ღვთის მგმობელია და დედის განმარისხებელი დაწყევლილია უფლისგან" (ზირ. 3, 16). თუ შენ პატივს სცემ მამაშენს, მაშინ შენც პატივს მოგაგებენ შვილები, და თუ შენ მიიღებ მამის კურთხევას, მაშინ შენი სახლის საძირკველი მყარი იქნება: "მამის პატივისმცემელი შვილებით გაიხარებს და მისი ვედრების ჟამს შესმენილი იქნება... რადგან კურთხევა მამისა შვილთა სახლებს განამტკიცებს, წყევლა დედისა კი, საძირკველითურთ აღმოფხვრის" (ზირ. 3. 5, 9). მოკლედ რომ ვთქვათ, შენ აუცილებლად გჭირდება, დაემორჩილო შენს მშობლებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში არ უნდა დაემორჩილო მათ და უპირატესობა უფლისადმი სიყვარულს უნდა მიანიჭო, თუ ისინი ბოროტების ჩადენასა და უფლის მცნებათა დარღვევას გაიძულებენ. როდესაც მშობლები ეძებდნენ, უფალმა, რომელიც ამ დროს ტაძარში იყო, უთხრა მათ: "რაისა მეძიებ მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ არს ჩემი ყოფაი?" (ლუკ. 2, 49).

და შენ, ძმაო, რამდენჯერ არ დამორჩილებულხარ მშობლებს და სულიერ მამას? რამდენჯერ გაგინაწყენებია ისინი შეპასუხებით? მაშ, შეგრცხვეს იმისა, რომ ასე შორს ხარ იესო ქრისტეს მაგალითისაგან, რომელიც ყველა სათნოებაში ნიმუშია შენთვის. იგი იყო მორჩილების ხატი, რათა შენ მის ნაბიჯებს გაყოლოდი. შეინანე, ითხოვე პატიება და ილოცე, რათა მან თავად გასწავლოს ჭეშმარიტი და სრულყოფილი მორჩილება, რამეთუ მან, როგორც ძემ და ღვთის სიტყვამ, რომელსაც არ სჭირდებოდა რაიმეს სწავლა, თავისი მაგალითით მორჩილება გვასწავლა, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "და რამეთუ ძეღა იყო ისწავლა, ვინაითგან – იგი ივნო მორჩილებით" (ებრ. 5, 8). როგორი მორჩილი იყო იგი სიკვდილამდეც კი, "და სიკუდილითა მის ჯუარისათა" (კოლ. 2, 8). ასევე შენც, რწმენითა და სიყვარულით შესთხოვე, რათა გაგაძლიეროს თავისი მადლით, რომ ბოლომდე ემორჩილებოდე შენს მშობლებს და სულიერ მოძღვარს, იმიტომ, რომ, როგორც ბასილი დიდი ამბობს: "ჭეშმარიტ და სრულყოფილ მორჩილებას საზღვრად სიკვდილი აქვს".



წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი







Комментариев нет:

Отправить комментарий